ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, ა(ა)იპ „საქართველოს ებრაელთა კავშირი“, სსიპ „მეგობართა რელიგიური საზოგადოება (კვაკერები)“ და სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/16/1640 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2021 12:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, ა(ა)იპ „საქართველოს ებრაელთა კავშირი“, სსიპ „მეგობართა რელიგიური საზოგადოება (კვაკერები)“ და სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1640) მომართეს ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა კავშირმა”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ“, ა(ა)იპ „საქართველოს ებრაელთა კავშირმა“, სსიპ „მეგობართა რელიგიურმა საზოგადოებამ (კვაკერები)“ და სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიამ საქართველოში“. №1640 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 30 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 16 დეკემბერს.
2. №1640 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოთვლის სახელმწიფო ქონებას, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება, ხოლო „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ სახელმწიფო ქონებას მიეკუთვნება, მათ შორის, „რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება.
5. №1640 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არიან რელიგიური გაერთიანებები, რომელთაც გააჩნიათ თანაბარი ინტერესი, საკუთრებაში მიიღონ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რელიგიური და საკულტო ნაგებობები. სადავო ნორმა კი, ამგვარი ნაგებობების პრივატიზებას დაქვემდებარებული ქონებიდან გამორიცხვით, შეუძლებელს ხდის რელიგიური გაერთიანებების მიერ მათ საკუთრებაში მიღებას, როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლოდ. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ ამგვარი აკრძალვით, მათ შორის, შეუძლებელი ხდება ისეთ ქონებაზე საკუთრების შეძენა, რომელსაც კონკრეტული რელიგიური კონფესია საბჭოთა კავშირის რეპრესიებამდე ფლობდა და რელიგიური მიზნებისთვის იყენებდა.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 22 ოქტომბრის №1697 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლი ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, ეკლესიის საკუთრებად ცნოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ტაძრები, მონასტრები (მოქმედი და არამოქმედი), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინია განლაგებული. აღნიშნული ჩანაწერი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აღჭურავს სწორედ იმ უფლებით, რაც სადავო ნორმის საფუძველზე, ერთმევათ დანარჩენ რელიგიურ კონფესიებს. კერძოდ, სადავო ნორმა იძენს იმგვარ შინაარსს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ რელიგიურ თუ საკულტო ნაგებობებზე საკუთრების შეძენა შეუძლებელია რელიგიური გაერთიანებებისთვის, გარდა მართლმადიდებელი ეკლესიისა.
7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მისთვის სადავო სწორედ ის ნორმატიული მოცემულობაა, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომელთაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რელიგიური თუ საკულტო ნაგებობა ეკუთვნოდათ სახელმწიფოს (ასევე საბჭოთა რეჟიმის) საკუთრებაში აღმოჩენამდე, არ შეუძლიათ მათზე საკუთრების უფლების დაბრუნება ისევე, როგორც ეს შეუძლია მართლმადიდებელ ეკლესიას, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
8. მოსარჩელე მხარის განცხადებით, შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი ყველა სხვა რელიგიური გაერთიანება. შესადარებელი ჯგუფების დიფერენცირება ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეკლესია-მონასტრების, მათი ნანგრევების რელიგიურ ორგანიზაციებზე პრივატიზაციასთან მიმართებით, რომელზეც ყველა რელიგიურ ორგანიზაციას გააჩნია თანაბარი ინტერესი. რაც შეეხება დიფერენცირების ნიშანს, მოსარჩელეთა მითითებით, დიფერენცირება ხდება მათი რელიგიური კუთვნილების გამო, შესაბამისად, ამგვარ ნიშანს სწორედ რელიგია წარმოადგენს.
9. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ, ვინაიდან რელიგია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებული ნიშანია, დიფერენცირების შეფასება უნდა მოხდეს მკაცრი შეფასების ტესტის საფუძველზე, რომლის მოთხოვნებსაც სადავო ნორმა ვერ პასუხობს.
10. მოსარჩელე მხარე აპელირებს, რომ კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში დაუბრუნდა ის ეკლესია-მონასტრები და მათი ნანგრევები, რაც ისტორიულად ეკუთვნოდა საქართველოს საპატრიარქოს და ეკლესიამ დაკარგა მეფის რუსეთის და, განსაკუთრებით, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. ამასთან, საბჭოთა რეჟიმმა ქონებრივი ზიანი მიაყენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც, რაც აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობითაც. შესაბამისად, სახელმწიფო აღიარებს, რომ ზიანი მიადგა როგორც მართლმადიდებელ ეკლესიას, ისე სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც, თუმცა რელიგიურ და საკულტო ნაგებობებზე საკუთრების უფლების დაბრუნების გზით, მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აუნაზღაურებს ამ ზიანს.
11. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ამგვარი დიფერენცირების ლეგიტიმურ მიზნად შესაძლოა დასახელდეს ნაგებობის კონფესიური კუთვნილების განსაზღვრის სირთულე, განსაკუთრებით კი ნანგრევებთან და სადავო ნაგებობებთან დაკავშირებით, თუმცა არსებობს რელიგიური ნაგებობები, რომელთა გადაცემა არ არის დაკავშირებული მისი ისტორიული მემკვიდრეობის დადგენის სირთულესთან. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს სარგებლობის უფლებით გადაეცემათ ის საკულტო ნაგებობები, რომლის ისტორიული კუთვნილება სადავო არ არის და სარგებლობაში გადაცემის მომენტისათვის მოსარგებლე რელიგიური დანიშნულებით იყენებს აღნიშნულ ნაგებობას. შესაბამისად, თუ სარგებლობაში გადაცემის მიზნებისთვის ნაგებობათა ისტორიული მემკვიდრის დადგენის სირთულე არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, მაშინ ვერც სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირების ლეგიტიმურ მიზნად გამოდგება და, შესაბამისად, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი დიფერენცირებასა და ლეგიტიმურ მიზანს შორის.
12. მოსარჩელე მხარე ასევე აპელირებს, რომ რამდენიმე საუკუნის წინ საკულტო ნაგებობის კონფესიური მესაკუთრის შესახებ დოკუმენტის ან სხვა ტიპის ინფორმაციის მოძიების სირთულე არ შეიძლება გახდეს ყველა არამართლმადიდებელი საკულტო ნაგებობის კონფესიური კუთვნილების ინდივიდუალურ შესწავლაზე ბლანკეტურად უარის თქმის საფუძველი, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ წარსულში სახელმწიფომ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადასცა, მათ შორის, ისეთი ეკლესიები, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ აგრეთვე სხვა რელიგიური კონფესიები.
13. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს საბიუჯეტო რესურსების დაზოგვა, ვინაიდან ამა თუ იმ რელიგიურ თუ საკულტო ნაგებობათა ისტორიული კუთვნილების დადგენა ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა, აღნიშნული გარემოება ვერ გადაწონის რელიგიური გაერთიანებების თანასწორობის უფლებას. ამასთანავე, სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებულ საკულტო და იმ რელიგიური ნაგებობების შესანარჩუნებლად დიდძალ რესურს იღებს, რომლებიც უფუნქციობის გამო ნადგურდება. ამგვარი ხარჯის გაწევა კი საერთოდ აღარ იქნებოდა საჭირო, თუ ეს ნაგებობები რელიგიური გაერთიანებების საკუთრებაში გადავიდოდა და ისინი მათ ღვთისმსახურების მიზნებისთვის გამოიყენებდნენ.
14. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ეკლესია-მონასტრების საკუთრებაში გადაცემის პრივილეგიის საფუძველი გახდა კონსტიტუციური შეთანხმება, თავისთავად, ვერ გაამართლებს ჩვეულებრივი კანონით სხვა რელიგიური ორგანიზაციებისათვის ამ შესაძლებლობაზე უარის თქმას.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს დისკრიმინაციულად ეპყრობა, შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
16. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1640 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1640 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, ა(ა)იპ „საქართველოს ებრაელთა კავშირი“, სსიპ „მეგობართა რელიგიური საზოგადოება (კვაკერები)“ და სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. №1422, №1593 და №1640 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე