სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - პაატა ტურავა
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac1587 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | პაატა ტურავა |
თარიღი | 29 დეკემბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
ა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის N1587 კონსტიტუციური წარდგინება
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
I. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების შინაარსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (სასკ) 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა (მხოლოდ 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენებისას, აღმჭურველი აქტის ნაწილში) და 31-ე მუხლის (მხოლოდ კერძო სამართლის სუბიექტთა ინტერესების ურთიერთდაპირისპირებისას) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთვაროვანი პრაქტიკით და რომლის თანახმადაც, არ დაიშვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესის გამოყენება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულ დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას.
II. სადავო საკითხის ანალიზი
1. ზოგადი
განსახილველ საკითხთან მიმართებით ყურადღება უნდა მივაქციოთ ადმინისტრაციული დავის თავისებურებას. კერძოსამართლებრივი დავისგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ დავაში მოსარჩელე არის პირი, რომლის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ზიანს აყენებს ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობითი ღონისძიება, მოპასუხე კი არის აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ის პირი, რომელზეც გავლენას მოახდენს სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, დავაში შემოდის მესამე პირის სტატუსით. ამდენად, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მოპასუხის და მესამე პირის საპროცესო უფლებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა დავაზუსთოდ, რომ კონსტიტუციური წარდგინება ეხება არა მოპასუხის, არამედ მესამე პირის უფლებას, მოსარჩელის მიერ გამოყენებულისარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით დამდგარი შედეგის მიმართგამოიყენოს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის[1] უფლება და უზრუნველყოფის გარანტია[2].
რამდენადაც, მოპასუხის უფლება არ არის კონსტიტუციური წარდგინების საგანი, ეს ვერ იქნება ჩვენი განხილვის თემა. რაც შეეხება მესამე პირის უფლებას, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ) 199-ე მუხლი ადგენს მოპასუხე მხარის უფლებას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმული სავალდებულო მოწვევის მესამე პირი ადმინისტრაციულ პროცესში სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა ვალდებულება[3], მასზე უნდა გავრცელდეს იგივე მიდგომა რასაც სსსკ-ის 199-ე მუხლი ადგენს მოპასუხის მიმართ, ადმინისტრაციული პროცესისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით, რაზეც ქვემოთ გვაქვს საუბარი.
იმისათვის, რომ შევამოწმოთ რამდენად არის შესაძლებელი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე მესამე პირებზე ზემოთ აღნიშნული უფლებების გავრცელება, პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ სასკ-ით დადგენილი უფლების დაცვის დროებითი საშუალებების არსი.
2. უფლების დაცვის დროებითი საშუალებები ადმინისტრაციულ პროცესში
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის გზით უფლების დაცვა მიიღწევა, როგორც უფლების დაცვის ძირითადი საშუალებების (სარჩელის სახეების), ისე დროებითი საშუალებების დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობით. იმის გათვალისწინებით, რომ სასკ-ის 29-ე და 31-ე მუხლებით გარანტირებული უფლების დაცვის დროებითი საშუალება ემსახურება უფლების დაცვის ძირითადი საშუალებების გამოყენებით უფლების სრულყოფილ დაცვას, მათი გამოყენების შესაძლებლობა დამოკიდებულია უფლების დაცვის ძირითადი საშუალების დასაშვებობასთან. სასკ-ის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი საშუალება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც უფლების დაცვის ძირითადი სამართლებრივი საშუალება არის სასკ-ის 22-ე მუხლით დადგენილი სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, ხოლო სასკ-ის 31-ე მუხლი არის სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სასკ-ის 24-ე მუხლში მოცემული ქმედების განხორციელების მოთხოვნით შეტანილი სარჩელის დამხმარე დროებითი საპროცესო საშუალება. უფლების დაცვის დროებითი საშუალებები ემსახურება უფლების დაცვას დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, რათა ხელი არ შეეშალოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ან მნიშვნელოვნად არ გაართულდეს მოსარჩელის უფლების რეალიზება.
სასკ-ის 29-ე და სასკ-ის 31 მუხლებით გათვალისწინებულ უფლების დაცვის დროებით საშუალებებს შორის ის განსხვავებაა, რომ პირველ შემთხვევაში, უკვე განხორციელებულია მმართველობითი ღონისძოება ანუ გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც იწვევს მოსარჩელის უფლების შეზღუდვას, ხოლო მეორე შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მმართველობითი ღონისძიების განხორციელებას, შესაბამისად, საკითხის წინასწარ მოწესრიგებას. ე.ი. თუ კი სასკ-ის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი საშუალება ემსახურება მოსარჩელის უფლების დაცვას შემზღუდველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოწვეული უარყოფითი შედეგებისგან, სასკ-ის 31-ე მუხლის საფუძველზე ის ითხოვს მომავალში განსახორციელებელი აღმჭურველი მმართველობითი ღონისძიების დავის განხილვამდე და გადაწყვეტამდე, წინასწარ განხორციელებას.
აღნიშნული განსხვავება გავლენას ახდენს მესამე პირის უფლების შინაარსე, მოითხოვოს დროებითი საშუალების გამოყენებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, შესაბამისად, უზრუნველყოფის გარანტია.
3. კონსტიტუციური წარდგინების შინაარსი სასკ-ის 29-ე მუხლთან მიმართებით
იმისათვის, რომ ნათლად დავინახოთ კონსტიტუციურ წარდგინებაში სასკ-ის 29-ე მუხლთან მიმართებით მითითებული საპირისპირო ინტერესების არსი, განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევა, რომელიც შეიძლება ჩამოვაყალიბით შემდეგნაირად: მოსარჩელემ სასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მაგ., მშენებლობის ნებართვის) ბათილად ცნობა, რომელიც იწვევს მისი (როგორც მეზობლის) უფლების შეზღუდვას. რამდენადაც გასაჩივრებული აქტის გადაუდებელი აღსრულება (მშენებლობის გაგრძლება დავის გადაწყვეტამდე) შეუძლებელს გახდის მოსარჩელის კანონიერი უფლების დაცვას (სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირევლი წინადადება), ის ითხოვს მისი მოქმედების შეჩერებას. ამ დავაში მოპასუხე არის მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო აღმჭურველი აქტის ადრესატი (მშენებლობის უფლების მქონე პირი), რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე, დავაში შემოდის მესამე პირის სტატუსით. ის ამტკიცებს, რომ აქტის მოქმედების შეჩერება (მშენებლობის უფლების შეზღუდვა) მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს (29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი).
ზემოდ მოცემულ მოდელირებულ დავაში, კონსტიტუციური წარდგინება ეხება იმის დადგენას, სასამართლოს მიერ სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ უფლების დაცვის დროებითი საშუალების გამოყენების (მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერების) შემთხვევაში მესამე პირის აქვს თუ არა უფლება მოითხოვოს უფლების დაცვის დროებითი საშუალების გამოყენებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, შესაბამისად, უზრუნველყოფის გარანტია. როგორც ვხედავთ, ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელის და მესამე პირის ინტერესები. განვიხილოთ თითოეულის სამართლებრივი მდგომარეობა:
ა. მოსარჩელის უფლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ სზაკ-ის 22-ე მუხლი ითვალისწინებს მოსარჩელის მიმართ შემზღუდველი სამართლებრივი ბუნების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას კანონით დადგენილ ვადებში. თუ კი მოსარჩელე იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ სასამართლოსადმი მიმართვის გზით უფლების დაცვის უფლებას, მისი ეს კონსტიტუციური უფლება ვერ იქნება რეალიზებული თუ მას არ ექნება უფლების დაცვის საშუალების უპირობოდ გამოყენების შესაძლებლობა. ანუ, როდესაც მოსარჩელე იყენებს უფლების დაცვის დროებით საშალებას, იქნება ეს სარჩელის სუსპენსიური ეფექტის სახით (სას-ის 29-ე მუხლის პირველი ნაწილი) თუ მოსამართლის მიერ (სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი ეს უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს საპირისპირო ვალდებულების დადგენით (ზარალის ანაზღაურების ვალდებულების თუ უზრუნველყოფის გარანტიის სახით), რამდენადაც ეს შექმნის ბარიერს, რომელსაც ექნება ხელოვნური მბოჭავი ფუნქცია, რაც ფორმალურს გახდის უფლების დაცვის ძირითად საშუალებას (სასკ-ის 22-ე მუხლს), შესაბამისად, სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას[4].
ბ. მესამე პირის სამართლებრივი მდგომარეობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ აღმჭურველი აქტის ადრესატს გამოცემული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა წარმოეშობა გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადაში მას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ შესაძლებელია ის გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ და მოხდეს მისი გაუქმება სარჩელის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით. აქტის გასაჩივრების ვადებში მესამე პირის მიერ აღმჭურველი აქტის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება ვერ შექმნის სამართლებრივ სიკეთეს, რომელიც შეიძლება მოექცეს მის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებაში. ასევე, გასაჩივრებული აქტის შეჩერების საკითხთან მიმართებაში მესამე პირის უფლება სამართლიან სასამართლოზე გულისხმობს არა აქტის არ შეჩერების გადაწყვეტილებაზე უფლებას, არამედ სასამართლოს მხრიდან ინტერესთა შეპირისპირების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას. თუ კი სასამართლო სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილავს საკითხს და უპურატესობას მიანიჭებს აქტის მოქმედების შეჩერების უფლებას, ამით უზრუნველყოფილია მესამე პირის უფლება სამართლიან სასამართლოზე, მიუხედავად იმისა დგება თუ არა მისთვის სასურველი შედეგი. მესამე პირს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსამართლის მიერ მის საწინააღმდეგოდ და მოსარჩელის სასარგებლოდ (ანუ აქტის მოქმედების შეჩერების სასარგებლოდ) მიღებული გადაწყვეტილების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რამდენადაც მოსამართლემ უპირატესობა მიანიჭა მოსარჩელის უფლებას სამართლიან სასამართლოზე, რაც გულისხმობს ყოველგვარი რისკებისგან თავისუფალი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით უფლების დაცვას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება, არ იწვევს ზიანს, რამდენადაც გასაჩივრების ვადებში აქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედება ქმნის ზიანის რისკს, რომელიც რჩება მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში.
როდესაც დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, კანონმდებლის მიერ გასაჩივრების ვადების დადგენა და ამ ვადებში მისი გასაჩივრების შესაძლებლობის შექმნა ემსახურება იმას, რომ აღდგეს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაწყებული გადაწყვეტილების მიღების რეჟიმი მხარეთა სრულყოფილი (შეუზღუდავი) მონაწილეობით და დადგეს კანონიერი შედეგი. საჩივრის და სარჩელის ფარგელებში დავის განხილვა უნდა განვიხილოთ, როგორც გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე დაბრუნებად და მის გაგრძელებად. კანონმდებლის მიერ კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების მიმართ დადგენილ უპირატეს ინტერეს ვერ დაუპირისპირდება მესამე პირის ინტერესი მიღებულ (გასაჩივრებულ) გადაწყვეტილებაზე. გასაჩივრების ვადებში დაინტერესებულ მხარეს არ წარმოეშობა კანონიერი ნდობა.
ამდენად, მოსარჩელის უფლებას სამართლიან სასამართლოზე (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი) არ შეიძლება დაუპირისპიროთ მესამე პირის უფლება სამართლიან სასამართლოზე, რამდენადაც მისი ეს უფლება რეალიზებულია მოსამართლის მიერ ინტერესთა შეპირისპირების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების სახით, ხოლო მისი ჯერ კიდევ კანონიერ ძალაში არ შესული (გასაჩივრებული) აქტის საფუძელზე განხორციელებული იურიდიული მნიშნელობის მოქმედება ვერ წარმოშობს საკუთრების უფლების დაცვის კონსტიტუციურ უფლებას.
4. კონსტიტუციური წარდგინების შინაარსი სასკ-ის 31-ე მუხლთან მიმართებით
სასკ-ის 31-ე მუხლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ის არის უფლების დაცვის დროებითი საშუალება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ითხოვოს სასკ-ის 23-ე მუხლით დასაშვები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის ან სასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების მოთხოვნის წინასწარ მოწესრიგებას. კონსტიტუციური წარდგინება, ამ შემთხვევაშიც შევიწროებულია მესამე პირის ინტერესების დაცვაზე, შესაბამისად, შემოწმების ფარგლები მოიცავს მოსარჩელის და მესამე პირის სამართლებრივი მდგომარეობის დადგენას:
ა. მოსარჩელის უფლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მისი მოთხოვნა სასკ-ის 31-ე მუხლის საფუძველზე მიემართება მომავალში განსახორციელებელ მმართველობით ღონისძიების წინასწარ მოწესრიგებას, რასაც ის ასევე ასაბუთებს უფლების დაცვის ძირითადი საშუალების (სარჩელი სასკ-ის 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე) ეფექტურობის პრინციპზე დაყრდნობით, რამაც უნდა უზრუნველყოს მისი სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების რეალიზება. თუ სასამართლოს გაუჩნდევა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო (სასკ-ის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი), იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. მოსამართლის ვარაუდი, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, არ ემყარება სარჩელის დასაშვებობის და დასაბუთებულობის შემოწმებას, შესაბამისად, ეს გავლენას არ ახდენს სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ანუ მოსამართლე არ არის შებოჭილი დროებითი საშუალებით მიღწეული წედეგით, არამედ ის უფლებამოსილია დავის არსებითი განხილვის ფარგლებში მიიღოს მოსარჩელის მოთხოვნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. სწორედ ეს გარემოება ასაბუთებს მოპასუხის უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალების შექმის საჭიროებას. ასეთი სამართლებრივი საშუალებაა სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტია.
რამდენადაც სასკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ხდება და ის მიემართება მომავალში განსახორციელებელი ღონისძიების წინასწარ მოწესრიგებას, მოსარჩელის ეს უფლება ვერ იქნება შეუზღუდავი. მოსარჩელეს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ აღნიშნული საშუალების გამოყენებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა გამოიწვიოს მოპასუხის (მესამე პირის) სამართლებრივ მდგომარეობაზე, რაც შეიძლება გახდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.
ბ. მესამე პირის უფლება სამართლიან სასამართლოზე გულისხმობს უფლების დაცვის დროებითი საშუალების გამოყენების შესაძლებლობას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი დაცვა მოსარჩელის მიერ უფლების დროებითი დაცვის საშალების გამოყენებით დამდგარი უარყოფითი შედეგისაგან. სასკ-ის 29-ე მუხლის შემთხვევისგან განსხვავებით, სასკ-ის 31-ე მუხლი არ ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, არამედ მისაღები გადაწყვეტილების აღმჭრველი შედეგის დავის განხილვამდე წინასწარ მოპოვებას. მოსარჩელის ასეთი ფართო უფლების მიმართ მესამე პირს უნდა ჰქონდეს უფლების დაცვის შესაძლებლობა, სხვაგვარად მივიღებთ მხარეთა უთანასწორო მდგომარეობას. შესაბამისად, მესამე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს მოსარჩელის მიერ გამოყენებული უფლების წინასწარი მოწესრიგების საპროცესო საშალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რაც თავის მხრივ მიიღწევა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებით. ეს უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას სამართლიან სასამართლოზე მოსარჩელის უფლებასა და სამართლიან სასამართლოზე და საკუთრების უფლების დაცვაზე მესამე პირის უფლებას შორის.
II. შემაჯამებელი მოსაზრება სადავო საკითხთან დაკავშირებით
1. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის (მხოლოდ 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენებისას, აღმჭურველი აქტის ნაწილში) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთვაროვანი პრაქტიკით და რომლის თანახმადაც, არ დაიშვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესის გამოყენება, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულ დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას.
აღნიშნული დასკვნა ემყარება იმ მოსაზრებას, რომ კანონმდებლის მიერ სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილში მოსარჩელის უფლებით დადგენით მესამე პირის უფლების შეზღუდვა ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და ის არის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანია მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა. მესამე პირის უფლების შეზღუდვა არის გამოსადეგი, რამდენადაც შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას - მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების დაცვას. შეზღუდვა არის აუცილებელი - რამდენადაცა არ არსებობს უფრო მსუბუქი საშუალება რაც შესაძლებელს გახდიდა მიზნის მიღწევას მესამე პირის უფლების შეზღუდვის გარეშე. შეზღუდვა არის პროპორციული რამდენადაც მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების დაცვით გამოწვეული მესამე პირის უფლების შეზღუდვა თანაზომიერ დამოკიდებულებაშია შეზღუდვის მიზანთან.
2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის (მხოლოდ კერძო სამართლის სუბიექტთა ინტერესების ურთიერთდაპირისპირებისას) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით და რომლის თანახმადაც, არ დაიშვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესის გამოყენება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულ დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას.
აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ სასკ-ის 31-ე მუხლის შემთხვევაში, ერთმანეთის პირისპირ მდგომი სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების (მოსარჩელის უფლება უფლების დროებით დაცვაზე და მესამე პირის უფლება უფლების დროებით დაცვაზე) და საკუთრების უფლების შინაარსი არის იდენტური. მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების დასაბალანსებლად მესამე პირის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების და უზრუნველყოფის გარანტიის (დროებითი საშუალების) გამოყენების უფლების აღიარება არის გამოსადეგი, აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება. მოსარჩელის უფლების შეზღუდვა არის გამოსადეგი, რამდენადაც ის შესაძლებელს ხდის მესამე პირის კონსტიტუციური უფლების დაცვას. შეზღუდვა არის აუცილებელი, რამდენადაც არ არსებობს უფრო მსუბუქი საშუალება, რომელიც მოსარჩელის უფლების შეზრუდვის გარეშე შესაძლებესლ გახდიდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შეზღუდვა არის პროპორციული, რამდენადაც ის თანაზომიერ დამოკიდებულებაშია შეზღუდვის მიზანთან.
[1] სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
[2] სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილი.
[3] იხ. სასკ-ის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილი.
[4] ამავე მოსაზრებას ემყარება და იგივე მიზანს ემსახურება სასკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის დათქმაც, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში არ დაიშვება შეგეგებული სარჩელის წარდგენა.