მოქალაქე დიმიტრი ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/16/201 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 29 ოქტომბერი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 ოქტომბერი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.
საქმის დასახელება: მოქალაქე დიმიტრი ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საერთო სასამართლოების შესახებ” 1997 წლის 13 ივნისის №747-II საქართველოს ორგანული კანონის (1998 წლის 24 დეკემბრის №1771-რ და 1999 წ. 5 მარტის №1836–II-ს ცვლილებებით) 82-ე მუხლის მე-4 პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის ნაწილი.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – დიმიტრი ციხელაშვილი.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გამოარკვია:
2002 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №201) მომართა მოქალაქე დიმიტრი ციხელაშვილმა და მოითხოვა “საერთო სასამართლოების შესახებ” 1997 წლის 13 ივნისის №747-II საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის ნაწილის (კანონის უკუძალის არ არსებობის ნიშნის) არაკონსტიტუციურად (ბათილად) ცნობა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის “ვ” პუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტი, 21-ე მუხლი და 39-ე მუხლის “ა” პუნქტი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს ან სხვაგვარად აუმჯობესებს პიროვნების მდგომარეობას, აქვს უკუძალა, რაც ასახულია როგორც “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის” მე-3 მუხლში, ისე ნაწილობრივ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლში და ნორმატიული აქტების იერარქიის კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტში. ესე იგი როგორც კონსტიტუციით, ისე სხვა ცალკეული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით კანონის უკუძალა აღიარებული პრინციპია, მაგრამ აღნიშნულის საწინაამღდეგოდ საქართველოს “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-4 პუნქტი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე-მოსამართლეებზე, რომლებიც დანიშნულნი არიან ამ კანონის მიღების შემდეგ, რაც მოსარჩელის აზრით, ეწინააღდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს და არაკონსტიტუციურია.
მოსარჩელის აზრით, აგრეთვე არაკონსტიტუციურია “საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის” მე-6 მუხლის მოთხოვნაც იმ ნაწილში, სადაც იგი იმპერატიულად კრძალავს სამოქალაქო კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების უკუძალის არსებობას, რადგან იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს და თვით ამავე მუხლის დანარჩენი ნაწილის მოთხოვნებს, ისე საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულ პრინცირებს – შემამსუბუქებელ ნორმათა უკუძალის არსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოსარჩელის აზრით, სადავო კანონები პირდაპირ აუარესებს მის სოციალურ მდგომარეობას და ზღუდავს მისთვის საქართველოს კონსტიტუციის 38-ე, 39-ე მუხლებით მინიჭებულ უფლებებს, იმ მიმართებით, რომ მას აქვს მოსამართლედ ერთ ადგილზე მუშაობის 25 წლის სტაჟი, საიდანაც გათავისუფლებულ იქნა საპენსიო ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონებით კი მას ერთმევა უფლება ისარგებლოს იმ სოციალური დაცვის გარანტიებით და სხვა უფლებებით, რასაც “საერთო სასამართლოს შესახებ” კანონი ითვალისწინებს მისი მიღების შემდეგ დანიშნული მოსამართლეებისათვის.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს “საერთო სასამართლოების შესახებ” 1997 წლის 13 ივნისის №747-II საქართველოს ორგანული კანონის (1998 წ. 24 დეკემბრის №1771-რ და 1999 წ. 5 მარტის №1836–II-ს ცვლილებებით) 82-ე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის ნაწილის, სახელდობრ: “კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებს არა აქვს უკუძალა” არაკონსტიტუციურად ცნობას.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა კონსტიტუციურ სარჩელს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის და მასზე დართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგი მოსაზრებების გამო:
1. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი მუხლის “ვ” პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 39-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებანი და თავისუფლებანი. მოსარჩელე დიმიტრი ციხელაშვილი კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლად მიუთითებს: “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-4 პუნქტის შეუსაბამობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და აქედან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 38-ე და 39-ე მუხლებით აიღარებული მისი უფლებები სოციალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში მოქალაქეთა თანასწორობის თაობაზე.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს ჩადენილი ქმედებისათვის პირის პასუხისმგებლობის შესაძლებლობას და მისი აზრიდან გამომდინარე, კანონს, რომელიც ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგებლობას, აქვს უკუძალა. მაშასადამე, აქ პირდაპირ მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი მოქმედებს სამართალდარღვევის დროს პირის პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას და არა მისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართებით;
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, ვინაიდან “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 18-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მიცემას იმის მიხედვით თუ – ამსუბუქებს ან აუქმებს ამძიმებს პირის პასუხისმგებლობას სამართალდარღვევის ჩადენის დროს და არ წყევტს მისი სოციალური დაცვის გარანტიების საკითხს;
2. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის არაკონსტიტუციურობას, ამ მუხლით კანონმდებელს ეკრძალება მისცეს კანონს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას და მაშასადამე, მიიჩნევს, რომ პირის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, ისევ კანონმა უნდა გადაწყვიტოს უკუძალის დაშვება. აქ არ დგას ჩადენილი ქმედებისათვის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტშია მითითებული. მაშასადამე, კოდექსისი მე-6 მუხლი განსხვავებულ ურთიერთობას აწესრიგებს და კონსტიტუციასთან მისი შესაბამისობის საკითხი ვერ განიხილება. ვინაიდან აღნიშნული სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით, კონსტიტუციური სარჩელის ეს ნაწილიც არ მიღება არსებითად განსახილველად “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის იმავე პუნქტის შესაბამისად.
3. სასამართლოს კოლეგია არ იზიარებს კონსტიტუციური სარჩელის მოსაზრებას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლით აღიარებული მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევის შესახებ, ვინაიდან იგი ვერ მიუთითებს ამ მუხლში ჩამოთვლილი რომელი ნიშნით (ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილების) დაირღვა მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი.
4. სამართლის თეორიით, საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით აღიარებულია, რომ ნორმატიული აქტები არ ვრცელდება ამ აქტების გამოცემამდე არსებულ ურთიერთობებზე. მისი მოქმედების გავრცელება ნორმის გამოცემამდე არსებულ ურთიერთობებზე დაიშვება, თუ, ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული თვით სამართლებრივ ნორმაში. საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლმა, “საერთო სასამართლოების შესახებ” ხაზი გაუსვა საერთო დებულებას და კანონს არა თუ უკუძალა მისცა, არამედ მიუთითა რომ იგი ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის მიღების შემდეგ დანიშნულ მოსამართლეებზე. ე.ი. კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ, ამ კანონს უკუძალა არა ქავს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო კოლეგია თვლის, რომ კანონმდებელი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა.
სადავო კანონი განსაზღვრავს საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლის სამართლებრივ მდგომარეობას, მოსარჩელე, რომელიც 1991 წლიდან არ მუშაობს მოსამართლედ, არც წარმოადგენს ამ კანონის მოქმედების სუბიექს. მას პენსია დანიშნული აქვს პენსიაზე გასვლის დროს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად და მაშინდელი პირობების გათვალისწინებით; არ არსებობს რაიმე ნორმა შემდეგში ხელფასის ცვლილებასთან ერთად პენსიის შეცვლის თაობაზე.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ვ” პუნქტით და 39-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს კანონი საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-18 მუხლის “ე” პუნქტით,
სასამართლო კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად დიმიტრი ციხელაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინაამღდეგ “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის ნაწილობრივ არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბენიძე.
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი.
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა