„შპს ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/1368 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 13 აპრილი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 აპრილი 2022 14:36 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ს1“, „ს2“, „ს3“, „ტ“, „უ.თ“, „უ.ლ“, „ქ“, „ყ“, „ჩ“, „ჩ1“, „ხ“, „ჯ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1368) მომართა „შპს ჯორჯიან ეარვეისმა“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 29 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №1/9/1368 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული.
2. №1368 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს (მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს) მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნორმატიული აქტით. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანების გასაჩივრებული ნორმები კი აწესებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული კონკრეტული მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი საფასურის ოდენობებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
5. №1368 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ ავიაკომპანია შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, რომელიც სარგებლობს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ (შემდგომში - სააგენტო) მომსახურებით და ვალდებულია, გაწეული მომსახურებისათვის გადაიხადოს სადავო ნორმებით დადგენილი საფასური. მომსახურების საფასური შეადგენს საკმაოდ მნიშვნელოვანი ოდენობის გადასახადს და მისი გადახდა მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება ავიაკომპანიას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მომსახურება კერძოსამართლებრივი ხასიათის ინსტიტუტია და მასთან დაკავშირებული ურთიერთობები მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე უნდა წესრიგდებოდეს. ამის საპირისპიროდ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმებით გაწერილი მომსახურების სახეების, ვადებისა და საფასურის განაკვეთების დადგენა მოხდა მინისტრის ბრძანებით ცალმხრივად, ერთპიროვნულად და შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. მოსარჩელე მხარისათვის ისიც კი უცნობია, თუ რა კრიტერიუმებსა და სტანდარტებს ეფუძნება გასაჩივრებული მომსახურების სახეები, ვადები და საფასურის განაკვეთები, არის თუ არა იგი გონივრული და გაწეული მომსახურების ხარჯის პროპორციული.
6. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ საფასური, რომლის გადახდაც ავიაკომპანიას უწევს არაკონსტიტუციურია. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის დაფარვისათვის ავიაკომპანია იძულებულია, გაზარდოს ავიაბილეთების ღირებულება, ბილეთის ღირებულების ზრდა იწვევს მგზავრთა ნაკადის შემცირებას, მცირდება ტვირთის გამგზავნთა რაოდენობაც, რის შედეგადაც ავიაკომპანია კარგავს მომხმარებელს და შესაბამისად - შემოსავალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული გარემოებებით განპირობებული ბილეთის ტარიფის იძულებითი ზრდა უარყოფითად აისახება ავიაკომპანიის ფინანსურ სტაბილურობაზე.
7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი საფასურის გადახდა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისათვის შესაბამისი ნებართვების მიღებისა და საქმიანობის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა, ამასთან, სააგენტო საქართველოში არსებული ერთადერთი ორგანოა, რომელიც ამ დარგში ახორციელებს შესაბამის მომსახურებას. მოსარჩელე მხარის განცხადებით, საფასურის განაკვეთების თვითნებურად დადგენით, სააგენტო ბოროტად იყენებს თავის დომინირებულ მდგომარეობას, ხოლო ავიაკომპანია ოპერირების განხორციელებისთვის იძულებულია, მიიღოს მისი მომსახურება ნებისმიერ ფასად. ამასთანავე, ოპერირების განხორციელებისათვის სააგენტოსგან ნებართვის მოპოვება არ სჭირდებათ და, შესაბამისად, მომსახურების საფასურის გადახდა არ ევალებათ უცხოეთში რეგისტრირებულ (არარეზიდენტ) ავიაკომპანიებს, რაც ქმნის არაჯანსაღი კონკურენციის პირობებს.
8. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სააგენტოს მომსახურებისთვის შესაბამის საფასურს იხდიან როგორც ავიაკომპანიები, ისე სხვა სუბიექტები, მაგალითად, აეროპორტები, საწვავ-გასამართი საწარმოები, რომელთა მომსახურებას, თავის მხრივ, საჭიროებს ავიაკომპანია სტაბილური ოპერირებისათვის. ეს სუბიექტები სააგენტოსათვის გადასახდელი საფასურის ოდენობას თავიანთი მომსახურების ტარიფში ასახავენ. აქედან გამომდინარე, მათ მიერ გაწეული მომსახურების მიღებით, ავიაკომპანია იხდის როგორც ამ სუბიექტების მიერ სააგენტოსათვის გადახდილი მომსახურების საფასურს, ისე სააგენტოს მიერ უშუალოდ მისთვის გაწეული მომსახურების გადასახადს. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ არსებული რეგულაციის პირობებში, ავიაკომპანიებს ეკისრებათ დუბლირებული მომსახურების საფასურის გადახდა.
9. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სააგენტო ერთდროულად ახორციელებს როგორც საჰაერო ტრანსპორტის ტექნიკური სფეროს რეგულირებას, ისე სამოქალაქო ავიაციის ზედამხედველობასა და კონტროლს. ამასთანავე, მომსახურების გაწევიდან მიღებული საფასური სააგენტოს დაფინანსების წყაროა და ხმარდება, შესაბამისად, მისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის აზრით, სააგენტო დამოკიდებულია ავიაკომპანიების მიერ გადახდილ საფასურზე, რომლის გადახდასაც იგი, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, თავადვე აკისრებს კონტროლქვეშ მყოფ სუბიექტს - ავიაკომპანიას, ეს კი აჩენს კორუფციის სერიოზულ საფრთხეს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სააგენტოს კანონიერ, ჯეროვან და მიუკერძოებელ საქმიანობას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
11. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისო დოკუმენტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1368 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარედ მითითებულია „შპს ჯორჯიან ეარვეისი“. 2021 წლის 12 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1368 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1368 კონსტიტუციურ სარჩელზე („„შპს ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე