საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/1676 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 მაისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 მაისი 2022 18:03 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1676) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1676 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 10 თებერვალს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 20 მაისს.
2. №1676 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. სადავო ნორმები განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საკანში განთავსების წესს, რომლის თანახმადაც, „მსჯავრდებული, როგორც წესი, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასა და არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.
5. მოსარჩელე მხარე პრობლემურად მიიჩნევს სადავო წესის იმ შინაარსს, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულის საკანში განთავსების ზოგად წესად განისაზღვრება მისი ერთადგილიან საკანში განთავსება. მისი განმარტებით, ზოგადად, თავისუფლებააღკვეთილი პირების მოთავსება ერთადგილიან საკნებში, ამა თუ იმ ფორმით, ნებისმიერ სასჯელაღსრულების სისტემაში გვხვდება, თუმცა ამგვარი მოპყრობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს, რადგან მსჯავრდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობას შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს. ამასთანავე, პირის ერთადგილიან საკანში მოთავსებამ შესაძლოა ყურადღების მიღმა დატოვოს მის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები.
6. მოსარჩელის განმარტებით, პირის სამარტოო საკანში მოთავსება კიდევ უფრო მეტად ზღუდავს თავისუფლებააღკვეთილი პირის თავისთავად შეზღუდულ უფლებებს. შესაბამისად, ამგვარი ზომის გამოყენება მოითხოვს შესაბამისი საფუძვლების არსებობასა და ასეთი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთებას. პატიმრის უფლებებზე ყოველი დამატებითი შეზღუდვის დაწესება უნდა გამომდინარეობდეს უკვე არსებული ან პოტენციური ზიანისაგან, რომელიც პატიმარმა გამოიწვია ან შეიძლება მომავალში გამოიწვიოს.
7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ №3 და №6 პენიტენციური დაწესებულებები წარმოადგენენ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებს, რომლებშიც სასჯელის მოსახდელად თავსდებიან საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის საშიშროების მაღალი რისკის შეფასება ხდება დეტალური კრიტერიუმების საფუძველზე და რისკის შეფასების სიღრმისეული პროცედურის შედეგად. აღნიშნული კრიტერიუმების შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე, მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის, ხოლო შემდგომ, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ. ამრიგად, აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საკმარისად ცხადი კრიტერიუმებისა და დეტალური პროცედურის საფუძველზე, თუმცა მის მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის მხოლოდ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და იგი კავშირში არ არის პირის ერთადგილიან საკანში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებასთან.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მსჯავრდებულისათვის პენიტენციური დაწესებულების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, მისი ერთადგილიან საკანში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, დაწესებულების ხელმძღვანელის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე.
9. ამასთანავე, მსჯავრდებულთა მაღალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების გადამოწმება ხორციელდება ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 12 თვისა. შესაბამისად, უზრუნველყოფილია მსჯავრდებულის მაღალი რისკის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვა. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში მსჯავრდებულის მიერ. მეორე მხრივ, ერთ ან ორადგილიან საკანში მსჯავრდებულის მოთავსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვის მექანიზმი არ არსებობს და არც ამგვარ საკნებში გამწესების ვადა არ არის მკვეთრად შემოსაზღვრული. შესაბამისად, პრაქტიკაც ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში, პირის ერთადგილიან საკანში განთავსება ხდება ხანგრძლივი დროით. კანონმდებლობა ასევე არ თვალისწინებს ამგვარ საკნებში პატიმრის განთავსების თაობაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.
10. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში გამწესების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საკმარისად ცხადი და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება კი თავისთავად წარმოშობს რისკს, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა ბოროტად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განუსაზღვრელი ფარგლები, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვის ან სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმს. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიების პირობებში, ამ ინსტიტუტის გამოყენება, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა გაუთანაბრდეს არასათანადო მოპყრობას.
11. მოსარჩელე დამატებით განმარტავს, რომ თუკი მსჯავრდებული წარმოშობს რაიმე სახის საფრთხეს, ერთადგილიან საკანში მოთავსების ნაცვლად, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებული იქნეს განცალკევების მექანიზმი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს 30 დღის ვადით და, შესაძლოა, გახანგრძლივდეს გონივრული დროით. შესაბამისად, არსებობს საფრთხის თავიდან აცილების მექანიზმი, რომელიც ნაკლები ინტენსივობით შეზღუდავდა მსჯავრდებულის უფლებებს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1676 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1676 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე