საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის კონსტიტუციური წარდგინება
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №12/214 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ოთარ ბენიძე, ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, ბესარიონ ზოიძე, ჯონი ხეცურიანი, |
თარიღი | 30 დეკემბერი 2002 |
პლენუმის შემადგენლობა:
1. ჯონი ხეცურიანი (თავმჯდომარე);
2. ნიკოლოზ შაშკინი;
3. ავთანდილ აბაშიძე;
4. ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
5. ბესარიონ ზოიძე;
6. იაკობ ფუტკარაძე;
7. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
8. ლამარა ჩორგოლაშვილი;
9. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი _ ლილი მელაშვილი.
საქმის დასახელება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის კონსტიტუციური წარდგინება.
დავის საგანი: ,,დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ“ და ,,საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონებში დამატებების შეტანისა და ზოგიერთი დარგის საწარმოების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე საქართველოს კანონის შესახებ“ 1996 წლის 27 ივნისის საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 16 დეკემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №214) მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატამ ბ. მეტრეველის (თავმჯდომარე), ნ. კლარჯეიშვილის და ბ. კობერიძის შემადგენლობით.
კონსტიტუციური წარდგინების შემოტანის საფუძველია ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და მეორე პუნქტი.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის წარმოებაშია სს ,,მარტინ ბაუერ ოდიშისა“ და სს ,,მარტინ ბაუერ კოლხას“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა ზუგდიდის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი. ,,დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ“ და ,,საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონებში დამატებების შეტანისა და ზოგიერთი დარგის საწარმოების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე საქართველოს კანონის შესახებ“ 1996 წლის 27 ივნისის საქართველოს კანონის საფუძველზე, სს ,,მარტინ ბაუერ კოლხას“ დაეკისრა 1023900 ლარის, ხოლო სს ,,მარტინ ბაუერ ოდიშს“ 1149400 ლარის საგადასახადო დავალიანების გადახდა.
კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, სადავო კანონით გაუქმდა ,,დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ“ და ,,საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონებში დამატებების შეტანისა და ზოგიერთი დარგის საწარმოების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე“ საქართველოს 1996 წლის 19 აპრილის კანონის მე-3 მუხლი, რომელმაც დაადგინა: ,,ჩაის ფაბრიკები და ჩაის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები გათავისუფლდნენ ბიუჯეტისა და სხვა არასაბიუჯეტო სახელმწიფო ფონდების დავალიანებებისაგან და ამასთან დაკავშირებით წარმოშობილი სანქციებისაგან, სამი წლით გადაევადათ შრომის ანაზღაურების ფონდის ანარიცხების გადასახადები მომდევნო სამ წელიწადში მათი თანაბარ ნაწილებად დაფარვის პირობით, ინფლაციის გათვალისწინებით“. წარდგინების ავტორთა აზრით, აღნიშნული ნორმა შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს და ,,თავისი არსით წარმოადგენს ერთჯერად საგადასახადო შეღავათს, რომელიც შეიცავს საგადასახადო ამნისტიის ელემენტებს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონით უკვე დაწესებული ერთჯერადი საგადასახადო შეღავათის გაუქმება შესაძლოა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კონსტიტუციური წარდგინების და საქმეში არსებული მასალების გაანალიზების საფუძველზე, გამოარკვია შემდეგი გარემოებები:
,,დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ“ და ,,საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონებში დამატებების შეტანისა და ზოგიერთი დარგის საწარმოების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე“ საქართველოს 1996 წლის 19 აპრილის კანონით ცვლილებები შევიდა ,,დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 24 დეკემბრის კანონში და ,,საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 21 დეკემბრის კანონში. აღნიშნული საკანონმდებლო აქტები ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წლის 13 ივნისი) 272-ე მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, ძალა დაკარგა ,,დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ“ და ,,საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონებში დამატებების შეტანისა და ზოგიერთი დარგის საწარმოების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე“ საქართველოს 1996 წლის 19 აპრილის კანონმაც, რადგან ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 19 ნოემბრის კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილება ან დამატება წარმოადგენს იმ ნორმატიული აქტის განუყოფელ ნაწილს, რომელშიც შევიდა ცვლილება ან დამატება. ხოლო ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი“. აქედან გამომდინარე, ძალადაკარგულია სადავო აქტიც, რადგანაც ის ეხება ,,დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ“ და ,,საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონებში დამატებების შეტანისა და ზოგიერთი დარგის საწარმოების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე“ საქართველოს 1996 წლის 19 აპრილის კანონის პირველი და მესამე პუნქტის გაუქმებას. იგივეს მოწმობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 26 დეკემბრის წერილიც (რეგისტრაციის №01/23/11-7109), რომლის თანახმად. ,,დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ“ და ,,საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონებში დამატებების შეტანისა და ზოგიერთი დარგის საწარმოების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე საქართველოს კანონის შესახებ“ 1996 წლის 27 ივნისის საქართველოს კანონი ამჟამად არ მოქმედებს და არ არის რეგისტრირებული საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.
მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისათვის, სადავო აქტი ძალადაკარგულია. ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ,,სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“.
იხელმძღვანელა რა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. შეწყდეს სამართალწარმოება საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის კონსტიტუციური წარდგინება ,,დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ“ და ,,საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონებში დამატებების შეტანისა და ზოგიერთი დარგის საწარმოების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე საქართველოს კანონის შესახებ“ 1996 წლის 27 ივნისის საქართველოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ჯონი ხეცურიანი (თავმჯდომარე);
2. ნიკოლოზ შაშკინი;
3. ავთანდილ აბაშიძე;
4. ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
5. ბესარიონ ზოიძე;
6. იაკობ ფუტკარაძე;
7. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
8. ლამარა ჩორგოლაშვილი;
9. ზაურ ჯინჯოლავა.