ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/8/1353 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2022 18:43 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1353) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ნატალია ფერაძემ და კონსტანტინე გურულმა. №1353 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2018 წლის 4 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 16 ივნისს.
2. №1353 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“.
4. №1353 კონსტიტუციური სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადამიანისათვის თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველა ადამიანს უფლება აქვს, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, მიმართოს სასამართლოს.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის თავისუფლება დაცულია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
6. №1353 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ნატალია ფერაძე 2016 წლის 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. ადმინისტრაციული სახდელის სახით ნატალია ფერაძეს განესაზღვრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ანალოგიურად იქნა გამოყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი კონსტანტინე გურულის მიმართ და ადმინისტრაციული სახდელის სახით მასაც დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. მოსარჩელეთა განმარტებით, ორივე შემთხვევაში, საერთო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებს სცილდებოდა იმის დადგენა, კანონიერი იყო თუ არა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ კონკრეტულ ვითარებაში მოსარჩელეთა მიმართ წარდგენილი მოთხოვნა.
7. №1353 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ფორმალურად აკმაყოფილებს კონსტიტუციის მოთხოვნებს, რამდენადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობას ქმნის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ან განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა, თუმცა საერთო სასამართლოს მიერ ხდება აღნიშნული ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგო გამოყენება. კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი სასამართლო აფასებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილი მოთხოვნის აბსტრაქტულ კანონიერებას, ჰქონდა თუ არა მას, ზოგადად, ამგვარი მოთხოვნის წაყენების უფლებამოსილება, ხოლო შეფასების მიღმა რჩება მოთხოვნის კანონიერების საკითხი იმ კონკრეტულ ვითარებაში, როდესაც მოხდა მისი წარდგენა. მოსარჩელე მხარე უთითებს საერთო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის გამოყენების იმ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, პირის სამართალდარღვევად ცნობის პროცესში შეფასების საგანს არ წარმოადგენს პოლიციელის კონკრეტული ქმედების კანონიერების საკითხი და პოლიციელის მიერ უკანონო ან არაპროპორციული ქმედების განხორციელება ფასდება პირის საჩივრის ან სარჩელის საფუძველზე, ცალკე სამართალწარმოების ფარგლებში. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პირის სამართალდამრღვევად ცნობამდე აუცილებელია, ამავე სამართალწარმოების ფარგლებში მოხდეს ყველა ინდივიდუალური გარემოების შესწავლა, რამდენადაც შეიძლება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს ზოგადად ჰქონდეს აქციის დაშლის უფლება, თუმცა კონკრეტულ ვითარებაში ამ ღონისძიების გამოყენება ან მოთხოვნის წარდგენა იყოს არაპროპორციული.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის ითვალისწინებს, მათ შორის, 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმა უშვებს შესაძლებლობას, პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნევა და მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის დაკისრება მოხდეს ისე, რომ მოსამართლემ არ შეამოწმოს პოლიციელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის კანონიერების საკითხი. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ, მართალია, სამართალდამრღვევად ცნობილ პირს აქვს შესაძლებლობა, ცალკე, დამოუკიდებელი სამართალწარმოების ფარგლებში იდავოს პოლიციელის მიერ უკანონო ქმედების განხორციელებაზე და შემდგომში მოითხოვოს უკანონო პატიმრობისათვის კომპენსაცია, თუმცა პირის თავისუფლების შეზღუდვის საპირწონე ვერ გახდება ზიანის მონეტარული ანაზღაურება.
9. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციით, პირისათვის 72 საათზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, თუმცა სადავო ნორმის გამოყენებით პირისათვის 15 დღემდე ვადით პატიმრობის შეფარდებას წინ არ უძღვის სასამართლოს მიერ პოლიციელის ქმედების კანონიერების შეფასება, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, ხოლო ქმედების კანონიერების ერთადერთ შემფასებლად გვევლინება თავად პოლიციელი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების პროცესში სასამართლოს ამგვარი ფორმალური მონაწილეობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ ფიზიკური თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლებას.
10. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისას აუცილებელია პირის უფლებების სრულყოფილი დაცვა, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ სახელმწიფო ორგანოს (პოლიციის) ყველა გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლების იმ კომპონენტს, რომლის თანახმადაც, სასამართლო უნდა წარმოადგენდეს პირის უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.
11. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ სასამართლოს თავად უნდა ჰქონდეს პოლიციის სავარაუდო უკანონო ქმედებაზე ეფექტური რეაგირების შესაძლებლობა. იგი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფორმალურად და მატერიალურად უნდა ამოწმებდეს პოლიციის მიერ წარდგენილი მოთხოვნის კანონიერების საკითხს და მხოლოდ ამგვარი შესწავლის შედეგად იღებდეს გადაწყვეტილებას პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. სამართლებრივი მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს არ შესწევს უნარი, შეაფასოს აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედების კანონიერება ფორმალურმატერიალური თვალსაზრისით, ვერ ჩაითვლება კონსტიტუციური უფლებების დაცვის ადეკვატურ გარანტიად.
12. №1353 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ პოლიციის წარმომადგენელს აქვს სრული უფლებამოსილება, ვიდეო ტექნიკით ჩაიწეროს სამართალდარღვევის ფაქტი, ამგვარი მტკიცებულების დართვით, სასამართლოსთვის სრულად იქნება შესაძლებელი, შეზღუდულ ვადებშიც კი, დაადგინოს კონკრეტული მოთხოვნის კანონიერების საკითხი. შესაბამისად, დადგენილი რეგულირება არ წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.
13. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული საქმისწარმოების შეწყვეტა იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილი მოთხოვნის კანონიერება, არის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების შემადგენელი ნაწილი და, ამ მხრივ, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
14. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1353 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულებების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებებს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა ადამიანის ფიზიკური თავისუფლების ხელშეუვალობას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ადამიანის ფიზიკური თავისუფლება და მისი შეზღუდვის საფუძვლები განმტკიცებულია მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1353 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს, რომ დავის საგანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. №1353 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2019 წლის 29 ნოემბრის №5395-Iს საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი 2020 წლის პირველი იანვრიდან ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში, ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული სადავო ნორმის გასაჩივრებული რედაქცია ძალადაკარგულია.
8. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1353 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1353 კონსტიტუციურ სარჩელზე („ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე