შპს "კავკასტრანსექსპედიტორი", ალექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/5/3 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 18 ოქტომბერი 1996 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ. ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი);
4. ზ. ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თ. გაჩეჩილაძე.
დავის საგანი: საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 24 ივნისის №394 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების „საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ორგანოებში, საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სალაროს მეურნეობის გაძღოლის შესახებ“ კონსტიტუციურობის თაობაზე.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები: ალექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია; მოპასუხე: საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ქალბატონი ბელა სირბილაძე; ექსპერტი: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოცენტი, ქ-ნი თამარ ციგროშვილი.
სასამართლო კოლეგიამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
მოსარჩელეები: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „კავკასტრანსექსპედიტორის“ დამფუძნებლები - ალექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია თვლიან, რომ ზემოთაღნიშნული დებულების მთელი რიგი პუნქტები, რომელთა მოქმედება ვრცელდება მმართველობის ორგანოებზე, ყველა სახის საწარმოზე, ორგანიზაციასა და დაწესებულებაზე, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ:
დებულებამ დაადგინა, რომ საწარმო ვალდებულია თავისი ფულადი სახსრები შეინახოს საბანკო დაწესებულებაში (პუნქტი 1.2), რისთვისაც აკრძალა იურიდიულ პირებს შორის ნაღდი ანგარიშსწორება და განსაზღვრა, რომ ანგარიშსწორება იურიდიულ პირებს შორის ხორციელდება უნაღდო წესით საბანკო დაწესებულებათა მეშვეობით (პუნქტი 1.3);
საწარმოს უფლება მიეცა სალაროში იქონიოს ნაღდი ფული სალაროს ნაშთის დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში და ნაღდი ფული ამონაგებიდან ხარჯის დადგენილი ნორმის მიხედვით (პუნქტი 1.5);
დროებითმა დებულებამ საწარმო დაავალდებულა, რომ სალაროს ნაშთის დამტკიცებულ ლიმიტს ზევით არსებული ნაღდი ფული ჩააბაროს საბანკო დაწესებულებას თავის ანგარიშზე ჩასარიცხად არაუგვიანეს მომდევნო დღის დილისა (პუნქტი 1.7);
დროებითი დებულებით აიკრძალა საწარმოს მიერ საბანკო დაწესებულებიდან მიზნობრივად მიღებული ნაღდი ფულის არადანიშნულებისამებრ გახარჯვა (1.4);
ასევე აუკრძალა მუდმივი ფულადი შემოსავლების მქონე საწარმოს ამონაგებიდან ნაღდი ფულის გაცემა სხვა საწარმოების საჭიროებისათვის (პუნქტი 1.6);
მითითებული აკრძალვების და შეზღუდვების დაცვის უზრუნველსაყოფად დებულებამ დააწესა, რომ „საწარმოს მიერ დაწესებულ ვადაში ამონაგები თანხის საბანკო დაწესებულებაში ჩაუბარებლობის ფაქტების გამოვლინების შემთხვევაში ეცნობება შესაბამის საგადასახადო ინსპექციებს ჩაუბარებელი თანხის დადგენილი წესით რესპუბლიკური ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღების მიზნით“ ( პუნქტი 4.7), რომელიც მაკონტროლებელი ორგანოების მიერ ჩაუბარებელი თანხის მთლიანად ამოღების უფლებად აღიქმება და გამოიყენება კიდეც.
მოსარჩელეები თვლიან, რომ დროებითი დებულების ზემოთჩამოთვლილი პუნქტები აშკარად ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს, 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეები მოითხოვენ დროებითი დებულების 1.1, 1.2, 1.3, 1.4, 1.5, 1.6, 1.7, 1.8 და 4.7 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას.
სასამართლო კოლეგიამ აუცილებლად ჩათვალა საქმეზე ფინანსების და საბანკო საქმის სპეციალისტის ექსპერტად მოწვევა. საექსპერტო დასკვნა მოამზადა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტმა ქ-ნმა თამარ ციგროშვილმა. დასკვნა გაეცნო ორივე მხარეს.
მოსარჩელეები მხარს უჭერენ კონსტიტუციურ სარჩელს და მოითხოვენ საქმის არსებითად განხილვას.
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ქ-ნმა ბელა სირბილაძემ მოითხოვა საქმის წარმოებით შეწყვეტა ვინაიდან განსახილველი დროებითი დებულება უკვე ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 ოქტომბრის №667 ბრძანებულებით „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის დადგენილებების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ“. ამ ბრძანებულების მე-9 პუნქტით ძალადაკარგულად არის მიჩნეული საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 24 ივნისის №394 დადგენილება - “საქართველოს რესპუბლიკის მმართველობით ორგანოებში, საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სალაროს მეურნეობის გაძღოლის შესახებ“ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე, ხოლო საქართველოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას იწვევს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის 43-ე მუხლით,
სასამართლო კოლეგიამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ალექსანდრე დანელიას და გიორგი ცომაიას კონსტიტუციური სარჩელის განხილვა შეწყდეს სადავო ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე)
2. ა. აბაშიძე
3. ლ. ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი)
4. ზ. ჯინჯოლავა