ქ. ჭიათურის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/88/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, ბესარიონ ზოიძე, ჯონი ხეცურიანი, |
თარიღი | 1 აპრილი 1999 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
საქმის დასახელება: ქ. ჭიათურის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე, 185-ე, 186-ე და 191-ე მუხლები.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 42-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ჩატარდა კონსტიტუციური წარდგინების ავტორისა და სადავო აქტის მიმღები ორგანოს დაუსწრებლად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1998 წლის 4 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით მომართა ქ. ჭიათურის სასამართლომ.
კონსტიტუციურ წარდგინებაში, ქ. ჭიათურის სასამართლო ითხოვს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე, 185-ე, 186-ე და 191-ე მუხლების საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან შესაბამისობის დადგენას.
კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ ქ. ჭიათურის სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №1/38 საქმე სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმიდან“ კონუსური სამტვრეველას ნაწილების უკანონოდ გასხვისების ფაქტზე. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი მუშაკები: ო. ბუსხრიკიძე (გენერალური დირექტორი), ტ.ქიტიაშვილი (დირექტორი), ზ. მოდებაძე (საწყობის გამგე), რ. სანაია (დირექტორი), ბ. ცუცქირიძე (მთავარი მექანიკოსი), გ.ლაბაძე (მთავარი ენერგეტიკოსი), ტ.ცხოვრებაძე (მთავარი ბუღალტერი), ზ.მოდებაძე (მთავარი მექანიკოსი), ფ.აბრამიშვილი (გამამდიდრებელი ფაბრიკის დირექტორი) როგორც თანამდებობის პირები, რომლებმაც თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ჩაიდინეს განზრახი მოქმედება, გაასხვისეს კონუსური სამტვრეველა, რითაც დიდი ზიანი მიაყენეს სააქციო საზოგადოების ინტერესებს, წინასწარი გამოძიების მიერ მიცემული იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.
კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციის იმავე მუხლის მე-2 პუნქტით, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
საქართველოს 1997 წლის 27 ნოემბრის კანონმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისად განსაზღვრა სახელმწიფო (საჯარო) სამსახურის პირობები, სახეები, სახელმწიფო თანამდებობისა და საჯარო მოსამსახურის ცნებები. აღნიშნული კანონით, გადაწყდა, თუ რას წარმოადგენს „სახელმწიფო თანამდებობა“ და ვინ ითვლება „საჯარო მოსამსახურედ“. კერძოდ საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილს და სოციალურ–შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მოვალეობებს. იმავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმა სახელმწიფო თანამდებობის პირის ცნება მთლიანად დაუკავშირა სახელმწიფოს მიერ თავისი ფუნქციების განსახორციელებლად შექმნილ პირველად სტრუქტურულ ერთეულს და გაათავისუფლა იგი (ცნება) სხვა დატვირთვისაგან. მაშინ, როდესაც საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი, თანამდებობის პირის ცნებას განსაზღვრავს უფრო ფართოდ და ასეთად მიიჩნევს აგრეთვე საწარმო–დაწესებულებებში მომუშავე ადმინისტრაციული ფუნქციების მქონე მუშაკებს.
კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მიხედვით, თანამდებობის პირებად ითვლებიან ის პირები, რომლებიც მუდმივად ან დროებით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, დანიშვნით ან არჩევით და აგრეთვე, ცალკეული დავალებების ძალით სახელმწიფო ან საზოგადოებრივ დაწესებულებაში, საწარმოსა ან ორგანიზაციაში ასრულებენ მოვალეობებს, დაკავშირებულს სახელმწიფო ხელისუფლების აქტების, ან განმკარგულებელი, ორგანიზაციულ–სამეურნეო ადმინისტრაციული ან სხვა ამგვარი ფუნქციების განხორციელებასთან.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, გამოძიებამ არ გაითვალისწინა რამდენიმე მომენტი, კერძოდ: საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ მე-9.7 მუხლში მითითებულია, რომ ამ კანონის მე-9.1 მუხლში დასახელებული პირები (პარტნიორები, პარლამენტარები, დირექტორები) საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ ნამდვილი კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. თუ ისინი არ ასრულებენ ამ მოვალეობას, წარმოშობილი ზარალისათვის სოლიდარულად აგებენ პასუხს.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, აღნიშნულმა ნორმამ, კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ ასეთს წარმოადგენს სააქციო საზოგადოება).
ამრიგად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისაგან განსხვავებით, ზარალის მიყენების შემთხვევაში, გამოირიცხა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, იმ პირთა წრეში, რომელსაც თანამდებობის პირებად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლი, ფორმალურად მართალია, ხვდებიან კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, რომელთაც გააჩნიათ ზოგიერთი ის ფუნქცია, რაც უნდა ახასიათებდეს თანამდებობის პირს, მაგრამ ობიექტურად ასეთს არ წარმოადგენენ, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე, 185-ე, 186-ე და 191-ე მუხლები, აშკარად წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს კანონთან „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კანონთან „საჯარო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, იქმნება ნორმათა კოლიზია, უფრო ზუსტად მისი ყველაზე უარყოფითი გამოვლინება, როდესაც ორგანული კანონმდებლობის ნორმა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციური ხასიათის ნორმასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ითხოვს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე, 185-ე, 186-ე და 191-ე მუხლების საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან შესაბამისობის დადგენას.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ქ. ჭიათურის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მართალია, კონსტიტუციური წარდგინება შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, სადავო აქტი ნორმატიული ხასიათისაა, მაგრამ დარღვეულია საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის მიხედვით, კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებული უნდა იყოს დებულებანი, რომლებსაც კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ: საქართველოს ყოველ მოქალაქეს თანაბარი საწყისი უფლება აქვს სახელმწიფო სამსახურში დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა და რაიმე ნიშნის მიხედვით (რასის, კანის, ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის) დისკრიმინაცია დაუშვებელია, თუ ის აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებული კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, განსაზღვრავს კიდეც სახელმწიფო სამსახურის პირობებს.
2. კონსტიტუციური წარდგინების ავტორს არ მოჰყავს კონკრეტული დავალება, თუ რატომ არის წინააღმდეგობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე, 185-ე, 186-ე და 191-ე მუხლები საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მოთხოვნებთან.
3. საკითხის გარკვევა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე, 185-ე, 186-ე და 191-ე მუხლები წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ ცალკეულ ნორმებთან და ადგილი აქვს ნორმათა კოლიზიას, არ შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-20, 21-ე, 31-ე, 42-ე და 43-ე მუხლებით, საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის „გ“ პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს
1. ქ. ჭიათურის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე, 185-ე, 186-ე და 191-ე მუხლების საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან შესაბამისობის დადგენის შესახებ არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და სამართალწარმოება შეწყდეს;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე)
2. ა. აბაშიძე (მომხსენებელი)
3. ლ. ჩორგოლაშვილი
4. ზ. ჯინჯოლავა