ა(ა)იპ ,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ და ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1331 |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ ,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“, ირაკლი პეტრიაშვილი |
თარიღი | 5 ივლისი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბერის №01-43/ნ ბრძანება ,,ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1) საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის (უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი) მეორე ნაწილის მეორე წინადადების შემდეგი სიტყვები: ,,დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება, თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება“. |
მუხლი 26 1. ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება. 2. მუხლი 33 გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით. კანონი ადგენს აგრეთვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობის გარანტიებს. 3. მუხლი 14 ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბერის №01-43/ნ ბრძანების ,,ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დანართი 1-ის შემდეგი პუნქტები: ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს განეკუთვნება: ე) მუშაობა სატელეფონო კავშირგაბმულობის სფეროში; ი) მუშაობა დასუფთავების მუნიციპალურ სამსახურებში; ლ) მუშაობა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების სფეროში;მ) მუშაობა ნავთობისა და გაზის მოპოვების, მომზადების, ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების სფეროებში. |
მუხლი 26 1. ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება. 2. მუხლი 33 გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით. კანონი ადგენს აგრეთვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობის გარანტიებს. 3. მუხლი 14 ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი; , ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითად არმიღების საფუძვლები, რამდენადაც სარჩელი სრულად შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს და არ არსებოსბ ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, კერძოდ სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს; იგი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, რამდენადაც საქმე ეხება გაფიცვის უფლებას, როგორც ასოციაციის თავისუფლების განუყოფელ ნაწილს, პროფესიული კავშირების გაერთიანება არის უფლებამოსილი პირი. ისევე, როგორც ირაკლი პეტრიაშვილი, როგორც ფიზიკური პირი არის უფლებამოსილი პირი, რამდენადაც პოტენციურად ის, ისევე როგორც ნებისმიერი პირი საქართველოში, შეიძლება დასაქმდეს რომელიმე ისეთ სამსახურში, სადაც შეზღუდულია გაფიცვის უფლება.
სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და ის ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, სადავო აქტები წარმოადგენს ორგანული კანონს და კანონქვემდებარე აქტს და შესაბამისად მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მიგვაჩნია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის (უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი) მეორე ნაწილის მეორე წინადადება, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება, თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება და ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბერის №01-43/ნ ბრძანების ,,ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დანართი 1-ის შემდეგი პუნქტები: ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს განეკუთვნება: ე) მუშაობა სატელეფონო კავშირგაბმულობის სფეროში; ი) მუშაობა დასუფთავების მუნიციპალურ სამსახურებში; ლ) მუშაობა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების სფეროში; მ) მუშაობა ნავთობისა და გაზის მოპოვების, მომზადების, ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების სფეროებში ეწინააღმდეგება 1) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს , რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა; 2) საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაცყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება; და ასევე 3) საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლს, რომლის მიხედვითაცგაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით. კანონი ადგენს აგრეთვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობის გარანტიებს.
შრომის სამართალი ემსახურება დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვას, თუმცა აღნიშნულის მიღწევა საკმაოდ რთულია, იმ სფეციფიკურობიდან გამომდინარე, რომ შრომითი ურთიერთობის დროს დასაქმებული დაქვემედებარებულ მდგომარეობაში იმყოფება დამსაქმებელთან მიმართებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა შეიცავდეს დასაქმებულთა ინტერესების დაცვის გარკვეულ მექანიზმებს, ერთ-ერთ ასეთ მექანიზმად კი გვევლინება გაფიცვის უფლება, რომელიც შეუძლია დასაქმებულმა გამოიყენოს როგორც დარღვეული უფლების აღდგენის და ასევე კონკრეტული უფლებების მოპოვების საშუალება.
გაფიცვის უფლება ფუნდამენტურ უფლებად აღიარებული იქნა გაეროს მიერ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტის მიღებით 1966 წელს, რომლის მე-8 მუხლის პირველი პუნქტს ადგენს, რომ,,ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას უზრუნველყონ: გაფიცვების უფლება იმ პირობით, რომ ეს უფლება ხორციელდებოდეს თითოეული ქვეყნის კანონების შესაბამისად. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ,,ეს მუხლი არ ეწინააღმდეგება იმას, რომ კანონიერი შეზღუდვები შემოიღონ ამ უფლებების გამოყენებაზე იმ პირთა მიერ, რომლებიც შედიან სახელმწიფოა შეიარაღებული ძალების, პოლიციისა თუ ადმინისტრაციის შემადგენლობაში“.
1996 წელს კი მიღებული იქნა ევროპის სოციალური ქარტია, რომლის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში ,,კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება“ განისაზღვრა, რომ კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მუშაკთა და დამსაქმებელთა უფლებას მიიღონ კოლექტიური ზომები ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში გაფიცვის უფლების ჩათვლით, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ადრე დადებული კოლექტიური ხელშეკრულებებიდან.
გაფიცვის უფლება ასევე დაცული და აღიარებული იქნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო), მისი ზედამხედველი ორგანოების, განსაკუთრებით გაერთიანების თავისუფლების კომიტეტისა (1952 წლიდან) და კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების ექსპერტთა კომიტეტის (1959 წლიდან) მიერ (Report of the Committee of Experts on the Application of Conventions and Recommendations, ILC, 43rd Session, 1959, Part I, Report III, p. 114. ; General Survey on the Freedom of Association and Collective Bargaining, Report III (Part 4B), ILC, 69th Session, 1983, p. 62.). აღნიშნული ორგანოების გადაწყვეტილებებით, რომლებიც დაეფუძნა შსო–ს წესდებაში ასახულ გაერთიანების თავისუფლების ძირითად პრინციპებს და ასევე შსო-ს ფუნდამენტურ კონვენციებს, საფუძველი ჩაუყარა გაფიცვის უფლების ფუძემდებლურ პრინციპებს, რაც შემდგომში იგი საყოველთაოდ გაზიარებული იქნა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
გაფიცვის უფლება ფრაგმენტულად ნახსენებია შსო-ს ერთ კონვენციაში და ერთ რეკომენდაციაში, კერძოდ ,,იძულებითი შრომის გაუქმების შესახებ“ #105 კონვენცია (The abolition of Forced Labour Convention, 1957, N105 (article 1, subparagraph d)) (მუხლი 1 პუნქტი ,,დ”) კრძალავს იძულებითი ან სავალდებულო შრომის გამოყენებას როგორც დასჯის საშუალებას გაფიცვაში მონაწილეობისათვის და 1951 წლის რეკომენდაცია ,,ნებაყოფლობითი შემათანხმებელი პროცედურებისა და არბიტრაჟის შესახებ“ (The Voluntary Conciliation and Arbitration Recommendation, 1951 #92, paragraph 4 and 6, 7) (#92) პირველად გაფიცვას ახსენებს მე-4, მე-6 და მე-7 მუხლებში ამას გარდა, შსო-ს 2 რეზოლუცია (1957 ,,resolution concerning the abolition of Anti-Trade Union legislation in the States Members of the International Labour Organization” and the 1970 ,,Resolution concerning Trade Union Rights and Their Relation to Civil Liberties”), რომელიც განსაზღვრავს შსო-ს პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს, აღიარებს წევრ სახელწმიფოებში გაფიცვის უფლებას. რეზოლუცია ,,პროფესიული კავშირის საწინააღმდეგო კანონმდებლობის გაუქმების შესახებ შსო-ს წევრ ქვეყნებში“ მოუწოდებს აღნიშნულ ქვეყნებს მიიღონ ,,კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული კვაშირების უფლებების, მათ შორის დასაქმებულთა გაფიცვის უფლების დაცვას“. ანალოგიურად, რეზოლუცია ,,პროფესიული კავშირის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებასთან მათი კავშირის შესახებ“ შსო-ს მმართველ ორგანოს მოუწოდებს გენერალურ დირექტორის ინსტრუქცია მისცეს, რათა მან უზრუნველყოს პროფკავშირის უფლებების სრული და საყოველთაო პატივისცემა მისი ფართო გაგებით, განსაკუთრებული აქცენტით გაფიცვის უფლებაზე (1970. Record of Proceedings. International Labour Conference, 54th Session,1970. Geneva. პარაგ. 735-736).
გაფიცვის უფლება ასევე დადასტურებულია შსო-ს რეგიონალური კონფერენციების და კომიტეტების, ისევე როგორც სხვა ორგანოების სხვადასხვა რეზოლუციებში. მიუხედავად იმისა, რომ შსო-ს 87-ე კონვენციაში ,,ასოციაციის თავისუფლებისა და ორგანიზაციის დაცვის შესახებ” სიტყვა-სიტყვით ნახსენები არაა გაფიცვის უფლება, კონვენციის მუხლი 3.1. ადგენს, რომ ,,მშრომელთა და მეწარმეთა ორგანიზაციებს უფლება აქვთ შეიმუშავონ საკუთარი წესდებები და რეგლამენტები, თავისუფლად აირჩიონ თავისი წარმომადგენლები, ჩამოაყალიბონ აპარატი, წარმართონ თავიანთი საქმიანობა, დასახონ მოქმედების პროგრამა, ხოლო მე-10 მუხლის მიხედვით ,,ამ კონვენციაში ტერმინი „ორგანიზაცია“ ნიშნავს მშრომელთა და მეწარმეთა ყოველგვარ ორგანიზაციას, რომლის მიზანია მშრომელთა და მეწარმეთა ინტერესების უზრუნველყოფა და დაცვა (1996a. International Labour Conventions and Recommendations, Geneva.პარაგ. 528 ,529). ამ ორი მუხლის კომბინაციის შედეგად შსო-ს ორი ორგანო, რომელიც ზედამხედველობს შსო-ს სტანდარტების შესრულებას – გაერთიანების თავისუფლების კომიტეტი (1952 წლიდან) და კოვენციებისა და რეკომენდაციების შესრულების ექსპერტთა კომიტეტი (1959 წლიდან) ხშირად აცხადებს, რომ გაფიცვის უფლება არის დასაქმებულთა და მათი ორგანიზაციების ფუნდამენტური უფლება, რომელიც განუყოფელია გაერთიანების თავისუფლების უფლებისგან და განსაზღვრა მისი გამოყენების ფარგლები და პრინციპები (ILO principals concerning the right to strike, Bernard Gernigon, Alberto Odero, Horacio Guido, 1998)
გასათვალისწინებელია, რომ ეს ორი კომიტეტი ხშირად ეყრდნობა და იყენებს ერთმანეთის დასკვნებს. გაფიცვის უფლება შსო-ს 87-ე კონვენციით დაცული გაერთიანების თავისუფლებასთან უშუალო კავშირში ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2009 წელს საქმეზე Enerji Yapi-Yol Sen v Turkey (European Court of Human Rights, Third Section, Enerji Yapi-Yol Sen v Turkey, 21 April 2009, Application No. 68959/01 at para. 24. ), რაც განავითარა მის შემდგომ გადაწყვეტილებებში.
1952 წელსვე, გაერთიანების თავისუფლების კომიტეტმა მეორე სხდომაზე აღიარა, რომ გაფიცვის უფლება ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც დასაქმებულებს და მათი ორგანიზაციებს აქვთ საშუალება კანონიერად დაიცვან თავიანთი ეკონომიკური და სოციალური ინტერესები (1996d. Freedom of association: Digest of decisions and principles of the Freedom of Association Committee of the Governing Body of the ILO. Fourth (revised) edition.Geneva.პარაგრ.. 473-475) კომიტეტის განმარტების მიხედვით გაფიცვის მიზანია შრომითი, ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაცვა, რომელიც გამორიცხავს სუფთა პოლიტიკური შინაარსის გაფიცვებს, რაც ხვდება შსო–ს დაცვის ფარგლებში.
საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ შრომის კოდექსის მიხედვით გაფიცვაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირებს. კოდექსის 51-ე მუხლის, მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება. კანონმდებლობა არ განსაზღვრავდა კონკრეტულად, თუ რომელი სამსახურები მიეკუთვნებოდა ასეთ კატეგორიებს. შსო-ს ექსპერტთა კომიტეტმა თავის ყოველწლიურ მოხსენებებში საქართველოს მთავრობას არაერთხელ მოთხოვა შესწორება შეეტანა კოდექსის 51(2) მუხლში და დაეკონკრეტებინა აღნიშნული შეზღუდვა.
2013 წლის 12 ივნისს შრომის კოდექსის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვალდებულება შეემუშავებინა და დაამტკიცებინა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხა 2013 წლის 1 ნოემბრამდე.საბოლოოდ აღნიშნული ნუსხა დამტკიცდა 2013 წლის 6 დეკემბერს მინისტრის ბრძანებით №01-43/ნ დამტკიცდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხა,რომლის მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს განეკუთვნება:ა) მუშაობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში; ბ) მუშაობა სტაციონარულ დაწესებულებებში ან/და ამბულატორიული დაწესებულების გადაუდებელი დახმარების სამსახურებში;გ) მუშაობა ელექტროენერგიის წარმოების, განაწილების, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის სფეროში;დ) მუშაობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში; ე) მუშაობა სატელეფონო კავშირგაბმულობის სფეროში;ვ) მუშაობა საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში; ზ) მუშაობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სამსახურებში, მათ შორის:ზ.ა) მუშაობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში;ზ.ბ) მუშაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში; ზ.გ) მუშაობა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში; თ) მუშაობა სასამართლო ორგანოებში; ი) მუშაობა დასუფთავების მუნიციპალურ სამსახურებში; კ) მუშაობა სახანძრო უსაფრთხოების და სამაშველო სამსახურებში;ლ) მუშაობა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების სფეროში; მ) მუშაობა ნავთობისა და გაზის მოპოვების, მომზადების, ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების სფეროებში.
აღნიშნულის შესაბამისად გაფიცვა აეკრძალა ზემოაღნიშნულ სამსახურებში დასაქმებულ ყველა ადამიანს. აშკარაა, რომ აღნიშნული ნუსხა არის ფართო და მოიცავს ისეთ სამსახურებს, რომელიც არ მიეკუთვნება სასიცოხლოდ მნიშვნელოვან სამსახურებს და უშუალოდ არ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, როგორიცაა ე) მუშაობა სატელეფონო კავშირგაბმულობის სფეროში; ი) მუშაობა დასუფთავების მუნიციპალურ სამსახურებში; ლ) მუშაობა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების სფეროში; მ) მუშაობა ნავთობისა და გაზის მოპოვების, მომზადების, ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების სფეროებში, რამდენადაც აღნიშნულ სამსახურებში საქმიანობა უშუალოდ არ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ასევე, არაკონსტიტუციურია საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის (უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი) მეორე ნაწილის მეორე წინადადება, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება. აღნიშნული ჩანაწერი არის ბუნდოვანი და ყოვლად დაუსაბუთებლად ზღუდავს პირთა გაფიცვის უფლებას.
ორივე რეგულირება ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლს, რომლითაც აღიარებულია გაფიცვის უფლება და ამბობს, რომ კანონმდებლობა ადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობის გარანტიებს, ასევე კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რამდენადაც არათანაბარ მდგომარეობაში ამყოფებს ამ სამსახურებში დასაქმებულებს იმ პირებთან მიმართებით, ვისაც გაფიცვის უფლება არ ეზღუდებათ და ასევე საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს, რამდენადაც გაფიცვის უფლება არის გაერთიანების თავისუფლების განუყოფელი ნაწილი.
გაფიცვის ამგვარი შეზღუდვა ასევე მკაფიოდ ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) სტანდარტებს, კერძოდ ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა შსო-ს 87-ე კონვენციით გარანტირებული ასოციაციის თავისუფლება. აღნიშნულის თაობაზე, სწორედ საქართველოსთან მიმართებით დეტალურად მსჯელობს შსო-ს ზედამხედველი ექსპერტთა კომიტეტის მის ყოველწლიურ ანგარიშში 2015 წელს და ასევე 2018 წელს, რაც ეფუძნება და იზიარებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ანგარიშსს., (http://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=1000:13100:0::NO:13100:P13100_COMMENT_ID:3344016:NO
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახამად, გაფიცვის უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ კატეგორიის საჯარო მოხელეთა მიმართ, რომლებიც სახელწმიფოს სახელით ახორციელებენ უფლებამოსილებას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურებისთვის ამ სიტყვის მკაცრი/ვიწრო გაგებით ანუ სამსახურების, რომელთა საქმიანობის შეწყვეტაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ან მის ნაწილის სიცოცხლეს, უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას.
სახელმწიფოები თავიანთ კანონმდებლობაში განსაზღვრავენ ჩამონათვალს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების, თუმცა ასევე შსო-ს მიერ აღიარებული მთავარია პრინციპია, რომ ეს სია არ უნდა იყოს ისეთი ფართო და ყოვლისმომცველი, რომ აზრს უკარგავდეს ასეთი სამსახურების განსაზღვრას. ამ სიის განსაზღვრისასა ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სახელმიწიფოში არსებული გარემო ფაქტორები, ის რაც ერთ ქვეყანაში არ ქმნის პრობლემას, სხვა ქვეყანაში შეიძლება სერიოზულ საფრთხეს უქმნიდის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.
გაერთიანების თავისუფლების კომიტეტი და ექსპერტთა კომიტეტი ერთხმად თანხმდება, რომ გაფიცვის უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ კატეგორიის საჯარო მოხელეთა მიმართ, რომლებიც სახელწმიფოს სახელით ახორციელებენ უფლებამოსილებას და სასიცოცხლო მნიშვნელოვანი სამსახურებისთვის ამ სიტყვის მკაცრი/ვიწრო გაგებით ანუ სამსახურების, რომელთა საქმიანობის შეწყვეტაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ან მის ნაწილის სიცოცხლეს, უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას (1996d. Freedom of association: Digest of decisions and principles of the Freedom ofAssociation Committee of the Governing Body of the ILO. Fourth (revised) edition.Geneva.პარაგ.492)
შსო-ს ექსპერტთა კომიტეტმა თავის ყოველწლიურ მოხსენებებში საქართველოს მთავრობას არაერთხელ მოთხოვა შესწორება შეეტანა კოდექსის 51(2) მუხლში და დაეკონკრეტებინა აღნიშნული შეზღუდვა. ასეთ სამსახურებში გაფიცვის აკრძალვის ნაცვლად, კომიტეტი გვთავაზობს, რომ ჩამოყალიბდეს მინიმალური მომსახურების სისტემა იქ, სადაც შეიზღუდება გაფიცვის უფლება. კომიტეტი განმარტავს, რომ ასეთი მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს სულ ცოტა ორ მოთხოვნას. პირველ რიგში, და ეს ასპექტი არის უმნიშვნელოვანესი (პირველხარისხოვანი), ის აუცილებლად, ნამდვილად უნდა იყოს მინიმალური მომსახურება, რაც გულისხმობს შეზღუდულ, საზოგადოებისათვის ძირითადი და მინიმალური მოთხოვნებისთვის საჭირო მომსახურებას და მეორე, რამდენადაც მინიმალური მომსახურების სისტემა დასაქმებულთა ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან საშუალებას ზღუდავს დასაქმებულთა ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ, ასეთი სურვილის ქონის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ ასეთი სამსახურის ცნების განსაზღვრაში, დამსაქმებლებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად. შსო-ს ექსპერტთა კომიტეტის მოხსენების მიხედვით გაფიცვის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს შემდეგ შემთხვევებში: 1) სასიცოხლოდ აუცილებელ სამსახურებში ამ სიტყვის მკაცრი გაგებით (სამსახური, რომლის საქმიანობის შეწყვეტაც საფრთხეს უქმნის მთლიანად მოსახლეობის ან მისი ნაწილის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას) 2)საჯარო სამსახურებში, საჯარო მოხელეებს, რომლებიც უფლებამოსილებას ახორციელებენ სახელმწიფოს სახელით, 3) მწვავე ეროვნული უკიდურესი აუცილებლობის დროს.
ამასთან, განსხვავებით შსო-ს მიერ დამკვიდრებული სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკისგან, მინისტრის აღნიშნული ბრძანებით ფაქტობრივად ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხამ მოიცვა სამსახურების ორივე სადაც დასაშვებია გაფიცის შეზღუდვა 1) სასიცოცხლოდ აუცილებელი სამსახურები და 2)საჯარო სამსახურები და არ მოხდა მათი გამიჯვნა. ამას გარდა, აშკარაა რომ უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ უკავშირდება ისეთი საქმიანობები როგორიცაა მუშაობა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში; მუშაობა სასამართლო ორგანოებში; და ა.შ.;
ამასთან, კვლავ გაუგებარი რჩება რა სამსახურები იგულისხმება 51-ე მუხლის, მე-2 პუნქტის ჩანაწერში, ,,ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება“
ზემოაღნიშნულ ორ კატეგორიასთან მიმართებით, ანუ საჯარო მოხელეებთან და სასიცოცხლოდ აუცილებელ სამსახურებში დასაქმებულთათვის, შსო-ს და კერძოდ კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, აღნიშნულ დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი შრომითი და სოციალურ–ეკონომიკური ინტერესების დასაცავად შესაბამისი გარანტიები, რითაც დაკომპენსირდება აღნიშნული უფლების შეზღუდვა .აღნიშნულთან მიმართებით კომიტეტი ასკვნის, რომ გაფიცვის უფლების ამგვარ შეზღუდვას თან უნდა ახლდეს ადექვატური, მიუკერძოებელი და სწრაფი მორიგების და არბიტრაჟის პროცედურები, რომელშიც მხარეებს შეეძლებათ მონაწილეობა ყველა ეტაპზე და იქნება სრულად და სათანადოდ შესრულებული. კომიტეტი ასევე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ორგანოს ყველა წევრი უნდა იყოს არა მხოლოდ მიუკერძოებელი, არამედ უნდა იმსახურებდეს ორივე მხარის ნდობას, რაზეც დამოკიდებულია სავალდებულო არბიტრაჟის წარმატებული შედეგი“ არბიტრაჟის გადაწყვეტილება უნდა იყოს სავალდებულო ორივე მხარისთვის და უნდა მოხდეს მისი სრულად და სწრაფად აღსრულება. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არ არსებობს არანაირი საკომპენსაციო მექანიზმები იმ დასაქმებულთა მიმართ, რომელთაც ეკრძალებათ გაფიცვა, რაც წარმოადგენს შსო-ს საერთაშორისო შრომითი სტანდარტების უხეშ დარღვევას.
ამას გარდა მნიშვნელოვანია, რომ შრომის კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებია გაფიცვისა გადადება ან შეჩერება, რომლის მიხედვითაც თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას. სასამართლოს უფლება აქვს გადადოს გაფიცვის დაწყება არა უმეტეს 30 დღით, ხოლო დაწყებული გაფიცვა შეაჩეროს ამავე ვადით. ასეთი ჩანაწერი ასევე დაუსაბუთებლად ზღუდავს გაფიცვის უფლებას, რამდენადაც ნებისმიერ შემთხვევაში გაფიცვა თავისი არსიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევებში საფრთხეს უქმნის ასევე მესამე პირის ინტერესებს.
აქედან გამომდინარე, გაფიცვის უფლების შეზღუდვის შედეგად უკვე არსებობს კანონმდებლობით დადგენილი მექანიზმები, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაფიცვის უარყოფითი შედეგები განსაკუთრებულ შემთხვევებში და კიდევ დამატებით გაფიცვის სრული აკრძალვა (და არა შეზღუდვა) დასაქმებულთა უმეტესი კატეგორიისთვის, საერთოდ აზრს უკარგავს გაფიცვის უფლებას ქვეყანაში და უხეშად არღვევს საერთაშორისო შრომის სტანდარტებს.
სადავო ნორმა არის დისკრიმინაციული ხასიათის და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს დასაქმებულთა გარკვეულ კატეგორიას, რომლებიც ვერ სარგებლობენ გაფიცვის უფლებით მათი საქმიანობის სფეროს გამო, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევას .
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას–კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს ისევე – მიზანს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/1/493 საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები სა საქართველოს კონსერვატორთა პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ამავდროულად ის არის ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად დემოკრატიულია სახელწმიფო.
სადავო ნორმით დადგენილი დიფერენციაცია არ უკავშირდება კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილ რომელიმე კლასიკურ ნიშანს და ის ხდება დასაქმებულის საქმიანობის ნიშნით დისკრიმინაციას. დიფერენცირება ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, რამდენადაც არსებითად თანასწორი პირები მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში არიან მოექცეულნი და მკვეთრად არიან დააცილებული თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისაგან, უფლების შეზღუდვის ყოვლგვარი ალტერნატიული საკომპენსაციო მექანიზმის გარეშე.
საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ ან არსებითად უთანასწოროთა თანასწორად მოპყრობას გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე ((საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება N2/1/473 საქმეზე).
ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
იგივე პრინციპი გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან. ევროპული სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ საკითხი მოექცეს კონვენციის მე-14 მუხლით დაცულ სფეროში, აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა არსებობდეს ანალოგიურ ან მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისმიმართ.განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია თუ მას არა აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, ე.ი. არ ისახავს კანონიერ მიზანს და არ არსებობს პროპორციულობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს (ECtHR, Eweida and others).
მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომარ არსებობს განსხვავებული მოპყრობის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა დიფერენციაციას, ამდენად ადამიანის უფლებაში ასეთი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია.
გაფიცვის უფლების შეზღუდვა იმ პირთა მიმართ, რომელიც არ უკავშირდება სასიცოცხლოდ აუცილებელ სამსახურებს სხვა არაფერია თუ არა ამ ფუნდამენტური პრინციპის უარყოფა, რაც გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში (საქმე N2/7/219. 2003 წლის 7 ნოემბერი) ასახული შემდეგი განმარტებიდანაც: ,,კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებისა და თავისუფლების თანაბრად აღიარებასა და დაცვას, რომელის იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება... კანონმდებელს უფლება აქვს განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული, მიზანშეწონილი...
სოციალურ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, კანონმდებლის მიერ მოქალაქეთა საერთო მასიდან გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის განსხვავებული, შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეგულირების განსაზღვრა განპირობებული უნდა იყოს არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით...’’. თუმცა სადავო ნორმის შემთხვევაში, ასეთი რეგულირება არ არის განპირობებული არც გონივრული, არც არსებითი და არც ობიექტური მიზეზებით".
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II-60). პირის უფლების შემზღუდველი ნებისმიერი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ არ არსებობს სხვა უფრო ნაკლებად მზღუდველი ღონისძიების გამოყენებით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობა (2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/2/569 საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
აღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ, არ არსებობს კანონით განსაზღვრული მიზანი,განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია.
გთხოვთ, არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის (უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი) მეორე ნაწილის მეორე წინადადება, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება და ასევე საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-43/ნ ,,ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის“ დანართი 1-ის შემდეგი პუნქტები: ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს განეკუთვნება: ე) მუშაობა სატელეფონო კავშირგაბმულობის სფეროში; ი) მუშაობა დასუფთავების მუნიციპალურ სამსახურებში; ლ) მუშაობა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების სფეროში; მ) მუშაობა ნავთობისა და გაზის მოპოვების, მომზადების, ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების სფეროებში. რამდენადაც ორივე ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 33-ე მუხლებს და ამავე კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა