თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N1352 |
ავტორ(ებ)ი | თბილისის საქალაქო სასამართლო |
თარიღი | 18 სექტემბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი - გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. | საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, ამავე კანონის 31-ე მუხლი, ამავე კანონის 42-ე მუხლი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო წარდგინება აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს:
1. წარდგინება ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2. წარდგინება შედგენილია უფლებამოსილი პირის მიერ;
3. წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია;
4. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოთხოვნის შემცველი სარჩელი განხილულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ოლღა სუმბათაშვილის და იგორ ხაპროვის სარჩელი (საქმე #1/3/161) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელე მხარისთვის პრობლემას წარმოადგენდა სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ზოგადად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში ჩამოთვლილ, განცხადების შეტანისთვის საჭირო რომელიმე კონკრეტულ საფუძველზე მითითების გარეშე. მოსარჩელის მტკიცებით, პირის კონსტიტუციური უფლება, სასამართლოს საშუალებით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები, დროში არ უნდა ყოფილიყო შეზღუდული. ზოგადად, ხანდაზმულობის ვადების დადგენა გამართლებულია სამართალში არსებული უფლებრივი წესრიგით, კერძოდ, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად და იმავდროულად, სამართლიანი მართლმსაჯულება, სასამართლოსადმი სანდოობა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების შეუქცევადობა სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3). მითითებული ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც განმარტავს შემდეგს - „ ... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ. 51, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ინსტიტუტის არსებობა, სამართლიანი სასამართლოს სხვა უფლებრივ კომპონენტებთან და გარანტიებთან ერთად, ემსახურება ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. თუმცა, იმავდროულად, ძალზე მნიშვნელოვანია აღნიშნული საპროცესო ინსტიტუტი ეფუძნებოდეს ინტერესთა გონივრულ და სამართლიან ბალანსს, რათა, ერთი მხრივ, ემსახურებოდეს საჯარო მიზნების მიღწევას, ხოლო, მეორე მხრივ, არ იწვევდეს კონკრეტული პირების უფლებაში გაუმართლებელ, არათანაზომიერ ჩარევას. ამისთვის კი კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მსჯელობის საგანი არ ყოფილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილში ჩამოთვლილ თითოეულ შემთხვევასთან, მათ შორის, ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევასთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში კი, საკითხი ეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, როდესაც საქმის წარმოების განახლების საფუძველია ის გარემოება, რომ სასამართლოს განაჩენი, რომელიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას, გაუქმდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,სასარჩელო ხანდაზმულობის ვადით სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა მხოლოდ მაშინ იქნება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება, თუ პირი აღჭურვილი იქნება საკმარისი და ადეკვატური ბერკეტებით, იცოდეს კონკრეტული უფლების დაცვის საჭიროებისა და ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის თაობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-33).
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 10 დეკემბერს გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გოჩა ძასოხოვის მიმართ 2010 წლის 08 ოქტომბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის და გოჩა ძასოხოვის ადვოკატის შუამდგომლობები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გოჩა ძასოხოვის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი (რომლითაც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი) და გოჩა ძასოხოვის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი. ამდენად, გაუქმდა სასამართლოს განაჩენი, რომელიც საფუძვლად დაედო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 5 წელზე მეტი, რის გამოც ფორმალურად გოჩა ძასოხოვის განცხადება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაუშვებელია. ამასთან, ცხადია, გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე განმცხადებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას მოემართა სასამართლოსთვის საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. გამამართლებელი განაჩენის გამოტანის დროისთვის კი, გასულია ხუთი წელი სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში განმცხადებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას მოემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა საქმის წარმოების განახლება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადით სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა ვერ იქნება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული, ვინაიდან განმცხადებელს არ ქონდა შესაძლებლობა ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში მიემართა სასამართლოსთვის.
5. წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით;
6. წარდგინება შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით;
7. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა საჭირო იქნებოდა სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს წარდგინების სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2018 წლის 19 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მომართეს გოჩა ძასოხოვის წარმომადგენლებმა ირაკლი ბიბილაშვილმა და გოგუცა კუპატაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-7 მუხლის და 279-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეჩერდა განცხადების დასაშვებობის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს განაჩენი, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას გაუქმდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი), ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლოს განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხე გოჩა ძასოხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 9 897 453 ლარის გადახდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სასამართლოს 2010 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი. სასამართლოს 2010 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით. მოპასუხემ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოს მომართა სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანიდან 1 თვის ვადაში, თუმცა ამ დროისთვის გასულია 5 წლიანი ვადა. სასამართლოს აზრით, ასეთ პირობებში სადავო ნორმა იძენს არაკონსტიტუციურ შინაარსს და ვერ უზრუნველყოფს ბალანსს სასამართლოსთვის მიმართვის შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას შორის.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული ნორმა ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. სამართლიანი სასამართლოს, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას კი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებელი კომპონენტია. სასამართლოს ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა თავის გადაწყვეტილებებში. კერძოდ: ,,სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება #1/3/421,422 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 1). ,,ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს პირველადი ფუნქციაა ადამიანის უფლება-თავისუფლებების სრული რეალიზაცია და ადეკვატური დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილება #3/1/531 საქმეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 1). ,,მაშასადამე, ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება #1/466 საქმეზე ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 14).
მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება. სასამართლოში მიმართვის უფლება შეიძლება გარკვეული პირობებით შეიზღუდოს, რის შესახებაც განმარტებული იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში. ,,შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და დაცული უნდა იყოს გონივრული თანაზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/393,397 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 1). სასამართლოსთვის მიმართვის შეზღუდვის ერთ-ერთი მაგალითია კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები, მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრული ვადა. კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით რეალიზება ანუ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონით განსაზღვრული ვადის გაშვება კი იწვევს ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განახლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლების განსაზღვრული ვადით შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების მიხედვით მიიჩნევა ისეთი საჯარო ინტერესი, როგორიცაა: სამართლებრივი უსაფრთხოება, სტაბილურობა, სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული ძალის მნიშვნელობა, მართლმსაჯულებისადმი სანდოობა. ხანდაზმულობის ვადების დადგენა ასევე მტკიცებულებათა საიმედოობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გარანტიაა. ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების გართულება, რაც გააძნელებს მათი საიმედოობის დადგენას. შედეგად, წარმოიშობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასების საფრთხე. ხანდაზმულობის ვადა კი მხარეების ასეთი საფრთხეებისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. ზემოთჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: ,,ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეული წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).
ამდენად, კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადების არსებობა მნიშვნელოვანია ზემოთდასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, თუმცა იმავდროულად ძალზე მნიშვნელოვანია ,,... კონკრეტული საკანონმდებლო რეგულაცია ეფუძნებოდეს ინტერესთა გონივრულ და სამართლიან ბალანსს, რათა ერთი მხრივ, რეალურად ემსახურებოდეს საჯარო მიზნების მიღწევას, ხოლო, მეორე მხრივ, არ იწვევდეს კონკრეტული პირების უფლებაში გაუმართლებელ, არათანაზომიერ ჩარევას. ამისათვის კი კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილება #3/1/531 საქმეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 29). ხანდაზმულობის ვადის ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზანი ორიენტირებულია ადამიანის უფლებების და ინტერესების დარღვევის თავიდან აცილებაზე. ერთის მხრივ, პირებმა, რომელთა მიმართაც საქმის წარმოება განახლდება, შეიძლება ვერ დაიცვან საკუთარი ინტერესები ხანგრძლივი დროის გასვლის გამო მტკიცებულებათა არარსებობის ან ვერ მოპოვების გამო, მეორეს მხრივ უფლების განუსაზღვრელი ვადით სადავოდ ქცევა პირს უქმნის ბუნდოვანების განცდას. ამდენად, იმ პირის ინტერესების დაცვის საჭიროებას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას, უპირისპირდება იმ პირების ინტერესების დაცვის საჭიროება, რომელთა უფლებებიც შესაძლებელია დაირღვეს საქმის წარმოების განახლების შედეგად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს შემდეგს: ,,განსხვავებულია ვითარებაა, როდესაც დაინტერესებული პირის უფლების დაცვის შესაძლებლობას უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესი, ანუ, როდესაც კონკრეტული დავა გადაწყდა სახელმწიფოს და არა კერძო პირის სასარგებლოდ ... სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ასპექტია, უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფოს მხრიდან კანონის დარღვევით გამოწვეული ზიანის გამოსწორების/უფლების აღდგენის შესაძლებლობა. სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტირების გზით... მართალია, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადით შეზღუდვა ზოგადად ინარჩუნებს ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ ეს მიზნები თვისობრივად სახეცვლილია სახელმწიფოსთან მიმართებით, ვინაიდან ისინი არ უკავშირდება კონკრეტული კერძო პირების უფლებების დარღვევის საფრთხეს. სახელმწიფოს, რომელიც თავად უნდა იყოს სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტი, არ აქვს ამ ინტერესის (სამართლებრივი უსაფრთხოების) სხვისგან დაკმაყოფილების მოლოდინი, რაც განასხვავებს მას კერძო პირებისგან. მაშასადამე, აქ განსხვავებულია დაპირისპირებული ინტერესები და, შესაბამისად, განსხვავებული უნდა იყოს მიდგომაც ამ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის არსებობის შეფასებისათვის. როდესაც ლეგიტიმური საჯარო მიზნებისთვის საფრთხის მიყენების რისკები უმნიშვნელოა ან არ არსებობს, ან/და სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვის მცდელობას თავად შეუძლია გამოიწვიოს ამავე ლეგიტიმური მიზნის უგულებელყოფა, მაშინ უფლებაში ჩარევის საჭიროება გაცილებით ნაკლებია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილება #3/1/531 საქმეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 36). ამავე გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს სამ გარემოებაზე, რომელთა ერთდროულად არსებობა აუცილებელია მართლმსაჯულების შედეგების უსაფუძვლოდ ეჭვის ქვეშ დაყენების გამოსარიცხად. კერძოდ: ა) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უნდა იყოს რეალური შესაძლებლობა დაინტერესებული პირის უფლების დასაცავად, ანუ საქმის წარმოების განახლების გარეშე შეუძლებელი უნდა იყოს უფლების თავდაპირველი სახით აღდგენა ან შესაბამისი კომპენსაციის მიღება ,,მართლმსაჯულების საბოლოო შედეგები მხოლოდ განსაკუთრებულ, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ეჭვის ქვეშ და მხოლოდ მაშინ გაბათილდეს, თუ ეს აუცილებელი გზაა სავარაუდოდ დარღვეული უფლების აღდგენის, მისი დაცვისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილება #3/1/531 საქმეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 39); ბ) არ უნდა მოხდეს უფლების განხორციელების უმიზეზოდ გახანგრძლივება. პირი შეზღუდული უნდა იყოს შესაძლებლობაში მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ მას ამის განხორციელება თავის დროზეც შეეძლო. ,,ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად, უფლების დაცვის შესაძლებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გზით, უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ რეალურ და ობიექტურ საჭიროებას და არა პირის დაუდევრობას ან საკუთარი უფლებებისადმი ინდიფერენტულ დამოკიდებულებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილება #3/1/531 საქმეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 39); გ) პირმა, რომელიც ითხოვს საქმის წარმოების განახლებას, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს საქმის წარმოების განახლების კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც მხარე ითხოვს მიღებულია სახელმწიფოს სასარგებლოდ. კერძოდ, სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხე გოჩა ძასოხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 9 897 453 ლარის გადახდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სასამართლოს 2010 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი. სასამართლო 2010 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით. მხარის უფლების დაცვის ერთადერთ გზას წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმება, რადგან ვიდრე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება,ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგები ვერ შეიცვლება. საქმის გარემოებების მიხედვით, განმცხადებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას სადავო ნორმით განსაზღვრულ ვადაში მოემართა სასამართლოსთვის საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, რადგან საქმის წარმოების განახლების საფუძველი წარმოიშვა ამ ვადის გასვლის შემდეგ და მისი დადგომის დროზე ზეგავლენის მოხდენა მას ობიექტურად არ შეეძლო. ამასთან, მხარემ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა