თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/4/1352 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 14 თებერვალი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 თებერვალი 2020 16:44 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, დაუშვებლად აცხადებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდა სასამართლოს განაჩენი, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც, სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, დაუშვებლად აცხადებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდა სასამართლოს განაჩენი, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2018 წლის 18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე - სოსო ღურწკაია) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1352). კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2018 წლის 19 სექტემბერს. №1352 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 14 თებერვალს.
2. №1352 კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, 31-ე და 42-ე მუხლები; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
5. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ 2018 წლის 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა საქმის წარმოება გოჩა ძასოხოვის წარმომადგენლების მიერ შეტანილ განცხადებაზე, რომელიც შეეხებოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. №1352 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, 2010 წლის 10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, მოპასუხე გოჩა ძასოხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 9 897 453 ლარის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით გოჩა ძასოხოვი გამართლდა. შედეგად, 2010 წლის 8 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა.
7. 2018 წლის 19 ივლისს გოჩა ძასოხოვის წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე, 2010 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
8. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, განაჩენის გაუქმების საფუძვლით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის თაობაზე განცხადების დასაშვებობისათვის გასაჩივრებული ნორმა იმპერატიულად ადგენს 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადას, რომელიც აითვლება ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, მათ შორის, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც განაჩენი გაუქმდება ამ ვადის გასვლის შემდეგ, საქმის წარმოების განახლებით დაინტერესებული პირისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
9. ამასთან, წარდგინების ავტორის განმარტებით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურ შინაარსს იძენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება, რომელთან მიმართებითაც პირი ითხოვს საქმის წარმოების განახლებას, მიღებულია სახელმწიფოს სასარგებლოდ. წარდგინების ავტორის მტკიცებით, ასეთ დროს უფლების შეზღუდვის საპირწონე მხარეს არ დგას სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვის ან რაიმე კერძო ინტერესი, შედეგად, დარღვეულია ბალანსი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებასა და ამ უფლების შეზღუდვით დაცულ სიკეთეებს შორის, რაც იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
10. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, შედეგად, დასახელებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. მოქმედი კონსტიტუციით აღნიშნული უფლება დაცულია 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო №1352 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს, რომ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, დაუშვებლად აცხადებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდა სასამართლოს განაჩენი, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს №1352 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 19 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს №1352 კონსტიტუციური წარდგინება.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი