გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1318 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი გამგებელი |
თარიღი | 18 მაისი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი. | საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლის მე-2 პუნქტი. |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი. | საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი; 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი; 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები,
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოსარჩელე არის ფიზიკური პირი, გიორგი გამგებელი, რომლისგანაც 2014 წლის 11 დეკემბერს, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი საინექციო შპრიცი, რომელშიც მოთავსებული სითხე (0.025 მლ) შეიცავდა ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი (მარილი) 0.0003 გრამის ოდენობით. 2016 წლის 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს #1/154-15 განაჩენით ის ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 06 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 42 მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
ა) სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. იგი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს.
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელე მხარე წარმოადგენს ფიზიკურ პირს, რომელთათვისაც საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლითა და მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და პირადი ცხოვრების უფლება.
გ) ამასთან, სახეზე არ არის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიც
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის პრობლემური ნორმატიული შინაარსი
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 109-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულია მეტამფეტამინის ოდენობები. მოცემული რეგულაციის თანახმად, აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები. შესაბამისად, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ “საქართველოს კანონის დანართი №2-ის შენიშვნის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მეტამფეტამინის ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, წარმოადგენს დიდ ოდენობას, განურჩევლად იმისა, გამოყენებადია თუ არა იგი მოსახმარად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულად ითვლება ერთ გრამზე ნაკლები (მათ შორის 0,0003 გ.) ნებისმიერი ოდენობის მეტამფეტამინის უკანონოდ დამზადება, შეძენა და შენახვა. ობიექტურად შეუძლებელია აღნიშნული ოდენობის მეტამფეტამინის მოხმარება. იგი წარმოადგენს მეტამფეტამინის მოსახმარად გამოყენებული შპრიცის ანაფხეკებს, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა და, მით უფრო, მისი გამოცალკევება შეუძლებელია სპეციალური ლაბორატორიული სამუშაოების გარეშე (რაც დასტურდება წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით). სხვაგვარად, გასაჩივრებული ნორმა დასჯად ქმედებად განსაზღვრავს, ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი ოდენობით ფლობას, მიუხედავად იმისა რამდენად არსებობს მისი მოხმარების, ბრუნვაში გაშვებისა და რეალიზაციის რისკი/შესაძლებლობა. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს, და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ დგას ნარკოტიკის მოხმარების ან/და გავრცელებისგან საზოგადოების დაცვის საჭიროება.
კონსტიტუციური სარჩელი არ შეეხება ზოგადად ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შეძენა, შენახვის, მოხმარების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კონსტიტუციურობას. ჩვენთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს და სასჯელი სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მეტამფეტამინის იმ ოდენობით შეძენისა და შენახვისთვის, რომელიც არ წარმოადგენს მოსახმარად გამოყენებად ოდენობას.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „დამძლევ ნორმად“ მიჩნევისას, ის ითვალისწინებს კონკრეტული საქმის გარემოებებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს, იმეორებს თუ არა ახალი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარსულში არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა შინაარსობრივად მსგავსია იმ ნორმისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად, იგი სადავო ნორმას არსებითი განხილვის გარეშე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობს.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ,,სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის N1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
ამასთანავე, „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორებად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადაოდ გამხდარი ოდენობით 0,00009 ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
სადაო ნორმები შეეხებოდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, კერძოდ კი თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადაოდ გამხდარი ოდენობით 0.00009 ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის შეძენისა და შენახვისთვის.
ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ:
„აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
1) მოწმდება აშკარა არაპროპორციულობა დანაშაულის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს შორის - კანონმდებლობით ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად და არაადამიანურ, სასტიკ სასჯელად, თუ მისი ხანგრძლივობა მკვეთრად, უხეშად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, გამოწვევად საფრთხეებთან.
2) კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. მაშასადამე, ერთი მხრივ, ზოგადად, ამა თუ იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, მოსამართლის დისკრეციის ფარგლები ასევე განჭვრეტადი უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს როგორც ერთგვაროვანი ურთიერთობების მიმართ ერთნაირი მიდგომა, ისე მოსამართლის დისკრეციის მიზნობრივი გამოყენება - გამოირიცხოს დისკრეციაზე დაყრდნობით მხოლოდ სუბიექტური შეხედულებებით გადაწყვეტილების მიღების რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
იმისთვის, რომ მეტამფეტამინის შეძენამ, შენახვამ ან დამზადებამ დასახელებულ სიკეთეს საფრთხე შეუქმნას, აუცილებელია, რომ სახეზე იყოს მისი ის ოდენობა, რაც გამოყენებადია მოსახმარად. ბუნებრივია, რომ, რაც უფრო მცირეა მეტამფეტამინის ოდენობა, მით უფრო ნაკლები ეფექტის მოხდენა შეუძლია მას ადამიანის ჯანმრთელობაზე. მართალია, მეტამფეტამინი წარმოადგენს ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი ნებისმიერი, მიკროსკოპული ოდენობაც კი ავტომატურად უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას. თანდართულ დოკუმენტად წარმოდგენილი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, რომელიც ეფუძნება როგრც ქართველი ექსპერტების, ექიმ-ნარკოლოგების მოსაზრებებს, ასევე, საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებსა[1] და სახელძღვანელოებში არსებულ მეცნიერულ პრაქტიკას.
მეტამფეტამინის დღიური მოხმარების დოზა წარმოადგენს 0.3 გრამს, მისი მოხმარება, შესაძლოა დღეში ორჯერ, შესაბამისად, ერთჯერად მოხმარების დოზად განსაზღვრულია 0.15 გრამი[2] მოსარჩელე მხარის განცხადებით, ნარკოტიკული თრობის მისაღწევად გამოიყენება საშუალოდ 0,15 გ. მეტამფეტამინი, რაც დაახლოებით 500-ჯერ აღემატება მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ოდენობას. ადამიანის ჯანმრთელობისათვის მეტამფეტამინის საშიშროებას განაპირობებს მისი მოხმარების შესაძლებლობა, ამავე დროს, ბუნებრივია, იმისათვის, რომ მეტამფეტამინი იყოს მოხმარებადი, საჭიროა სახეზე იყოს მისი ნარკოტიკული თრობისთვის საკმარისი ოდენობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „შეზღუდვას/რეგულირებას შეიძლება ექვემდებარებოდეს ქმედება, რომელიც ანტისოციალურია თავისი ხასიათით და რომელმაც, მაღალი ალბათობით, შეიძლება გამოიწვიოს რეალური საფრთხე ასეთი ქმედების განხორციელების მომენტში, პოტენციურად შეუქმნას საფრთხე სხვათა ჯანმრთელობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. ამასთან, ცხადია, რომ ანტისოციალურ ქმედებაზე სახელმწიფოს პასუხი უნდა მკაცრდებოდეს მხოლოდ ქმედებით გამოწვევადი საფრთხეების სიმწვავის, რეალურობის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75).
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 109-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულია მეტამფეტამინის ოდენობები. მოცემული რეგულაციის თანახმად, აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები. შესაბამისად, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ “საქართველოს კანონის დანართი №2-ის შენიშვნის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მეტამფეტამინის ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, წარმოადგენს დიდ ოდენობას, განურჩევლად იმისა, გამოყენებადია თუ არა იგი მოსახმარად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის რეგულირების ქვეშ ექცევა ერთ გრამზე ნაკლები (მათ შორის 0,0003 გ.) ნებისმიერი ოდენობის მეტამფეტამინის უკანონოდ დამზადება, შეძენა და შენახვა. ობიექტურად შეუძლებელია აღნიშნული ოდენობის მეტამფეტამინის მოხმარება. იგი წარმოადგენს მეტამფეტამინის მოსახმარად გამოყენებული შპრიცის ანაფხეკებს, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა და, მით უფრო, მისი გამოცალკევება შეუძლებელია სპეციალური ლაბორატორიული სამუშაოების გარეშე(რაც დასტურდება წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით). შესაბამისად, არ არსებობს მისი მოხმარების ან/და ბრუნვაში გაშვებისა და რეალიზაციის რისკები. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ დგას ნარკოტიკის მოხმარების ან/და გავრცელებისგან საზოგადოების დაცვის საჭიროება.
ზოგადად, ნარკოტიკული საშუალების დამზადება, შეძენა და შენახვა მიიჩნევა უფრო დიდი საფრთხის მატარებელ ქმედებად, ვიდრე მისი მოხმარება. მეტამფეტამინის მოხმარება ხდება ასევე ინტრავენური გზით, საამისოდ გამოყენებულ შპრიცში როგორც წესი, რჩება მისი მიკროსკოპული ოდენობა. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ მოსარჩელის შემთხვევაში აღნიშნულმა ოდენობამ შეადგინა 0,0003 გრამი. მეტამფეტამინის ოდენობა, რომელიც რჩება მისი მოხმარების შედეგად და რომლის გამოცალკევებაც ობიექტურად შეუძლებელია ან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, არა მხოლოდ არ მიანიშნებს პირის განზრახვაზე, შემდეგ ჯერზე კვლავ მოიხმაროს დარჩენილი მეტამფეტამინი, არამედ არ წარმოშობს მისი მოხმარების ობიექტურ შესაძლებლობასაც კი, როგორც ეს ასევე განმარტა საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელში (რეგისტრაციის №696).
მეტამფეტამინის ინტრავენური გზით მოხმარებისთვის გამოყენებულ ჭურჭელში აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების კვალი მართლაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ დასახელებულ ჭურჭელში არსებობდა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის შესაძლოა იმ ოდენობით, რომელიც საკმარისი იქნებოდა არაერთი პირის მიერ მოსახმარად. როგორც საკონსტიტუციო სასამრთლოს №1/8/696 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს არ წარმოადგენდა დეზომორფინის იმ ოდენობით დამზადების, შეძენის ან/და შენახვის გამო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობა, რომელიც ვარგისია თუნდაც ერთი პირის მიერ ერთჯერადად მოხმარებისთვის, ამ შემთხვევაშიც არ არის დავის საგანი მეტამფეტამინის ის ჰიპოთეტური ოდენობა, რომელიც შესაძლოა მის (0.0003 გრ) აღმოჩენამდე იყო განთავსებული ამოღებულ ერთჯერად საინექციო შპრიცში. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით დასჯადია იმ ოდენობით მეტამფეტამინის დამზადება, რომელიც არ გამოდგება მოსახმარად. შესაბამისად, სწორედ ამ ქმედების საშიშროება უნდა შეფასდეს სასჯელის პროპორციულობაზე მსჯელობისას და არა იმ დანაშაულის, რომლის ჩადენის ეჭვებსაც შეიძლება აჩენდეს იგი.
კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ოდენობის მეტამფეტამინი პირის მფლობელობაში შესაძლებელია აღმოჩნდეს სხვადასხვა გზით. როგორც წესი, მეტამფეტამინის მოსახმარად გამოყენებულ შპრიცში ან/და მის დასამზადებლად გამოყენებულ ჭურჭელში ყოველთვის რჩება აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მიკროსკოპული ოდენობა. თუმცა ცალკე აღებული, სადავოდ გამხდარი ოდენობით, მეტამფეტამინის დამზადებისა და შენახვის ფაქტი თავისთავად არ შეიცავს ისეთ საფრთხეებს, რომლებმაც, შესაძლოა, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გაამართლოს. აშკარაა, რომ სისხლისსამართლებრივად სადავო ნორმის პრაქტიკული რელევანტურობა გამოიხატება მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტის შენახვის ფორმით დასჯაში, რისთვისაც დასჯადად ცხადდება მეტამფეტამინის მოხმარების ან/და გასაღების მიზნით შენახვისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქმედება. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმით კანონმდებელი თავისი მიზნის, მეტამფეტამინის დამზადების, შეძენისა და შენახვის პრევენციის მისაღწევად სჯის ისეთ ქმედებას, რომელიც ზემოთ ხსენებულ საფრთხეებს თავისთავად არ ქმნის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს და ნარკოტიკის გავრცელების ფაქტი ან გავრცელების გარდაუვალი აუცილებლობა არ დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში კი პირი ისჯება ისეთი ქმედებისათვის, რომელიც არ ქმნის არათუ ნარკოტიკული საშუალების გასაღების, არამედ მოხმარების საფრთხესაც კი. ამდენად, სადავო ნორმით დაწესებული სასჯელი (0,0003 გ. მეტამფეტამინის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის) ემსახურება მხოლოდ მეტამფეტამინის შეძენის, დამზადებისა და მოხმარების ზოგადი პრევენციის მიზანს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას “(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-83). სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედებისათვის, თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, სახელმწიფო პირს იყენებს ზოგადი პრევენციის მიზნების მისაღწევად. ამ სიმკაცრის სასჯელის წყარო არის არა პირის მიერ ჩადენილი ქმედება, არამედ ზოგადი პრევენციის მიზნები, ხოლო მსჯავრდებული პირი ზემოხსენებული მიზნების მიღწევის საშუალებაა. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად “, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში “(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-52).
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სარჩელში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,0003 გ.), ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/8/696 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით ყველას აქვს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით „...დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). „კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პირის ნებისა და ქმედების თავისუფლება როგორც კერძო, ასევე საჯარო სივრცეში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს აქვს შემავსებელი ფუნქცია და იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უზოგადესი უფლების ისეთ ასპექტებს, რომლებიც არ არის დაცული აღნიშნული უფლების კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით გათვალისწინებულ ცალკეულ სეგმენტებში. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნებისმიერი წესი, რომელიც პიროვნების ინდივიდუალურ განვითარებას, მისი ქმედებების ავტონომიურობას ან პიროვნების მიმართ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების, მისი არჩევანის შესაბამისად განსაზღვრის პრინციპს ზღუდავს, შემხებლობაშია საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის პიროვნულ განვითარებასა და პირადი ცხოვრების უფლებებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის №1/2/622 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოგუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-15).
როგორც სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით ირკვევა, გიორგი გამგებლის მიერ „შეძენილი“ ნარკოტიკული საშუალება მოხმარებისთვისაც კი უვარგისია. სხვაგვარად სახელმწიფო სისხლის სამართლებრივი წესით, კრძალავს და დასჯადად აცხადებს ქმედებას რომელიც არ წარმოშობს საფრთხეს არც მოსარჩელისთვის ან მესამე პირებისთვის და არ აზიანებს რაიმე ღირებულ ლეგიტიმურ ინტერესს. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არათუ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას (მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით), არამედ ზოგადად, ამგვარი ქმედების დასჯადობა (აკრძალულად გამოცხადება), მიუხედავად სასჯელის ფორმისა, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნებს.
[1] https://erowid.org/chemicals/meth/meth_dose.shtml; http://www.emcdda.europa.eu/html.cfm/index99321EN.html
[2] განმარტებები „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ
ნივთიერებათა და მათი შემცველი პრეპარატების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების “ნუსხაში შემოთავაზებულ ცვლილებეთან დაკავშირებით. ექიმ-ნარკოლოგების პოზიცია. 2017 წლის 30 ნოემბერი. გვ.13.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა