საქართველოს მოქალაქეები – გიორგი მელაძე და აკაკი საღაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/9/155 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 25 სექტემბერი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 სექტემბერი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – გიორგი მელაძე და აკაკი საღაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529–ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – აკაკი საღირაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2002 წლის 12 სექტემბერს გადმოეცა საქართველოს მოქალაქეების – გიორგი მელაძისა და აკაკი საღირაშვილის 155–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი მისი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2002 წლის 20 სექტემბერს.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე აკაკი საღირაშვილმა დააზუსტა კონსტიტუციური საჩელის შემოტანის საფუძველი და საბოლოოდ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი.
მოსარჩელეები კონსტტუციურ საჩელში აღნიშნავენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529–ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ჩუქების გაუქმებას დასაჩუქრებულის უმადურობის გამო, არაკონსტიტუციურია – ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლს.
სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მოსარჩელე აკაკი საღირაშვილმა სასამართლო კოლეგიას წარმოუდგინა მცხეთის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მიწის ნაკვეთის ნაჩუქრობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით მას, მოქალაქე ა. საღირაშვილს, თავისმა ბებიამ აგნესა თავამაიშვილმა აჩუქა საკუთარი მიწის ნაკვეთის ნაწილი მცხეთის რაიონის სოფ. საგურამოში. მოსარჩელე ა. საღირაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529–ე მუხლით შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მისი საკუთრების უფლება საჩუქრად მიღებულ მიწის ნაკვეთზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოქალაქე ა. საღირაშვილთან მიმართებით დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. მოსარჩელე ა. საღირაშვილი საკონსტტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი კი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს – მოქალაქე გიორგი მელაძეს, იგი სასამართლო კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაზე არ გამოცხადდა. ამასთან, მას კონსტიტუციური სარჩელისათვის არ დაურთავს არავითარი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო მუხლით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლით აღიარებული მისი უფლებები. მაშასადამე, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე გ. მელაძესთან მიმართებით არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. აქედან გამომდინარე, მოქალაქე გ. მელაძის მხრივ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული არ არის.
ამგვარად, მოსარჩელე გ. მელაძესთან მიმართებით კონსტიტუციურ სარჩელში დარღვეულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31–ე მუხლის მე–2 პუნქტისა და 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები და იგი – მოსარჩელე გ. მელაძე უფლებამოსილ სუბიექტად ვერ ჩაითვლება. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–18 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების ძალით კი, სასარჩელო მოთხოვნა განსახილველად არ მიიღება, თუ შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე–16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და შემოტანილი არ არის უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, მოქალაქე გიორგი მელაძე მოსარჩელედ ვერ იქნება მიჩნეული.
ამგვარად, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელის შემომტანი ორი მოქალაქიდან – გიორგი მელაძიდან და აკაკი საღირაშვილიდან მოსარჩელე სუბიექტად განსახილველ საქმეზე მხოლოდ მოქალაქე აკაკი საღირაშვილი ჩაითვლება.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–2 პუნქტით, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტით, 21–ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22–ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის აკაკი საღრაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529–ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლთან მიმართებით;
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ა. აბაშიძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინნი