თენგიზი ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/6/1655 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 3 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 3 ნოემბერი 2022 15:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: თენგიზი ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1655) მომართა თენგიზ ორჯონიკიძემ. №1655 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 5 ნოემბერს. №1655 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 3 ნოემბერს.
2. №1655 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი განამტკიცებს სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებებს. ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ქ. ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო სასამართლოს 1989 წლის 19 იანვრის განაჩენით, მოსარჩელე თენზიგ ორჯონიკიძეს მსჯავრი დაედო სსკ 2063 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1989 წლის 08 დეკემბრის №4/57 დადგენილებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული.
6. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი 50 კაციან ჯგუფთან ერთად, მიემართებოდა მერაბ კოსტავას მიერ 1988 წლის დეკემბერში ორგანიზებულ სანქცირებულ აქციაზე დასასწრებად, რაშიც კომუნისტური რეჟიმის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს და უფლება არ მისცეს, ჩასულიყვნენ სოხუმში. მოსარჩელის მტკიცებით, მისი გასამართლება და დასჯა კომუნისტურ ეპოქაში დისიდენტების წინააღმდეგ საყოველთაოდ გამოყენებული სსკ 2063 მუხლით მოხდა, რაც აშკარად პოლიტიკური რეპრესია იყო.
7. კონსტიტუციურ სარჩელზე წარმოდგენილი ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 მარტის განჩინების თანახმად, თენგიზ ორჯონიკიძეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. განჩინებაში აღნიშნულია, რომ თენგიზ ორჯონიკიძემ 2017 წლის 28 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება, ისევე როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროს დაკისრებოდა კომპენსაციის სახით 2000 ლარის გადახდა. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის წარმოების მასალები და მიიჩნია, რომ თენგიზ ორჯონიკიძის სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში შემდეგ გარემოებათა გამო: „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა ხდება სასამართლოს წესით. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად კი, პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსათვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში. დასახელებული კანონი გამოქვეყნდა 2011 წლის 18 მაისს. შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება კანონმა 2012 წლის 18 მაისამდე განსაზღვრა. თენგიზ ორჯონიკიძემ სასამართლოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 28 თებერვალს. სარჩელი წარდგენილია „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, რის გამოც იგი არ იქნა მიღებული განსახილველად.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ამგვარი ნორმატიული შინაარსით, ანუ პირებისათვის სასამართლოსთვის მიმართვის ვადის დაწესებით, სახელმწიფო უკვე ჩაერია მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიღებას შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმართველობის სახსრებიდან.
9. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, კანონმდებელმა გაუმართლებლად შეზღუდა ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისთვის დაწესებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან დააწესა ხანდაზმულობა სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვისთვის 2012 წლის 18 მაისამდე, რაც გაუმართლებელია და არღვევს უკანონო პატიმრობისათვის სახელმწიფოსგან კუთვნილი კომპენსაციის მიღების უფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1655 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1655 კონსტიტუციური სარჩელი („თენგიზი ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე