შპს ''კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზია'' საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/2/167-202 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 28 იანვარი 2003 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 იანვარი 2003 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თარ ბენიძე (თავმჯდომარე);
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
ლამარა ჩორგოლაშვილი;
ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.
საქმის დასახელება: შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზია" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 10 აპრილის N68 ბრძანების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზიის" წარმომადგენლები ზაალ ჟვანია და დავით შველიძე; მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ჯიგურ ცირამუა და გურამ ღოთვაძე.
2001 წლის 27 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N167) მომართა შპს "კავკასტრანსექსპედიტორ ევროპა-აზიის" დამფუძნებელმა ზაალ ჟვანიამ.
2002 წლის 10 ოქტომბერს შემოტანილ იქნა იგივე შინაარსის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N202), სადაც მოსარჩელედ შპს "კავკასტრანსექსპედიტორ ევროპა-აზიის" დამფუძნებლის ზაალ ჟვანიას ნაცვლად დასახელებულია იურიდიული პირი შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზია".
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 1998 წლის 21 ოქტომბერს ქ. რუსთავის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზიის" სარჩელი ს/ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" მიმართ თანხის გადახდევინების შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 3842193 ლარის (აშშ დოლართან მიმართებაში) გადახდა დაეკისრა. შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზიამ" ეს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით წარადგინა აღსასრულებლად, მაგრამ ს/ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" ადმინისტრაცია თავს არიდებდა გადაწყვეტილების აღსრულებას იმ მოტივით, რომ თითქოს კომბინატი გადახდისუუნარო იყო.
1999 წლის 15 თებერვალს შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზიამ" მიმართა ქ. რუსთავის სასამართლოს და მოითხოვა ს/ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც გაკოტრების საქმის გაუხსნელად დანიშნა ამ კომბინატის დროებითი მმართველი.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ 1999 წლის 27 მაისს საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო N90 ბრძანება, რომლითაც მოხდა შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზიის" საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციიდან მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადაყვანა, რომელსაც ამავე ბრძანებით დაევალა ეწარმოებინა შპს "კავკასტრენსექსპედიტორი ევროპა-აზიის" ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრება, შესაბამისად 3,8 მილიონი ლარის ბიუჯეტში ამოღება განეხორციელებინა ს/ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატიდან". ამ ბრძანების გამოცემის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა, რომ გაკოტრებისაგან გადარჩენილიყო ს/ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატი".
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ N90 ბრძანება მათთვის შექმნილი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი არ იყო, მაგრამ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით იძულებულნი იყვნენ დათანხმებოდნენ ბრძანების პირობებს. ამის გამო თანხმობა განაცხადეს არ აღძრულიყო გაკოტრების საქმე. აღნიშნულთან დაკავშირებით ქ. რუსთავის სასამართლომ მიიღო კიდეც შესაბამისი განჩინება.
სარჩელის თანახმად ს/ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზია" მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად გადაწყვიტეს შპს-ს საქმიანობის უკეთ წარმართვის მიზნით ერთობლივი საქმიანობა ეწარმოებინათ სხვა იურიდიულ პირებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა საგადასახადო დეპარტამენტმა უარი განაცხადა ერთობლივი საქმიანობის პირობებში მათ მიმართ გამოყენებულიყო N90 ბრძანება. საგადასახადო დეპარტამენტმა ურჩია ემოქმედათ საწარმოთა შერწყმა-შეერთების გზით, რაც მოხდა კიდეც შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზია" და შპს "ყაზბეგი კასტელი" შეერწყა ერთმანეთს და რეგისტრირებულ იქნა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ, მაგრამ ამის შემდეგ საგადასახადო დეპარტამენტმა 2000 წლის 10 აპრილს მიიღო N68 ბრძანება N90 ბრძანების გაუქმების თაობაზე, რომლის საფუძვლად მითითებული იქნა შპს "კავკასტრანსექსპედიტორ ევროპა-აზიის" სხვა საწარმოსთან შერწყმა რამაც გამოიწვია მისი, როგორც სამართლის სუბიექტის გაუქმება, სამეწარმეო რეესტრიდან ამოღება და დამოუკიდებელი გადამხდელის სახით არარსებობა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ N68 ბრძანების გამოცემით დაირღვა "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-14.5 მუხლი რომლის თანახმად, საზოგადოება რომელმაც ძველი საზოგადოება მიიერთა, წარმოადგენს ადრინდელი საზოგადოების უფლებამონაცვლეს. ამის თაობაზე არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებს, მაგრამ ვერ მიაღწიეს მათი კანონიერი უფლებების დაცვას. მოგვიანებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს დადგენილებით გაუქმებულ იქნა შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზიასა" და შპს "ყაზბეგი კასტელის" შერწყმა. ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ კი პირვანდელი სახით აღადგინა შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზია", რითაც N68 ბრძანებას გამოეცალა უკანონო საფუძველი, მაგრამ მიუხედავად ამისა საგადასახადო დეპარტამენტმა არ აღადგინა N90 ბრძანება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ N68 ბრძანების გამოცემით შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზიამ" დაკარგა მისი კუთვნილი თანხა და შეილახა მისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული საკუთრების უფლება, კერძოდ 21-ე მუხლი რომლის თანახმად, "1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით". მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არც აუცილებელ საჭიროებას არ ჰქონია ადგილი, არც სასამართლოს გადაწყვეტილებით მომხდარა საკუთრების ჩამორთმევა და არც ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა არ ყოფილა. მათი საკუთრების ხელყოფა მოხდა ადმინისტრაციული წესით – სადავო ნორმატიული აქტით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ N68 ბრძანებით დაირღვა აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი რომლის თანახმად, "სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას…" საგადასახადო დეპარტამენტმა კი სადავო ბრძანებით ხელის შეწყობის ნაცვლად შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზიას" გაუუქმა საკუთრება 3,8 მილიონ ლარზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვს საგადასახადო დეპარტამენტის N68 ბრძანების კონსტიტუციურობის დადგენას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები არ ცნობენ კონსტიტუციურ სარჩელს შემდეგ გარემოებათა გამო:
მათ მიაჩნიათ, რომ საგადასახადო დეპარტამენტის მიერ 2000 წლის 10 აპრილს გამოცემული N68 ბრძანება "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია, ვინაიდან გამოცემულია სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, არ არის გამოქვეყნებული და მიღებული მრავალჯერადი გამოყენებისათვის, აქედან გამომდინარე ისინი თვლიან, რომ სადავო ბრძანების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
მოპასუხის აზრით, სადავო ბრძანებით არ დარღვეულა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი რომლის თანახმად, "საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდერობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება". საგადასახადო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების გადაკისრება, რაც არ უნდა იქნეს მიჩნეული საკუთრებად, ვინაიდან არ შეიძლება ბრძანებით მინიჭებული უფლების შეძენა, გასხვისება ან მემკვიდრეობით მიღება.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანებით გაუქმებულ იქნა N90 ბრძანება, რომელიც გამოცემული არ ყოფილა მეწარმეობის განვითარებისათვის, აქედან გამომდინარე მათ უსაფუძვლოდ მიაჩნიათ მოსარჩელის მტკიცება, რომ სადავო ბრძანებით მოხდა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა რომლის თანახმად, "სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას".
მოპასუხე მხარის მტკიცებით საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ N90 ბრძანების გამოცემით დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული საგადასახადო ვალდებულების მესამე პირზე გადაკისრებას და არა სამომავლოდ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების გადაკისრებას, აქედან გამომდინარე მათი აზრით N90 ბრძანება N68 ბრძანებაში მითითებული საფუძვლითაც რომ არ გაუქმებულიყო იგი როგორც კანონსაწინააღმდეგო ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა.
მოპასუხე მხარე ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს იმის მტკიცებას, რომ N90 ბრძანების გამოცემით მოსარჩელეს მოესპო საშუალება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისა, ვინაიდან აღნიშნული ბრძანება არ იძლეოდა აღსრულების გადადების, შეწყვეტის თუ შეჩერების სამართლებრივ საფუძველს.
საქმეზე მოწმედ მოწვეულმა ს/ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" მთავარმა ბუღალტერმა, ბატონმა თეიმურაზ გაჩეჩილაძემ, სასამართლოს განუმარტა, რომ რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზიის" მიმართ დაეკისრათ 3842193 ლარის (აშშ დოლართან მიმართებაში) გადახდა, რომელსაც ისინი იხდიდნენ 1999 წლის 27 მაისამდე, მაგრამ შემდგომ ს/ს მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე თხოვნით მიმართეს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დახმარებოდნენ, რომ არ მომხდარიყო ს/ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" გაკოტრება. საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო N90 ბრძანება, რომლითაც შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზიის" მიმართ იმ პერიოდში არსებული ან შემდგომში წარმოშობილი დავალიანება უნდა გადმოწეროდა ს/ს "რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს". 1999 წლის 20 დეკემბერს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიერ ბრძანებიდან გამომდინარე გადმოწერილ იქნა 467642 ლარი. შემდგომ ვალდებულება შპს "კავკასტრანსექსპედიტორ ევროპა-აზიას" არ წარმოშობია. 2000 წლის 4 აპრილს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციიდან მიიღეს N68 ბრძანება, რომლითაც მოხდა N90 ბრძანების გაუქმება, აქედან გამომდინარე მათ საბიუჯეტო ვალდებულებების აღიარების კუთხით დავალიანება ვეღარ გადაიხადეს, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს 3214291 ლარს და არიცხია ს/ს "რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს".
მოწმემ აღნიშნა, რომ მათ მიერ შემუშავებულ იქნა რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც სასამართლოს მიერ არის დამტკიცებული. კომბინატში მოწვეულია პოტენციური ინვესტორი იტალიური კომპანიის სახით, რომელიც იღებს ვალდებულებას 15-17 წლის განმავლობაში გადაიხადოს მთელი კრედიტორული დავალიანება. ამ პროგრამაში ერთ-ერთ კრედიტორად ჩართულია შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზია".
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ისევ დადგება საკითხი კომბინატის გაკოტრების თაობაზე, მხოლოდ კრედიტორთა 15% იქნება დაკმაყოფილებული.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, საქმის არსებითად განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გაანალიზების, მოწმის ჩვენების და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელისა და მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი:
1. სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ ს/ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატი" შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზიას" მოვალეა და მას დაკისრებული აქვს 3842193 ლარის (აშშ დოლართან მიმართებაში) გადახდის ვალდებულება მოსარჩელის სასარგებლოდ. ვალის გადახდის ვალდებულებას სადავოდ დღესაც არავინ მიიჩნევს.
გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდა ს/ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" გადახდისუუნარობის მოტივით, რაც 1999 წლის 23 თებერვალს ქ. რუსთავის სასამართლოში გაკოტრების საქმის აღძვრის საფუძველი გახდა. როგორც საქმის ერთობლივი მასალებიდან, მიმოწერებიდან ირკვევა, მოვალის, საქართველოს მრეწველობის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების აქტიური ჩარევით მიღწეულ იქნა სამმხრივი შეთანხმება, რომლითაც მოიძებნა გამოსავალი წარმოების გაკოტრებისაგან დახსნისა და მისი შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად. სახელდობრ, საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში 1999 წლის 27 მაისს მიიღო N90 ბრძანება, რომლის მიხედვით შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზია" საბურთალოს რ-ნის საგადასახადო ინსპექციიდან აღრიცხვაზე გადაყვანილ იქნა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში, რომელსაც დაევალა საგადასახადო კოდექსის 30-ე, 246-248-ე მუხლებზე დაყრდნობით ეწარმოებინა შპს "კავკასტრანსექსპედიტორ ევროპა-აზიას" ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრება და შესაბამისად 3,8 მილიონი ლარის (აშშ დოლართან მიმართებაში) ბიუჯეტში ამოღება განეხორციელებინა ს/ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატიდან".
აღნიშნული ბრძანების მიღების შემდეგ მოსარჩელემ, რომელმაც მისი დავალიანების ამოღების საკითხი გადაწყვეტილად მიიჩნია, შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა და კომბინატის ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნა მოითხოვა, რაც 1999 წლის 1 ივნისის განჩინებით სასამართლომ დააკმაყოფილა;
2. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის მოსაზრებას, რომ საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის N90 ბრძანება არ არის ნორმატიული აქტი. სასამართლო კოლეგიამ სამართლებრივი აქტის შინაარსის გათვალისწინებით, ჩათვალა რომ:
ა) აღნიშნული ბრძანება მიღებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ბრძანების მიღებისას საგადასახადო დეპარტამენტი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება იყო, ხოლო "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება ნორმატიულ აქტად მიიჩნევა;
ბ) N90 ბრძანებამ მოაწესრიგა ურთიერთობა სამ იურიდიულ პირს შორის. კერძოდ, სახელმწიფო ორგანოს – საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტს, რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს და შპს "კავკასტრანსექსპედიტორ ევროპა-აზიას" შორის, რაც დამახასიათებელია ნორმატიული აქტის ბუნებისათვის.
გ) N90 ბრძანებამ გადაწყვიტა ორ იურიდიულ პირსა და სახელმწიფოს შორის საგადასახადო ურთიერთობის საკითხი თანხების არა ერთჯერადი ამოღებით, არამედ ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრებით, ე.ი. დადგენილია მრავალჯერადი გამოყენების წესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ N90 ბრძანება აკმაყოფილებს "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიჩნეული უნდა იქნეს ნორმატიულ აქტად. ის გარემოება, რომ ბრძანების მიღების დროს დაშვებულია მიღების წესის დარღვევა, კერძოდ, აქტი არ არის რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, თავისთავად არ წარმოადგენს მისი ნორმატიულობის უარყოფის საფუძველს. ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვა – სიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს. ბრძანებაში გამოხატული აზრისა და შინაარსის მიხედვით, იგი ნორმატიული აქტის ნიშნის მატარებელია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა იცნობს ამ საკითხის ანალოგიურად გადაწყვეტის შემთხვევებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 წლის 23 თებერვლის N2/70-10 გადაწყვეტილება).
3. საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის N90 ბრძანებამ შეწყვიტა ქ. რუსთავის სასამართლოში ს/ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება, რამაც ამ უკანასკნელს საშუალება მისცა თავი დაეხსნა გაკოტრებისაგან, გადასულიყო სარეაბილიტაციო რეჟიმში, მიეზიდა ინვესტიციები. მოპასუხის მოსაზრება, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო გაეგრძელებინა სააღსრულებო საქმის წარმოება, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. საქმის მასალებიდან, თავად ბრძანებიდან ცალსახად ჩანს, რომ ბრძანების მიზანი სწორედ რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მიმართ აღსრულების შეჩერება, დავალიანების გადაკისრება იყო და ბრძანებამ გადახდევინების სხვა წესი დაადგინა, რაც მთლიანად გამორიცხავდა ს/ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" მიმართ აღსრულების წარმოებას;
4. საქმის არსებითად განხილვის შედეგად, დამატებით შეკრებილი მასალების საფუძველზე, კერძოდ, საგადასახადო დეპარტამენტის N68 ბრძანების გამომცემი ორგანოს უფლებრივი მდგომარეობის დაზუსტების შემდეგ, სასამართლო ეთანხმება მოპასუხის მოსაზრებას, რომ აღნიშნული ბრძანება არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისათვის საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტი დაექვემდებარა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და წარმოადგენდა მის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს. იგი წინამორბედისაგან განსხვავებით არ სარგებლობდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს სტატუსით და არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ნორმატიული აქტი. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, "საქართველოს სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების სტრუქტურულ ერთეულებს არა აქვთ ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება".
მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის "ვ" პუნქტისა და "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის "ე" პუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქეების და იურიდიული პირების სარჩელების საფუძველზე განიხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას, მაგრამ ვინაიდან ამ სამართლებრივმა აქტმა ნორმატიული აქტის გაუქმების საკითხი გადაწყვიტა და პრაქტიკულად შეწყვიტა მისი მოქმედება, სასამართლო ვალდებულია შეაფასოს საქმის არსებითად განხილვის დროს გამორკვეული გარემოებები, სახელდობრ:
ა) საქართველოს კანონის "ნორმატიული აქტების შესახებ" 50-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება დაიშვება მხოლოდ ნორმატიული აქტის მიერ. აქედან გამომდინარე, საგადასახადო დეპარტამენტის N68 ბრძანებას არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის N90 ბრძანების გაუქმებისათვის, რომელმაც პრაქტიკულად შეწყვიტა მოქმედება;
ბ) სადავო N68 ბრძანებამ N90 ბრძანების გაუქმების ერთადერთი საფუძვლად მიუთითა საწარმოთა შერწყმა, მოსარჩელის როგორც სამართლის სუბიექტის გაუქმება და სამეწარმეო რეესტრიდან მისი ამოღება, აგრეთვე დამოუკიდებელ გადამხდელად არ არსებობის თაობაზე ახალ გარემოებათა წარმოქმნა.
სხდომაზე ვერც მოპასუხემ ვერ დაადასტურა მხოლოდ შერწყმის მოტივით სადავო N90 ბრძანების გაუქმების კანონიერება.
მართალია, საწარმოთა შერწყმის შედეგად გაერთიანებული საწარმოები წყვეტენ არსებობას, როგორც სამართლის სუბიექტები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისპობა მოვალეების მიმართ გაერთიანებული საწარმოს მოთხოვნის უფლება, რომელიც შერწყმისას შეტანილი ქონების საბალანსო ღირებულებაში აისახება აქტივის სახით. "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-14.5 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ "საზოგადოება, რომელმაც ძველი საზოგადოება მიიერთა, წარმოადგენს ადრინდელი საზოგადოების უფლებამონაცვლეს, ე.ი. მოთხოვნის უფლების უფლებამონაცვლესაც.
მით უფრო, მოსარჩელე რამდენიმე თვეში გამოეყო შერწყმულ საწარმოს და სასამართლო დადგენილებით 2000 წლის 22 სექტემბრიდან აღდგენილი იქნა მისი ადრინდელი სამართლებრივი მდგომარეობა და ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო.
გ) სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად "არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე მოქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (მისი შესრულება გამოიწვევს დანაშაულს) და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა".
ხოლო 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად "ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა თუ:
ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;
გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
5. სასამართლო თვლის, რომ საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის N90 ბრძანება თავის დროზე მიღებული იქნა მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხელისუფლების მონაწილეობით და სანქციით და მისი ცალმხრივად გაუქმებით დაირღვა მოსარჩელის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებით აღიარებული უფლებები.
რუსთავის მეტალურგიული კომბინატის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად მოსარჩელემ ბოლომდე ვერ მიიყვანა სააღსრულებო წარმოება, სადავო ბრძანების გამო ხელიდან გაუშვა მისი არსებობისათვის უკიდურესად აუცილებელი დავალიანების ამოღების რეალური შესაძლებლობა, რადგან ამ შუალედში მოსარჩელის განცხადებით, მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობა აგრძელებდა დაყადაღებული მზა პროდუქციის გატანას და გაყიდვას, რის გამოც მოვალის ქონება საგრძნობლად შემცირდა და განიავდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმედ მოწვეულმა ს/ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" მთავარმა ბუღალტერმა ბატონმა თეიმურაზ გაჩეჩილაძემ არასახარბიელოდ წარმოადგინა ვალის გადახდის პერსპექტივა და აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის შემდეგაც მის დაფარვას 15-17 წელი დასჭირდება, რაც საბოლოოდ მოუსპობს შპს "კავკასტრანსექსპედიტორ ევროპა-აზიას" სამეურნეო საქმიანობის განხორციელების პერსპექტივას.
გარდა ამისა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსარჩელე კანონიერად ელოდებოდა სადავო აქტით გაუქმებული ვალდებულების გადაკისრების განხორციელებას, ანუ მას გააჩნდა კანონიერი ნდობის უფლება საგადასახადო დეპარტამენტის მხრიდან. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "ფაინ დიველოფანი ირლანდიის წინააღმდეგ" დაადგინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ქმედების განხორციელების "კანონიერი მოლოდინი" ასევე ექცევა კონვენციის N1 დანართის პირველი მუხლის (საკუთრების უფლების) დაცვის ქვეშ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის N90 ბრძანება არ შეიძლება გაუქმებულად იქნეს მიჩნეული.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 39-ე და 43-ე მუხლებით, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. უარყოფილ იქნეს შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზიის" დამფუძნებლის ზაალ ჟვანიას და შპს "კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზიის" კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ საგადასახადო დეპარტამენტის 2000 წლის 10 აპრილის N68 ბრძანების, რომლითაც გაუქმებულ იქნა საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N90 ბრძანება, ბათილად ცნობის შესახებ, იმის გამო, რომ სადავო 2000 წლის 10 აპრილის N68 ბრძანება არ არის ნორმატიული აქტი;
2. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N90 ბრძანება ძალადაკარგულად ვერ ჩაითვლება;
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნების მომენტიდან;
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
5. გადაწყვეტილების პირები გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
6. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
ოთარ ბენიძე;
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
ლამარა ჩორგოლაშვილი;
ზაურ ჯინჯოლავა.