რემზი შარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/7/1409 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 4 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი 2022 19:29 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: რემზი შარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის სიტყვების „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა, ... ამ კანონით დადგენილი წესით ცხადდება სხდომათა დარბაზში,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1409) მომართა რემზი შარაძემ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2019 წლის 15 მარტს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.
2. №1409 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტი ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების გამოცხადებისა და გამოქვეყნების წესს. სადავოდ გამხდარი სიტყვების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა, ... ამ კანონით დადგენილი წესით ცხადდება სხდომათა დარბაზში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
5. №1409 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განიხილა მოსარჩელის ადრე რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცაღა არსებითი განხილვის სხდომის დამთავრების შემდგომ, სასამართლომ გადაწყვიტა მის სარჩელზე გვიან რეგისტრირებული სხვა საქმეები. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ამგვარი მიდგომით, ირღვევა თანასწორობის უფლება, რამდენადაც საქმის გადაწყვეტის ვადის არარსებობის პირობებში, საქმეთა განხილვა არ ხდება სარჩელთა რეგისტრაციის დროის მიხედვით, თანმიმდევრულად.
6. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა არ ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი აქტების გამოცხადების კონკრეტულ დროს და, ამდენად, უზრუნველყოფილი არ არის სასამართლოს მიერ საქმის დროული განხილვა და გადაწყვეტა. მოსარჩელეს ასევე მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი აქტების გამოცხადებისა და გადაწყვეტის დროის განუსაზღვრელობით, სადავო რეგულირება გაუმართლებლად ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში გაწყვეტისა და სამართლიანი სასამარლოს უფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ სარჩელში სადავოდაა გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის სიტყვების: „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა, ... ამ კანონით დადგენილი წესით ცხადდება სხდომათა დარბაზში“ კონსტიტუციურობა. სადავო ნორმა არეგულირებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, დასკვნის, განჩინებისა და საოქმო ჩანაწერის გამოცხადებისა და გამოქვეყნების წესს. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციურია იმდენად, რამდენადაც კანონმდებელი სასამართლოს არ ბოჭავს გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული პერიოდით და, ამასთან, სადავო ნორმა არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების გამოცხადების ვადას.
3. სადავო ნორმით დადგენილი წესი, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი აქტების გამოცხადება, გამოქვეყნება წარმოადგენს პროცედურულ დანაწესს, რომელიც არ არეგულირებს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების და შემდგომ მისი გამოცხადების ვადებს. აღნიშნული ნორმა შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოს აქტების გამოცხადებისა და გამოქვეყნების პროცედურის დადგენით, გადაწყვეტილების გამოტანის პერიოდის განსაზღვრის გარეშე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის წესი განისაზვრება ორგანული კანონით. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი წარმოადგენს იმ სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მანდატის ფარგლებში დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოწყობა, საქმიანობის წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. აღნიშნული კანონი განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტიდან სარჩელის განხილვის 9-თვიან ვადას. თუმცა კანონის არც ერთი ნორმა არ ადგენს დროის კონკრეტულ პერიოდს, რომლის ფარგლებშიც საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ამდენად, არც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის წესის განმსაზღვრელი კანონი და არც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა რეგულირება, არ განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას. შესაბამისად, ზემოთხსენებული მოტივაციით მოსარჩელე ვერ იდავებს რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურობაზე.
5. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ კანონმდებლობით გადაწყვეტილების მიღების ვადის მოუწესრიგებლობა, არ გულისხმობს ამ თვალსაზრისით სასამართლოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას. როდესაც კანონმდებელი არ აწესრიგებს კონკრეტულ საკითხს და რჩება სამართლებრივი სივრცე, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ, სამართალშემფარდებელმა უნდა გადაწყვიტოს მის წინაშე არსებული საკითხი, ცალსახაა, რომ ეს გადაწყვეტა უნდა დაეფუძნოს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია, რომ კანონმდებლობით უფლების განუსაზღვრელობა მის რეალიზაციას ხელს არ უშლის, კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ შინაარსსა და მოცულობას. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი საქმიანობისას ისევეა შებოჭილი ადამიანის უფლებებით, როგორც ქვეყანაში მოქმედი ნებისმიერი სხვა ორგანო. „საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია, განმარტოს კონსტიტუცია და კონსტიტუციასთან შეუსაბამო კანონმდებლობის გაუქმების გზით დაიცვას კონსტიტუციის უზენაესობა, უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და მოაქციოს ხელისუფლების საქმიანობა კონსტიტუციით დადგენილ ჩარჩოებში. საკონსტიტუციო სასამართლო არ წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანოს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის განმარტებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება კონსტიტუციის შინაარსის ობიექტური, მიუკერძოებელი დადგენა ...” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-111). საკონსტიტუციო სასამართლო არა მხოლოდ არის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დამცველი, არამედ ამ უფლებათა უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო თავადვეა მათი უპირველესი მსახური. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ერთი მხრივ, მსაზღვრელია უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებისას, ხოლო, მეორე მხრივ, ზღვარი. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ დაუშვებელია სასამართლომ კონსტიტუციური სამართალწარმოების პროცესი ადამიანის უფლებათა უგულებელყოფით განახორციელოს. ამდენად, კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების პირდაპირი მოქმედების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, ნებისმიერი საკითხი, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების ვადა, დააფუძნოს შესაბამის კონსტიტუციურ წესრიგს.
7. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პირის უფლება, მოითხოვოს დროული გადაწყვეტილების მიღება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნაა იმგვარი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებებისა და ინტერესების სწრაფად და ეფექტურად დაცვას. „სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, თავად არის სამართლიანი სასამართლოს უფლების პრაქტიკული გამომყენებელი. ამ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით ხელმძღვანელობს არა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს კონსტიტუციას, არამედ იმიტომაც, რომ ის ვალდებულია, თავად გახადოს სამართლიანი სასამართლოს უფლება რეალური, ხოლო საკუთარი ფუნქცია - მიღწევადი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსხვავებულია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ვადები, რაც სხვადასხვა ობიექტური ფაქტორებითაა განპირობებული. სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა უკავშირდება მნიშვნელოვანი კონსტიტუციური დებულებების შინაარსის განმარტებას, მიმდინარე ნორმატიული ბაზის ანალიზს, თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში არსებული სტანდარტების მრავალმხრივ შესწავლას. ამავე დროს, განსახილველი საქმეების სპეციფიკის გათვალისწინებით, არის შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დგას მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვის, მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა მოწვევისა და დაკითხვის, საზღვარგარეთ მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ფორუმებიდან ექსპერტული მოსაზრებების გამოთხოვის საჭიროების წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევაში, განსახილველი საქმეების კომპლექსურობის გათვალისწინებით, სადავო აქტით განსაზღვრული საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა შესაძლებელია, საკმარისი არ აღმოჩნდეს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
9. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ როგორც საქმის განხილვა, ასევე მისი გადაწყვეტა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტორებთანაა დაკავშირებული და სწორედ აღნიშნული გარემოება ახდენს არსებით გავლენას სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადებზე. თავის მხრივ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, აღნიშნული ვადის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, სასამართლო ხელმძღვანელობს როგორც კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით, ასევე, თავისთავად, კონსტიტუციური სტანდარტებით. საქართველოს კონსტიტუცია უკრძალავს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ხელოვნურად გაჭიანურებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტა უნდა იყოს დროული, თუმცა ის, თუ რა ჩაითვლება საქმის დროულ გადაწყვეტად, ყოველი განსახილველი საქმის გარემოებებზეა დამოკიდებული და, შესაძლოა, თავისი ხანგრძლივობით, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან სხვადასხვა საქმესთან მიმართებაში. საქმის დროული განხილვის მოთხოვნა პრინციპულად არ ირღვევა იმგვარ შემთხვევებში, როდესაც სასამართლო კონკრეტულ საქმეს ანდომებს იმ დროს, რაც ობიექტურად აუცილებელია მისი სრულყოფილად გამოკვლევისა და გადაწყვეტისათვის. ამგვარად, საკანონმდებლო მოწესრიგების არარსებობის პირობებში, სასამართლო ყოველი ინდივიდუალური საქმის სირთულიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობს ხსენებული კრიტერიუმებით.
10. აღსანიშნავია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს კანონმდებლის უფლებამოსილებას, დაადგინოს ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელების ვადები. თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვა გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული საკანონმდებლო ვადებით, იქნება კანონმდებლის მიერ დადგენილი მოწესრიგება და არა კონსტიტუციის მოთხოვნა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1409 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1409 კონსტიტუციური სარჩელი („რემზი შარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში