საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/10/1601 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 4 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი 2022 20:49 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1601) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1601 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 24 მაისს. №1601 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.
2. №1601 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.
5. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპოვება წარმოადგენს პირის კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც წარმოიშობა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შედეგად. თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის განსაკუთრებული სამართლებრივი კავშირი, რომელიც აღჭურავს მას მოქალაქის სტატუსთან დაკავშირებული მთელი რიგი სამოქალაქო, სოციალური და პოლიტიკური უფლებებით.
6. მოსარჩელის განცხადებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ხუთ სახეს. კერძოდ, პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის: ა) ჩვეულებრივი წესით მინიჭებას; ბ) გამარტივებული წესით მინიჭებას; გ) საგამონაკლისო წესით მინიჭებას; დ) აღდგენის წესით მინიჭებას და ე) სპეციალური წესით მინიჭებას.
7. დაინტერესებული პირის განცხადებას, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპოვების თაობაზე, განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). შესაბამისი კომისიის დახმარებით, სააგენტო ადგენს, რამდენად აკმაყოფილებს დაინტერესებული პირი, ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც საკუთარი დისკრეციის ფარგლებში იღებს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
8. მოსარჩელის განმარტებით, სააგენტოს მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაშიც კი, პრეზიდენტს უფლება აქვს, უარი უთხრას პირს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. სადავო ნორმით დაწესებული აკრძალვა კი შეუძლებელს ხდის პრეზიდენტის მიერ მიღებული უფლებაშემზღუდველი აქტის (განკარგულების) სასამართლოში გასაჩივრებას.
9. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მითითებით, იმ შემთხვევებში, როდესაც ნატურალიზაციის საფუძველზე, პირისთვის მოქალაქეობის მინიჭება ხდება ჩვეულებრივი, გამარტივებული, აღდგენის ან სპეციალური წესით, კომისია და სააგენტო აფასებენ ფაქტობრივ გარემოებებს, რათა დაადგინონ, სახეზეა თუ არა კანონმდებლობით ამომწურავად განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმები (მაგალითად, განმცხადებლის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში უწყვეტად ცხოვრება, საქართველოს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის დადგენილ ფარგლებში ცოდნა, საქართველოში მუშაობა, უძრავი ქონების ფლობა, საქართველოს მოქალაქეზე ქორწინება და ა.შ.). შესაბამისად, მოსარჩელე ასკვნის, რომ, ვინაიდან დასახელებულ შემთხვევებში სააგენტოს მიერ პრეზიდენტისათვის წარდგენილი დასკვნა მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ემყარება ობიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლოს მხრიდან პრეზიდენტის განკარგულების კანონიერების შემოწმება შესაძლებელია იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, გამოირიცხოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას შეცდომის დაშვების რისკი და ამით სრულყოფილად იქნეს დაცული პირის უფლება, მოქალაქეობის მოპოვების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, არ დაირღვეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები.
10. მოსარჩელის განცხადებით, პირისთვის მოქალაქეობის ჩვეულებრივი, გამარტივებული, აღდგენის ან სპეციალური წესით მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრების აკრძალვა, შესაძლოა ემსახურებოდეს ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, როგორებიცაა პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფა და სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვა. თუმცა, მოსარჩელის აზრით, შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს ვიწრო პროპორციულობის კრიტერიუმს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, სახეზეა პირის მომეტებული ინტერესი მოქალაქეობის მოპოვებასა და შედეგად, მთელი რიგი უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სტატისტიკურად მოქალაქეობის ჩვეულებრივი, გამარტივებული, აღდგენის ან სპეციალური წესით მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევები ვერ აღწევს იმ ზღვარს, რომელმაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას სასამართლოს გადატვირთვას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პირისთვის მოქალაქეობის ჩვეულებრივი, გამარტივებული, აღდგენის ან სპეციალური წესით მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების სასამართლოში გასაჩივრების აკრძალვით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
12. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების პრაქტიკას, სხვა ქვეყნის კანონმდებლობასა და საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1601 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1601 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში