საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2022 წლის 4 ნოემბრის №3/7/1483 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/7/1483 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში |
თარიღი | 4 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 ნოემბერი 2022 17:35 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2022 წლის 4 ნოემბრის №3/7/1483 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2022 წლის 4 ნოემბრის №3/7/1483 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით. მივიჩნევთ, რომ №1483 კონსტიტუციური სარჩელი, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 82-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიეღო არსებითად განსახილველად.
2. სადავო ნორმებთან მიმართებით, მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს, ერთი მხრივ, ინტერნეტ მედიისათვის კენჭისყრის დღემდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნების აკრძალვასა და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას გამოკითხვის დამკვეთზე ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, ზემოხსენებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტად ინტერნეტ მედიის მოაზრებას. ხსენებულ ნორმებზე მსჯელობისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უმრავლესობამ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია მედიის ინსტიტუციურ-ორგანიზაციული თავისუფლება, ხოლო კონკრეტული შინაარსის ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის კონსტიტუციურობა, როდესაც ეს ეხება, მათ შორის, მედია საშუალებათა მიერ ინფორმაციის გავრცელებას, შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2022 წლის 4 ნოემბრის №3/7/1483 საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 18-20 პუნქტები).
3. განსხვავებული აზრის ავტორები არ ვიზიარებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უმრავლესობის განმარტებას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დაცულ სფეროსთან მიმართებით და მივიჩნევთ, რომ საკითხის ასეთი გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის იმგვარ ცვლილებას, რასაც უარყოფითი გავლენა ექნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, როგორც ინფორმაციის გავრცელების უმნიშვნელოვანესი წყაროს, უფლებათა დაცვის მასშტაბსა და ხარისხზე. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უმრავლესობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ამოიწურება მხოლოდ მედია საშუალებების ინსტიტუციურ-ორგანიზაციული თავისუფლების დაცვით, ხოლო მათ მიერ ინფორმაციის გავრცელებაზე დაწესებული შინაარსობრივი შეზღუდვა დასახელებული უფლების ფარგლებს მიღმაა, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის სულისკვეთებასთან და ამგვარი კონსტიტუციური ჩანაწერის, როგორც lex specialis არსებობის მიზანთან.
4. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის იმგვარ რეგულაციას, რომელიც მას, როგორც მედია საშუალებას, ერთი მხრივ, უკრძალავს კონკრეტული შინაარსის შემცველი ინფორმაციის გავრცელებას, ხოლო, მეორე მხრივ, ავალდებულებს გაამჟღავნოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ კონკრეტული ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის, ისევე როგორც მათთვის რაიმე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების დაკისრების კონსტიტუციურობა შეფასებადია, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მაგალითად, როდესაც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირები - „შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“ და „შპს ფორმულა“ სადავოდ ხდიდნენ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ეთერში განთავსების აკრძალვას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა სადავო ნორმების კონსტიტუციურობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/2/1537 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ანალოგიურად, როდესაც მედიის კონკრეტული წარმომადგენელი - შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა“ სადავოდ ხდიდა უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების ვალდებულების დაკისრების კონსტიტუციურობას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელიც იცავს მედია საშუალებების თავისუფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის №1/2/566 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ გაავრცელონ ან არ გაავრცელონ ესა თუ ის ინფორმაცია, დაცულია, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში დიდია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების და მათში გადმოცემული სტანდარტების მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც სწორედ მათი საშუალებით ხდება კონსტიტუციის შინაარსისა და ფარგლების დადგენა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს თანმიმდევრული და სტაბილური პრაქტიკის არსებობა სამართლებრივი განსაზღვრულობისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტებისა და მიდგომების შეცვლა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/1/1267,1268 განჩინება საქმეზე „საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
6. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ძირითადი უფლებების შინაარსის, ფარგლების განმარტებისა და მათი დაცვის სტანდარტების დადგენისას. მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შეცვლა განპირობებული უნდა იყოს ობიექტური აუცილებლობით, ძირითადი უფლებების დაცვის მასშტაბის ახლებური გააზრებითა და უკეთესი კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის ცვლილება მიიღებს თვითმიზნურ ხასიათს და არათუ მოემსახურება ძირითადი უფლებების სრულყოფილად დაცვის მიზანს, არამედ, პირიქით, არასტაბილური, განუჭვრეტელი კონსტიტუციური სტანდარტების დამკვიდრებით შემცირდება სასამართლოს ინსტიტუციური ეფექტიანობა.
7. მოსარჩელეები კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების შემოტანისას, საკუთარი მოთხოვნებისა და არგუმენტაციის ჩამოყალიბებისას ხელმძღვანელობენ ძირითად უფლებათა განმარტების იმ ფარგლებითა და სტანდარტით, რაც დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძირითადი უფლებების დადგენილი ფარგლების არასაჭირო და ხშირი ცვლილება მნიშვნელოვნად გაართულებს მოსარჩელეთა ინტერესების დაცვას, ისევე როგორც, შეარყევს საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიერ განსაზღვრული სტანდარტების მიმართ. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის უცვლელად შენარჩუნება თვითმიზანს წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის დინამიურობა, მისი განვითარება და ცვლილება, რიგ შემთხვევებში, სასიცოცხლოდ აუცილებელია ეფექტიანი მართლმსაჯულების განსახორციელებლად და ძირითადი უფლებების სრულყოფილად დასაცავად. თუმცა, ყოველი ასეთი ცვლილება უნდა იყოს პრაქტიკული აუცილებლობიდან მომდინარე გადაწყვეტა, რომელიც ექვემდებარება მყარ და დამაჯერებელ დასაბუთებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უმრავლესობას არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია არსებული პრაქტიკის შეცვლის, ძირითადი უფლების ფარგლების განსხვავებულად დანახვის საჭიროებასთან დაკავშირებით.
8. გარდა აღნიშნულისა, განსხვავებული აზრის ავტორები ასევე არ ვიზიარებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უმრავლესობის პოზიციას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დაცული სფეროების გამიჯვნასთან მიმართებით. მათი განმარტებით, შინაარსობრივი მახასიათებლიდან გამომდინარე ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვა, თუნდაც ამ შეზღუდვის სუბიექტები იყვნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, წარმოადგენს ჩარევას არა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ უფლებაში, არამედ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებში.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ უმსჯელია კონსტიტუციური მართლმსაჯულების სწორად განხორციელებისა და კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული და კონსტიტუციურ დებულებათა გააზრება მოხდეს მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს პირის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს საკუთარი აზრი და ისარგებლოს გამოხატვის მისთვის მისაღები საშუალებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ ადგილს ანიჭებს და დიდ ყურადღებას უთმობს. საზოგადოებაში, სადაც აზრის თავისუფლება აღიარებულია და დაცულია კონსტიტუციით, ასევე დაცულია ინფორმაციის თავისუფლებაც. ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა. აზრის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია, რომ მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება კი უზრუნველყოფს, რომ აზრი მივიდეს ავტორიდან ადრესატამდე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უმთავრეს წყაროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოადგენენ. სწორედ მათი თავისუფლების ხარისხსა და სათანადო მუშაობის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული საზოგადოების ინფორმირების დონე, თითოეული ადამიანის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული უფლების ეფექტიანი რეალიზება და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების დემოკრატიული განვითარება.
11. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს არა მხოლოდ პირის უფლებას, თავისუფლად გაავრცელოს აზრი, ინფორმაცია, შეხედულებები, არამედ აგრეთვე იმ საშუალებებს, რომლებიც აზრის, შეხედულებების გამოთქმის, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღებისათვის არის აუცილებელი, თუმცა მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება არის სპეციალური კონსტიტუციური დებულება, რომელიც კონკრეტულად უზრუნველყოფს მასმედიის საშუალებების თავისუფლებას, მოიძიონ, დაამუშაონ და გაავრცელონ ინფორმაცია. „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოადგენენ ადამიანების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს და თავად ინფორმაციის გავრცელების აზრების ურთიერთგაცვლისა და გაზიარების ყველაზე ეფექტურ ფორუმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71). მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლისა და ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება საგანგებოდ იცავს სწორედ მათ თავისუფლებას. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება წარმოადგენს lex specialis ინფორმაციის გავრცელების ზოგად უფლებასთან მიმართებით (საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი) და expressis verbis მიუთითებს კონკრეტული სუბიექტის - მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე.
12. თავის მხრივ, მედია საშუალებების თავისუფლებასთან დაკავშირებით სპეციალური დებულების არსებობას განაპირობებს მათ მიერ ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. კერძოდ, მედია საშუალება ინფორმაციას ავრცელებს საზოგადოებაში ადამიანთა განუსაზღვრელი ჯგუფისადმი და იმ ფორმით, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების ფართო მასებისათვის. ამ მხრივ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს განსაკუთრებული ფუნქცია აკისრიათ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა და ინფორმირებულობის პროცესში. ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების მასშტაბი გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას იმგვარი სამართლებრივი წესრიგი, რომელშიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არ დაექვემდებარებიან იმ რეგულირებას, რომლებიც დაუსაბუთებლად შეზღუდავს მათ მიერ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობას.
13. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობაზე გავლენას ახდენს როგორც მათ ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ საკითხებში სახელმწიფოს ჩარევა, ასევე ნებისმიერი სახის რეგულაცია, რომელიც შინაარსობრივი მახასიათებლიდან გამომდინარე მედია საშუალებებს უკრძალავს/ავალდებულებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებას. ამდენად, ლოგიკურ დასაბუთებას მოკლებულია მსჯელობა, თითქოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება იცავს მხოლოდ მედია საშუალებათა ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ თავისუფლებას. ამგვარი ვიწრო განმარტება აზრს უკარგავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, როგორც სპეციალური სუბიექტის უფლებათა საგანგებოდ დაცვის მიზანს, რამდენადაც ვერანაირი ინსტიტუციური თუ ორგანიზაციული დამოუკიდებლობის პირობებში ვერ შეძლებს მედია საკუთარი ფუნქციის სრულყოფილად შესრულებას, თუკი მათ არ ექნებათ კონკრეტული შინაარსის მქონე ინფორმაციის გავრცელების უფლება. მედია საშუალებების ინსტიტუციურ-ორგანიზაციული დამოუკიდებლობა წარმოადგენს სწორედ იმ ინსტრუმენტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მედია საშუალებათა მიერ მათი უმთავრესი ფუნქციის - საზოგადოების ინფორმირების, საჯარო დისკუსიის დაწყებისა და განსხვავებული იდეების ცირკულირების შესრულება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უმრავლესობის მსჯელობა ერთმანეთისაგან ხელოვნურად მიჯნავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების საგანგებოდ დაცვის ძირითად იდეასა და მოტივაციას და იმ ძირითად ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება მათ უზრუნველსაყოფად.
14. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის სტრუქტურული და შინაარსობრივი ანალიზი ცალსახად მიუთითებს კონსტიტუციის ნებაზე - მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, მათ შორის, მათ მიერ სხვადასხვა შინაარსის მქონე ინფორმაციის გავრცელების უფლება, დაცული იყოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით. ზოგადად, კონსტიტუციის ტექსტში ამა თუ იმ სუბიექტის ან უფლებრივი კომპონენტის მიმართ არსებული lex specialis მიზანია, რომ კონკრეტულ სუბიექტთან/უფლებრივ კომპონენტთან დაკავშირებული ყველა ძირითადი გარანტია, მათი დაცვისა და რეალიზების ბერკეტები ამოკითხულ იქნას სწორედ ამ დებულებაში. სხვაგვარად აზრი დაეკარგებოდა საქართველოს კონსტიტუციის ტექსტში ზოგადი და lex specialis ნორმების არსებობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების მნიშვნელობაზე ხაზგასმა არ არის დეკლარაციული ხასიათის ჩანაწერი, მისი ძირითადი იდეაა, რომ დაიცვას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ავტონომია, როგორც ორგანიზაციულ-სამართლებრივი კუთხით, ისე ფუნქციური - ნებისმიერი შინაარსის ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების თვალსაზრისით. სწორედ ამ ორი კომპონენტის ერთიანობა ქნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების ქვაკუთხედს, ხოლო მათი სეპარაცია წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციით აღიარებული უფლებრივი ფარგლების განმარტებისას.
15. სწორედ ამიტომ, წინამდებარე განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2022 წლის 4 ნოემბრის №3/7/1483 საოქმო ჩანაწერში გამოხატული სამართლებრივი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დაცულ სფეროსთან მიმართებით წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის იმგვარ ცვლილებას, რომელიც არ ემსახურება არათუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების უფრო ეფექტიანად და სრულყოფილად დაცვას, არამედ მათთვის შექმნილი კონსტიტუციური გარანტიების ერთმანეთისაგან გამიჯვნით ამცრობს მათი თავისუფლების მასშტაბსა და როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისევე როგორც, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის დასახელებული დებულების მიზანმიმართულებასთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები:
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
თეიმურაზ ტუღუში