რუსლან გვარაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/8/1645 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 7 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 ნოემბერი 2022 15:45 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: რუსლან გვარაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №1) მე-5 მუხლის 21 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1645) მომართა რუსლან გვარაძემ. №1645 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 16 აგვისტოს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 7 ნოემბერს.
2. №1645 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების დანართი №1-ის მე-5 მუხლის 21 პუნქტი ადგენს, რომ „ამ წესის შესაბამისად დახმარება შეიძლება ასევე დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მუშაობისას დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ან შრომითი მოვალეობის შესრულებისას დამსაქმებლის ბრალეულობით მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და კანონით დადგენილი წესით დანიშნული სარჩოს მიღება შეუწყდა 2007 წლის 17 აგვისტოდან და 1 სექტემბრიდან (საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მომენტიდან) „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით, მათ შორის, სასამართლოს მიერ ამავე დადგენილებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე“.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლო მე-2 პუნქტი კი ადგენს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
5. №1645 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ, რომელიც მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში ვერტმფრენის ბორტმექანიკოსად, მიიღო საწარმოო ტრავმა. აღნიშნულის გამო, საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაეკისრა მოსარჩელისათვის ყოველთვიურად 292 ლარისა და 48 თეთრის გადახდის ვალდებულება. ამავდროულად, სარჩელს თან ერთვის საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის 1999 წლის 17 იანვრის №12 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების და საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ეკონომიკური განყოფილების მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების საფუძველზე, 1999 წლის მაისის თვიდან მოსარჩელისათვის გასაცემმა სარჩომ შეადგინა 773.60 ლარი. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, 2007 წლის 24 მარტის მთავრობის №53 დადგენილებით, მოსარჩელეს შეუწყდა 773.60 ლარის ოდენობით სარჩოს მიღება, ვინაიდან საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ ლიკვიდაცია განიცადა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იგი კვლავ იღებს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მისთვის მიკუთვნებულ სარჩოს თანხას 292.48 ლარის ოდენობით.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა, როგორც მას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სოციალური მომსახურების სააგენტოს უწყებათაშორისი კომისია განმარტავს, გამორიცხავს იმ პირებისათვის იმავე ოდენობით სარჩოს აღდგენის შესაძლებლობას, რაც მათ 2007 წლის 17 აგვისტომდე ან 1 სექტემბრამდე ჰქონდათ. სადავო ნორმა მოსარჩელეს ან მის მდგომარეობაში მყოფ პირს, რომელსაც 2007 წლის 17 აგვისტოდან ან 1 სექტემბრიდან არ შესწყვეტია, არამედ შეუმცირდა სარჩოს ოდენობა, უკრძალავს იმავე ოდენობით სარჩოს მიღების შესაძლებლობას, რაც მას აღნიშნულ პერიოდამდე ჰქონდა. შესაბამისად, მოსარჩელე ნორმას ასაჩივრებს იმგვარი ნორმატიული შინაარსით, რაც გამორიცხავს საწარმოო ტრავმის ან პროფესიული დაავადების გამო დანიშნული სარჩოს იმ ოდენობით აღდგენას, რასაც პირი, რომელსაც შეუმცირეს გადასახდელი თანხის ოდენობა, იღებდა 2007 წლის 17 აგვისტომდე ან ამ წლის 1 სექტემბრამდე.
7. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ნორმა უფლებააღმჭურველია იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც 2007 წლის 17 აგვისტოდან ან 1 სექტემბრიდან სრულად შეუწყდათ დახმარება, ხოლო უფლებაშემზღუდველია იმ პირთა კატეგორიისათვის, რომელთაც დასახელებული პერიოდიდან შეუმცირდათ სარჩოს ოდენობა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმამ მიზანმიმართულად დატოვა მოსარჩელე და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სიკეთის მიღმა. ამასთან, მოსარჩელის უფლების შეზღუდვა არსებითად დაკავშირებულია სადავო ნორმასთან.
8. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა ზღუდავს მის ლეგიტიმურ მოლოდინს იმით, რომ 773.60 ლარის კომპენსაციას ამცირებს 292.48 ლარამდე, 481.12 ლარით. მისი აზრით, არსებობს ქონებრივი სარგებლის მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, სადავო ნორმა კი ზღუდავს ამ მოლოდინის რეალიზაციის შესაძლებლობას.
9. №1645 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აპელირებს იმაზეც, რომ ავიასპეციალისტობა წარმოადგენს იმგვარ საქმიანობას, სადაც კვალიფიციური ადამიანური რესურსის სიმცირის გამო, სახელმწიფოს, ამ საქმიანობის უსაფრთხოდ და ჯეროვნად განხორციელების სანაცვლოდ, ეკისრება მყარი სოციალური გარანტიების შექმნის ვალდებულება. ამასთან, მისი აზრით, ავიასპეციალისტის კვალიფიკაცია არა მარტო დეფიციტურია, არამედ, იმავდროულად, სახიფათოა, როგორც ჯანმრთელობისათვის, ისე სიცოცხლისათვის. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო ავიაციის სისტემაში დასაქმებული პირისათვის პროფესიული დაავადების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების სანაცვლოდ, სარჩოს გადახდა მომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან და კომპენსაცია არ არის სახელმწიფოს ცალმხრივი, კეთილი ნების შედეგი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარი სარჩოს ოდენობის შემცირება ან მისი სრულად ანაზღაურების უფლების შეზღუდვა შემოწმებული უნდა იქნეს მკაცრი ტესტით.
10. მოსარჩელე განმარტავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა, წარმოადგენდეს ფისკალური და ეკონომიკური უსაფრთხოება. ამასთან, იგი თვლის, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა, ერთი მხრივ, არის მიზნის მისაღწევად გამოსადეგი საშუალება, ხოლო, მეორე მხრივ, არ იკვეთება სხვა უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომელიც იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფს ფისკალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. თუმცა, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს ვიწრო გაგებით პროპორციულობის მოთხოვნას, რადგან სადავო ნორმით არ არის დამყარებული სამართლიანი ბალანსი ფისკალური უსაფრთხოების დაცვის საჯარო ინტერესსა და მოსარჩელის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის. აღნიშნულის გამო სადავო ნორმა მოსარჩელეს აკისრებს გადამეტებულ და არაპროპორციულ ტვირთს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს პირისათვის იმ ოდენობის დახმარების მიღების შესაძლებლობას, რაც მას ჰქონდა 2007 წლის 17 აგვისტომდე ან 1 სექტემბრამდე, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
12. №1645 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი მხოლოდ უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ იქნება მიღებული, თუ სადავო ნორმა არ ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას. „იწვევს თუ არა სამართლებრივი ნორმა კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ნორმის შინაარსის, მისი მიზანმიმართულებისა და სავარაუდო სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით ადგენს. გაუმართლებელია კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის დაყენება ყველა ისეთ საკანონმდებლო ნორმასთან მიმართებით, რომელიც უფლებით სარგებლობის რეგლამენტირებას ახდენს, ადამიანს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს და, ამდენად, ქცევის სავალდებულო წესს განსაზღვრავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის №1/1/503,513 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
3. №1645 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს დახმარების დანიშვნის შესაძლებლობას იმ მოქალაქისათვის, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მუშაობისას დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ან შრომითი მოვალეობის შესრულებისას, დამსაქმებლის ბრალეულობით, მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. სადავო ნორმის მიხედვით, დახმარების დანიშვნისათვის პირს კანონით დადგენილი წესით დანიშნული სარჩოს მიღება შეწყვეტილი უნდა ჰქონდეს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მომენტიდან (2007 წლის 17 აგვისტოდან და 1 სექტემბრიდან) „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით, მათ შორის, სასამართლოს მიერ ამავე დადგენილებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე. მოსარჩელისათვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საწარმოო ტრავმისა ან პროფესიული დაავადების გამო დანიშნული სარჩოს იმ ოდენობით აღდგენას, რასაც პირი, რომელსაც შეუმცირეს გადასახდელი თანხის ოდენობა, იღებდა 2007 წლის 17 აგვისტომდე ან ამ წლის 1 სექტემბრამდე.
4. გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე, საკუთრების უფლების სავარაუდო შეზღუდვის იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეაფასოს სადავო რეგულაციის არსი, მიზანმიმართულება და დანიშნულება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავოდ გამხდარი რეგულაციის მიზანია დახმარების დანიშვნის საფუძვლებისა და პირობების განსაზღვრა სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მომუშავე პირთა იმ კატეგორიისათვის, რომელთაც დასახელებულ სისტემაში მუშაობისას დადგენილი აქვთ პროფესიული დაავადება ან შრომითი მოვალეობის შესრულებისას, დამსაქმებლის ბრალეულობით, მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და დანიშნული სარჩოს მიღება შეუწყდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მომენტიდან. აღსანიშნავია, რომ თავად სადავო ნორმა არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციამდე დანიშნული სარჩოს შეწყვეტის ან/და შემცირების საკანონმდებლო საფუძველს.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ის გარემოება, რომ კონკრეტული სადავო ნორმა არ აწესრიგებს მოსარჩელისა და მის კატეგორიაში მყოფი სხვა პირების კომპენსაციის საკითხებს, შეუძლებელია, განხილულ იქნეს როგორც ამ ნორმის საფუძველზე მათი საკუთრების უფლების შეზღუდვა. სადავო ნორმის საფუძველზე ამა თუ იმ საკითხის არმოწესრიგება, თავისთავად, არ გამოდგება ამ ნორმის საფუძველზე უფლების შეზღუდვის ფაქტის სამტკიცებლად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის №2/4/642 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). განსახილველ შემთხვევაში, სადავო რეგულირების შინაარსი ამოიწურება მხოლოდ იმ კუმულაციური წინაპირობების განსაზღვრით, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მომუშავე პირთათვის დახმარების დანიშვნის საფუძველი შესაძლოა გახდეს. სადავო ნორმა საერთოდ არ შეეხება იმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, ვისაც სარჩოს გადახდა არ შესწყვეტია. შესაბამისად, სადავო ნორმას არ გააჩნია უფლებაშემზღუდველი ხასიათი მოსარჩელის მიმართ.
6. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმის იმდაგვარად განმარტებას, რომელიც მას მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის რესურსს შესძენდა. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ საერთო სასამართლოებმა, მოსარჩელეს უარი უთხრეს სადავო ნორმის მასზე გავრცელებასა და, შესაბამისად, მის საფუძველზე დახმარების დანიშვნაზე იმის გამო, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა სადავო ნორმით დადგენილ დახმარების დანიშვნის აუცილებელ ერთ-ერთ წინაპირობას, რომელიც გამოიხატება დანიშნული სარჩოს გადახდის შეწყვეტაში. შესაბამისად, მათ შორის, საერთო სასამართლოთა განმარტებებიდან გამომდინარე, სადავოდ გამხდარი ნორმის მოწესრიგების სფერო შემოიფარგლება დახმარების დანიშვნის უფლებრივი საკითხის რეგულირებით და არ ეხება შემცირებული სარჩოს თავდაპირველი ოდენობით აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ნიუანსებს.
7. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავად სადავო ნორმით დადგენილი დახმარება სოციალური შინაარსის მატარებელია, რაც გამომდინარეობს სადავოდ გამხდარი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან. ხსენებული ნორმა expressis verbis მიუთითებს დახმარებაზე, როგორც პირის ფულადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის ინსტრუმენტზე. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი წესის მიზანი „საწარმოთა გარკვეულ კატეგორიაში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული პირების საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილების ამოქმედების შემდგომი პერიოდისათვის სოციალური უზრუნველყოფა და ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანისათვის სოციალური დახმარების გაცემაა და არა უშუალოდ დასახელებულ საწარმოებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება ან/და აღნიშნული საწარმოების მიერ დაგროვილი საპენსიო დავალიანებების, ზიანის ანაზღაურების სარჩოს/კომპენსაციის დავალიანების გადახდაზე სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის №1/25/1482 განჩინება საქმეზე „ციალა კუტალაძე, პავლე ლაბაძე, ანზორი სისვაძე, ზურაბ ცაბაძე, იაშა სამხარაძე და ბიჭიკო ფარქოსაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5). თავის მხრივ, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოს ფართო მიხედულობის კონცეფციის გათვალისწინებით, მას გააჩნია სოციალური დახმარების გაცემის ინსტრუმენტების შერჩევის ფართო დისკრეცია. აღნიშნული ინსტრუმენტების ფორმისა და შინაარსის რეგულირება სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ნაწილია და ის საკუთრების ძირითადი უფლებიდან მომდინარე ვალდებულების ფარგლებში შესაფასებელ მოცემულობას არ მიეკუთვნება.
8. ამდენად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, №1645 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1645 კონსტიტუციური სარჩელი („რუსლან გვარაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში