საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/7/1631 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 7 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 ნოემბერი 2022 15:36 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1631) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1631 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 23 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 7 ნოემბერს.
2. №1631 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა სახეებს. დასახელებული პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკონტროლო შესყიდვისა და კონტროლირებადი მიწოდების ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
5. №1631 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს შესაბამის გარანტიებს საკონტროლო შესყიდვისა და კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას დანაშაულის პროვოკაციის გამორიცხვის მხრივ.ის, რომ დასახელებული კანონი არ ითვალისწინებს დანაშაულის პროვოკაციის შესახებ რეგლამენტაციას, ავტომატურად მიუთითებს იმაზე, რომ საკონტროლო შესყიდვისა და კონტროლირებადი მიწოდების დროს მისი განხორციელება დასაშვებია. ამასთან, რადგან თავად კანონი არ გამორიცხავს დანაშაულის პროვოკაციას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაუშვებლად არ ცნობს დანაშაულის პროვოკაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებას, რაც, საბოლოო ჯამში, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტიან სარგებლობას.
6. მოსარჩელე აპელირებს სამართლიანი პროცესისათვის მტკიცებულებების შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლევის მნიშვნელობაზე. იგი მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებებით დასაშვებია/კანონთან შესაბამისია დანაშაულის პროვოკაციის გზით მოპოვებული ნებისმიერი მტკიცებულება, რაც, თავის მხრივ, სასამართლო პროცესზე ამ გზით მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობასა და განაჩენის გამოტანის დროს მათ მნიშვნელოვან როლს განაპირობებს. საკანონმდებლო კუთხით, დაცვის მხარეს არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ამტკიცოს კონკრეტული მტკიცებულების დანაშაულის პროვოცირების გზით მოპოვების ფაქტი, ხოლო, მეორე მხრივ, მოითხოვოს ამ გზით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ დანაშაულის პროვოკაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე ეფექტური რეაგირების არარსებობა ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
7. მოსარჩელის პოზიციით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ აწესებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებზე კონტროლის სათანადო მექანიზმებს. კერძოდ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის წარმოებას არ სჭირდება სასამართლოს წინასწარი ნებართვა ან შემდგომი დადასტურება, რამდენადაც მათი ჩატარების საფუძველი შეიძლება იყოს პროკურორის, გამომძიებლის დავალება, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნა-შეკითხვა და სხვა.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კანონი არ ადგენს პროკურორის ან გამომძიებლის დავალების დასაბუთების ვალდებულებას, რაც შეუძლებელს ხდის სასამართლოს მიერ იმის გადამოწმებას, თუ რამდენად იქნა დაცული ოპერატიული ღონისძიების ჩატარების პრინციპები - პროპორციულობა, გადაუდებელი საზოგადოებრივი აუცილებლობა და სხვა. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს მითითებას იმ კონკრეტულ დანაშაულებზე, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, არათუ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულზე, სახელმწიფოს რეაგირების განსაკუთრებით მძიმე მექანიზმი გააჩნია. მოსარჩელე მიუთითებს იმაზეც, რომ კონტროლირებადი მიწოდებისა და საკონტროლო შესყიდვის შემთხვევაში არ არის განსაზღვრული ღონისძიებათა განხორციელების დრო.
9. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ კანონმდებლობა ფუნდამენტურ ხარვეზს შეიცავს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებაზე კონტროლის საკითხთან მიმართებით. კერძოდ, არ არის დეტალურად მოცემული, თუ როგორ ხორციელდება ურთიერთობა ზედამხედველ პროკურორსა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გამტარებელ ორგანოს შორის, როგორია პროკურორის ჩართულობა ღონისძიების მიმდინარეობის პროცესში. ამავდროულად, მონაცემები იმ პირებზე, რომლებიც უწევენ ან უწევდნენ კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს, თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ მათთან, აგრეთვე, ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზაცია არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ, რადგანაც საკონტროლო შესყიდვა და კონტროლირებადი მიწოდება არ ექვემდებარება სასამართლო კონტროლს და ეფექტიან საპროკურორო ზედამხედველობას, მაღალია რისკი, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დანაშაულის გამოვლენისათვის ჩატარებულმა ოპერატიულმა ღონისძიებებმა, რეალურად, დანაშაულის პროვოცირება გამოიწვიოს.
10. მოსარჩელის მტკიცებით, საკანონმდებლო ხარვეზების განსაკუთრებულ პრობლემურობას განაპირობებს კონტროლირებადი მიწოდებისა და საკონტროლო შესყიდვების ბუნება, რამდენადაც ისინი მიმართული არიან არა კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტის დადგენისკენ, არამედ ამ ფაქტის გამოვლენისკენ. დასახელებული ღონისძიებებით ხდება პირთა წახალისება დანაშაულის ჩადენაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს უტყუარად არ ჰქონდა განზრახული კონკრეტულ დროსა და შემთხვევაში, კონკრეტული ქმედების ჩადენა. ამ ღონისძიებების ფარგლებში რთულია იმის დადასტურება, თუ რამდენად გარდაუვლად ჩაიდენდა პირი მათ გარეშე დანაშაულს. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია ისიც, რომ ეს ღონისძიებები, როგორც წესი, კონფიდენტების მონაწილეობით ხორციელდება, რომელთა ვინაობის გადამოწმების პრაქტიკული შესაძლებლობაც კი არ არსებობს.
11. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სპეციალურ მითითებას დანაშაულის პროვოცირებით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის ან რაიმე მსგავსი შედეგის შესაძლებლობის შესახებ. მართალია, საპროცესო კოდექსის თანახმად, კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია, თუმცა თავად არსებითი დარღვევა შეფასებითი ცნებაა და სასამართლო მტკიცებულების კანონიერების შემოწმებისას მხარეთა მიერ წარდგენილ ინფორმაციაზეა დამოკიდებული. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმაზე, რომ, რამდენადაც ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის დანაშაულთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება არ აქვს, შესაძლებელია, სასამართლოში წარდგენილ იქნეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების არა მთელი ისტორია, არამედ მხოლოდ ზოგიერთი მონაკვეთი ამ ისტორიიდან, რაც სრული სურათის წარმოდგენას ვერ უზრუნველყოფს. ამასთან, ბრალდების მხარე თავად არის შეზღუდული ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის მოქმედებების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომისაგან და სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერ წარუდგენს სასამართლოს პროვოცირების საკითხის გამოსაკვლევად აუცილებელ სრულ ინფორმაციას. შესაბამისად, პროცედურული ბუნდოვანება ვერ აზღვევს პროცესში მონაწილე პირთა თვითნებობას, ხოლო დაცვის მხარის მიერ თვითნებობაზე მითითების შემთხვევაში, პრაქტიკულად, არ არსებობს მტკიცების შესაფერისი ბერკეტები, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ქმედებაში თვითნებობის დადგენას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იმდენად, რამდენადაც სადავო ნორმებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებისას არ გამოირიცხება დანაშაულის პროვოკაციის შესაძლებლობა, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული საქმის სამართლიანად განხილვის უფლება.
13. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1631 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის აღნიშვნით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებისას არ აწესებს ისეთ გარანტიებს, როგორებიცაა, მაგალითად, სასამართლოს წინასწარი ნებართვა ან შემდგომი დადასტურება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების თაობაზე პროკურორის ან გამომძიებლის დავალების დასაბუთების ვალდებულება და სხვა. აღნიშნული გარანტიების არარსებობა კი განაპირობებს იმას, რომ ამ ღონისძიებების განხორციელებისას, არ გამოირიცხება დანაშაულის პროვოკაციის შესაძლებლობა. მოსარჩელე მხარის პოზიციით, დანაშაულის პროვოკაციის გზით მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ან ამგვარი მტკიცებულება დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს. თუმცა კანონმდებლობა ამას ვერ უზრუნველყოფს, რის გამოც, სადავო ნორმები არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების, სასამართლოს გზით ადეკვატური, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/9/884 განჩინება საქმეზე „იზოლდა რჩეულიშვილი და მანია ოსიტაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-12). სამართლიანი სასამართლოს უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაცავი კონსტიტუციური უფლება ან/და კანონიერი ინტერესი და სადავო ნორმა ზღუდავს მისი სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას. თუ სადავო ნორმა მიმართულია თავად მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შეზღუდვის ან/და გაუქმებისაკენ, მაშინ სახეზეა არა უფლების დაცვის საპროცესო მექანიზმების შეზღუდვა, არამედ თავად ამ უფლების მატერიალური შინაარსის რეგულირება“ („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/19/1382 განჩინება საქმეზე „თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართების შესაფასებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს, სადავო ნორმები განსაზღვრავენ ამა თუ იმ მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შინაარსსა და ფარგლებს, თუ მათი დაცვის საპროცესო წესრიგს.
4. აღსანიშნავია, რომ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ექსპლიციტურად ადგენს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა სახეებს. ხსენებული პუნქტის სადავოდ გამხდარი ქვეპუნქტები განამტკიცებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ორ კონკრეტულ სახეს - საკონტროლო შესყიდვასა და კონტროლირებად მიწოდებას. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარის პრობლემა მიმართულია იმ გარემოების მტკიცებისკენ, რომ სადავო ნორმები არ გამორიცხავს დანაშაულის პროვოკაციის შესაძლებლობას და ამ გზით მოპოვებული მტკიცებულების სისხლის სამართლის საქმეზე გამოყენებას. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამგვარად ფორმულირება ეფუძნება კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მხრიდან სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. სადავო ნორმების შინაარსი ამოიწურება საკონტროლო შესყიდვისა და კონტროლირებადი მიწოდების, როგორც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სახეების, რეგლამენტირებით. ისინი არ არეგულირებენ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხს, მტკიცებულებათა გამოკვლევის ნიუანსებს ან/და ამა თუ იმ მტკიცებულების განაჩენის საფუძვლად გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, სადავო ნორმები არ მიეკუთვნება სასამართლოსადმი მიმართვისა თუ სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას რაიმე ეტაპზე გამოსაყენებელ საპროცესო წესებს, რის გამოც მათ არ გააჩნიათ შინაარსობრივი რესურსი, მოაწესრიგონ უფლების დაცვის პროცესუალური ასპექტები. შესაბამისად, სადავო ნორმებით არ ხდება უფლების ან/და კანონიერი ინტერესის დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის საპროცესო უფლების შეზღუდვა და დასაბუთებული არ არის შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1631 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1631 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში