საქართველოს მოქალაქე კობა ჩოფლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/229 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 23 მაისი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე კობა ჩოფლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 127-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუჯიის მე-5, მე-6, მე-7, მე-14, 28-ე, 29-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე კობა ჩოფლიანი და მისი წარმომადგენელი – ნინო გოგებაშვილი და შოთა გრიგალაშვილი.
საქართველოს მოქალაქის კობა ჩოფლიანის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2003 წლის 23 აპრილს შემოვიდა (რეგისტრაციის №229). სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი 2003 წლის 6 მაისს გადმოეცა არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია გამწესრიგებელი სხდომა 16 მაისს გაიმართა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
საქართველოს მოქალაქე კობა ჩოფლიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილია. იგი არის გულრიფშის რაიონის მკვიდრი, ამჟამად კი დროებით ცხოვრობს ქ. თბილისში (სასტუმრო “ივერია”).
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე რამოდენიმე წელია დაადგა სახელმწიფო წესწყობილების დემოკრატიული აღმშენებლობის გზას; შემუშავდა დემოკრატიული კანონმდებლობა და შეიქმნა მეტად მნიშვნელოვანი დემოკრატიული სტრუქტურები, რომლებიც იცავენ ადამიანისათვის საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებითა და შიდა კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის სიტყვით, “საქართველოში მაინც არსებობენ ადამიანები – აფხაზეთის მკვიდრნი და მათ შორის დევნილები, რომელთაც პრაქტიკულად წართმეული აქვთ მსოფლიოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ ადამიანებისათვის ბოძებული მრავალი უფლება, სიცოცხლის, საკუთრების, თავისუფალი გადაადგილების, ჯანმრთელობის დაცვის, ღირსეული ცხოვრების, ზოგ შემთხვევაში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და მათ შორის, არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობის უფლება ანუ საარჩევნო უფლებები”.
სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლზე, სადაც აღნიშნულია: 1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში; 2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით; 3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება. ამასთან, მოსარჩელელ მიუთითებს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც “საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება”. მოსარჩელე მხარის განცხადებით, სადავო მუხლი წინააღმდეგობაში მოდის თვით საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლთან, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვის აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის და მათ შორის, დევნილთა მონაწილეობა არჩევნებში შეზღუდული და აბსოლუტურად უგულებელყოფილია. საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან ასარჩევი დეპუტატების მანდატები 11-12 წელია პრაქტიკულად მითვისებულია კონკრეტულ ადამიანთა მიერ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 127-ე მუხლის მოქმედებით, მოსარჩელის აზრით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის ზემოთ მოყვანილი დებულებები. სადავო მუხლის თანახმად, “აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე და საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნამდე... 1992 წლის არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, უგრძელდებათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება”. მოსარჩელის თქმით, პირადად მას და საერთოდ აფხაზეთის მკვიდრ საქართველოს მოქალაქეებს (მათ შორის დევნილებს) 1992 წლიდან დღემდე არ მისცემიათ დეპუტატების ხელახალი არჩევის უფლება.
მოსარჩელელ მხარე აღნიშნავს, რომ საარჩევნო კოდექსის 127-ე მუხლი ეწინააღმდეგება საერთაშორისო აქტებსაც, რომლებსაც მიუერთდა საქართველო და მათ, კონსტიტუციის თანახმად, ენიჭებათ უპირატესი იურიდიული ძალა. ეს საერთაშორისო აქტებია: 1) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია – მისი 21-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები; 2) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის №1 ოქმი – მისი მე-3 მუხლი; 3) საერთაშორისო პაქტი “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” - მისი 25-ე მუხლი; 4) ამავე პაქტის ფაკულტატური ოქმი – მისი მე-10 მუხლი.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო მუხლის მოქმედებით მას ერთმევა უფლება მონაწილეოაბ მიიღოს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მისი აზრით, არსებობს იმის ალბათობა, რომ 1992 წელს არჩეულ იმ დეპუტატებს, რომელთაც უფლებამოსილება გაუგრძელდათ 1995 და 1999 წლებში, მომავალშიც გაუგრძელდებათ უფლებამოსილება. ეს, მოსარჩელის აზრით, იქნება ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო და შიდა საკანონმდებლო ნორმებისა და პრინციპების ხელყოფა და საქართველოს ასეული ათასობით მოქალაქის (აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის და მათ შორის მისი – მოსარჩელის) საარჩევნო უფლების უხეში დარღვევა. მოსარჩელის განცხადებით, შემუშავებულია საკანონმდებლო წინადადება აფხაზეთიდან მაჟორიტარული წესით ასარჩევი დეპუტატების არჩევნების შესახებ, რომელიც უნდა განიხილოს და მიიღოს საქართველოს პარლამენტმა.
მოსარჩელე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვს: 1) არაკონსტიტუციურად ცნოს საარჩევნო კოდექსის 127-ე მუხლი და შესაბამისად, შეუწყდეთ უფლებამოსილება იმ დეპუტატებს, რომელთაც ამ მუხლის ძალით უგრძელდებათ უფლებამოსილება; 2) დაავალოს პარლამენტს მიიღოს ახალი კანონი, რათა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, როგორც დროებითი ღონისძიება, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აფხაზეთის მკვიდრთ, მათ შორის დევნილებს და მოსარჩელესაც მიეცეთ საშუალება პირადობის მოწმობაში მითითებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პერიოდულად აირჩიონ საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის დეპუტატები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გაანალიზა მოქალაქე კობა ჩოფლიანის 229-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, თანდართული მასალები, მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებები განმწესრიგებელ სხდომაზე და ამის საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გარემოებანი.
1. მოსარჩელელ კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 127-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-5, მე-6, მე-7, 28-ე და 39-ე მუხლებს. მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით მოითხოვეს სადავო მუხლის კონსტიტუციურობის შემოწმება აგრეთვე მე-14 და 29-ე მუხლებთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქის სარჩელის საფუძველზე განიხილება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. კონსტიტუციის მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები კი, მოთავსებულია პირველ თავში (“ზოგადი დებულებები”). ამიტომ მოსარჩელე კობა ჩოფლიანი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს საარჩევნო კოდექსის სადავო მუხლის კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებთან მიმართებით.
სასამართლო კოლეგიის აზრით, მოსარჩელელ მხარემ დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა, რომ სადავო მუხლის კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან მიმართებით. არსებითად იგი ითქმის აგრეთვე კონსტიტუციის 29-ე მუხლზე (საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან არჩეულ დეპუტატებს უფლებამოსილება კანონის საფუძველზე გაუგრძელდათ).
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა-გადაწყვეტას არ ექვემდებარება მოსარჩელის წარმომადგენლის მოთცოვნა, რომ სადავო მუხლის მართლზომიერება შემოწმდეს თვით საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის მოსარჩელის იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაც, რომ დაავალოს პარლამენტს მიიღოს ახალი კანონი, რათა დევნილებს მიეცეთ შესაძლებლობა პირადობის მოწმობაში მითითებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აირჩიონ აფხაზეთის დეპუტატები ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში. საჭიროების შემთხვევაში, სათანადო “საკანონმდებლო წინადადება” საკონსტიტუციო სასამართლოს გარეშე, შესაბამისი პროცედურების დაცვით წარიმართება.
2. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელელ მხარის მოსაზრებას, რომ საარჩევნო კოდექსის 127-ე მუხლით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით აღიარებული უფლებები და ამიტომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის უნდა იქნეს მიღებული.
კონსტიტუციის 28-ე მუხლი განსაზღვრავს არჩევნებში მონაწილეობის ზოგად საფუძვლებს და ამ მუხლთან მიმართებით საარჩევნო კოდექსის სადავო მუხლით არ იზღუდება მოსარჩელის საარჩევნო უფლებები.
მოქმედი საარჩევნო კოდექსი დევნილთა კატეგორიას მიკუთვნებული ამომრჩევლებისათვის არ აწესებს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვებს. კოდექსის მიხედვით, დევნილები კონსტიტუციის 28-ე მუხლით დადგენილი უფლებების ფარგლებში სხვა ამომრჩევლების თანაბრად, საერთო საწყისებზე მონაწილეობენ არჩევნებში (იგულისხმება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის ადგილობრივი თვთიმართველობის ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევნები).
ამ მხრივ თავისებურება ის არის, რომ დევნილის სტატუსის მქონე ამომრჩევლები, ზოგიერთი სხვა კატეგორიის ამომრჩევლებთან ერთად, შეჰყავთ ამომრჩეველთა დამატებით სიებში, რაც მათი განსაკუთრებული მდგომარეობით არის განპირობებული. იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) საარჩევნო სიებში შეჰყავთ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამომრჩეველთა დამატებით სიებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სათანადო მონაცემების, მათ შორის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და მისი ადგილობრივი დაწესებულებების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) შესახებ გაცემული ცნობების საფუძველზე (იხ. ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; მუხ. 3, პუნქტი “ა”; მუხ. 10, პუნქტი 1, ქვეპუნქტი “ე” და პუნქტი 5).
ზემოაღნიშნულის გამო, მოქალაქე კ. ჭოლიანის კონსტიტუციური სარჩელი სათანადოდ დასაბუთებულად ვერ ჩაითვლება. მოსარჩელელ მხარის მიერ მოყვანილი მტკიცებულებეი არ მიანიშნებს საარჩევნო კოდექსის 127-ე მუხლის არაკონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი შინაარსით არ შეესაბამება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში კი იგი, “საკონსიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის ძალით, განსახილველად არ მიიღება.
3. მოსარჩელე კონსტიტუციის 28-ე მუხლის საწინააღმდეგო დანაწესად მიიჩნევს საარჩევნო კოდექსის 127-ე მუხლს. ამ მუხლით, 1992 წლის არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს უგრძელდებათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრი მოსახლეობა, დევნილები და მათ შორის მოსარჩელეც მართლაც მოკლებული არიან შესაძლებლობას პირადობის მოწმობაში საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის დეპუტატები.
საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობას, დევნილებს სეპარატისტებმა წაართვეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, როგორიცაა, კერძოდ: “სიცოცხლის, საკუთრების თავისუფალი გადაადგილების, ჯანმრთელობის დაცვის, ღირსეული ცხოვრების, ზოგ შემთხვევაში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და მათ შორის, არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობის უფლება”.
ამასთან ერთად, სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ “Gირადობის მოწმობაში მითითებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არსებულ საარჩევნო ოლქებიდან დეპუტაციის არჩევის უფლება” უშუალოდ და პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციის არა 28-ე, არამედ 49-ე მუხლს. სწორედ ამ მუხლის პირველი პუნქტით არის დადგენილი, რომ საქართველოს “პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 150 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 85 პარლამენტის წევრისაგან”. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადა კონსტიტუციით ოთხი წლით განისაზღვრება და დეპუტატისათვის არჩევნების გარეშე უფლებამოსილების გახანგძლივება არაბუნებრივ მოვლენად ჩაითვლება.
“საქართველოს საარჩევნო კოდექსის” სადავო – 127-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხი შეიძლება წამოიჭრას კონსტიტუციის 49-ე (და არა 28-ე) მუხლთან მიმართებით. მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით იხილავს. 49-ე მუხლი კი, კონსტიტუციის მესამე თავშია და ასეთ ვითარებაში მოქალაქე კ. ჩოფლიანი, ცხადია, უფლებამოსილი სუბიექტი ვერ იქნებოდა.
4. მოსარჩელელ მოითხოვს შეუწყდეთ უფლებამოსილება 1992 წლის არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომელთაც საარჩევნო კოდექსის 127-ე მუხლით უგრძელდებათ უფლებამოსილება.
საქართველოს პარლამენტის 1992 წლის არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეულ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება (უფლებამოსილების გაგრძელება) დადასტურდა საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3-1-ს დადგენილებით “საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ” (დადგენილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე). ამ დადგენილების მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ “... დადასტურდეს საქართველოს პარლამენტის 1992 წლის არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეულ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება”.
ამგვარად, მოქალაქე კ. ჩოფლიანის სასარჩელო მოთხოვნა შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომელიც გათვალისწინებულია “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტში.
ამავე ორგანული კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ძალით, “საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აგრეთვე იმ მოქაქლაქეს, ვისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ ცნო ან ვადამდე შეწყვიტა საქართველოს პარლამენტმა”. თანაც, “ამ მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან” (მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი),
აქედან აშკარად ჩანს, რომ მოქალაქე კ. ჩოფლიანის კონსტიტუციური სარჩელი აღნიშნულ ნაწილში არ შეესაბამება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-40 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მოსარჩელე ამ შემთხვევაში უფლებამოსილ სუბიექტად ვერ ჩაითვლება. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის ძალით კი, “კონსტიტუციური სარჩელი... განსახილველად არ მიიღება, თუ ... შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ”.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის “ა” და “ბ” პუნქტებით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33 მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვისათვის საქართველოს მოქალაქის კობა ჩოფლიანის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 127-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-5, მე-6, მე-7, მე-14, 28-ე, 29-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. ეს განჩინება გამოქვეყნდეს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” და პრესაში.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ა. აბაშიძე
ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნ. შაშკინი