შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამება“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1/16/216 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 16 იანვარი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე - თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი - მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამება“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით 1) „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლი–სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი - „საზღვაო ნავსადგურებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით დაკავებულ და მათ სანიტარულ–ტექნიკურ ზონას მიკუთვნებულ მიწებზე, აგრეთვე ნავსადგომების ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად არსებულ ტერიტორიებზე“ და 2) საქათველოს საზღვაო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი დიმიტრი გაბუნია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2002 წლის 31 დეკემბერს გადმოეცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამების“ 216-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე ღია განმწესრიგებელი სხდაომა გაიმართა 2003 წლის 13 იანვარს.
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია 2002 წლის 24 დეკემბერს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 მარტის № 159 დადგენილების საფუძველზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამებას“ ფოთის ნავსადგურის არსებული ტერიტორიიდან მუდმივ სარგებლობაში გამოეყო 2,21 ჰექტარი ფართობის № 7 ნავსადგომი ალკოჰოლიანი სასმელების, მინერალური და წყაროს წყლების ტერმინალის მშენებლობისათვის. 1998 წლის 29 დეკემბერს ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველომ შპს „სამების“ სახელზე № 7 ნავსადგომთან არსებულ 2,21 ჰექტარი მიწის ფართობზე გასცა საკუთრების უფლების მოწმობა პირველადი რეგისტრაციის ფორმით და დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის აღნიშნული ჩანაწერი გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც უცვლელად იქნა დატოვებული ჯერ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო, ხოლო შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განჩინებებით. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები უშუალოდ ზღუდავენ მისი საკუთრების უფლებას და არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციი 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამების“ კონსტიტუციური სარჩელი იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით 1) „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი – „საზღვაო ნავსადგურებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით დაკავებულ და მათ სანიტარულ–ტექნიკურ ზონას მიკუთვნებულ მიწებზე, აგრეთვე ნავმისადგომების ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად არსებულ ტერიტორიებზე“ და 2) საქართველოს საზღვაო კოდექსის 72-ე მუხლის მე–2 ნაწილი;
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე);
ა. აბაშიძე;
ი. ფუტკარაძე;
ნ. შაშკინი(მომხსენებელი მოსამართლე).