საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1330 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ცერცვაძე |
თარიღი | 3 ივლისი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ნაწილის ნორმატიული შინაარსი,რომელიც საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ანიჭებს უფლებამოსილებას საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს სისხლის სამართლის საქმე და იმ ორგანოს გადასცეს, რომლის თანამშრომლის (პოლიციელის) მიერ კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტით დაცული უფლების (წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა) ხელყოფის ფაქტზეც არსებობს საფუძვლიანი საჩივარი |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ,39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე. გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 19 თებერვალს გორის რაიონი სოფ. ზეღდულეთში, მას შემდეგ, რაც პოლიციამ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით (ასკ-ის 173-ე მუხლი) დააკავა, პოლიციის განყოფილებაში ღირსების შემლახავი და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. პოლიციის თანამშრომლებმა ცერცვაძეს ხელები ზურგზის მხრიდან ბორკილებით შეუკრეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სარჩელის თანდართულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილია გიორგი ცერცვაძის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე მოქალაქეს არ აღენიშნება დაზიანებები, ხოლო დატოვების შემდგომ - აღენიშნება. გარდა ამისა, წარმოდგენილია ცერცვაძის წარმომადგენელსა და პროკურატურას შორის არსებული მიმოწერა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მოქალაქეს უარი ეთქვა დაზარალებულად ცნობაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ საქმეს იძიებს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა, რაც ერთი შეხედვით შესაძლოა გამორიცხავდეს ინსტიტუციური დამოკიდებულების ნიშნებს, თუმცა სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, მთავარ პროკურორს კვლავ რჩება უფლებამოსილება, რომ საქმე გამოსაძიებლად გადასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებში არ არსებობს რაიმე კონკრეტული, მყარი ფაქტი იმისა, რომ მთავარ პროკურორს ექნება ამგვარი ქმედების განხორციელების საფუძველი, რისკი ჰიპოთეტურად მაინც არსებობს, რადგან სადავო ნორმატიული შინაარსი ტოვებს ამგვარი ქმედების განხორციელებისათვის საჭირო სივრცეს. მოსარჩელე ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საუბარია აბსოლიტური ხასიათის უფლებაზე, რომლის შესაძლო შეზღუდვის სტანდარტიც ვერ იქნება განხილული სხვა დანარჩენი უფლებების ჭრილში. კერძოდ, უფლების აბსოლიტური ხასიათიდან გამომდინარე, მისი დარღვევის მინიმალური, ჰიპოთეტური რისკიც კი საკმარისი უნდა იყოს პირის უფლებამოსილ სუბიექტად ქცევისათვის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული რისკი ჰიპოთეტურია, მოსარჩელე კვლავ რჩება უფლებამოსილ სუბიექტად.
სარჩელი შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს და დასაშვებია რადგან:
· წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმით;
· აკმაყოფილებს აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს;
· შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
· მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად;
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
· სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
· აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ანიჭებს უფლებამოსილებას საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს სისხლის სამართლის საქმე და იმ ორგანოს გადასცეს, რომლის თანამშრომლის (პოლიციელის) მიერ კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტით დაცული უფლების (წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა) ხელყოფის ფაქტზე არსებობს საფუძვლიანი საჩივარი - არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
სადავო ნორმის მიხედვით „საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს.“ სადავო ნორმა ატარებს ისეთ ნორმატიულ შინაარსსაც, რომლის მიხედვითაც მთავარი პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს გააჩნიათ უფლებამოსილება, რომ საგამოძიებო ქვემდაბარეობის მიუხედავად ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს და სხვა საგამოძიებო ორგანოს გამოსაძიებლად გადასცეს, ის სისხლის სამართლის საქმე სადაც ამავე ორგანოს თანამშრომლის მიერ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობის შესახებ არსებობს საფუძვლიანი საჩივარი.
მეტი სიცხადისთვის მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისთვის პრობლემური არ არის მთავარი პროკურორის ეს უფლებამოსილება ზოგადად, არამედ მხოლოდ ზემოაღნიშნული კონკრეტული ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსარჩელის აზრით საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტით დაცულ უფლებას, მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება იყოს ინსტიტუციურად, იერარქიულად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით საგამოძიებო ქვემდებარეობას მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ 2013 წლის 07 ივლისის #34-ე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად კი, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას ასევე განეკუთვნება საქმეები, მათ შორის, პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე. სადავო ნორმას კი აქვს რესურსი განმარტებისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების (პოლიციელის) მიერ სავარაუდო წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება (გამოძიება რომელიც მხოლოდ პროკურატურის ექსკლუზიურ საგამოძიებო ქვემდებარეობას მიეკუთვნება), მთავარმა პროკურორმა ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა შესაძლოა გამოსაძიებლად გადასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამ გზით საფრთხე შეუქმნას გამოძიების დამოუკიდებლობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“ „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
სამწუხაროდ, კონსტიტუციის მე-17 მუხლთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს დიდი პრაქტიკა არ აქვს. ეს გარემოება მუხლის სიღრმისეული გააზრების შესაძლებლობას მკვეთრად ამცირებს. გამომდინარე იქიდან, რომ წლების მანძილზე მოსარჩელეებს არასწორად ესმოდათ ამ მუხლით დაცული უფლების შინაარსი, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ჰქონია შესაძლებლობა, რომ ყოველმხრივ განემარტა აღნიშნული უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს ნამსჯელი თემაზე: მოიაზრება თუ არა პოზიტიური ვალდებულება მე-17 მუხლის ქვეშ. თუმცა, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის ქვეშ არსებობს სახელმწიფოს პოზიტიურიი ვალდებულება - ჩაატაროს ეფექტური, დამოუკიდებელი გამოძიება. ამიტომ, ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე საქმეზე მსჯელობისას მხედველობაში უნდა მიიღოს მე-17(2) მუხლით გამტკიცებული უფლების საყოველთაო ხასიათი და მასთან დაკავშირებით, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე პრაქტიკად დამკვიდრებული განმარტებები. ჯერ კიდევ 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ე.წ „უნისერვისის“ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს შეუძლიათ საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად და ფართო სურათის აღსაქმელად მსჯელობა დააყრდნონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალს, რომელიც თავის მხრივ აზუსტებს კონვენციის მუხლების მნიშვნელობას.
შესაბამისად, ჩვენს პოზიციებს ძირითადად დავაყრდნობთ და მათ გავამყარებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდგომში ევროპული სასამართლო) პრეცედენტული გადაწყვეტილებებით. აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს ამ მიმართულებით პრაქტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებშია ჩამოყალიბებული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებით გულმოდგინედ უდგება კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის შეფასების საკითხს. კონვენციის მე-3 მუხლით დაცულ უფლებაზე საუბრისას განმარტავს, რომ „კონვენციის მე-3 მუხლი მოიცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ფასეულობას და აბსოლუტურ აკრძალვას აწესებს წამებაზე, არაჰუმანურ ან დამამცირებელ მოპყრობაზე“ (იხ. მაგ.: Aksoy v. Turkey , judgment of 18 December 1996, Reports ofJudgments and Decisions 1996-VI, p. 2278, § 62; Aydın v. Turkey , judgment of 25 September1997, Reports 1997-VI, § 81). ევროპული სასამართლო მე-3 მუხლის ფარგლებში მოიაზრებს და ერთმანეთისგან მიჯნავს სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს. ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში სახელმწიფომ თავად არ უნდა შელახოს ადამიანის ეს უფლება. მე-3 მუხლის პოზიტიურ ასპექტთან მიმართებით კი ევროპულ სასამართლოს თანმიმდევრული პრაქტიკა აქვს ჩამოყალიბებული. კერძოდ, „როდესაც პირი წარადგენს საფუძვლიან პრეტენზიას, რომ პოლიციის ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო და კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო, სერიოზულ არასათანადო მოპყრობას, აღნიშნული დებულება, კონვენციის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოთა ზოგად ვალდებულებასთან ერთად, „ყველასათვის, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში, უზრუნველყონ ... კონვენციით ... განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“, მოითხოვს, რომ ჩატარდესეფექტიანი ოფიციალური გამოძიება. აღნიშნულ გამოძიებას შედეგად უნდა მოჰყვესპასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამების,არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ლეგალური აკრძალვა, მისიფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, პრაქტიკაში არაეფექტიანი იქნებოდადა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა სახელმწიფო მოხელეთამხრიდან, მათ კონტროლქვეშ მყოფ პირთა უფლებების დარღვევას, თითქმის სრულიდაუსჯელობის პირობებში.“ (იხ. ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი no. 118030/03; Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, § 338, ECHR 2005-III).
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლის პოზიტიურ ასპექტთან, მის პროცედურულ მხარესთან დაკავშირებით რამდენიმე გარემოებაა მნიშვნელოვანი. კონვენციის აღნიშნული მუხლებით (ამ შემთხვევაში მე-3 მუხლით) გარანტირებული უფლების დარღვევის შეფასებისას უნდა არსებობდეს (1)ამ უფლების დარღვევის საფუძვლიანი პრეტენზია; (2)სახეზე უნდა იყოს არასათანადო მოპყრობის ნიშნები; და ეს ორი პირობა ერთად სახელმწიფოსთვის წარმოშობს ასევე მე-3 მუხლით გარანტირებულ (3)ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებას.
ევროპული სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს შემდეგი სახის საჩივარს - „საფუძვლიანად ჩაითვლება საჩივარი, რომელიც მოიცავს სულ მცირე რაიმე მტკიცებულებას, მაგალითად თუ მსხვერპლს გააჩნია სამედიცინო ცნობა, რომ მას მიადგა დაზიანება სადავო პერიოდის განმავლობაში, და სხვა.“ (იხ. 2017 წლის 02 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის #7/6129). არასათანადო მოპყრობის მინიმალურ სტანდარტზე ევროპული სასამართლო საუბრობს საქმეში Dvalishvili v. Georgia საჩივარი no. 19634/07. სასამართლო განმარტავს, რომ „არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ დონეს, იმისათვის რომ ის მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების ფარგლებში.“აღნიშნული მინიმუმის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება, თუმცა, სასამართლო იქვე უთითიებს, რომ „თავისუფლებააღკვეთილი პირის შემთხვევაში, ფიზიკური ძალის გამოყენება, რომელიც არ არის აუცილებელი, ამცირებს ადამიანურ ღირსებას და პრინციპში, წარმოადგენს მე-3 მუხლით აღიარებული უფლების დარღვევას“ (იხ. Labita v. Italy [GC], no. 26772/95, 6 April 2000, §§ 119-20, ECHR 2000-IV).
რაც შეეხება ეფექტიან გამოძიებას - ეფექტიანი გამოძიების სტანდარტები ევროპულმა სასამართლომ ნათლად ჩამოაყალიბა საკუთარ პრაქტიკაში, მათ შორის, საქრთველოს წინააღმდეგ გამოტანილ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებზე საუბრისას (იხ. საქმეები: ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი #118030/03) 2008 წლის 29; დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი #19634/07) 2012 წლის 18 დეკემბერი; ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი №35403/06) 2011 წლის 15 თებერვალი; გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი № 25091/07) 2011 წლის 26 აპრილი; მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი no 18996/06) 2012 წლის 9 ოქტომბერი; ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი no 18183/05) 2010 წლის 8 ივნისი). კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების სტანდარტები პოზიტიური ვალდებულების შესრულების ნაწილში იდენტურია.
საქმეზე ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება, საჩივარი #118030/03) ზოგადი სტანდარტის სახით სასამართლო აღნიშნავს, რომ არასათანდო მოპრობის ფაქტზე ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება, უნდა იძლეოდეს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენისა და დასჯის საშუალებას. (იქვე, პარ. 59) საკუთრივ გამოძიების სტანდარტზე სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელის ეფექტურობისათვის აუცილებელია, რომ არსებობდეს არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ იერარქიული და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. (იქვე, პარ.61) მსგავს განმარტებას აკეთებს სასამართლომ ენუქიძის და გირგვლიანის საქმეში - „იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტიანი იყოს, გამოძიებაზე პასუხისმგებელი და მისი წარმმართველი პირები დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი უნდა იყვნენ, როგორც სამართლის, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ არამხოლოდ არ უნდა არსებობდეს იერარქიული ან ინსტიტუციური კავშირი მოვლენების მონაწილე პირებთან, არამედ ისინი პრაქტიკულადაც დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ.“ (პარა. 243).
ღარიბაშვილის საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ „გამოძიება არ იყო დამოუკიდბელი.“ (იქვე, პარ.68) ამის მიზეზად სასამართლო აცხადებს, რომ „გამოძიება ეკისრებოდა რუსთავის პროკურატურას, რომლის თანამშრომელიც იყო მომჩივნის მიერ დასახელებული პიროვნება - ბ-ნი მ. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი გარკვევით ეწინააღმდეგებოდა ამგვარ აშკარა ინტერესთა კონფლიქტს.“ სასამართლომ ამ ფაქტობრივ გარემოებებში ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა დაინახა, კერძოდ, პირი, რომელსაც მომჩივანი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებდა, იყო იგივე ორგანოს თანამშრომელი, რომელიც მომჩივნის საქმეს იძიებდა. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა დაინახა ევროპულმა სასამართლომ ენუქიძის და გირგვლიანის საქმეშიც: იმ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებაზე პასუხისმგებელმა და წარმმართველმა პირებმა, იცოდნენ, რომ სისხლის სამართლის საქმეში მათივე თანამშრომლების შესაძლო ბრალეულობა იკვეთებოდა და გამოძიება მაინც გააგრძელეს, სასამართლომ დაასკვნა, რომ „2006 წ. 26 იანვრიდან 5 მარტამდე პერიოდში, როდესაც გამოძიებას აწარმოებდა შსს, რა დროსაც განხორციელდა გადამწყვეტ მტკიცებულებათა შეგროვება, გამოძიებას აშკარად აკლდა ჯეროვანი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რამაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა გამოძიების შემდგომ მსვლელობაზე“. „ამგვარი ინსტიტუციური კავშირი და, უფრო მეტიც, იერარქიული სუბორდინაცია საქმეში მონაწილე შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებსა და საქმის მწარმოებელ გამომძიებლებს შორის, კიდევ უფრო გამაოგნებელი ხდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დ.ა. -აია, კაფეში შეკრებილი შს მინისტრის მეუღლის ჯგუფის წევრი და, ამავე დროს გ.ა.-იას უშუალო უფროსი, მოგვიანებით გახდა პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა სამინისტროში სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გარემოებების გამოძიებას.“
ცინცაბაძის საქმეზე სასამართლო დეტალურად აღწერს გამოძიების ხარვეზებს დამოუკიდებლობის ნაწილში და მასთან დაკავშირებულ მიზეზებს. „უპირველეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის შვილი გარდაცვლილი იპოვეს ხონის ციხეში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშაა (§9). სიცოცხლის განზრახ ხელყოფის შემთხვევის გამორიცხვის შემთხვევაშიც, მოცემული საქმის გარემოებიდან გამომდინარე ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ყურადღებით და მიუკერძოებლად გაანალიზებას საჭიროებს, არის ის თუ რამდენად შეიძლებოდა სიკვდილი გამოწვეული ყოფილიყო ციხის ადმინისტრაციის დაუდევრობით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ყველა საგამოძიებო ღონისძიება იგივე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დასავლეთ საქართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა, ხოლო გამოძიების შედეგები პირდაპირ იქნა დამოწმებული სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ, საკუთარი დამატებითი გამოძიების გარეშე საქმის დახურვის მიზნით (§§ 10 და 38). სასამართლოს აზრით, ეს ინსტიტუციური კავშირი გამომძიებლებსა და გამოსაძიებელ დაწესებულებას შორის კანონიერ ეჭვს ბადებს გამოძიების პროცესის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.“
საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებში, მსგავსი პრობლემის განხილვისას სასამართლო სხვა დამატებით ასპექტებსაც გამოყოფს. მაგალითად, საქმეში დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლომ განაცხადა, რომ „როდესაც სადავო შემთხვევები, მთლიანად ან ნაწილობრივ, წარმოადგენს შესაბამის ორგანოთა ექსკლუზიური ინფორმირებულობის სფეროს, როგორც ეს დაკავებული პირების შემთხვევაშია, ჩნდება ძლიერი ეჭვები პატიმრობის პერიოდში წარმოქმნილ დაზიანებებთან დაკავშირებით.“ (საჩივარი #19634/07) 2012 წლის 18 დეკემბერი, პარ.39) სასამართლო ამ მსჯელობით მიუთითებს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც პირი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იმყოფება, პრეზუმფცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს. სახელმწიფო უწყებების ექსკლუზიური ცოდნის სფეროზე საუბარს ევროპული სასამართლო აგრძელებს საქმეში ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ, სადაც მოცემული საქმის გარემოებები მთლიანად ან მეტწილად პასუხისმგებელ ორგანოთა ექსკლუზიური ცოდნის სფეროშია მოქცეული, როგორც მათი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანების შემთხვევაში, დაკავების დროს დაზიანებებისა და სიკვდილის დადგომისას წარმოიშობა ფაქტის ძლიერი პრეზუმფცია. ამგვარი ფაქტების გამოძიების ნაწილში სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების დროს დაშვებული ნებისმიერი ხრვეზი, რომელიც ხელს უშლის გამოძიების მიერ საქმის გარემოების დადგენისა თუ პასუხისმგებელი პირის გამოვლენას, ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობის მოთხოვნას. (ცინციბაძე საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი №35403/06) 2011 წლის 15 თებერვალი, პარ. 73)
გარდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე საუბრობს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავის მოპყრობის და დასჯის აკრძალვის შესახებ კონვენციაც. კონვენციის მე-12 მუხლის მიხედვით „ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა სწრაფად და მიუკერძოებლად მოაწყონ გამოძიება, როცა საკმარისი საფუძველია ეჭვისათვის, რომ მის იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე გამოყენებული იყო წამება.“ აღნიშნული მუხლი პირდაპირ მიუთითებს სახელმწიფოს იმ ვალდებულებაზე, რომელიც მოსარჩელის აზრით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლშიც მოიაზრება. ხაზგასასმელია ტერმინი „მიუკერძოებელი“, რომლის ქვეშაც მოსარჩელე თავის მხრივ ასევე ხედავს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასაც.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე, ცალსახაა, რომ გამოძიების დამოუკიდებლობისათვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობაც კი შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს. სადავო ნორმა ქმნის გამოძიების ინსტიტუციური და იერარქიული დამოუკიდებლობის საფრთხეს, რაც წარმოშობს გონივრულ სამართლებრივ რისკებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაირღვევა მე-17(2) მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულება. ინსტიტუციური კავშირის არსებობაც კი საკმარისია იმისათვის, რომ გამოძიებაში ჩართული პირები იყვნენ მიკერძოებულნი და ცდილობდნენ საკუთარი თავისათვის ან კოლეგებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აცილებას.
მოსარჩელე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მე-17(2) მუხლი მოიაზრებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც და თვლის, რომ ზემოაღნიშნული საერთაშორისო სტანდარტები კონსტიტუციის ამ მუხლშიც მოიაზრება.
მოსარჩელის აზრით სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანზე საუბარი არარელევანტურია, რადგან წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვის უფლება აბსოლიტური ხასიათის მატარებელია და მისი შეზღუდვა დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-17(2) მუხლთან მიმართებით, რადგან ის იძლევა გამოძიების დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა