ნათია შავაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/10/1549 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2022 15:42 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ნათია შავაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2021 წლის 2 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1549) მომართა ნათია შავაძემ. №1549 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 20 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 დეკემბერს.
2. №1549 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი (2021 წლის 2 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ადგენს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით, არსებულ რეიტინგულ სიებში აპლიკანტთა ადგილის განსაზღვრის წესს. კერძოდ, ნორმის თანახმად, აპლიკანტების „მიერ ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულების ჯამი მრავლდება რეგისტრაციის დასრულების მომენტისათვის აპლიკანტის ასაკისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღების სტატუსის შესაბამის კოეფიციენტზე“. ამავე პუნქტის სადავოდ გამხდარი „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს კოეფიციენტებს პირთა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, რომლის თანახმადაც, „აპლიკანტთა ასაკის შესაბამისად, მათ მიერ მიღებული ქულა მრავლდება შემდეგ კოეფიციენტზე: ა.ა) 19 წლის ჩათვლით – 1.3; ა.ბ) 20-დან 29 წლის ჩათვლით – 1.1; ა.გ) 30 წელი და ზევით – 1“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი არის 38 წლის, მან ჩააბარა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოხვედრის მიზნით და მიიღო 91.25 ქულა, რაც საკმარისი იქნებოდა მის პროგრამაზე მოსახვედრად, რომ არ არსებულიყო სადავო ნორმის მიერ განსაზღვრული კოეფიციენტები. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მიღებული ქულა უთანაბრდება საბოლოო რეიტინგულ სიაში პირველი აპლიკანტის ქულას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იგი მიეკუთვნება იმ ასაკობრივ კატეგორიას, რომლის კოეფიციენტიც არის 1, ვერ შეძლო სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოხვედრა.
6. მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის საფუძველზეც, 19 წლამდე აპლიკანტების საგამოცდო ქულები ავტომატურად მრავლდება 1.3 კოეფიციენტზე, 20-29 წლის აპლიკანტების საგამოცდო ქულები 1.1 კოეფიციენტზე, ხოლო 29 წლის ზევით ასაკის მქონე აპლიკანტების საგამოცდო ქულები რჩება უცვლელი. ამგვარი წესის შედეგად, 29 წლამდე პირების საგამოცდო ქულები იზრდება მნიშვნელოვნად და ხშირად იწვევს 29 წლის ზევით პირების ამოგდებას რეიტინგული სიიდან მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელ კანდიდატებს უფრო მაღალი ქულა აქვთ მიღებული საკონკურსო გამოცდაში.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან მოსარჩელე არათანაბარ პირობებში იმყოფება არსებითად თანასწორ - 19 წლამდე ასაკის და 20-29 წლის აპლიკანტებთან შედარებით. კერძოდ, ნებისმიერი ასაკის აპლიკანტი თანაბარი სტატუსით მონაწილეობს კონკურსში და თითოეულ მათგანს სასურველ პროგრამაზე მოხვედრის თანაბარი ინტერესი გააჩნია. ამასთან, არ არსებობს რაიმე პირდაპირი კავშირი კანდიდატის ასაკსა და პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების არსებობას შორის, სწორედ ამიტომ, 29 წლის ზემოთ ასაკის მქონე პირები არსებითად თანასწორები არიან როგორც 19 წლამდე, ისე 19-29 წლის აპლიკანტების მიმართ.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა მკვეთრად აცილებს შესადარებელ ჯგუფებს პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის თანაბარი შესაძლებლობისგან, რადგან 29 წლის და მეტი ასაკის პირებს ყოველთვის უწევთ გამოცდაზე 19-29 წლამდე აპლიკანტებზე 1.1-ჯერ მაღალი ქულის და 19 წლამდე აპლიკანტებზე 1.3-ჯერ მაღალი ქულის მიღება სიაში მოსახვედრად. ამასთან, თუკი მოსარჩელის ასაკობრივი კატეგორიის პირები გამოცდაზე მიიღებენ მაქსიმალურ 100 ქულას, სადავო ნორმით განსაზღვრული კოეფიციენტების სისტემის საფუძველზე, შესაძლებელია, ქვედა ასაკობრივი კატეგორიის პირებმა ბევრად დაბალი ქულებითაც უკეთესი პოზიცია დაიკავონ რეიტინგულ სიაში და მაქსიმალური შედეგის მქონე აპლიკანტს არ მიეცეს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა. დამატებით, ალტერნატივის სახით არსებული მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები ვერ სთავაზობენ მოსარჩელეს იმგვარ პროგრამას, რომელიც შეამცირებდა დიფერენცირების ინტენსივობას. ყოველივე ზემოაღნიშნული განაპირობებს სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის მაღალ ინტენსივობას, შესაბამისად, მისი კონსტიტუციურობის საკითხი მკაცრი ტესტით უნდა შეფასდეს.
9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად ვერ გამოდგება ფინანსების მოზიდვის საჭიროება სხვადასხვა ორგანიზაციებისგან. თუმცა უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემის დაძლევა შესაძლოა, სახელმწიფოს დაუძლეველ ინტერესს წარმოადგენდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი სტატისტიკა ადასტურებს 29 წლამდე პირებისა და, მით უფრო, 19 წლამდე პირების უმუშევრობის უფრო მაღალ მაჩვენებლებს, სადავო ნორმით არსებული შეზღუდვა უმუშევრობისა და სიღარიბის აღმოფხვრის მიზნის გამოსადეგი საშუალება არ არის, კერძოდ, სადავო ნორმის მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის მეტი შესაძლებლობის მინიჭება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან კონკურენტუნარიანები ზრდასრულ ადამიანებთან შედარებით და მათი უმუშევრობის დონეც აღემატება ზრდასრული ადამიანების უმუშევრობის დონეს, თუმცა სადავო რეგულირების შედეგად, ადამიანებს უპირატესობა ამგვარი საჭიროების გარეშეც შეიძლება მიენიჭოთ.
10. მოსარჩელის განმარტებით, კოეფიციენტების სისტემის საფუძველზე, უპირატესობა ენიჭებათ 15-19 წლამდე ასაკის აპლიკანტებსაც, რომლებიც კონკურენტუნარიანებიც არიან და არც სიღარიბესთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდიან. მეორე მხრივ, შესაძლებელია, 29 წელს გადაცილებულ აპლიკანტებს უფრო მეტად სჭირდებოდეთ პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრა და პროფესიის მიღება მათი სოციალური მდგომარეობის დასაძლევად, თუმცა სადავო რეგულირება მათ მიერ ასეთივე უპირატესობის მიღების შესაძლებლობას სრულად გამორიცხავს. ამასთანავე, 19 წლამდე კონკურენტუნარიანი აპლიკანტების საგამოცდო ქულა მრავლდება 1.3 კოეფიციენტზე, მაშინ, როდესაც სოციალურად დაუცველი 29 წელს გადაცილებული აპლიკანტების საგამოცდო ქულა მხოლოდ 1.2-ზე მრავლდება, რამაც შესაძლოა, ასევე გამოიწვიოს ამ უკანასკნელი კატეგორიის წარმომადგენლების პროფესიულ სასწავლებელს მიღმა დატოვება. ამრიგად, სადავო რეგულირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება.
11. მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ სახელმწიფოს შეეძლო, იმგვარი კვოტების დაწესება, რომ უზრუნველეყო გარკვეული რაოდენობის 19 წლამდე და 19-29 ასაკობრივი კატეგორიის პირების მოხვედრა პროგრამაზე და დარჩენილი პოზიციები, კოეფიციენტების გარეშე, სამართლიანად გაენაწილებინა აპლიკანტების მიერ გამოცდაზე მიღებული ქულების მიხედვით, რაც 29 წელს გადაცილებულ პირებსაც დაუტოვებდა პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას. ასეთი სისტემა ასაკობრივი კატეგორიების ინტერესებს შორის დაადგენდა სამართლიან ბალანსს და ასევე ხელს შეუწყობდა პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში მრავალფეროვნების მიღწევას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არის დისკრიმინაციული, ამასთანავე, იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ განათლების მიღების უფლებასთან, ვინაიდან მას მნიშვნელოვნად უმცირდება ან სრულად ერთმევა შესაძლებლობა, მოხვდეს სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
13. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საერთაშორისო სამართლის აქტებსა და სასამართლო პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1549 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2021 წლის 2 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით, განსაზღვრავს კოეფიციენტებს პირთა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, რომლის საფუძველზეც, პრიორიტეტი ენიჭებათ დაბალ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფ აპლიკანტებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება გაუმართლებლად ზღუდავს განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას, რადგან იგი არ თავსდება სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ ასაკობრივ კატეგორიაში, რაც მის მიერ პროფესიული განათლების მიღებისთვის დამატებით ბარიერს წარმოადგენს.
3. აღსანიშნავია, რომ „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანების მე-2 მუხლით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანება. სწორედ ძალადაკარგულად ცნობილი სამართლებრივი აქტი შეიცავდა №1549 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ ნორმას.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმების შემთხვევაში, საქმისწარმოების გაგრძელების საკითხზე მსჯელობისას აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, შეფასდეს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის იდენტური/მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არსებობის ფაქტი.
5. როგორც უკვე აღინიშნა, №1549 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა აწესრიგებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა განაწილების წესს და განსხვავებული კოეფიციენტის დადგენის გამო პრიორიტეტს ანიჭებს დაბალ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფ აპლიკანტებს. მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის საფუძველზეც 19 წლამდე აპლიკანტების საგამოცდო ქულები ავტომატურად მრავლდება 1.3 კოეფიციენტზე, 20-29 წლის აპლიკანტების საგამოცდო ქულები 1.1 კოეფიციენტზე, ხოლო 29 წლის ზევით ასაკის მქონე აპლიკანტების საგამოცდო ქულები რჩება უცვლელი.
6. სადავო ნორმის გაუქმების შემდეგ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა განაწილების წესს აწესრიგებს „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანება. დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობების“ მე-8-მე-11 მუხლების შესაბამისად, ახლებურად მოწესრიგდა პროფესიულ პროგრამაზე აპლიკანტების შერჩევისა და მიღების წესი, კერძოდ, განსხვავებით №1549 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმისაგან, აპლიკანტთა შერჩევისას ყურადღება ექცევა აპლიკანტის განათლების მიღწეულ დონეს და არა მათ ასაკს, ამასთანავე, მინისტრის დასახელებული ბრძანების 21-ე მუხლის თანახმად, პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება აპლიკანტთა ორი პარალელური სიიდან, რომელიც დგება პირის განათლების მიღწეული დონის გათვალისწინებით. ამდენად, ნათელია, რომ №1549 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, აპლიკანტთა შერჩევა და ჩარიცხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მოქმედი საკანონმდებლო აქტით მოწესრიგებულია არსებითად განსხვავებულად და არ იკვეთება იმგვარი ნორმის არსებობის ფაქტი, რომელიც იდენტურად/მსგავსად მოაწესრიგებდა სადავო საკითხს.
7. იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შემდეგ მოქმედი სამართლებრივი აქტით/ნორმებით განსხვავებულად წესრიგდება მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა და არ იკვეთება ძალადაკარგული ნორმების მსგავსი/იდენტური შინაარსის მქონე მოქმედი ნორმების არსებობის ფაქტი, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმეზე წარმოების გაგრძელების საფუძველი, მიუხედავად იმისა, გამოხატავს თუ არა მოსარჩელე საქმისწარმოების გაგრძელების უწყვეტ სამართლებრივ ინტერესს.
8. შესაბამისად, „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულია. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე და, ამასთანავე, არ იკვეთება სამართალწარმოების გაგრძელების ზემოხსენებული საფუძველი. ყოველივე აღნიშნული კი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1549 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1549 კონსტიტუციურ სარჩელზე („ნათია შავაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში