ნათია შავაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1549 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ნათია შავაძე |
თარიღი | 17 ნოემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2013 წლის 27 სექტემბერის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბერის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის : „რეიტინგულ სიებში აპლიკანტთა ადგილის განსაზღვრის მიზნით, მათ მიერ ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულების ჯამი მრავლდება რეგისტრაციის დასრულების მომენტისათვის აპლიკანტის ასაკისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღების სტატუსის შესაბამის კოეფიციენტზე შემდეგი წესით: ა) აპლიკანტთა ასაკის შესაბამისად, მათ მიერ მიღებული ქულა მრავლდება შემდეგ კოეფიციენტზე: ა.ა) 19 წლის ჩათვლით – 1.3; ა.ბ) 20-დან -29 წლის ჩათვლით – 1.1; ა.გ) 30 წელი და ზევით – 1“ ის ნორმატიული შინაარსი, რაც მიემართება ქულების ან ქულათა ჯამის გამრავლებას აპლიკანტის ასაკზე. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. |
პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბერის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის : „რეიტინგულ სიებში აპლიკანტთა ადგილის განსაზღვრის მიზნით, მათ მიერ ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულების ჯამი მრავლდება რეგისტრაციის დასრულების მომენტისათვის აპლიკანტის ასაკისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღების სტატუსის შესაბამის კოეფიციენტზე შემდეგი წესით: ა) აპლიკანტთა ასაკის შესაბამისად, მათ მიერ მიღებული ქულა მრავლდება შემდეგ კოეფიციენტზე: ა.ა) 19 წლის ჩათვლით – 1.3; ა.ბ) 20-დან -29 წლის ჩათვლით – 1.1; ა.გ) 30 წელი და ზევით – 1“ ის ნორმატიული შინაარსი, რაც მიემართება ქულების ან ქულათა ჯამის გამრავლებას აპლიკანტის ასაკზე. | საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
მოსარჩელე არის 38 წლის ქალი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდებში, რათა ჩაებარებინა სსიპ კოლეჯ „ბლექსი“-ში კულინარიის მოდელური ხელოვნების სასწავლო პროგრამაზე. მოსარჩელემ გამოცდაზე მიიღო 91.25 ქულა და ვინაიდან მისი ასაკი არის 29 წელზე ზევით, მისი ქულა სადავო ნორმის მიხედვით გადამრავლდა 1-ზე და დარჩა იგივე. სსიპ კოლეჯი „ბლექსის“-გან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა(იხ: დანართი 1) და სპეციალური ელექტრონული სარეგისტრაციო საიტის(vet.emis.ge: იხ. დანართი 2) მეშვეობით დგინდება, რომ მოსარჩელემ სსიპ კოლეჯი „ბლექსი“-ში ჩაბარების მსურველთა შორის დაიკავა მე-14 სარეიტინგო ადგილი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილების რაოდენობა იყო 15, ის მაინც ვერ მოხვდა მისთვის სასურველ პროგრამაზე. სსიპ კოლეჯი „ბლექსი“-სგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ 2020 წლის მიღებისათვის კულინარიის ხელოვნების მოდალურ პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების ზღვრული რაოდენობა შეადგენს 15-ს. მათ შორის, 3 ადგილი განკუთვნილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის, რომლებიც კოლეჯში ირიცხებიან ალტერნატიული ჩარიცხვის წესის შესაბამისად. მოსარჩელის მიერ სსიპ კოლეჯი „ბლექსი“-გან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით(იხ: დანართი 5) დგინდება, რომ მოსარჩელისთვის სასურველ პროგრამაზე მოხვდნენ ის აპლიკანტები, რომელთა ქულებიც სადავო ნორმის მიხედვით გადამრავლდა 1.3 კოეფიციენტზე.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მოსარჩელისთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე მოხვედრილ აპლიკანტთა პირველი ხუთეული 19 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტებს წარმოადგენენ. აღნიშნულ პროგრამაზე პირველი ხუთეულის რეიტინგი შემდეგნაირია:
1. რეიტინგით პირველი ქულა - 118.625; ასაკი - 18 წლის
2. რეიტინგით მეორე ქულა - 110.500; ასაკი - 17 წლის
3. რეიტინგით მეორე ქულა - 110.500; ასაკი 16 წლის
4. რეიტინგით მესამე ქულა - 105.625; ასაკი 16 წლის
5. რეიტინგით მესამე ქულა - 105.625; ასაკი 16 წლის
გარდა იმისა, რომ აღნიშნული აპლიკანტები მიეკუთვნებიან 19 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფს, ისინი შესაძლოა ასევე წარმოადგენდნენ სოციალურად დაუცველ პირებს. პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2013 წლის 27 სექტემბერის №152/ნ ბრძანების 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის შენიშვნის მიხედვით: ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკობრივ კოეფიციენტთან ერთად „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობის შემთხვევაში აპლიკანტის მიერ მიღებული ქულა მრავლდება იმ კოეფიციენტზე, რომელიც უფრო მაღალი. ბრძანების 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს იმ კოეფიციენტს, რომელზეც მრავლდება სოციალურად დაუცველი აპლიკანტის ქულა. აღნიშნული კოეფიციენტი შეადგენს 1.2-ს. შესაბამისად, შესაძლოა რეიტინგის პირველი ხუთეულიდან რომელიმე ამავდროულად იყოს სოციალურად დაუცველი პირი, თუმცა მათ სადავო ნორმა რეიტინგის შედგენისას უპირატესობას მიანიჭებს არა სოციალური კუთვნილების, არამედ ასაკის ნიშნის მიხედვით და მათ მიერ გამოცდაზე მიღებული ქულა გადამრავლდება 1.3 კოეფიციენტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელესთან მიმართებით სადავო ნორმამ რეიტინგის პირველ ხუთეულს უპირატესობა მიანიჭა სწორედ ასაკის ნიშნის მიხედვით და მათი ქულები გადამრავლდა 1.3 კოეფიციენტზე.
იმის დასადგენად არის თუ არა მოსარჩელე სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი პირი, მნიშვნელოვანია დავადგინოთ როგორ მოხდებოდა აპლიკანტთა ჩარიცხვა შპს „ბლექსიში“ კულინარიის ხელოვნების მოდალურ პროგრამაზე სადავო ნორმის არ არსებობის პირობებში.
ის თუ როგორია ახლანდელი სარეიტინგო სია და როგორ იქნებოდა რეიტინგული სიის პირველი ხუთეულის ქულები ასაკობრივი კატეგორიისთვის დადგენილი კრიტერიუმები რომ არ არსებულიყო წარმოდგენილია ქვემოთ მოცემული ცხრილის სახით.
რეიტინგის N |
ასაკი |
სარეიტინგო ქულა 1.3 კოეფიციენტზე გადამრავლების შემდეგ |
სარეიტინგო ქულა კოეფიციენტზე გადამრავლების გარეშე |
N1 |
18 წლის |
118.625 |
91.25 |
N2 |
17 წლის |
110.500 |
85 |
N2 |
16 წლის |
110.500 |
85 |
N3 |
16 წლის |
105.625 |
81.25 |
N3 |
16 წლის |
105.625 |
81.25 |
აღნიშნული საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ სარეიტინგო სიაში პირველი აპლიკანტისა და მოსარჩელის ქულები არის თანაბარი. შესაბამისად, ვადგენთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოხვედრის მსურველთათვის რომ არ არსებულიყო ასაკობრივი ჯგუფებისთვის დადგენილი კრიტერიუმები, მოსარჩელე მოხვდებოდა სასურველ პროგრამაზე. შესაბამისად, მოსარჩელეს დაერღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 27-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებები და ის წინამდებარე სარჩელისთვის წარმოადგენს უფლებამოსილ პირს.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 და 27-ე მუხლებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) დავის საგანს წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იერარქიულად მაღალი საკანონმდებლო აქტის გასაჩივრების გარეშე
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული განათლების სფეროში ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს. აღნიშნული მუხლის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადასცა უფლებამოსილება, დაედგინა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები. იგივე უფლებამოსილებას ითვალისწინებდა 20/09/2018 წლამდე მოქმედი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც სამინისტრო ამტკიცებდა პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე განსაზღვრა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბერის №152/ნ ბრძანებით. მოსარჩელეს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და 27-ე მუხლის პირველი პუნქტებით დაცულ უფლებებს უზღუდავს სწორედ აღნიშნული ბრძანება, რომელიც წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. ნორმატიული აქტების იერარქიაში მისი ზემდგომი საკანონმდებლო აქტია პროფესიული განათლების შესახებ კანონი. პროფესიული განათლების შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო პროცესისა და საჭირო სპეციალური საგანმანათლებლო მომსახურების არსებობა, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობა. „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონი, გარდა მე-4 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა, არ ადგენს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხვედრის მსურველ აპლიკანტთა დიფერენცირებას. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხვედრის მსურველ აპლიკანტთა დიფერენცირებას ასაკის ნიშნით ადგენს მხოლოდ პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბერის №152/ნ ბრძანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. დავის საგანი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N152/ნ ბრძანება პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე ადგენს პროფესიული ტესტირების ჩატარების წესსა და პირობებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის(შემდეგში ცენტრი) მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების საფუძველზე, გამოვლინდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც მოიპოვებენ სწავლის უფლებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე.
2020 წლის 28 მაისს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის N59/ნ ბრძანებით პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N152/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ბრძანების 24-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახლებურად. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ცენტრი ტესტირების შემდეგ ქმნის აპლიკანტთა რეიტინგულ სიებს თითოეული დაწესებულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით. რეიტინგულ სიებში აპლიკანტების განაწილება ხდება რეგისტრაციისას მათ მიერ არჩეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და აპლიკანტის მიერ მიღებული ქულის/ქულების, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კოეფიციენტის მიხედვით. მე-3 პუნქტის მიხედვით: რეიტინგულ სიებში აპლიკანტთა ადგილის განსაზღვრის მიზნით, მათ მიერ ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულების ჯამი მრავლდება რეგისტრაციის დასრულების მომენტისათვის აპლიკანტის ასაკისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღების სტატუსის შესაბამის კოეფიციენტზე შემდეგი წესით: ა) აპლიკანტთა ასაკის შესაბამისად, მათ მიერ მიღებული ქულა მრავლდება შემდეგ კოეფიციენტზე: ა.ა) 19 წლამდე - 1.3 ა.ბ) 20-29 წელი 1.1. ა.გ) 29 წელი და ზევით - 1.
მოსარჩელე არის 38 წლის ქალი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდებში, რათა ჩაებარებინა სსიპ კოლეჯ „ბლექსი“-ში კულინარიის მოდელური ხელოვნების სასწავლო პროგრამაზე. მოსარჩელემ გამოცდაზე მიიღო 91.25 ქულა და ვინაიდან მისი ასაკი არის 29 წელზე ზევით, მისი ქულა 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით გადამრავლდა 1-ზე და დარჩა იგივე. სსიპ კოლეჯი „ბლექსის“-გან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა(იხ: დანართი 1) და სპეციალური ელექტრონული სარეგისტრაციო საიტის(vet.emis.ge: იხ. დანართი 2) მეშვეობით დგინდება, რომ მოსარჩელემ სსიპ კოლეჯი „ბლექსი“-ში ჩაბარების მსურველთა შორის დაიკავა მე-14 სარეიტინგო ადგილი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილების რაოდენობა იყო 15, ის მაინც ვერ მოხვდა მისთვის სასურველ პროგრამაზე. სსიპ კოლეჯი „ბლექსი“-სგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ 2020 წლის მიღებისათვის კულინარიის ხელოვნების მოდალურ პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების ზღვრული რაოდენობა შეადგენს 15-ს. მათ შორის, 3 ადგილი განკუთვნილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის, რომლებიც კოლეჯში ირიცხებიან ალტერნატიული ჩარიცხვის წესის შესაბამისად. მოსარჩელის მიერ სსიპ კოლეჯი „ბლექსი“-გან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით(იხ: დანართი 5) დგინდება, რომ მოსარჩელისთვის სასურველ პროგრამაზე მოხვდნენ ის აპლიკანტები, რომელთა ქულებიც სადავო ნორმის მიხედვით გადამრავლდა 1.3 კოეფიციენტზე.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მოსარჩელისთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე მოხვედრილ აპლიკანტთა პირველი ხუთეული 19 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტებს წარმოადგენენ. აღნიშნულ პროგრამაზე პირველი ხუთეულის რეიტინგი შემდეგნაირია:
1. რეიტინგით პირველი ქულა - 118.625; ასაკი - 18 წლის
2. რეიტინგით მეორე ქულა - 110.500; ასაკი - 17 წლის
3. რეიტინგით მეორე ქულა - 110.500; ასაკი 16 წლის
4. რეიტინგით მესამე ქულა - 105.625; ასაკი 16 წლის
5. რეიტინგით მესამე ქულა - 105.625; ასაკი 16 წლის
გარდა იმისა, რომ აღნიშნული აპლიკანტები მიეკუთვნებიან 19 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფს, ისინი შესაძლოა ასევე წარმოადგენდნენ სოციალურად დაუცველ პირებს. პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2013 წლის 27 სექტემბერის №152/ნ ბრძანების 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის შენიშვნის მიხედვით: ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკობრივ კოეფიციენტთან ერთად „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობის შემთხვევაში აპლიკანტის მიერ მიღებული ქულა მრავლდება იმ კოეფიციენტზე, რომელიც უფრო მაღალი. ბრძანების 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს იმ კოეფიციენტს, რომელზეც მრავლდება სოციალურად დაუცველი აპლიკანტის ქულა. აღნიშნული კოეფიციენტი შეადგენს 1.2-ს. შესაბამისად, შესაძლოა რეიტინგის პირველი ხუთეულიდან რომელიმე ამავდროულად იყოს სოციალურად დაუცველი პირი, თუმცა მათ სადავო ნორმა რეიტინგის შედგენისას უპირატესობას მიანიჭებს არა სოციალური კუთვნილების, არამედ ასაკის ნიშნის მიხედვით და მათ მიერ გამოცდაზე მიღებული ქულა გადამრავლდება 1.3 კოეფიციენტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელესთან მიმართებით სადავო ნორმამ რეიტინგის პირველ ხუთეულს უპირატესობა მიანიჭა სწორედ ასაკის ნიშნის მიხედვით და მათი ქულები გადამრავლდა 1.3 კოეფიციენტზე.
სადავო ნორმისა და სსიპ კოლეჯი „ბლექსი“-გან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ სარეიტინგო სიაში პირველი აპლიკანტისა და მოსარჩელის გამოცდაზე მიღებული ქულები არის თანაბარი. ხოლო გამოცდაზე მიღებული ქულების სადავო ნორმით დადგენილ კრიტერიუმებზე გადამრავლების შედეგად მოსარჩელის სარეიტინგო ადგილმა 13 ერთეულით ქვემოთ გადაინაცვლა, რის გამოც ვერ მოხვდა სასურველ პროგრამაზე. შესაბამისად, ვადგენთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოხვედრის მსურველთათვის რომ არ არსებულიყო ასაკობრივი ჯგუფებისთვის დადგენილი კრიტერიუმები, მოსარჩელე მოხვდებოდა სასურველ პროგრამაზე. შესაბამისად, მოსარჩელეს დაერღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 27-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებები.
სადავო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ 29 წელს ზემოთ მყოფი აპლიკანტები, მათ შორის მოსარჩელე, 19 წლამდე და 19-დან 29 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტებთან მიმართებით ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდებში არიან არახელსაყრელ მდგომარეობაში. შესაბამისად, მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია ბრძანების 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 19 წლამდე, ასევე 19-დან 29 წლამდე ასაკობრივ კატეგორიის აპლიკანტებს, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველები, 29 წელზე ზემოთ მყოფ აპლიკანტებთან მიმართებით პროფესიული გამოცდების ჩაბარებისას აყენებს უპირატეს მდგომარეობაში საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 27-ე მუხლის პირველ პუნქტებთან მიმართებით.
2. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
2.1.უფლებით დაცული სფერო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით: „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვითაც: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით“.[1]
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას საჭიროა შემოწმდეს: 1. არის თუ არა სახეზე დიფერენცირებული მოპყრობა; 2. არის თუ არა დიფერენცირება დისკრიმინაციული? მოსარჩელის მსჯელობაც სწორე აღნიშნული ეტაპების შესაბამისად იქნება წარმოდგენილი.
2.2. დიფერენცირება/უფლებაში ჩარევა
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენცირებული მოპყრობა სახეზეა, როდესაც არსებითად თანასწორ პირებს კანონი ეპყრობა განსხვავებულად ან პირიქით: „ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირები შედარებად კატეგორიებს უნდა წარმოადგენდნენ; ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა და ურთიერთობებში; ერთი და იგივე პირები გარკვეულ ურთიერთობასთან, ვითარებასთან მიმართებით შეიძლება განხილულ იქნენ არსებითად თანასწორად, ხოლო სხვა გარემოებებთან მიმართებით - არა.”[2]
სადავო ნორმის მიხედვით 19 წლამდე და 19-დან 29 წლამდე ასაკობრივი კატეგორიაში მყოფი აპლიკანტების გამოცდაზე მიღებული ქულა მრავლდება 1.3 და 1.1 კოეფიციენტებზე. ამისგან განსხვავებით, სადავო ნორმის მიხედვით 29 წელს ზემოთ მყოფი აპლიკანტების გამოცდაზე მიღებული ქულა მრავლდება 1-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდაზე მიღებული ქულა რჩება იგივე. ამასთან, პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრა დამოკიდებულია გამოცდაზე მიღებული ქულით - რაც მაღალია ქულა, მით მაღალია აპლიკანტის რეიტინგი და იმის ალბათობა, რომ ის მისთვის სასურველ პროგრამაზე მოხვდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შევაფასოთ რამდენად არიან 29 წელს ზემოთ მყოფი ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტები 19 წლამდე და 19-დან 29 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტებთან მიმართებით არსებითად თანასწორები.
სადავო ნორმა პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარების მსურველ აპლიკანტებს ყოფს ასაკის ნიშნით და რეიტინგულ სიებში აპლიკანტთა ადგილის განსაზღვრის მიზნით კოეფიციენტების განსაზღვრასაც ასაკობრივ კატეგორიას უკავშირებს. თოთოეული ასაკობრივი ჯგუფი არსებითად თანასწორია, რადგან გამოცდებში მონაწილეობისას ისინი თანაბარი სტატუსით სარგებლობენ და მათ ინტერესს წარმოადგენს სასურველ პროფესიულ პროგრამაზე მოხვედრა. ამასთან არ არსებობს პირდაპირი კორელაცია ასაკსა და პროფესიისთვის საჭირო უნარ ჩვევებს ან სხვა გარემოებებს შორის, რომელსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ აპლიკანტთა მიერ გამოცდებში ქულების მიღებაზე. ამასთან მზარეულის პროფესიის შეძენის ინტერესი და ამ გზით შემოსავლის მიღების, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ინტერესი თანაბრად გააჩნია ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შესადარებელ ჯგუფებს გააჩნიათ თანასწორი ინტერესი ჩააბარონ სასურველ პროფესიულ სასწავლებელში და დაეუფლონ სასურველ პროფესიას, ხოლო სადავო ნორმა განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებს შედეგებზე გავლენის მოხდენის განსხვავებულ შესაძლებლობას აძლევს, სახეზეა არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირება ასაკის ნიშნით. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ სახეზეა კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა, რომლის კონსტიტუციურობის საკითხიც ქვემოთ იქნება განხილული.
2.3. უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დიფერენცირების კონსტიტუციური შეფასება ხდება მკაცრი ან რაციონალური დიფერენცირების ტესტის მეშვეობით. თუ დიფერენცირება ხდება კლასიკური ნიშნით, ან დიფერენცირება არის მაღალი ინტენსივობის, სადავო ნორმის შეფასება ხდება მკაცრი ტესტის გამოყენებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამოიყენება რაციონალური დიფერენცირების ტესტი.
მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა დიფერენცირებას ახდენს ასაკის ნიშნით, რაც არ წარმოადგენს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ კლასიკურ ნიშანს, შესაბამისად, მკაცრი ტესტის გამოყენების აღნიშნული წინაპირობა არ კმაყოფილდება. ამდენად, უნდა შეფასდეს სადავო ნორმით დაწესებული დიფერენცირების ინტენსივობის ხარისხი. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან“[3]. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს რამდენად სცილდება ერთმანეთს პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მსურველთა შესაძლებლობები.
ის თუ რამდენად აშორებს სადავო ნორმა მოსარჩელეს შესადარებელ ჯგუფებთან მიმართებით, განხილული იქნება ცალ-ცალკე.
29 წლის ზემოთ აპლიკანტების გამოცდაზე მიღებული ქულა მრავლდება 1-ზე, ხოლო 19-დან 29 წლამდე აპლიკანტების მიერ გამოცდაზე მიღებული ქულა 1.1-ზე. შესაბამისად, გამოცდაზე თანაბარი ქულების მიღების შემთხვევაში მოსარჩელესა და 19-დან 29 წლამდე აპლიკანტებს შორის პროფესიულ სასწავლებელში 19-დან 29 წლამდე კატეგორიის აპლიკანტები მოხვდებიან. იმისთვის, რომ მოსარჩელემ გამოცდაზე აჯობოს 19-დან 29 წლამდე აპლიკანტებს, მათზე 1.1-ჯერ მაღალი ქულა უნდა აიღოს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მოსარჩელე გამოცდაში მაქსიმალურ ქულას(100) აიღებს, 91 ქულის მქონე 19-დან 29 წლამდე ასაკის აპლიკანტი მას გადაუსწრებს, რადგან მისი ქულა გადამრავლდება 1.1-ზე და 100.1 ქულით ჩარიცხვისას მას მიენიჭება უპირატესობა. შესაბამისად, მოსარჩელეებთან მიმართებით 19-დან 29 წლამდე აპლიკანტებს ყოველთვის აქვთ 9 ქულიანი უპირატესობა, რაც შედეგებზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად აცილებს შესადარებელ ჯგუფებს პროფესიულ სასწავლებლებში მოხვედრის თანაბარი შესაძლებლობებისგან, რადგან სასწავლებელში მოხვედრას ხშირად ათეულები და ასეულები განსაზღვრავს.
მოსარჩელე გაცილებით მეტადაა დაშორებული ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარ შესაძლებლობებს 19 წლამდე აპლიკანტებისთვის. იმისათვის, რომ მოსარჩელემ გამოცდაზე აჯობოს 19 წლამდე ასაკის აპლიკანტებს, მათზე 1.3-ჯერ მაღალი ქულა უნდა აიღოს. ეს იმას ნიშნავს, რომ 19 წლამდე აპლიკანტს, რომელსაც აქვს 77 ქულა, შეუძლია აჯობოს 100 ქულის მქონე 29 წელზე მეტი ასაკის აპლიკანტს. სხვა სიტყვებით, 19 წლამდე აპლიკანტები მოსარჩელესთან მიმართებით ყოველთვის 23 ქულიანი უპირატესობით სარგებლობენ, რაც უფრო მეტად აშორებს აღნიშნულ ჯგუფებს პროფესიულ სასწავლებლებში მოხვედრის თანაბარი შესაძლებლობებისგან.
იმისთვის, რომ საბოლოოდ დავადგინოთ რამდენად აშორებს სადავო ნორმა შესადარებელ ჯგუფებს ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან, საინტერესოა დავაკვირდეთ სადავო ნორმის პრაქტიკაში მოქმედების შემთხვევებს. მოსარჩელემ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით შექმნილ აპლიკანტთა რეიტინგული სიის შესახებ(იხ: დანართი 3). აღნიშნული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სადავო ნორმით გამოწვეული დიფერენცირების გამო სსიპ კოლეჯ “ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ ინფორმაციის ტექნოლოგიების პროგრამაზე, კომპიუტერული ქსელისა და სისტემების პროგრამაზე, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების პროგრამაზე, ვებ-ტექნოლოგიების პროგრამაზე, ასევე სსიპ კოლეჯი „მერმისის“ ვებ-ტექნოლოგიების პროგრამაზე და სსიპ კოლეჯი „სპექტრის“ ვებ-ტექნოლოგიების პროგრამაზე საერთოდ ვერ მოხვდნენ 29 წელზე ზემოთ მყოფი აპლიკანტები, რადგან მისაღების სტუდენტების რაოდენობა მთლიანად დაკომპლექტდა 19 წლამდე, 19-დან 29 წლამდე, სოციალურად დაუცველი პირებისა და სსსმ პირებთა მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულ პროგრამებზე მაღალი იყო რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა და აღნიშნული დაწესებულებები მდებარეობს თბილისში. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სადავო ნორმით გამოწვეული დიფერენცირების გამო მოსარჩელის ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფი საერთოდ ვერ მოხვდა ყველაზე მოთხოვნად რამდენიმე პროგრამაზე.
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N152/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების პროექტთან დაკავშირებული განმარტებითი ბარათის(იხ: დანართი 4) მიხედვით 29 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფისთვის სახელმწიფო ავითარებს ე.წ ზრდასრულთა სწავლების სისტემას პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემის მეშვეობით. დიფერენცირების ინტენსივობის შესაფასებლად საჭიროა განვიხილოთ აღნიშნული ალტერნატივა.
პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დამტკიცების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის N59/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პროფესიული მომზადების პროგრამა არის პროგრამა, რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. აღნიშნული პროგრამები შეიქმნა 2019 წელს და უკვე მეორე წელია ხდება მათი პოპულარიზაცია. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების დაფინანსების მიზნით ყოველწლიურად განსაზღვრავს პრიორიტეტულ პროგრამებს. მინისტრის ბრძანების მიხედვით წლევანდელი პრიორიტეტებია: ა) ხელოვნება; ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება; გ) ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; დ) ინჟინერია და საინჟინრო საქმე; ე) წარმოება და გადამუშავება; ვ) არქიტექტურა და მშენებლობა; ზ) სოფლის მეურნეობა; თ) მეტყევეობა; ი) მეთევზეობა; კ) ვეტერინარია; ლ) ინტერდისციპლინური; მ) ჯანდაცვა; ნ) პერსონალური მომსახურებები და ო) ტრანსპორტის მომსახურებები(იხ: დანართი 6). აღნიშნული ბრძანების მიხედვით ირკვევა, რომ წლევანდელ პრიორიტეტში არ მოხვდა კულინარიის პროგრამა, რომელიც მოსარჩელის სასურველ პროგრამას წარმოადგენდა. ამისგან განსხვავებით კულინარიის პროფესიული პროგრამა სრულიად ფინანსდება ვაუჩერული სისტემით სახელმწიფოს მიერ. ამასთან, პორტალზე vet.emis.ge, სადაც მოცემულია მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები, ამჟამად გამოცხადებულია სულ 4 პროფესიული მომზადების/გადამზადების პროფესიული პროგრამა, რომელთაგან არცერთი არ არის კულინარია. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატივის სახით არსებობს მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები, ისინი ვერ სთავაზობენ ისეთ პროგრამას, რომელიც შეამცირებდა დიფერენცირების ინტენსივობას, ერთი მხრივ, 19 წლამდე პირებს, მეორე მხრივ, 29 წელს გადაცილებულ პირებს შორის.
აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადავო ნორმით გამოწვეული დიფერენცირების გამო შესადარებელი ჯგუფები პროფესიულ სასწავლებლებში მოხვედრის თანაბარი შესაძლებლობებისგან მნიშვნელოვნად არიან დაშორებული, რის გამოც სადავო ნორმა მაღალი ინტენსივობით ხასიათდება, და შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხი მკაცრი ტესტის კრიტერიუმებით უნდა გადაწყდეს. ამ ტესტის ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს `სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი.
მანამ სანამ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებაზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია მსგავს საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზება, რომელიც შემდეგ თავში იქნება განხილული.
2.3.1. ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა განათლების სფეროში პოზიტიურ დისკრიმინაციასთან(affirmative action) მიმართებით
როგორც უკვე ვახსენეთ, სადავო ნორმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის სურვილის მქონე ინდივიდებს აყენებს დიფერენცირებულ მდგომარეობაში. კერძოდ, პროფესიული გამოცდების ჩაბარებისას უპირატესობა ენიჭებათ 19 წლამდე ასაკის აპლიკანტების ქულებს 1.3 კოეფიციენტით, 19-29 წლამდე ასაკის აპელანტების ქულებს 1.1. კოეფიციენტით, ხოლო 29 წელს გადაცილებული აპლიკანტების ქულები რჩება უცვლელი. ამგვარად, სადავო ნორმა ასაკის ნიშნის მიხედვით ახდენს პოზიტიურ დისკრიმინაციას პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის სურვილის მქონე ინდივიდთაგან გარკვეული ჯგუფების მიმართ.
მოცემულ თავში განხილული იქნება ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ პოზიტიურ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. მართალია ქართული და ამერიკული რეალობა განსხვავდება იმით, რომ პოზიტიური დისკრიმინაციის ნიშანს ერთ შემთხვევაში წარმოადგენს ასაკი, მეორეში კი რასა, თუმცა ამის მიუხედავად, მოცემულ თავში განხილულ სასამართლო გადაწყვეტილებებში განვითარებული მსჯელობა დაგვეხმარება ზოგადად განათლების სფეროში არსებული პოზიტიური დისკრიმინაციის ინსტიტუტის გააზრებაში, მის საჭიროებასა და ავკარგიანობის შეფასებაში.
University of California Regents v. Bakke[4]
ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტს აპლიკანტთა მისაღებად დაწესებული ჰქონდა რეგულარული და სპეციალური მიღების პროცედურები. რეგულარული პროცედურის მიხედვით, აპლიკანტის შეფასება ხდებოდა მისი აკადემიური მოსწრების, სპეციალიზაციის გამოცდის ქულის, სარეკომენდაციო წერილის, ექსტრაკურიკულური აქტივობებისა და სხვა ბიოგრაფიული მონაცემების შეჯერების შედეგად. სპეციალური მიღების პროცედურას კი გადიოდნენ უმცირესობის წარმომადგენელი აპლიკანტები. აღნიშნული პროცედურის მიხედვით, თუკი აპელანტი საკუთარ თავს მიიჩნევდა უმცირესობის წარმომადგენელ ჯგუფად, ის უნივერსიტეტში მოსახვედრად სპეციალური მიღების პროცედურას გაივლიდა, რომელიც რეგულარული მიღების პროცედურისგან იმით განსხვავდებოდა, რომ აპელანტთა შეფასება შედარებით მსუბუქად ხდებოდა და დიდი ყურადღება არ ეთმობოდა აპელანტთა აკადემიურ მოსწრებას. სპეციალურ მიღების პროცედურას გადიოდნენ კვოტირებული აპელანტები, კვოტა კი წლების მიხედვით განსხვავდებოდა და დამოკიდებული იყო აპლიკანტთა მიღების საერთო რაოდენობაზე. მოსარჩელე, რომელმაც აპლიკანტთა მიღების რეგულარული პროცედურის გავლის შემდეგ ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, მიიჩნევდა, რომ განსხვავებული მიღების პროცედურების არსებობა არღვევდა კონსტიტუციის მე-14 შესწორებით დაცულ თანასწორობის უფლებას, რადგან სპეციალური მიღების პროცედურის გავლის გზით უნივერსიტეტში მოხვდნენ მასზე დაბალი აკადემიური მოსწრების აპლიკანტები, შესაბამისად, განსხვავებული მიღების პროცედურა მას ართმევდა შესაძლებლობას უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველებს შეჯიბრებოდა შესაძლებლობების საფუძველზე.
ამერიკის უზენაეს სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა კალიფორნიის უნივერსიტეტში არსებული სპეციალური მიღების პროცედურა, რომელიც აპლიკანტებს უპირატესობას ანიჭებდა რასობრივი ან ეთნიკური ნიშნით არღვევდა თუ არა თანასწორობის უფლებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსხვავებული მიღების პროცედურების არსებობა ემსახურებოდა სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - უნივერსიტეტში ჩარიცხულ აპლიკანტთა შორის აღმოეფხვრა დისკრიმინაცია და კლასში ყოფილიყო მრავალფეროვნება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მიღების პროცედურაში რასობრივი/ეთნიკური წარმომავლობა შეიძლებოდა ჩათვლილიყო პლუსად კონკრეტული აპლიკანტის საქმეში, თუმცა ამ ფაქტს ამ ინდივიდის ხელმისაწვდომ/თავისუფალ ადგილებზე სხვა კანდიდატებთან შედარებისგან არ უნდა გამოერიცხა. თითოეული ფერადკანიანი ინდივიდის განცხადება განხილული უნდა ყოფილიყო იმის მიხედვით შეეძლო თუ არა მას წვლილი შეეტანა მრავალფეროვან და პლურალისტულ სასწავლო გარემოში. მსგავსი შერჩევის პროცედურა საკმარისად მოქნილი იყო იმისთვის, რომ ყველა შესაბამისი მრავალფეროვნების ელემენტი განხილულიყო კონკრეტული ინდივიდის კვალიფიკაციის შუქზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასწავლებელში მიღების პროცედურა აპლიკანტებს, რომლებიც არ იყვნენ უმცირესობის წევრები მთლიანად გამორიცხავდა განსაზღვრული პროცენტული ოდენობის მისაღები ადგილებიდან. ამასთან, მნიშვნელობას არ ანიჭებდა იმას, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი კონტრიბუცია მრავალფეროვან საგანმანათლებლო სისტემაში. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველი მიღების სისტემა არღვევდა მე-14 შესწორებით დაცულ უფლებას, რადგან როდესაც სახელმწიფო ახდენდა სერვისის ან სარგებლის განაწილებას, მისი მიღება დამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო იმაზე თუ რომელი რასისა და ეთნიკური წარმომავლობის ინდივიდი იქნებოდა მისი მიმღები.
Grutter v. Bollinger[5]
აღნიშნულ საქმეში ამერიკის უზენაეს სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მისაღები პროცედურა არღვევდა თუ არა კონსტიტუციის მე-14 შესწორებით დაცულ თანასწორობის უფლებას.
მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მისაღები პროცედურის მიხედვით განმცხადებლების შეფასება ხდებოდა თითოეული აპლიკანტის სარეკომენდაციო წერილის, ესსეის, აკადემიური მოსწრებისა(GPA) და სამართლის სკოლისთვის ჩასაბარებელი გამოცდის ტესტის(LSAT) ქულების მიხედვით. თუმცა, არც უმაღლესი ქულა იყო გარანტი უნივერსიტეტში მოსახვედრად და არც დაბალი შეფასება ნიშნავდა ავტოვმატურ უარს. ეს ყოველივე ხდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ გარდა ზემოთ დასახელებული შეფასების კრიტერიუმებისა, მიმღები კომისია ვალდებული იყო განეხილა თითოეული ინდივიდი მისი შეფასებიების მიღმა სოციალური ცხოვრებისა და ენთუზიაზმის მიხედვით, ასევე ის თუ რამდენად შეეძლო თითოეულ ინდივიდს უნივერსიტეტში მოხვედრით წვლილი შეეტანა საუნივერსიტეტო სოციუმის მრავალფეროვნებაში. აღნიშნული შეფასებისას კი რასა და ეთნიკური წარმომავლობა შეიძლებოდა განხილულიყო განმცხადებლის პლუსად. თუმცა, განსხვავებით University of California Regents v. Bakke საქმისგან, უნივერსიტეტი არ აწესებდა განსაზღვრული რაოდენობის კვოტებს უმცირესობებისთვის და ამასთან, როგორც უმცირესობების, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ერთი პროცედურის ფარგლებში.
მოსარჩელე ბარბარა გრუტერი, რომელსაც ჰქონდა 3.8 GPA და LSAT-ის 161 ქულა, ვერ მოხვდა მიჩიგანის უნივერსიტეტში, რის გამოც მიიჩნევდა, რომ სამართლის სკოლის შერჩევის პროცედურა არღვევდა კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რადგან მიღების პროცედურაში განმცხადებელთა მიღების კრიტერიუმად რასას იყენებდა.
მოცემულ შემთხვევაში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მიჩიგანის უნივერსიტეტის მიღების პროცედურა არ არღვევდა თანასწორობის უფლებას, რადგანაც ის ემსახურებოდა სახელმწიფოს დაუძლეველ ინტერესს - უნივერსიტეტში სტუდენტთა მრავალფეროვანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფას, ასევე ის იყო საკმარისად მოქნილი იმისთვის, რომ ეთნიკური კუთვნილება შეფასებულიყო სტუდენტის კვალიფიკაციასთან ერთად.
ამასთან აღნიშნულ საქმეში უმცირესობის მიმართ კუთვნილება იყო ერთი დამატებითი პლიუსი. როდესაც ერთი რასის წარმომადგენლებით უკვე დაკომპლექტებული იყო კლასი და თანაბარი შეფასება ჰქონდა ორი სხვადასხვა რასის წარმომადგენელს, უპირატესობა მიენიჭებოდა იმ რასის წარმომადგენელს, რომლის წარმომადგენელიც ჯერ არ იყო მოხვედრილი კონკრეტულ კლასში. ამ საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მრავალფეროვანი კლასი, სადაც სხვადასხვა გამოცდილების მქონე სტუდენტები არიან მოხვედრილი, ხელს უწყობს განათლების ხარისხის ზრდას. სწორედ ეს არგუმენტი გახდა იმის პირობა, რომ ამ საქმეში აშშ-ს უზენაეს სასამართლოს არ დაუდგენია კონსტიტუციის მე-14 შესწორების დარღვევა.
Gratz v. Bollinger[6]
მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მიჩიგანის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის აპლიკანტების მიმღები ოფისი განმცხადებელთა შეფასებისას აკადემიური მოსწრებისა და უნარ ჩვევების გარდა ყურადღებას აქცევდა ასევე მათ წარმომავლობას. განმცხადებელთა მიღების კონკურსში უმცირესობებს უპირატესობა ენიჭებოდათ. მოსარჩელეებმა, რომლებმაც შეფასების სისტემის მიხედვით მაღალი ქულები დაიმსახურეს, თუმცა მაინც ვერ მოხვდნენ უნივერსიტეტში, აღნიშნული განმცხადებელთა მიღების პროცედურა საბოლოოდ გაასაჩივრეს ამერიკის უზენაეს სასამართლოში და მოითხოვდნენ მის არაკონსტიტუციურად ცნობას, რადგან არღვევდა კონსტიტუციის მე-14 შესწორებით დაცულ თანასწორობის უფლებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ უნივერსიტეტის შესარჩევი პროცედურა, რომელიც უმცირესობის წევრ განმცხადებლებზე ავტომატურად ანაწილებდა 20 ქულიან ბონუსს არ წარმოადგენდა სტუდენტთა მრავალფეროვანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნის მიღწევის ვიწროდ მორგებულ საშუალებას. სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული განმცხადებელთა მიღების პროცედურა ეწინააღმდეგებოდა University of California Regents v. Bakke საქმეზე დადგენილ სტანდარტს, რადგან განმცხადებელზე, მისი რასიდან გამომდინარე, 20 ქულიანი ბონუსის ავტომატური გადანაწილება არ ითვალისწინებდა ინდივიდუალური შემთხვევების ფართომასშტაბიან გამოკვლევას.
განათლების სფეროში პოზიტიური დისკრიმინაციის საქმეებზე ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ პოზიტიური დისკრიმინაციული ქმედებების განხორციელებისას სახელმწიფო უნდა ცდილობდეს მწვავე სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას. ამასთან, სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად გამოყენებული პოზიტიური დისკრიმინაციული ქმედება უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს დაუძლეველ ინტერესზე ყველაზე ვიწროდ მორგებულ საშუალებას. მოცემულ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმა 19 წლამდე და 19-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფთან მიმართებით პროფესიულ სასწავლებელში მოსახვედრად უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, რაც პოზიტიურ დისკრიმინაციად უნდა იქნეს განხილული. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა სახელმწიფო დაუძლეველი ინტერესი შეიძლება იდგეს აღნიშნული დიფერენცირების უკან, რომელიც გაამართლებდა დიფერენცირებას. აღნიშნული საკითხის დასადგენად დაგვეხმარება ზემოთ განხილული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები.
განათლების უფლება წარმოადგენს სოციალურ უფლებას, რომელიც დაცულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით, რომელიც საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან. აღნიშნული პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას, ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარება და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უწყობდეს ყველა ერთისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. ამავე პაქტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: „ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას უზრუნველყონ, რომ ამ პაქტით გამოცხადებული უფლებები განხორციელდება რაიმე დისკრიმინაციის გარეშე, როგორიცაა რასის, ფერის, სექსის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოებების გამო. აღნიშნული საერთაშორისო პაქტი საქართველოს ავალდებულებს, ერთი მხრივ, აღიაროს თითოეული ადამიანის განათლების უფლება, და მეორე მხრივ, განათლების უფლების მიწოდებისას დაიცვას თანასწორობის უფლება. ამასთან, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პროფესიული განათლების ერთ-ერთი მიზანია „ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობის და მრავალფეროვნების გათვალისწინებით“.
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N152/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების პროექტთან დაკავშირებული განმარტებითი ბარათის(იხ: დანართი 4) მიხედვით სადავო ნორმით დაწესებულ შეზღუდვას ორი საფუძველი გააჩნია. განმარტებითი ბარათის მიხედვით ასაკობრივ კოეფიციენტთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია 15-24 წლის ასაკის პირების პროფესიულ განათლებაში ჩართულობის მაჩვენებლის ზრდის ვალდებულება ევროკავშირთან გაფორმებული ფინანსური შეთანხმების ფარგლებში. განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ 2018 წლის ნოემბერში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ფინანსურ შეთანხმებას „ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა“ (Skills Development and Matching for Labour Market Needs), რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან 49 მილიონ ევრომდე (48 850 000) დახმარებას მიიღებს. აღნიშნული თანხა მოხმარდება ქვეყანაში უნარების განვითარებას, პროგნოზირებას, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და მეწარმეობის სწავლებას. პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. პროგრამა მოიცავს საბიუჯეტო და ტექნიკური დახმარების კომპონენტებს. აღნიშნული თანხიდან, 30 მილიონი ევრო წარმოადგენს საბიუჯეტო დახმარებას, რომელიც 4 წლის მანძილზე, წინასწარ შეთანხმებული ვალდებულებების განხორციელების შესაბამისად, ტრანშების სახით პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება. ტრანშების ჩარიცხვა კი დამოკიდებულია პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული შესრულების ინდიკატორების მიღწევაზე, ხოლო თითოეული ინდიკატორის მიღწევაზე პასუხიმგებელია კონკრეტული ბენეფიციარი სამინისტრო. აქედან გამომდინარე, ვალდებულებებიდან, რომლის შესრულების მიხედვით საქართველო ევროკავშირისგან მიიღებს საბიუჯეტო დახმარებას, ორი ინდიკატორი დაკავშირებულია ახალგაზრდების, 15-24 ასაკობრივი ჯგუფის, პროფესიულ განათლებაში ჩართულობის ზრდასთან, ხოლო, ერთი ინდიკატორი დაკავშირებულია 15-29 წლის პროფესიული განათლების მქონე ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებლის ზრდასთან.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არავითარი ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს (თუ ინდივიდუალურად რომელიმე პროგრამა არ ადგენს ამას), ეს პროგრამები უფრო მეტად ახალგაზრდების საგანმანათლებლო საჭიროებებზეა მორგებული და მათთვის პრიორიტეტის მინიჭება სრულიად ლოგიკურია. განსაკუთრებით კი ეს ეხება 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში მყოფი პირებს, რომლებიც 9 კლასის დასრულების შემდეგ ტოვებენ სკოლას და იმ შემთხვევაში თუ პროფესიული განათლების სტუდენტები ვერ გახდებიან, საერთოდ განათლების მიღმა რჩებიან. პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ მისაღები ტესტირების დროს ზრდასრულები (რომლებიც ხშირად უნივერსიტეტის სტუდენტები არიან) მეტად კონკურენტუნარიანები არიან და 15-19 ასაკობრივი ჯგუფის აპლიკანტებს კონკურსის მიღმა ტოვებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს ასაკობრივი კოეფიციენტების დადგენას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისათვის.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვები ემსახურება ისეთი მიზნების მიღწევას, როგორიცაა ფინანსების მოზიდვა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში 15 დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, რათა აღნიშნული კატეგორიის ახალგაზრდებში დაიძლიოს უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემები. განმარტებითი ბარათის ასევე განმარტებას აკეთებს, რომ 29 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფისთვის სახელმწიფო ავითარებს ე.წ ზრდასრულთა სწავლების სისტემას პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემის მეშვეობით. 29 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფისთვის აღნიშნული ალტერნატივის შეთავაზება ემყარება იმ საფუძველს, რომ ზრდასრულ აპლიკანტებს სურვილი/საჭიროება აქვთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად განივითარონ დასაქმებისთვის საჭირო უნარები და გავიდნენ შრომის ბაზარზე, ამდენად მათთვის ხანგრძლივი და კომპლექსური პროფესიული სასწავლო პროგრამები ხშირ შემთხვევაში, არამიმზიდველია. სამინისტროს პოზიციით, ზრდასრულთა სწავლების სისტემის გაფართოებისა და დახვეწის, მრავალფეროვანი მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზების პარალელურად (რაც მთელი წლის განმავლობაშია ხელმისაწვდომი), სულ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს გრძელვადიან, კომპლექსურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ახალგაზრდების მოზიდვაზე.
ზემოთ დასახელებული შესაძლო ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე ფინანსების მოზიდვა არ წარმოადგენს დაუძლეველ სახელმწიფო ინტერესს, რომელიც პროფესიული განათლების მიღებისას აპლიკანტთა შორის დიფერენცირებას გაამართლებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მეორე სავარაუდო მიზანი - 15-29 წლამდე აპლიკანტების უმუშევრობის დაძლევა შეგვიძლია მივიჩნიოთ დაუძლეველ სახელმწიფო ინტერესად, რომლის მიმართაც, სახელმწიფოს გააჩნია განსაკუთრებული ზომების გატარების ინტერესი. უმუშევრობის აღმოფხვრა სახელმწიფოს მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში საჭიროა შევაფასოთ აღნიშნული მიზნის მიღწევისთვის გამოყენებული საშუალება - პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მოხვედრის პროცედურაზე დიფერენცირებული სისტემის არსებობა რამდენად წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.
2.3.2. გამოსადეგობა და აუცილებლობა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის(შემდეგში საქსტატი) ვებ გვერდზე[7] არსებული 2019 წლის მონაცემებიდან გამომდინარე შესაძლოა ვთქვათ, რომ ასაკის მიხედვით უმუშევრობის დონე ნამდვილად ჭარბობს 15-19(უმუშევარი მოსახლეობის 29.7%), 20-24(უმუშევარი მოსახლეობის 30.5%) და 25-29(უმუშევარი მოსახლეობის 18.9%) წლის მოსახლეობაში მოსახლეობის სხვა ასაკობრივ კატეგორიებში უმუშევრობის დონეს.. ასაკობრივი ნიშნით უმუშევრობის ტენდენციის მიხედვით ახალგაზრდა უმუშევარი მოსახლეობის ოდენობა აღემატება ზრდასრული მოსახლეობის უმუშევართა დონეს და რაც უფრო იზრდება მოსახლეობის ასაკი, მით უფრო მცირდება უმუშევრობის დონის პროცენტული მაჩვენებელი.
სადავო ნორმის მიხედვით, 19 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტებს 23 ქულიანი, ხოლო 19-დან 29 წლამდე ასაკის კატეგორიის აპლიკანტებს 9 ქულიანი უპირატესობა აქვთ 29 წლის ზემოთ მყოფი ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტებთან მიმართებით. ამდენა, უფრო რეალური შანსი აქვთ მოხვდნენ მათთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე და დაეუფლონ პროფესიას. მართალია პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის შემდეგ 15-29 წლამდე ასაკის პროფესიული უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, დაეუფლონ პროფესიას და დაიწყონ მუშაობა, რითაც შემცირდება მათი უმუშევრობის დონე, თუმცა, სადავო ნორმით დაწესებული დიფერენცირება არ არის ამ მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. სადავო ნორმის განმარტებითი ბარათიდან დგინდება, რომ დიფერენცირებით სახელმწიფო ცდილობს პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის უფრო მეტი შესაძლებლობა მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან კონკურენტუნარიანები ზრდასრულ ადამიანთან და ამასთან მათი უმუშევრობის დონეც აღემატება ზრდასრულ ადამიანების ასაკობრივი კატეგორიის უმუშევრობის დონეს. თუმცა, ისე როგორც არის დადგენილი დიფერენცირება, უპირატესობა შეიძლება მიენიჭოთ იმ ადამიანებს რომლებსაც არ ჰქონდეთ უპირატესობის მინიჭების საჭიროება. ვგულისხმობ შემთხვევას, როდესაც 15-19 წლამდე ასაკის აპლიკანტები არიან კონკურენტუნარიანები და ისინი არც სიღარიბესთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდიან. ასეთ დროს სადავო ნორმა პრივილეგიას მიანიჭებს ისეთ აპლიკანტებს, რომლებსაც არ სჭირდებათ პრივილეგია, და პრივილეგიის მინიჭებით პროფესიული სასწავლებლის მიღმა დარჩებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც შესაძლოა ყველაზე მეტად სჭირდებოდეთ პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრა და პროფესიის მიღება მათი სოციალური მდგომარეობის დასაძლევად. მეტიც, სადავო ნორმის მიხედვით 19 წლამდე აპლიკანტების ქულები რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველები და არიან კონკურენტუნარიანები გადამრავლდება 1.3- კოეფიციენტზე, მაშინ როდესაც სოციალურად დაუცველი 29 წელს ზემოთ მყოფი პირები დიფერენცირების გამო შესაძლოა დარჩნენ პროფესიული სასწავლებლის გარეთ.
უმუშევრობის აღმოფხვრა ნამდვილად წარმოადგენს დაუძლეველ სახელმწიფო მიზანს, თუმცა, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში პრივილეგია ენიჭებათ ყველა 19 წლამდე და 19-29 წლამდე აპლიკანტებს მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა და კონკურენტუნარიანობისა. ასეთ პირობებში კი შესაძლოა პროგრამის გარეთ დარჩნენ ის აპლიკანტები, რომლებსაც ყველაზე მეტად შეიძლება სჭირდებოდეთ პროგრამა უმუშევრობის დასაძლევად და იმყოფებოდნენ 29 წელს ზემოთ კატეგორიის ასაკობრივ ჯგუფში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადავო ნორმა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. ამგვარად, დიფერენცირება არ აკმაყოფილებს გამოსადეგობის მოთხოვნას.
როგორც ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზმა აჩვენა, პოზიტიური დისკრიმინაციის გამართლების საფუძველს წარმოადგენდა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა. განათლების პროცესი არის ინტერაქცია, სადაც განსხვავებული გამოცდილებისა და წარსულის მქონე ადამიანები ერთმანეთს თავის აზრს უზიარებენ. რაც უფრო მრავალფეროვანია კლასი, მით მეტად ხარისხიანია განათლება, რადგან მრავალფეროვანი გარემო კლასის შიგნით ხსნის სოციალურ დაძაბულობას, სტიგმასა და დისკრიმინაციის შემთხვევებს. სადავო ნორმით დაწესებული კვოტა სრულად გამორიცხავს 29 წელს გადაცილებული ადამიანების მოხვედრის შესაძლებლობას პროფესიულ სასწავლებელში. სახელმწიფოს შეეძლო იმგვარი კვოტა დაეწესებინა 19 წლამდე, 19-წლიდან 29 წლამდე აპლიკანტებისთვის, რომ როდესაც კლასში მოხვდებოდნენ საკმარისი რაოდენობის 19 წლამდე ან 19 წლიდან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, დარჩენილ ადგილებზე უზრუნველეყო ყველაზე საუკეთესო შედეგის მქონე 29 წელს გადაცილებული აპლიკანტის მოხვედრა. ამგვარი მიდგომა, ერთი მხრივ, უკეთ აბალანსებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მქონე პირებს შორის ინტერესებს, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს უწყობს პროფესიული განათლების მრავალფეროვნებას. ეს იქნებოდა 19 წლამდე, 19 წლიდან 29 წლამდე და 29 წელს ზემოთ მყოფი აპლიკანტების ინტერესებს შორის უკეთესი ბალანსი. დღეს არსებული სისტემით კი ინტერესთა ბალანსი სრულად არის დარღვეული 19 წლამდე, 19-დან 29 წლამდე ასაკის აპლიკანტების სასარგებლოდ და 29 წელს გადაცილებული აპლიკანტების საზიანოდ. ამით სადავო ნორმით დაწესებული პრივილეგია ვერ პასუხობს თანაზომიერების ტესტის მესამე მოთხოვნა - ვიწრო გაგებით პროპორციულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მართალია არსებობს სადავო ნორმით დაწესებული დიფერენცირების გამამართლებელი სახელმწიფო დაუძლეველი ინტერესი, თუმცა, აღნიშნული მიზნის მიღწევისთვის შერჩეული მექანიზმი არ არსი გამოსადეგი და ვიწრო გაგებით პროპორციული, რის გამოც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2013 წლის 27 სექტემბერის №152/ნ ბრძანების 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 19 წლამდე, ასევე 19-დან 29 წლამდე ასაკობრივ კატეგორიის აპლიკანტებს, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველები, 29 წელზე ზემოთ მყოფ აპლიკანტებთან მიმართებით პროფესიული გამოცდების ჩაბარებისას აყენებს უპირატეს მდგომარეობაში.
3. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
3.1. უფლებით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს განათლების მიღების შესაძლებლობას ყველა ადამიანისთვის. „განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების, კონსტიტუციურ რანგში აყვანა ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში. განათლება წარმოადგენს სოციალური ცხოვრების განუყოფელ პროცესს, რომლის საშუალებითაც ინდივიდები თავიანთი შესაძლებლობებით და უნარებით სწავლობენ თვითგანვითარებას და ასევე სარგებლის მოტანას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის“.[8] „განათლება ხელს უწყობს ინდივიდს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, დამოუკიდებლად გაუძღვეს და მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, ჰქონდეს სასურველი სამუშაო ადგილი, შექმნას მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი, თუკი ამის სურვილი ექნება და ა.შ“.[9] ამასთან, განათლების უფლების განსაკუთრებულ ხასიათთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების მიხედვით: „განათლების დაფინანსებას ვერ განვიხილავთ როგორც სახელწიფოს მიერ პირისთვის მინიჭებულ პრივილეგიას ან შემწეობას. პირველ რიგში იმიტომ, რომ განათლების უფლების სრულფასოვანი რეალიზაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის, ამავე დროს - განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მთელი ცხოვრების განმავლობაში წაართმევს ადამიანს სრულფასოვანი არსებობის საშუალებას.[10]
„სახელმწიფოს პირდაპირ და უშუალო ინტერესს წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელწიფოს შექმნა, რომელიც, რა თქმა უნდა, ადეკვატური განათლების სისტემის გარეშე წარმოუდგენელია. განათლების უფლების ეფექტური რეალიზება არა მხოლოდ პირის ინდივიდუალურ ინტერესს, არამედ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღირებულებას წარმოადგენს“.[11] შესაბამისად, უნდა დადგინდეს რამდენად ახდენს სადავო ნორმა აღნიშნული უფლებაში ჩარევას და ჩარევის შემთხვევაში აკმაყოფილებს თუ არა თანაზომიერების ტესტის კრიტერიუმებს
3.2. უფლებაში ჩარევა
იმისათვის რომ დავადგინოთ სადავო ნორმა ახდენს თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევას, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ თუ როგორია მისი მოქმედების პირობებში მოსარჩელისა და სხვა ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტების შანსი მოხვდნენ სასურველ პროფესიულ პროგრამაზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სადავო ნორმა 19 წლამდე და 19 წლიდან 29 წლამდე ასაკოვანი კატეგორიის ჯგუფებს მოსარჩელესთან მიმართებით აყენებს უპირატეს მდგომარეობაში, რადგან მათი ქულები სარეიტინგო სიის შედგენამდე მრავლდება 1.3 და 1.1 კოეფიციენტებზე. აღნიშნული გარემოების გამო, მოსარჩელეს შანსი მოხვდეს სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე მნიშვნელოვნად მცირდება, რადგან 19 წლამდე და 19-დან 29 წლამდე ასაკის კატეგორიის აპლიკანტები მასთან მიმართებით 9 და 23 ქულიანი უპირატესობით სარგებლობენ. სწორედ ამიტომ, ვინაიდან სადავო ნორმა მოსარჩელეს 19 წლამდე და 19-დან 29 წლამდე აპლიკანტებთან მიმართებით უმცირებს შესაძლებლობას მოხვდეს მისთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე სახეზეა განათლების უფლებაში ჩარევა, რომლის კონსტიტუციურობის საკითხი ქვემოთ იქნება განხილული.
3.3. უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასება
მართალია საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი თავად არ განსაზღვრავს განათლების უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზნებს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, “უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე”[12].
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმას სარჩელის 2.3.2 ნაწილში განვითარებული არგუმენტების საფუძველზე მართალია გააჩნია შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, თუმცა ის არ არის მიზნის მიღწევის გამოსადეგი და ვიწრო გაგებით პროპორციული საშუალება, რის გამოც ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2013 წლის 27 სექტემბერის №152/ნ ბრძანების 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 19 წლამდე, ასევე 19-დან 29 წლამდე ასაკობრივ კატეგორიის აპლიკანტებს, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველები, 29 წელზე ზემოთ მყოფ აპლიკანტებთან მიმართებით, პროფესიული გამოცდების ჩაბარებისას აყენებს უპირატეს მდგომარეობაში არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
[1] საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ, II -1.
[2] საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, 2010 წლის 27 დეკემბერი, პარ. II-2.
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/522,553 საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
[4] University of California Regents v. Bakke, 438 US 265 - Supreme Court 1978, იხ: https://www.oyez.org/cases/1979/76-811 [9/23/2020]
[5] Grutter v. Bollinger, 539 US 306 - Supreme Court 2003 იხ: https://www.oyez.org/cases/2002/02-241 [9/28/2020]
[6] Gratz v. Bollinger, 539 US 244 - Supreme Court 2003, იხ: https://www.oyez.org/cases/2002/02-516 [9/28/2020]
[7] იხ: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/38/dasakmeba-da-umushevroba
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-15.
[9] იქვე., II-17
[10] იქვე, II-19.
[11] იქვე., II-21.
[12] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა