თეიმურაზ ლომიძე და გიორგი ბერიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/1670 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 3 თებერვალი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 თებერვალი 2023 16:16 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: თეიმურაზ ლომიძე და გიორგი ბერიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 33 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 11 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1670) მომართეს თეიმურაზ ლომიძემ და გიორგი ბერიძემ. №1670 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2022 წლის 13 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 3 თებერვალს.
2. №1670 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311 და 313 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების 33 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სრულად ვაქცინირებული პირები, 72 საათის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციაზე ჩატარებული PCR ტესტირების ან/და უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ჩატარებულ ანტიგენ/სწრაფი ტესტირების ნეგატიური პასუხის მქონე პირები და პირები, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექცია (COVID-19) და ლაბორატორიულად დადასტურების თარიღიდან გასულია 14 დღეზე მეტი, დადგენილების მიზნებისათვის ჩაითვლებოდნენ „მწვანე“ სტატუსის მქონედ. დადგენილების მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „ეს წესები განსაზღვრავს „მწვანე“ სტატუსის მქონე პირების სხვადასხვა ობიექტზე დაშვების პირობებს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.
5. №1670 კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არიან არავაქცინირებული პირები, რომელთაც არ აქვთ გადატანილი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია. ზემოაღნიშნულ პირებს, განსხვავებით, „მწვანე“ სტატუსის მქონე მოქალაქეებისგან, არ აქვთ უფლება, შევიდნენ და ისარგებლონ დადგენილებაში განსაზღვრულ ობიექტებში არსებული მომსახურებით. სადავო ნორმა, ასევე ითვალისწინებს აღნიშნული ობიექტებით სარგებლობის შესაძლებლობას 72 და 24 საათის განმავლობაში PCR და ანტიგენ/სწრაფი ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევებში. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ტესტების ჩატარება დაკავშირებულია დიდ ფინანსურ და დროით ხარჯებთან. ამასთან, ფიზიკურად შეუძლებელია, აღნიშნული ტესტირების ყოველ 24 საათში გაკეთება, რადგან კლინიკები მხოლოდ 3 დღის გასვლის შემდეგ აკეთებენ განმეორებით ტესტირებას. შესაბამისად, აღნიშნული ალტერნატივა მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს არავაქცინირებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
6. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმით, ეკრძალებათ შესვლა იმგვარ ობიექტებში, რომლებიც საჭიროა ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როგორებიცაა კვების ობიექტები, სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები. ხოლო სადავო ნორმა არ ზღუდავს პირთა შესვლას სავაჭრო ცენტრებსა და სხვა თავშეყრის ადგილებში, სადაც ვირუსის მასობრივად გავრცელების რისკი ბევრად უფრო მაღალია.
7. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს კორონავირუსის გავრცელების შემცირებას, ვინაიდან კორონავირუსის ახალი შტამის გამავრცელებელი შეიძლება იყოს როგორც არავაქცინირებული პირი, ისე ვირუსით გამოწვეული ინფექციაგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც. ასევე, აღნიშნულ ობიექტებში შესაძლოა, მოხდეს არავაქცინირებულთა საერთო ზონის შექმნა, გაკონტროლდეს პირბადის ტარება და დისტანცია, რაც სადავო ნორმებით დადგენილ შეზღუდვასთან შედარებით, უფლების ნაკლებად მზღუდავი ალტერნატივა იქნებოდა.
8. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ ვაქცინაციის არსებულ პროცესს, რადგან კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად არ ჩატარებულა საკმარისი ლაბორატორიული ცდები. ხოლო სახელმწიფო და ვაქცინის მწარმოებელი კომპანია, პირის სიკვდილის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას არ იღებს. შესაბამისად, მოსარჩელისთვის ბუნდოვანია, თუ რატომ უნდა მოხდეს მათი ნების შეზღუდვა ამ ფორმით, როდესაც სადავო ნორმა მაინც ვერ უზრუნველყოფს დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და არსებობს უფრო ნაკლებად მზღუდავი ალტერნატივები.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების 33 მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის პირველი წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
10. მოსარჩელეები შუამდგომლობენ, ექსპერტის სახით, მოწვეული იქნეს მოლეკულური ბიოტექნოლოგიისა და ბიოლოგიის ექსპერტიზის სპეციალისტი კახა ბიწკინაშვილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1670 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 33 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. „„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 თებერვლის №53 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 33 მუხლი ამოღებული იქნა. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა 2022 წლის 4 თებერვალს და გავრცელდა 2022 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა, საქმის განხილვის მომენტისთვის, გაუქმებულია.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კვლავ არსებობს თუ არა სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელიც რელევანტური იქნება №1670 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებულ სამართლებრივ პრობლემასთან მიმართებით და აღნიშნულ ნორმასთან მიმართებით დააფიქსირა თუ არა მოსარჩელე მხარემ საქმეზე წარმოების გაგრძელების უწყვეტი ინტერესი.
5. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების 33 მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის პირველი წინადადება განსაზღვრავდა ამავე დადგენილების მიზნებისთვის „მწვანე“ სტატუსის მქონე პირს, რომელიც შესაძლოა, ყოფილიყო სრულიად ვაქცინირებული, ვირუსით გამოწვეული ინფექციაგადატანილი, სწრაფი და PCR ტესტის ნეგატიური პასუხის მქონე პირი ტესტის გაკეთებიდან 24 და 72 საათის განმავლობაში. ასევე, სადავო ნორმის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება ადგენდა, რომ „ეს წესები განსაზღვრავს „მწვანე“ სტატუსის მქონე პირების სხვადასხვა ობიექტზე დაშვების პირობებს“. ზემოაღნიშნულ დადგენილებაში, 2022 წლის 4 თებერვლის ცვლილების შემდგომ, აღნიშნული ნორმა სრულიად იქნა ამოღებული.
6. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა ამოღებულია ზემოაღნიშნული დადგენილებიდან და აღარ არსებობს უფლებაშემზღუდველი წესი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმებთან მიმართებით უკვე დაადგინა, რომ „აღარ არსებობს სადავო ნორმის ის მოქმედი რედაქცია, რომელიც გაიმეორებს გაუქმებული სადავო ნორმის არსებითად მსგავს შინაარსს, რაც განაპირობებს მოსარჩელის უფლების შეზღუდვის განგრძობად ხასიათს და მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის №1/18/1665 განჩინება საქმეზე „ლაშა შუკაკიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-6). აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ საქმისწარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით ინტერესის დაფიქსირება რელევანტური არ არის, რაც ერთმნიშვნელოვნად იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1670 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1670 კონსტიტუციურ სარჩელზე („თეიმურაზ ლომიძე და გიორგი ბერიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში