გიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/1691 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 თებერვალი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2023 15:48 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებით დამტკიცებული წესდების 59-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების“ პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – გიორგი გოცირიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარმომადგენელი – დავით ლომინაშვილი; სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელი – მერი კაპანაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის პირველ აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1691) მომართეს გიორგი გოროშიძემ და ინდიკო აბაშიძემ. №1691 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 4 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის 17 ნოემბერს.
2. №1691 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.
4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ (შემდგომში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №1106 ბრძანებით დამტკიცებული წესდება) 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.
5. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების“ (შემდგომში, თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებით დამტკიცებული წესი და პირობები) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ტექსტში შემდგომ - „უნივერსიტეტი“ ან „თსუ“) აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების საკითხი წყდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით გამოცხადებული ყოველი ცალკეული კონკურსისათვის. ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ აკადემიურმა საბჭომ აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ცალკეული ფაკულტეტისათვის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულებისათვის.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება.
7. №1691 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე გიორგი გოროშიძე იყო თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ხოლო მოსარჩელე ინდიკო აბაშიძეს ეკავა პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში, „ბსუ“). მოსარჩელეები არიან 65 წელს გადაცილებული პირები. მათი განმარტებით, სადავო რეგულაცია ზღუდავს მათ უფლებას დაიკავონ აკადემიური თანამდებობა, ვინაიდან 65 წელს მიღწეული პირების მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავება დამოკიდებულია თსუ-ისა და ბსუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც საკითხის გადაწყვეტის დროს სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამავდროულად, გაუგებარია თუ რა კრიტერიუმებით ფასდება მიზანშეწონილობის კომპონენტი, რაც აკადემიურ საბჭოს განუსაზღვრელ დისკრეციას ანიჭებს საკითხის გადაწყვეტის დროს.
8. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ 65 წელს მიღწეული და 65 წელს მიუღწეველი პირები, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ შექმნილ უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური თანამდებობის დაკავება სურთ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, განსახილველი დავის ფარგლებში, 65 წელს მიღწეული და 65 წელს მიუღწეველი პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, ვინაიდან მათ გააჩნიათ თანასწორი ინტერესი, ეკავოთ აკადემიური თანამდებობა, თუმცა სადავო რეგულაციით 65 წელს მიღწეულ პირებს აკადემიური თანამდებობის დაკავებისას ხვდებათ ისეთი ბარიერი (მათი ღია კონკურსში მონაწილეობა დამოკიდებულია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაზე), რომელიც არ არსებობს 65 წელს მიუღწეველ პირებთან მიმართებით. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იწვევს არსებითად თანასწორი პირების დისკრიმინაციულ დიფერენცირებას.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 65 წელს მიღწეულ პირთა მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე და მათ 65 წლის ასაკს მიუღწეველი პირებისთვის გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში. ზოგადად, მოსარჩელე მხარე აკადემიური თანამდებობის დაკავებისთვის ასაკობრივი ზღვრის დაწესებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და თვლის, რომ აკადემიურ თანამდებობაზე პირის არჩევისა და განთავისუფლების საფუძველი მათი უნარების ინდივიდუალური შეფასება უნდა იყოს.
10. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/2/863 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას. ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, ორივე შემთხვევაში სადავო ნორმები შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იწვევს იდენტურ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რომელიც საჭიროებს არსებითი განხილვის ფორმატში შეფასებას.
11. კერძოდ, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში შეფასებული თანამდებობის მსგავსად, უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე დასაქმებული პირის მიერ უფლებამოსილების განხორციელება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის განსაკუთრებულ ფიზიკურ მოთხოვნებთან, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებს 65 წლის ასაკს მიღწეული პირი, არამედ მოსარჩელეების მიერ კანონით და შრომითი ხელშეკრულებით მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება მოითხოვს გონებრივ, ინტელექტუალურ რესურსს, პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას, რასაც არათუ არ აკნინებს ასაკის მატება, არამედ, შესაძლოა, განაპირობებდეს კიდეც წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება.
12. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ნორმების ლეგიტიმური მიზანი, ზემოხსენებული №2/2/863 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, შესაძლოა, იყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეფექტური და შეუფერხებელი საქმიანობა. ისეთი თანამდებობებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ინტელექტუალური სამუშაოს შესრულებასთან და რომლებიც არ მოითხოვს ფიზიკურ შრომას, ასაკობრივი ზღვრის დაწესება საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან რაციონალურ კავშირში არ არის. ამდენად, მოსარჩელე მხარის განმარტებით, ის გარემოება, რომ №2/2/863 გადაწყვეტილებაში არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ბლანკეტურად კრძალავდა თანამდებობის დაკავებას, ხოლო მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული ნორმები ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, არ წარმოადგენს ისეთ სამართლებრივ გარემოებას, რომელიც განაპირობებს საკითხის არსებით ფორმატში განხილვის საჭიროებას.
13. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს და შუამდგომლობს, საკონსტიტუციო სასამართლომ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში, მიიღოს განჩინება სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
14. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის განმარტებით, სადავო რეგულაციით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებული სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. თუმცა იგი არ იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ სადავოდ გამხდარი საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილებით. კერძოდ, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ №2/2/863 გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, სადავო რეგულაცია არ არის ბლანკეტური ხასიათის და 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში, პირს ეძლევა შესაძლებლობა, გააგრძელოს საქმიანობა აკადემიურ თანამდებობაზე. ამავდროულად, აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირის უფლება-მოვალეობები და მათი საქმიანობის სფერო არსებითად განსხვავდება აკადემიკოსის ადმინისტრაციული თანამდებობისგან. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო რეგულაცია არ უნდა მიიჩნიოს №2/2/863 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის დამძლევ ნორმებად და სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს საქმის არსებითი განხილვის ფორმატში.
15. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან საკითხის კონსტიტუციურობა შესაფასებელი არ არის განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, არარელევანტურია შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების დასახელება. საქართველოს პარლამენტი თვლის, რომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს არსებითად და სწორედ ამ ეტაპზე იქნეს გამორკვეული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები, თუმცა პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია, სადავო მოწესრიგება მიზნად ისახავდეს, აკადემიურ თანამდებობაზე დაბალანსებული ასაკობრივი სტრუქტურის უზრუნველყოფისთვის, კადრების როტაციასა და საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტურ ფუნქციონირებას.
16. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, თსუ-ის აკადემიური საბჭოსთვის განსაზღვრული მიზანშეწონილობის კრიტერიუმი არ ანიჭებს მას ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ აკადემიური საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად და, რაც მთავარია, მისი გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებს. ამდენად, თუ იკვეთება იმის საჭიროება, რომ 65 წლის ან მეტი ასაკის პირმა განახორციელოს საქმიანობა აკადემიურ თანამდებობაზე, აკადემიური საბჭო ვალდებულიც კი არის მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
17. მოპასუხე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ მინისტრის ბრძანებით და თსუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, სადავოდ გამხდარ ნორმებს არ გააჩნია უფლებაშემზღუდველი ხასიათი, არამედ ისინი ადგენენ გამონაკლისს შემზღუდველი წესიდან და პირს აღჭურავენ უფლებამოსილებით, 65 წლის ასაკის მიღწევისას განახორციელონ აკადემიური საქმიანობა.
18. თსუ-ის აკადემიური საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შემდგომ, ფაკულტეტი უნივერსიტეტის საბჭოს მიმართავს სადავო რეგულაციით გათვალისწინებული 65 წლიანი ბარიერის/შეზღუდვის მოხსნის თაობაზე, ფაკულტეტის საჭიროებებიდან გამომდინარე. ამდენად, ფაკულტეტი წარადგენს პოზიციას, უნდა მოიხსნას თუ არა 65 წლის შეზღუდვა. ამის შემდგომ, აკადემიური საბჭო განიხილავს აღნიშნულ შუამდგომლობას და დარგის სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
19. მოპასუხის, თსუ-ის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელის მიერ დასახელებული სტატისტიკის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით უნივერსიტეტში დასაქმებულია 730 აკადემიური პერსონალი, რომლიდანაც 229 პირი არის 65 წლის ან მეტი ასაკის, ამავდროულად, ბოლო 4 წლის მონაცემებით, აკადემიურ საბჭოს უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან სულ 70 აკადემიურ თანამდებობაზე წარედგინა შუამდგომლობა აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის, 65 წლის ან მეტი ასაკის პირის დაშვების შეზღუდვის მოხსნის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობებიდან მხოლოდ 2 შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა ფაკულტეტის მიერ არასაკმარისი დასაბუთების გამო.
20. თსუ-ის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელის განმარტებით, უნივერსიტეტში არსებული ტენდენციის თანახმად, ასისტენტის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში უფრო მეტად აქცენტი კეთდება ახალგაზრდა კადრებზე, ხოლო ასოცირებული პროფესორისა და პროფესორის თანამდებობები მაღალი რანგის აკადემიურ პოზიციებად მიიჩნევა და მნიშვნელოვანია აღნიშნულ აკადემიურ თანამდებობაზე აირჩნენ გამოცდილი, შესაბამისი პროფესიული ცოდნის მქონე პირები.
21. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ინდიკო აბაშიძისთვის პრობლემური უნდა იყოს ის რეგულაცია, რომელიც მას უკრძალავს ემერიტუსის აკადემიურ წოდებასთან ერთად აკადემიური თანამდებობის დაკავებას. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში მინისტრის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №1106 ბრძანების სადავოდ გამხდარი ნორმა არ წარმოადგენს უფლებაშემზღუდველ რეგულაციას.
22. მინისტრის წარმომადგენლის განმარტებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, თსუ არ წარმოადგენს ნორმატიული აქტის გამომცემ სუბიექტს, ამდენად თსუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილება არ არის ნორმატიული აქტი და, შესაბამისად, იგი ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი იქნება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმებს აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილებით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და განმწესრიგებელი სხდომის აქტით, სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
2. ზემოაღნიშნული საკითხის შეფასებამდე, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პასუხი გასცეს მოპასუხე მხარის არგუმენტს თსუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილების სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარის განმარტებით, თსუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტია და იგი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. ამდენად, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე, აუცილებელია, აქტი იყოს ნორმატიული ბუნების. შესაბამისად, თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობებით, სადავოდ გამხდარი საკითხის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა გამოარკვიოს სადავო აქტის სამართლებრივი ბუნება - კერძოდ, მიეკუთვნება იგი ნორმატიულ აქტს თუ ინდივიდუალურს.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მყარად აქვს დადგენილი ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც იგი აფასებს სადავო აქტის სამართლებრივ ბუნებას მის ნორმატიულ თუ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტად მიჩნევის თაობაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინება საქმეზე „შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-5; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-81; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/12/782, 783 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ დავით ზაქარაია და ხათუნა გადელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3, 7).
5. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის ნორმატიული აქტის შინაარსი არ ამოიწურება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული დეფინიციით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ფორმით ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი შეიძლება იყოს ნორმატიული ბუნების. „... ნორმის ნორმატიული ხასიათი ვლინდება ადამიანთა ქცევის სავალდებულო რეგულირებაში და განსაზღვრავს ამ ქცევათა მოქმედების ფარგლებს. შესაბამისად, სამართლებრივი დებულება მაშინ არის ნორმატიული ხასიათის მატარებელი, თუ იგი ადგენს ქცევის სავალდებულო წესს, რომელიც კონკრეტული პირის ან პირთა წრის მიმართ ადგენს აკრძალვებს ან პირიქით, ნებას რთავს გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. სამართლებრივი ნორმის სავალდებულო ხასიათი ემსახურება სწორედ ამ ფუნქციების განხორციელებას და მიზნად ისახავს ახალი სამართლებრივი წესრიგის დადგენას მისი მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-7 მუხლის თანახმად, თსუ-ის აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ამავე ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგენს უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების პირობებს. აღნიშნული საკითხის რეგულირების უფლებამოსილება თსუ-ის აკადემიურ საბჭოს დელეგირებული აქვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, რომელიც, თავისი ხასიათით, ნორმატიული შინაარსის საკითხის მოწესრიგების დელეგირებას გულისხმობს. კერძოდ, აღნიშნული კანონის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შეზღუდვა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ამ ნორმატიული წესიდან გამონაკლისის დაშვების უფლებამოსილებას ანიჭებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. აღსანიშნავია ის, რომ მსგავს რეგულირებას შეიცავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №1106 ბრძანებით დამტკიცებული წესდების 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ბსუ-ის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. თავის მხრივ, აღნიშნული სადავო ნორმა ნორმატიული შინაარსისაა.
7. თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების სადავო ნორმის თანახმად, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების საკითხი წყდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით, აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით გამოცხადებული ყოველი ცალკეული კონკურსისათვის. აკადემიურმა საბჭომ აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ცალკეული ფაკულტეტისათვის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულებისათვის. ამდენად, სადავო ნორმა განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის წესს.
8. ზემოაღნიშნული ანალიზის საფუძველზე, ცხადია, რომ თსუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილებით გათვალისწინებული სადავო ნორმა ადგენს ქცევის ზოგად წესს, რომელიც მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელი ოდენობის ურთიერთობის განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისაკენ, კერძოდ, აღნიშნული ნორმა ზოგადად ადგენს, თუ როგორ უნდა მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ იმ ცალკეული კონკურსისთვის, რომელიც აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობას შეეხება. აღნიშნული სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია, წარმოიშვას კონკრეტული შემთხვევების განუსაზღვრელი რაოდენობა (კერძოდ, თსუ-ის აკადემიური საბჭო სწორედ ამ ნორმაზე დაყრდნობით მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ყოველ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ). სწორედ ამაში მდგომარეობს მისი, როგორც ნორმატიული აქტის, მრავალჯერადი გამოყენების თვისება.
9. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ნორმატიული შინაარსისაა და იგი იმსჯელებს მისი განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად: „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმა „წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
11. იმისათვის, რომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი არსებითად განსახილველად მიღების გარეშე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იზიარებდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადრე გამოხატულ პოზიციას.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას. „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ნორმები არსებითად იმავე შინაარსის, რაც ერთხელ უკვე იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილებით და რამდენად შეიძლება, ისინი მიჩნეულ იქნეს დასახელებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმებად. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისათვის ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსების დადგენისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს „სადავო ნორმა იწვევს თუ არა იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რომელსაც არღვევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს … გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. ამასთან, რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა მსგავსი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით და დგება თუ არა არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო“, II-5). გარდა აღნიშნულისა, შინაარსობრივი მსგავსების პირობებშიც კი, აუცილებელია, გამოირკვეს, ხომ არ არსებობს რაიმე ახალი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც არსებითი განხილვის ფორმატში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასების საჭიროებას/საფუძველს შექმნიდა.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, როდესაც ასაკობრივი ზღვრის დადგენა კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით დაკავშირებულია ადამიანის შრომითი უნარების დაქვეითებასთან და ემსახურება, შრომისუნარიანი კადრების მობილიზებით, საქმიანობის ეფექტური განხორციელების მიზანს, იმისათვის, რათა ამა თუ იმ თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის განხორციელებისათვის ასაკთან დაკავშირებული ბლანკეტური შეზღუდვის დაწესება რაციონალურად იქნეს მიჩნეული, იგი უნდა აკმაყოფილებდეს სასამართლოს მიერ დადგენილ ორსაფეხურიან ტესტს. კერძოდ, მსგავს შემთხვევებში „კანონმდებელი, პირველ რიგში, ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კონკრეტული საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, განსაზღვრული ასაკის პირთა დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. უნდა დასაბუთდეს, რომ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევა, როგორც წესი, შემთხვევათა უმრავლესობაში იწვევს ადამიანის იმგვარი უნარების დაქვეითებას, შესუსტებას, რაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად. იმავდროულად, ხსენებული უნარების შესუსტება, დაქვეითება, უნდა იქნეს შეფასებული არა ზოგადად, არამედ საქმიანობის იმ სახესთან მიმართებით, რომელთა განხორციელებაც იზღუდება კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევის შემდგომ. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ გარკვეულ ასაკში მყოფ პირთა დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებს საქმიანობის სათანადოდ განხორციელებას, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ყველა სხვა პირის ასეთად მიჩნევას. ამდენად, ბლანკეტური შეზღუდვის დაწესება არარაციონალური იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ პირის თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, გონივრულ ფარგლებში არის შესაძლებელი მათი უნარების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ამდენად, ასაკთან დაკავშირებული ბლანკეტური შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, კანონმდებელი ასევე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ შეუძლებელია ან/და არაგონივრულია პირთა უნარების ინდივიდუალური შეფასება და თანამდებობის დაკავების საკითხის მის საფუძველზე გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24-25).
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან (კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება) მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ასარჩევი პირის ზღვრულ ასაკად განსაზღვრავდა 70 წელს.
15. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობასთან ერთად, გააანალიზა ზოგადად აკადემიკოსის თანამდებობა, მისი ფუნქცია-მოვალეობები და სწორედ ამ უკანასკნელის შეფასების შედეგად დაადგინა, რომ აკადემიის ამოცანების და თითოეული აკადემიკოსის უფლებამოსილების განხორციელება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის განსაკუთრებულ ფიზიკურ აქტივობასთან, რომელიც, როგორც წესი, არ გააჩნია 70 წელს გადაცილებულ ადამიანს. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ არაფერი მიანიშნებდა აკადემიკოსის მიერ აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ფუნქციების განხორციელების 70 წლის ასაკის მიღწევის გამო შეფერხებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27-30).
16. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ აკადემიკოსის თანამდებობის სპეციფიკისა და ზოგადად აკადემიკოსის ფუნქცია-მოვალეობების გაანალიზების შედეგად განმარტა, რომ აკადემიკოსის, ისევე როგორც დასახელებული ადმინისტრაციული თანამდებობებისთვის განსაზღვრული ამოცანების შესრულება მოითხოვს პროფესიულ ცოდნას, გამოცდილებას, შესაბამის გონებრივ და ინტელექტუალურ რესურსს. აკადემიკოსის, აკადემიის პრეზიდენტისა თუ ვიცე-პრეზიდენტის მიერ განსახორციელებელი ფუნქციები და მათი სრულყოფილი შესრულება საჭიროებს ამ თანამდებობაზე ისეთი ადამიანის არჩევას, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ინსტიტუციური მეხსიერება და ამ სფეროში საქმიანობის დიდი გამოცდილება. ამგვარ უნარებს არათუ არ აკნინებს ასაკის მატება, არამედ ისეთ სპეციფიკურ და მეტწილად მეცნიერულ ცოდნაზე დამყარებულ სფეროში, როგორიც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობაა, შესაძლოა, განაპირობებდეს კიდეც სწორედ წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28-29). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, ისეთ თანამდებობებთან მიმართებით, რომლის ჯეროვნად განხორციელებაც მოითხოვს პირის პროფესიულ ცოდნას, გამოცდილებას, შესაბამის გონებრივ და ინტელექტუალურ რესურსს ასაკის მატება თვითკმარი საფუძველი არ არის პირზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულების შესაძლებლობის ეჭვქვეშ დაყენებისთვის.
17. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი არსებითად თანასწორ პირთა მიმართ დიფერენცირებული მიდგომა არ იყო რაციონალურ და ლოგიკურ კავშირში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზანთან. მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმით დადგენილი ბლანკეტური ასაკობრივი შეზღუდვის არარაციონალურობაზე მსჯელობისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ კანონმდებლობა უშვებდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე იმ პირთა საქმიანობას, რომელთაც ამ თანამდებობაზე არჩევის შემდგომ შეუსრულდათ 70 წელი. ამავდროულად, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არა მარტო მოქმედი, არამედ აკადემიის არსებობის მანძილზე, მისი ყველა პრეზიდენტის ასაკი აღემატებოდა 70 წელს, ხოლო მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი ან/და ყოფილი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის ან/და ვიცე-პრეზიდენტის ასაკმა რაიმე სახის სირთულე წარმოშვა ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებისას, რამაც სადავო ნორმის მიღების საჭიროება გააჩინა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30-31).
18. განსახილველ საქმეში, სადავო ნორმებით თსუ-ისა და ბსუ-ის აკადემიური თანამდებობის დაკავებისთვის ზღვრულ ასაკად განსაზღვრულია 65 წელი. ამდენად, საკითხი შეეხება აკადემიური საქმიანობის განხორციელებას. ამავდროულად, აკადემიური თანამდებობა მოიცავს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობებს. საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ნორმები არსებითად იმავე შინაარსის, რაც ერთხელ უკვე იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილებით.
19. როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციული თანამდებობის შეფასებასთან ერთად, განიხილა, ზოგადად, აკადემიკოსების უფლება-მოვალეობები, მათი სამუშაოს სპეციფიკა და დაასკვნა, რომ აღნიშნული საქმიანობის განხორციელება დაკავშირებულია გონებრივ, ინტელექტუალურ რესურსთან, რასაც არათუ არ აკნინებს ასაკის მატება, არამედ ისეთ სპეციფიკურ და მეტწილად მეცნიერულ ცოდნაზე დამყარებულ სფეროში, როგორიც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობაა, შესაძლოა, განაპირობებდეს კიდეც სწორედ წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს №2/2/863 გადაწყვეტილებით, სადავო ნორმის კონსტიტუციურობა შეფასდა, ზოგადად, აკადემიკოსის საქმიანობის ჭრილში.
20. შესაბამისად, გამოსაკვლევია, რამდენად მსგავსია აკადემიკოსისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირის საქმიანობა, რაც სადავო საკითხის №2/2/863 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტით, გადაწყვეტის საშუალებას იძლევა და აღარ საჭიროებს დამატებით განხილვას საქმის არსებითი განხილვის ფორმატში. აღნიშნულის შესაფასებლად აუცილებელია, რელევანტური კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე განისაზღვროს განსახილველი ურთიერთობების სპეციფიკა, საქმიანობის სფერო და ამ თანამდებობებისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები.
21. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის უზრუნველსაყოფად, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რომლის ფარგლებში, იგი, მათ შორის, ატარებს სამეცნიერო დისკუსიებს, კონფერენციებს და საჯარო ლექციებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებს.
22. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. აღნიშნული კანონის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ, ხოლო ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს, ძირითად, საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში. იგივე წესს ითვალისწინებს „საჯარო სამართლის იურიდული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტციცებული წესდების 27-ე მუხლი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №1106 ბრძანებით დამტკიცებული წესდების 56-ე მუხლი. ამავდროულად, მოსარჩელეებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების თანახმად, მოსარჩელე გიორგი გოროშიძე ვალდებული იყო, სტუდენტებისთვის მიეცა ხარისხიანი განათლება, განეხორციელებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ხოლო მოსარჩელე ინდიკო აბაშიძე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებული იყო, ეზრუნა საგანმანათლებლო პროგრამის, სასწავლო და სალექციო კურსის/მოდულის შემდგომ სრულყოფა-გაუმჯობესებაზე.
23. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აკადემიკოსისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირის საქმიანობა ძირითადად გულისხმობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვას. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიღმა აღნიშნული პირები სხვა ფუნქციებითაც არიან აღჭურვილი, აკადემიისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების უზრუნველყოფისთვის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ამდენად, როგორც აკადემიის, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაობა ძირითადად სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზეა დამყარებული. სასამართლოს შეფასებით, არსებითად განმასხვავებელ ფაქტორად ვერ ჩაითვლება ის გარემოება, თუ რა ინტენსივობით ეწევიან შესადარებელი პირები აღნიშნულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არამედ, განსახილველი საკითხის სწორად შეფასებისთვის საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავად საქმიანობის ბუნების მსგავსების დადგენას. ამდენად, ზემოაღნიშნული განმარტების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ განსახილველი ურთიერთობები, მათი საქმიანობის სფეროსა და დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, არსებითად მსგავსია სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში კონსტიტუციურობის შემოწმებისთვის. სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა არსებითად იმავე შინაარსისაა, იმავე ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად, რაც ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილებით.
24. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აკადემიის ამოცანების, თითოეული აკადემიკოსის უფლებამოსილების განხორციელების მსგავსად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირისთვის დაკისრებული ამოცანების ჯეროვნად შესრულება მოითხოვს სათანადო პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას, შესაბამის გონებრივ და ინტელექტუალურ რესურსს. ამდენად, საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვისთვის საჭიროა უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობებზე შეირჩნენ ისეთი კადრები, რომლებსაც გააჩნიათ ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილება და სიღრმისეული ცოდნა. ამგვარ უნარებს კი არათუ არ აკნინებს ასაკის მატება, არამედ ისეთ სპეციფიკურ და მეცნიერულ ცოდნაზე დამყარებულ სფეროში, როგორიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობაა, შესაძლოა, განაპირობებდეს კიდეც სწორედ წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება.
25. ამავდროულად, ბუნებრივია, თითოეულ თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელება, ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, იმავდროულად მოითხოვს მათ შესასრულებლად საჭირო ენერგიას. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, არ გამოკვეთილა, რომ აკადემიური თანამდებობის განხორციელება ისეთ განსაკუთრებულ ენერგიასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას მოითხოვს, რომელიც, როგორც წესი, არ გააჩნიათ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს და მოპასუხე მხარის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ის კონკრეტული ფაქტორები, გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლოა, გამოკვეთილიყო 65 წელს მიღწეული პირის მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციების (რომელიც ძირითადად შემოიფარგლება სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური სამუშაოებით) სრულყოფილად შესრულების შეუძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლო, ამ მხრივ, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ კანონმდებლობა უშვებს აკადემიურ თანამდებობაზე (აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით) იმ პირთა საქმიანობას, რომელთაც ამ თანამდებობაზე არჩევის შემდგომ შეუსრულდათ 65 წელი. ამავდროულად, ერთ-ერთი მოსარჩელე, ინდიკო აბაშიძე პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის მიღწევის შემდგომ აირჩა. საყურადღებოა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკაც. თსუ-ის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელის მიერ მითითებული სტატისტიკის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, უნივერსიტეტში დასაქმებული 730 აკადემიური პერსონალიდან 229 პირი არის 65 წლის ან მეტი ასაკის. ამავდროულად, ბოლო 4 წლის მონაცემებით, აკადემიურ საბჭოს უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან სულ 70 აკადემიურ თანამდებობაზე წარედგინა შუამდგომლობა აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის, 65 წლის ან მეტი ასაკის პირის დაშვებაზე სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის მოხსნის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობებიდან მხოლოდ 2 შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა ფაკულტეტის მიერ არასაკმარისი დასაბუთების გამო. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ 65 წლის ასაკს გადაცილებული პირების მიმართ, რომლებიც უნივერსიტეტში დღეის მდგომარეობით ეწევიან აკადემიურ საქმიანობას, რაიმე სახის სირთულე წარმოიშვება მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, რამაც სადავო ნორმის მიღების საჭიროება გააჩინა. პირიქით, თსუ-ის აკადემიური საბჭოს წარმომადგენლის განმარტებით, პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობები მაღალი რანგის აკადემიურ თანამდებობებად მიიჩნევა და მნიშვნელოვანია აღნიშნული პოზიცია მეტად გამოცდილ კადრს ეკავოს. ამდენად, სადავო ნორმა, №2/2/863 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, არათუ არ ემსახურება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტურ ფუნქციონირებას, არამედ პირიქით, მან შეიძლება, ხელი შეუშალოს აკადემიური თანამდებობისთვის საჭირო გამოცდილებისა და სათანადო პროფესიული განსწავლულობის მქონე კადრის არჩევას.
26. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ საქმეში სადავო ნორმები აკადემიურ თანამდებობაზე საქმიანობისთვის, №2/2/863 გადაწყვეტილების მსგავსად, ადგენს კონკრეტულ ზღვრულ ასაკს (რომელიც №2/2/863 გადაწყვეტილებით უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილ ასაკობრივ ზღვარზე დაბალია); არღვევს იმავე კონსტიტუციურ უფლებას, რომელსაც არღვევდა №2/2/863 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა; უფლებების შეზღუდვა ხდება მსგავსი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით და, შეზღუდვის შედეგად, დგება არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, აკადემიური თანამდებობის განხორციელების უფლება შეზღუდულია კონკრეტული ზღვრული ასაკის დადგენით.
27. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობის წინაპირობაა, რომ არ არსებობდეს რაიმე ახალი სამართლებრივი ან ფაქტობრივი გარემოება, რომელიც წარმოშობდა ნორმის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საჭიროებას. მოპასუხის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შეცვლილი სამართლებრივი გარემოება, რომელიც №2/2/863 გადაწყვეტილებით არ ყოფილა შეფასებული, კერძოდ, სადავო შემთხვევაში, №2/2/863 გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, სახეზე არ გვაქვს ბლანკეტური შეზღუდვა და პირი აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც შესაძლებელია აირჩეს თსუ-ისა და ბსუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „დამძლევი ნორმის“ იდენტიფიცირების პროცესში აღნიშნული ფაქტორის გავლენას განსაზღვრავს ის გარემოება, თუ რა განაპირობებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. №2/2/863 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ის გარემოება, რომ 65 წლის ასაკის მიღწევა, თავისთავად, არ გულისხმობს აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის მიერ დაკისრებული ფუნქციების სრულფასოვნად შესრულების შეუძლებლობას. ამდენად, არაგონივრულია აკადემიური თანამდებობის განხორციელების მოცემული ზღვრული ასაკით შემოსაზღვრა. აღნიშნულმა, პირიქით, შესაძლებელია, ხელი შეუშალოს უნივერსიტეტის ეფექტურ ფუნქციონირებას. ამდენად, ის ფაქტი, რომ 65 წელს გადაცილებულ პირებს თსუ-ისა და ბსუ-ის აკადემიური საბჭოების გადაწყვეტილებით შესაძლებლობა აქვთ აირჩნენ აკადემიურ თანამდებობაზე, ვერ ამცირებს დიფერენციაციის გაუმართლებლობას, ვინაიდან იგი არსებობს გამონაკლისის სახით. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოება არ წარმოშობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შემოწმების საჭიროების აუცილებლობას არსებითი განხილვის ფორმატში.
28. მოპასუხე მხარემ აგრეთვე დაასახელა ახალი ლეგიტიმური მიზანი, რაც №2/2/863 გადაწყვეტილებით შეფასებული არ ყოფილა. მოპასუხე მხარის განმარტებით, შეზღუდვა არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტურ ფუნქციონირებას, არამედ აკადემიურ თანამდებობაზე დაბალანსებული ასაკობრივი სტრუქტურის უზრუნველსაყოფად კადრების როტაციის მიზანსაც შესაძლებელია ემსახურებოდეს. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად უნდა ჩაითვალოს ზემოაღნიშნული გარემოება იმგვარ სამართლებრივ მოცემულობად, რომლის გამოც აუცილებელი იქნება სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა არსებითი განხილვის ფორმატში.
29. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს მხრიდან არაერთი კითხვის მიუხედავად, არ განმარტა როტაციის ლეგიტიმური მიზნის რელევანტურობა და ეს უკანასკნელი სადავო ნორმების მხოლოდ სავარაუდო ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნის შემთხვევაში, ზღვრული ასაკი უნდა იყოს გონივრული, რომლის შემდგომაც, პირი თავისუფლდება თანამდებობიდან ან უარი ეთქმევა შესაბამის თანამდებობაზე ასარჩევად. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა არათუ არ უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტურ ფუნქციონირებას, არამედ გამოცდილი და შესაბამისი პროფესიული ცოდნის მქონე კადრის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შეზღუდვით, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ხარისხზე. ამდენად, დაუშვებელია ერთი ლეგიტიმური მიზნის (როტაციის ლეგიტიმური მიზნის) მიღწევა მოხდეს მეორე ლეგიტიმური მიზნის (საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტურად ფუნქციონირების) განხორციელებისათვის საფრთხის შექმნის ხარჯზე. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ თსუ-ის აკადემიური საბჭოს წარმომადგენლის შეფასებით, უნივერსიტეტი ცდილობს შედარებით დაბალ აკადემიურ თანამდებობაზე ახალგაზრდა კადრები დასაქმდნენ და, როგორც წესი, ასისტენტებად და ასისტენტ-პროფესორებად ახალგაზრდა დოქტორანტები აირჩევიან. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ აკადემიურ თანამდებობაზე კონკრეტული ზღვრული ასაკის დადგენა საჭირო გახდეს როგორც როტაციის ლეგიტიმური მიზნის, აგრეთვე სხვა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ შეუფასებია, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ამის საჭიროებას ვერ ხედავს. ამავდროულად, არც მოპასუხე მხარეს წარმოუდგენია შესაბამისი ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ სადავო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ახალგაზრდებს ხელი შეეშლებათ აკადემიურ თანამდებობაზე არჩევაში; რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები განიცდიან ახალგაზრდა კადრების ნაკლებობას, რაც ხელს უშლის უნივერსიტეტის ეფექტურად ფუნქციონირებას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული განსხვავება (როტაციის ლეგიტიმური მიზანი) არ წარმოშობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შემოწმების საჭიროებას არსებითი განხილვის ფორმატში.
30. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმებს აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის არსებითად იდენტური შინაარსი და არ გამოკვეთილა რაიმე ახალი გარემოება, რომელიც წარმოაჩენდა №1691 კონსტიტუციური სარჩელის არსებით ფორმატში განხილვის აუცილებლობას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს პრაქტიკის შეცვლის საჭიროება.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებით დამტკიცებული წესდების 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების“ პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3, მე-4 და 41 პუნქტების, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1691 („გიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებით დამტკიცებული წესდების 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების“ პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ განჩინების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. განჩინება ძალაშია მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე