გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1300 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი გულაბერიძე, ბადრი შუშანიძე |
თარიღი | 14 მარტი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის ,,სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება" ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეს აძლევს საშუალებას საქმეზე დანიშნოს სათადარიგო მოსამართლე საქმის განხილვის დაწყების შემდეგ და ასევე ამ წესით დანიშნული მოსამართლის მიერ საქმის განხილვის გაგრძელების საშუალებას |
42-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“ |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება" ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეს აძლევს საშუალებას საქმეზე დანიშნოს სათადარიგო მოსამართლე საქმის განხილვის დაწყების შემდეგ და ასევე ამ წესით დანიშნული მოსამართლის მიერ საქმის განხილვის გაგრძელების საშუალებას |
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი: ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება" ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეს აძლევს საშუალებას საქმეზე დანიშნოს სათადარიგო მოსამართლე საქმის განხილვის დაწყების შემდეგ და ასევე ამ წესით დანიშნული მოსამართლის მიერ საქმის განხილვის გაგრძელების საშუალებას | საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად 7. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი უფლებებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს;
ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ,,ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქსიასაც ექვემდებარება მისი საქმე;
ამავე მუხლის მეშვიდე პუნქტის თანახმად ,,კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვს;
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის თანახმად - პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით;
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან)
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის თანახმად 1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილო და გადაწყვიტოს ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის 2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ", ,,გ", ,,ე", ,,ზ" და ..ლ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია;
ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად 3. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით სხვა ვადა არ არის;
ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის 1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს . . . , თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათ უფლებანი და თავისუფლებანი:
ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად 2. საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერს, განჩინება ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს/დასკვნას ხელს აწერს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი;
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად - 4. საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს არსებითად წყვეტს წერილობით;.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად - 7. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს; .
ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად 8. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად 1. სასამართლო გადაწყვეტილებას ირებს სათათბირო ოთახში ღია კენჭისყრით. თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, სათათბირო ოთახში უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ ის მოსამართლენი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმის განხილვაში;
ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად 2. საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არა აქვს მონაწილეობა არ მიიღოს კენჭისყრაში და თავი შეიკავოს კენჭისყრისას;
ამავე კანონის 30-ე მუხლის თანახმად ,,საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ან დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული. გადაწყვეტილებას ან დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლო საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც განხილული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ან წარდგენილ იქნა საკანსტიტუციო სასამართლოსათვის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში;
ამავე კანონის 31-ე მუხლის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა შდგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან;
ამავე კანონის 32-ე მუხლის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ან დასკვნის შესავალ ნაწილში აღინიშნება: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება; ბ) გადაწყვეტილების ან დასკვნის გამოტანის თარიღი და ადგილი; გ) სასამართლოს შემადგენლობა და სხდომის მდივანი; დ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; აღწერილობით ნაწილში უნდა აღინიშნოს: ა) კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მოტხოვნა; ბ) მოპასუხის პოზიცია; გ0 მოწმის, სპეციალისტის, ექსპერტის და სასამარტლოს მეგობრის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები; სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს ა) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი; ბ) მტკიცებულებანი, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები; გ) მოტივები, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო უარყოფს საწინააღმდეგო მოსაზრებას, მტკიცებულებას; დ) საქართველოს კონსტიტუციის ნორმები (დებულებები), „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ნორმები (დებულებები), ხოლო იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე – საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და საქართველოს კანონების ნორმები (დებულებები), რომლებსაც შეესაბამება ან არ შეესაბამება სადავო აქტი; ე) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმები, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების ან დასკვნის მიღებისას. 4. სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას კონსტიტუციური სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მისი უარყოფის შესახებ; ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საერთო სასამართლოს ან /დ ა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის ან საქართველოსკონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ; ბ1) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საქართველოს პარლამენტის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და საქართველოს კანონებთან შესაბამისობის თაობაზე ან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ; გ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა არაკონსტიტუციურად ცნობის ან კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ; დ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული თანამდებობის პირის ქმედების კონსტიტუციურობის შესახებ ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის ან უარყოფის შესახებ; ე) გადაწყვეტილების ან დასკვნის სამართლებრივ შედეგებს.
ამავე კანონის 33-ე მუხლის თანახმად 1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დასკვნის, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 4 1პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის სრული ტექსტი, რომელიც შეესაბამება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით, 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 29-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 31-ე და 32-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 29-ე მუხლით დადგენილი წესით სხდომათა დარბაზში გამოცხადების შემდეგ დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი, რომელიც მიღებულია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საფუძველზე, არ გამოცხადდა სხდომათა დარბაზში, მისი სრული ტექსტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდან. ამ აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის მიღებაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი, მისი არსებობის შემთხვევაში, თან ერთვის აღნიშნულ აქტს და მასთან ერთად ქვეყნდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცა ამ აქტის სხდომათა დარბაზში გამოცხადებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი გამოქვეყნდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცა ზემოაღნიშნული აქტის სხდომათა დარბაზში გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებულ აზრს/თანმხვედრ აზრს საკონსტიტუციო სასამართლო 2 დღის ვადაში აქვეყნებს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და უგზავნის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მომდევნო 2 დღის ვადაში აქვეყნებს მას. 5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის თითო ასლი ეგზავნებათ მხარეებს, ხოლო დასკვნის თითო ასლი – კონსტიტუციური წარდგინების ავტორებსა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ თანამდებობის პირებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების თითო ასლი ეგზავნებათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. 6. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დასკვნის თითო ასლი, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის თითო ასლი ეგზავნებათ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძველი, ვინაიდან:
ა) კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ
გ) სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის მიხედვით არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სადავო საკითხი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე გათვალისწინებულ საკითხებს
ვ) კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადას სარჩელის წარსადგენად ;
ზ) სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2.1. როგორც ზემოთ მივუთითე აღნიშნული საკონსტიტუციო საჩივრის წარმომდგენი არის 2 პირი: 1) გიორგი გულაბერიძე და 2) ბადრი შუშანიძე:
2.1.1. პირველ პირთან გიორგი გულაბერიძესთან დაკავშირებით საქმე გვქონდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებთან:
ა) 2015 წლის 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გერმანე დადეშქელიანის განჩინებით, საქმის არსებითი განხილვის სხდომა დაინიშნა 2015 წლის 11 მაისს, 11:00 საათზე. 2015 წლის 29 აპრილს, აღნიშნულ საკითხზე მოსამართლემ მოხსენებითი ბარათით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს;
ბ) 2015 წლის 29 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის რეზოლუციით, მოსამართლე ლ. შკუბულიანს დაევალა მოცემული საქმის არსებითი განხილვა. 2015 წლის 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ლელა შკუბულიანის თავმჯდომარეობით, პროკურორის, ბრალდებულების და ადვოკატების მონაწილეობით ჩატარდა არსებითი განხილვის სხდომა (მოსამართლემ დაადგინა ბრალდებულთა ვინაობა, განუმარტა მათ ბრალდების არსი); 2015 წლის 27 მაისს, მოსამართლე ლ. შკუბულიანმა მოხსენებითი ბარათით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი არევაძეს საქმეთა სირთულის გამო, განტვირთვის მიზნით, მოცემული საქმის განსახილველად სხვა მოსამართლისათვის გადაცემის თაობაზე;
გ) 2015 წლის 27 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი არევაძის რეზოლუციით მოსამართლე ე.გოგუაძეს დაევალა საქმის განხილვა. მოსამართლე ელენე გოგუაძის (საქმე წარმოებაში იყო იყო 2015 წლის 27 მაისიდან - 2016 წლის 22 თებერვლის ჩათვლით) თავმჯდომარეობით ჩატარებულ საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე (30 სხდომა) გამოკვლლეული იქნა მტკიცებულებები (კერძოდ ამ სხდომებზე მხარეებმა წარვადგინეთ შესავალი სიტყვები, დაიკითხა დაზარალებული და 45 მოწმე, განხორციელდა ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების (პენიტიციური დეპარტამენტის #17 დაწესებულებიდან ამოღებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი) გამოკვლევა (დემოსტრირება) (რამდენიმე საათიანია უხმო ჩანაწერი); ასევე სასამართლომ განიხილა ადვოკატების და პროკურორის სხვადასხვა შუამდგომლობა;
დ) 2016 წლის 22 თებერვალს მოსამართლე ელენე გოგუაძემ მოხსენებითი ბარათით მიმართა თბილისი საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ეკა არეშიძეს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში გადასვლასთან დაკავშირებით, საქმის განსახილველად სხვა მოსამართლისათვის გადაცემის ტაობაზე. იმავე დღეს, 2016 წლის 22 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, მოსამართლე ელენე გოგუაძის წარმოებაში არსებულ მოცემულ საქმეზე სათადარიგო მოსამართლედ დაინიშნა ამავე კოლეგიის მოსამართლე გიორგი არევაძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ეკა არეშიძის რეზოლუცით მოსმართლე გიორგი არევაძეს დაევალა საქმის არსებითი განხილვა;
ე) მოსამართლე გიორგი არევაძის (საქმე წარმოებაში იყო 2016 წლის 22 თებერვლიდან -30 მაისის ჩათვლით) თავმჯდომარეობით საქმის განხილვა გაგრძელდა და გამოკვლეული იქნა დანარჩენი მტკიცებულებები (კერძოდ დაიკითხა 9 მოწმე, ასევე ბრალდებულები, გამოქვეყნდა წერილობითი მტკიცებულებები, წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარეების დასკვნითი სიტყვები, მხარეების რეპლიკები, ბრალდებულების საბოლოო სიტყვები და გამოცხადდა განაჩენი);
ვ) როგორც ზემოთ მივუთიტე 2016 წლის 30 მაიის გამოტანილი იქნა განაჩენი გიორგი გულაბერიძისა და სხვა ბრალდებულების მიმართ, რომლითაც ისინი ცნობილი იქნა დამნაშავედ დანაშაულისათვის რაც გათვალისწიმენულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად თითოეულს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; მოსამართლემ აღნიშნულ განაჩენში ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიუთითა მტკიცებულებები, რომლებიც მისი თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე არ გამოკვლეულა (კერძოდ განაჩენში მიუთითა დაზარალებულის და 20-ზე მეტი მოწმის (მათ შორის ექსპერტების) ჩვენება, პენიტინციური დეპარტამენტის #17 დაწესებულებიდან ამოღებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები (რომლებიც როგორც ავღნიშნო აუდი ჩანაწერი, იყო მხოლოდ მხოლოდ ვიდეო ჩანაწერი, მათი ჩვენების შემდეგ ეს მტკიცებულება დალუქული იქნა და დღესაც დალუქულ მდგომარეობაშია იგივე ლუქით, ხოლო სასამართლო სხდომის ოქმის მოსმენით, ბუნებრივია ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით ვერაფერს დაადგენდა);
2.1.2. რაც შეეხება მეორე პირს ბადრი შუშანიძეს: ანალოგიური მდგომარეობა არის ამავე საქმეზეც;
ა) მის საქმეს 2014 წლის აგვისტოდან იხილავს ქალბატონი ხათუნა ხარჩილავა; ამ სამი წლის განმავლობაში ჩატარდა ათობით პროცესი, დაიკითხა 25-ზე მეტი მოწმე და ექსპერტი, რომლის დროსაც გამოკვლეული იქნა სხვადასხვა მტკიცებულებები;
ბ) დღეისათვის დარჩენილია ფაქტიურად მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებები; სასამართლო პროცესზე, რომელზეც ველოდებოდით ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას და ამით ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულებას გამოცხადდა მოსამართლე ბატონი ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ის (ბატონი ალექსანდრე იაშვილი) დაინიშნა აღნიშნულ საქმეზე სათადარიგო მოსამართლედ;
გ) დაცვის მხარის შეკითხვაზე თუ რით იყო განპირობებული აღნიშნული და გამოიწვევდა თუ არა ეს უკვე გამოკვლეული მტკიცებულებების ხელმეორედ გამოკვლეას და საქმის გაჭიანურებას, ბატონმა ალექსანდრემ განმარტა, რომ
1. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით რომ ქალბატონი ხათუნა ხარჩილავა 28 ოქტომბრამდე იმყოფებოდა მივლინებაში,
2. რაც შეეხება საქმის გაჭანურებას (მოწმეების კვლავ დაკითხვა, მტკიცებულებების კვლავ გამოკვლევა) ეს არ გვემუქრებოდა, ვინაიდან ბატონი ალექსანდრე აპირებდა საქმის განხილვა გაეგრძელებინა იმ ეტაპიდან, სადაც შევჩერდით ქალბატონ ხათუნასთან პროცესის მიმდინარეობისას;
დ) და კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც მინდა სასამართლოს ყურადღება გავამახვილო: ქალბატონ ხათუნასთან ამავე პერიოდში მაქვს სხვა საქმე, სადაც ასევე გვაქვს დაწყებული განხილვა დაწყებული, თუმცა იმ საქმეს კვლავ ქალბატონ ხათუნასთან ვაგრძელებთ და იმ საქმეში არ ჩართულა არცერთი სათადარიგო მოსამართლე და ბუნებრივი კითხვა რომელიც ჩნდება არის ერთი, რით არის გამოწვეული უკვე ფაქტიურად დასრულებულ საქმეზე სათადარიგო მოსამართლის ჩართვა (?);;
II. სამართლებრივი გარემოებები:
2.1. სამართლიანი სასამართლოს უფლება;
2.1.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“
2.1.2. ევროპის საბჭოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლი უზრუნველყოფს უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე.
2.1.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - ,,ბრალდებულს (მსჯავრდებულს, გამართლებულს) აქვს სამართლიანი პროცესის უფლება."
2.1.4. აღნიშნული უფლება „უზრუნველყოფს ადამიანის სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: “საქართველოს მოქალაქეები: ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)
2.1.5. „სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტია „მხოლოდ“ საპროცესო ხასიათისაა. ის მიზნად ისახავს „საპროცესო მართლმსაჯულების“ და არა „შედეგზე ორიენტირებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფას“. (შტეფან ფრექსელი, „ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“ თბილისი, 2009 წ. გვ. 106.)
2.1.6. პასუხისმგებლობის დაკისრებისას ინდივიდი არ უნდა წარმოადგენდეს სამართალწარმოების ობიექტს და უნდა აღიჭურვოს დაცვის იმ მექანიზმებით, რასაც სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე.)
2.2. სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპი
2.2.1. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტი.)
2.2.2. კონსტიტუციის მსგავსად, საპროცესო კანონმდებლობითაც გარანტირებულია კანონიერების და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი: „პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის განსჯადობასაც კანონით ექვემდებარება მისი საქმის განხილვა.“)
2.2.3. პირის უფლება კომპეტენტურ სასამართლოზე გულისხმობს: სასამართლოს კომპეტენტურობას განსჯადობის პრინციპიდან გამომდინარე; საქმის განმხილველი კონკრეტული სასამართლოს შემადგენლობის კანონიერებას. (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი“ ავტორთა კოლეგია, გამომცემლობა „მერიდიანი, თბილისი, 2015 წ. გვ. 103.)
2.2.4. კონვენციის მე-6 მუხლში აღნიშნული ტერმინის „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლო“ მოიცავს არა მხოლოდ სამართლებრივ საფუძვლებს „სასამართლოს“ არსებობისათვის, არამედ სასამართლოს შემადგენლობას თითოეულ საქმეში (Volkov v. Ukraine).
2.2.5. „კანონი“ გულისხმობს არამხოლოდ სასამართლო ორგანოების შექმნისა და კომპეტენციის შესახებ კანონმდებლობას, არამედ, ასევე შიდა სამართლის ყველა სხვა დებულებას, რომლისგან გადახვევა კანონიერ საფუძველს აცლის საქმის განხილვაში ერთი ან რამდენიმე მოსამართლის მონაწილეობას („გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“).
- ამდენად, სასამართლოს კანონიერებას განაპირობებს მისი შემადგენლობის კანონიერება, ხოლო უკანონო შემადგენლობის მიერ საქმის განხილვა განაჩენის გადასინჯვის საფუძველია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი: „განაჩენი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს შემადგენლობას.“).
2.2.6. საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ,,მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები;
2.2.7. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მართლმსაჯულება ხორციელდება მოსამართლეთა შუცვლელობისა და დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით;
2.2.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად - სასამართლომ საქმე უცვლელი შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა ხელახლა იწყება, გარდა ამ კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა
2.2.9. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ მუხლს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლი) - სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლოს შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება
ხსენებული ნორმებიდან ცალსახად იკითხება სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპის იმპერატიული ხასიათი: მოსამართლის შეცვლის შემთხვევაში საქმის განხილვის თავიდან ჩატარების წესიდან ერთადერთი გამონაკლისია - სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა. მიუხედავად სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის კონკრეტული დროის კანონში მიუთითებლობისა არსებული დანაწესი, რომლის თანახმად, სათადარიგო მოსამართლე, „ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს“ ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქმის განხილვის დაწყებისთანავე სათადარიგო მოსამართლის სასამართლოს შემადგენლობაში ყოფნის სავალდებულოობას. სასამართლო შემადგენობის უცვლელობის პრინციპი დაკავშირებული მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის უფლებასთან. სწორედ სათადარიგო მოსამართლის არსებითი განხილვის დაწყებისთანავე დანიშვნა უზრუნველყოფს მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში მის ჩართულობას, რის გამო გამონაკლისის სახით დასაშვებია საქმის განხილვის გაგრძელება. წინააღმდეგ შემთხვევაშ გამონაკლისის არსებობა აზრს მოკლებულია და ვერ უზრუნველყოფს სასამართლო შემადგენლობის უცვლელობის გარანტიას.
2.2.10 ანალოგიურია სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემთხვევაშიც: სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებთან ერთად და ერთდროულად ნიშნავს სათადარიგო მსაჯულებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საქმის განხილვაში, (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 224-ე მუხლის პირველი ნაწილი), ესწრებიან სასამართლოს სხდომას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 224-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სამართლიან მართლმსაჯულებას თავისთავად ვერც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უზრუნველყოფს და ვერც მოსამართლის მიერ საქმის განხილვა, თუ თითოეული მათგანი არ იქნება აღჭურვილი უფლების დაცვისთვის აუცილებელი, ეფექტური და საკმარისი გარატიებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე :“საქართველოს მოქალაქები: ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2.2.11. კანონმდებლობის მსგავსად, იურიდიულ ლიტერატურაშიც მითითებულია, რომ „სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა უნდა მოხდეს საქმის განმხილველი მოსამართლისათის სისხლის სამართლის საქმის გადაცემის პარალელურად. იქიდან გამომდინარე, რომ სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის შემთხვევაში საქმის განხილვა უნდა გაგრძელდეს, სათადარიგო მოსამართლე საქმის განმხილველი მოსამართლის (მოსამართლეების) პარალელურად უნდა იყოს ინფორმირებული და გაცნობილი საქმის გარემოებებს, რათა მის მიერ საქმის განხილვის გაგრძელებამ, საფრთხე არ შეუქმნას მართლმსაჯულების განხორციელებას („საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი“ ავტორთა კოლეგია, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015 წ. გვ.539 – 540).
2.2.12. საქართველოს საერთო სასამართლოებში პროცესების მონიტორინგის ეუთოს ანგარიში საქმის განხილვისას მოსამართლის შეცვლა სხვა მოსამართლით, „რომელიც არ ესწრებოდა წინა სასამართლო განხილვებს და ამდენად პირადად და უშუალოდ არ ჰქონდა ინფორმაცია მიმდინარე პროცედურების, მათ შორის მოწმეთა დაკითხვის შესახებ, მის დანიშვნამდე“ საპროცესო კოდექსთან შეუსაბამოდ შეფასდა: ამგვარმა „სასამართლოს კონკრეტული შემადგენლობის ჩამოყალიბების პრაქტიკამ შეიძლება წარმოშვას ეჭვი კანონის შესაბამისად შექმნილი სასამართლოს მიერ გასამართლების უფლებასთან დაკავშირებით (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო „სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიში. საქართველო“ 2014 წ. გვ.38-39).
2.2.13. ამავე კვლევის მიხედვით, „სათადარიგო მოსამართლეები უნდა დაინიშნონ პროცესის დასაწყისში და დაესწრონ ყველა მოსმენასა და განხილვებს, როგორც ეს რეგულირდება სათადარიგო ნაფიცი მსაჯულების შემთხვევაში (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო „სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიში. საქართველო“ 2014 წ. გვ. 39).
2.2.14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაში მიიღო „სასამართლო შემადგენლობის მოულოდნელი ცვლილება უშუალოდ მოსმენის დაწყებამდე, ხანმოკლე სასამართლო განხილვა და განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ არსებითი მტკიცებულებები არ იყო ჯეროვნად წარმოდგენილი და განხილული სასამართლო პროცესზე, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ მთლიანობაში სასამართლო განხილვა არ იყო სამართლიანი ( შტეფან ტრექსელი „ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“ თბილისი, 2009 წ. გვ. 109. საქმე: „Barbera v. Spain”).
2.3. მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის პრინციპი
2.3.1. სასამართლოს სხდომა, როგორც წესი, ტარდება საჯაროდ და ზეპირად (საქართველოს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის, 182-ე მუხლის პირველი ნაწილი).
2.3.2. როდესაც სასამართლო „დგას ფაქტების დადგენის საჭიროების წინაშე, არსებობს მომეტებული ინტერესი, ჩატარდეს საქმის ზეპირი განხილვა, სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოთქვან მოსაზრებები, გამოხატონ პოზიციები, როგორც საკუთარი, ისე მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებეზე, საქმესთან დაკავშირებულ გარემოებეზე შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში და, საბოლოო ჯამში, დაარწმუნონ სასამართლო საკუთარი არგუმენტების სისწორეში, შედეგად, გავლენა მოახდინონ საკითხის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, რაც ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც კონკრეტული პირების უფლებების დაცვისთვის ან დარღვევის თავიდან აცილებისთვის, ისე ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის (საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2.3.3. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპის შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევას. კანონმდებლობით გარანტირებულია მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის პრინციპი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლი).
2.3.4. „უშუალობის პრინციპი გულისხმობს პირობითად ორ ასპექტს: მტკიცებულების უშუალოდ აღქმა და გამოკვლევა პროცესის მწარმოებელი პირის და მხარის მიერ, შუალედური რგოლის გარეშე; პროცესის მწარმოებელი პირის და მხარის მიერ საქმისათვის მნიშნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიღება უშუალოდ ინფორმაციის წყაროსგან“, („საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი“ ავტორთა კოლეგია, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015 წ. გვ.118.)
2.3.5. საქმის არსებითი განხილვის სხდომას წარმართავს სხდომის თამჯდომარე (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლი), რომელიც მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, დაუბრკოლებლად წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებანი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლი);
2.3.6. საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო პროცესზე მხარეები ზეპირად წარადგენენ შესავალ და დასკვნით სიტყვებს, იკვლევენ მტკიცებულებებს მონაწილეობენ ერთმანეთის მტკიცებულებათა გამოკვევას, პირდაპირი და ჯვარედინი წესით კითხავენ მოწმეებს, სხდომის თავმჯდომარის თანხმობით ახდენენ საქმეში არსებული მტკიცებულების სხდომაზე დემონსტრირებას, საჯაროდ კითხულობენ წერილობით მტკიცებულებას, გამოთქვამენ რეპლიკას, ბრალდებული წარადგენს საბოლოო სიტყვას (საქართველოს სიხლის ასმართლის საპროცესო კოდექსის 241-ე, 251-ე, 242-ე, 244-ე, 245-ე და 246-ე, 248-ე, 252-ე და 253-ე მუხლები). არსებითი განხილვის გარეშე სასამართლოს განაჩენი მხოლოდ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში გამოაქვს, (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილი), როცა ბრალდებული უდაოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე, (საქართველოს სისხლის სამართის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილი).
2.3.7. მტკიცებულებათა ზეპირი ფორმით განხილვა ხელს უწყობს მათ აღქმას, შინაგანი რწმენის ფორმირებას, („საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი“ ავტორთა კოლეგია, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2015 წ. გვ. 122).
2.3.8. უშუალობის პრინციპი ხელს უწყობს სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას კონკრეტულ მტკიცებულებეთან და ბრალდებულისათვის წაყენებული ბრალის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, („საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი“ ავტორთა კოლეგია, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015 წ. გვ.117.).
2.3.9. „მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის უზრუნველყოფის დამატებითი გარანტიის სახით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლო შემადგენლობის უცვლელობას, რაც ხელს უწყობს მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა აღქმის მთლიანობას და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას შემადგენლობის შეცვლის შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლი ადგენს საქმის განხილვის თავიდან დაწყების ვალდებულებას, („საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კომენტარი“ ავტორთა კოლეგია, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015 წ. გვ. 117-118.)
2.4. დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება
2.4.1. „ეროვნულმა სასამართლოებმა საკმარისი სიცხადით უნდა წარმოადგინონ ის დასაბუთება, რომელსაც ეფუძნება მათ მიერ გამოტანილი განაჩენი. დასაბუთებული განაჩენები ასევე ემსახურებიან მხარეებისთვის იმის დემონსტრირებას, რომ მათ უსმენენ. გარდა ამისა, ისინი ავალდებულებენ მოსამართლეებს დააფუძნონ თავიანთი სჯელობა ობიექტურ არგუმენტებზე“ („Taxquet v. Belgium” 2010 წლის 16 ნოემბერი, პარ. 90 91.).
2.4.2. კანონმდებლობით დადგენილია სასამართლოს განაჩენის კანონიერების, დასაბუთებულობის და სამართლიანობის სავალდებულოობა, (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილი).
2.4.3. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259 - ე მუხლის მე-3 ნაწილი).
2.4.4. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, (საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი). გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა, (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი: „სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთბლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი). „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები.
2.4.5. მტკიცებულების საფუძველზე სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი). მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით ( საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი). „მტკიცებულების უტყუარობას - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2.4.6. მოსამართლე ფაქტებს ადგენს მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა შეიცავდეს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილი) დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, მტკიცებულების მითითებით, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა, მტკიცებულების მითითებით, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა, მტკიცებულების გაზიარების და უარყოფის მოტივის დასაბუთებით. კანონით დადგენილი დასაბუთებული განაჩენის გარანტია მოსამართლეს ავალდებულებს განაჩენი გამოიტანოს მხოლოდ სასამართლო პროცესზე მის მიერ უშუალოდ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე.
2.4.7. მოცემულ საქმეებში, სასამართლოს მიერ მიერ გამოტანილი განაჩენი დაემყარება (გულაბერიძის შემთხვევაში დაემყარა) ისეთ მტკიცებულებებსაც, რომლებიც სასამართლოს მიერ უშუალოდ გამოკვლეული არ ყოფილა. მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის გარეშე მათი უტყუარობის შეფასება შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რის გამო განაჩენი ვერ უპასუხებს დასაბუთებულობის მოთხოვნას;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა