ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1344 |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ |
თარიღი | 22 აგვისტო 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე–2 ნაწილის სიტყვები – „იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის მე–2 ნაწილის სიტყვები – „იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.“ |
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
ა) საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის 1 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის მიხედვით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო“... „პირის სარჩელის საფუძველზე, იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით.
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის ე) ქვეპუნქტის მიხედვით,
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს – „საქართველოს კოსნტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“.
გ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39–ე მუხლის 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით, – „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიული პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნორმატიულმა აქტმა, შესაძლოა, სამომავლოდ დაარღვიოს მისი უფლებები სხვა სუბიექტებთან შედარებით არათანასწორი მოპყრობის კუთხით, რამდენადაც, ერთ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, იურიდიულ პირს არ უნდა უწევდეს ანალოგიური კანონდარღვევისთვის 15 000 ლარის გადახდა.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია, რადგან იგი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დასაშვებობის მოთხოვნებს.
არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის არმიღების საფუძვლები, კერძოდ:
ა) სარჩელი ფორმით შეესაბამება ამ კანონის მე–16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მოსარჩელე უფლებამომსილია წარმოადგინოს სარჩელი. შესაბამისად, სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ.
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო.
განსახილველ შემთხვევაში, მივიჩნევთ, რომ კანონი აწესებს გაუმართლებლად განსხვავებულ მოპყრობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის სანქციის სიდიდის ნაწილში, რაც მნიშვნელოვნად არღვევს იურიდიული პირების კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
შესავალი
კონსტიტუციური სარჩელი ეხება პირთა თანასწორობის საკითხის დადგენას იმ შემთხვევაში, როდესაც იდენტური ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ფიზიკური პირი ჯარიმდება 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი, 15 000 ლარით. მოსარჩელის პოზიციით, ასეთი მოცემულობა წინააღმდეგობაში მოდის კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან და არსებითად თანასწორ პირებს ეპყრობა ცალსახად განსხვავებულად.
საზოგადოდ, სამართლის განვითარება–ჩამოყალიბების პროცესი გულისხმობს კონსტიტუციური პრინციპების დახვეწისა და გაუმჯობესების პროცესს, რომლის ნაწილსაც, სხვა ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, უმთავრესს წარმოადგენს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი.
კანონის წინაშე თანასწორობის ცნების უპირველესი გამოვლინება ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ძველ საბერძნეთში, მოხდა, როდესაც პერიკლემ ათენის მოქალაქეებს მიმართა – “კანონების შემთხვევაში, ისინი ქმნიან თანასწორ მართლმსაჯულებას ყველასთვის, მიუხედავად პირადი განსხვავებულობისა. რაც შეეხება სოციალურ ფენების საკითხს, საზოგადოებაში წარჩინებულობა, ეს არის რეპუტაციის მოხვეჭა ნიჭიერებისა და სიქველის გამო, ხოლო კლასობრივი განსხვავებულობა არ იძლევა დამსახურებების გამო სხვის უფლებებში ჩარევის საშუალებას“ (პერიკლე, „სიტყვა პირველი პელოპონესის ომის შემდეგ“).
თანასწორობის იდეის განვითარების შემდგომი დიდი ნახტომი იყო ჯონ ლოკის მოღვაწეობა და იდეები, რომლის მიხედვითაც „ყველა ადამიანი დაბადებულია თანასწორად“ (მეორე ტრაქტატი მმართელობის შესახებ). ამ საკითხისთვის უნდა აღინიშნოს თომას ჯეფერსონის მიდგომა თანასწორობასთან მიმართებით, რომლის მოსაზრებაა – „თანაბარი და ზუსტი მართლმსაჯულება ყველასთვის, მიუხედავად მდგომარეობისა და შეხედულებისა“ (პირველი საინაუგურაციო მიმართვა).
ეპოქების ცვლილებასთან ერთად, იხვეწებოდა მიდგომები თანასწორობასთან დაკავშირებით, რაც ყველაზე ნათლად ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკაშია ასახული. სწორედ აშშ–ის უზენაესი სასამართლოს პრეცედენტებმა და განმარტებებმა შექმნა ყველაზე თვალსაჩინო ბაზა რასობრივი, გენდერული თუ სხვა საკითხებთან მიმართებით თანასწორობის ჭრილში: Brown v. Board of Education (17 May 1954); Loving v. Virginia (12 Jun 1967).
მე–20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, თანასწორობის უფლება ერთ–ერთ ფუნდამენტურ საწყისად იქცა ევროსასამართლოს პრაქტიკისთვისაც. საქმეზე: „Carson and Others v. the United Kingdom“ ევროსასამართლომ განმარტა – „დაუშვებელია დისკრიმინაცია პირების მიმართ, რომლებიც იმყოფებიან არსებითაც თანასწორ მდგომარეობაში“. მსგავსი განმარტება ადგენს საკმაოდ ცალსახა სტანდარტს დისკრიმინაციის დაუშვებლობასთან და პირთა შორის თანასწორობის უფლების დაცვასთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა იზიარებს ევროსასამართლოს პრაქტიკას და თავადაც ამკვიდრებს სტანდარტებს კონსტიტუციის მე–14 მუხლის დაცვის ჭრილში.
ევროპული კონვენციის მიხედვით, თანასწორობა გულისხმობს ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, ასევე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია განმარტავს, რომ ყველას გააჩნია თანაბარი დაცვა დისკრიმინაციის წინააღმდეგ. საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის ჩამონათვალი გულისხმობს თანასწორობას არა მხოლოდ ჩამოთვლილ შემთხვევებში, არამედ ყველა სხვა ნიშნის მიხედვით, სადაც პირები შეიძლება აღმოჩნდნენ არსებითად თანასწორ მდგომარეობაში, თუმცა, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს მხოლოდ იურიდიულს და არა ფაქტობრივ თანასწორობას და როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართალგამოყენების პროცესში სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს.
ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის პრინციპები
თანასწორობის საკითხს ვიდრე შევეხებით, საჭიროა განიმარტოს საზოგადოდ ჯარიმის არსისა და დანიშნულების შესახებ.
როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა – „ჯარიმა გამოიყენება ინდივიდუალურად სამართალდამრღვევის წინააღმდეგ საკუთრების უფლების შეზღუდვის, საკუთრების (ფულის) ამოღების გზით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის გადაწყეტილება №3/2/416 – საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), თუმცა სამართალგამოყენების ეტაპზე, ჯარიმის შეფარდება უნდა მოხდეს სამართალდარღვევის სიმძიმისა და დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე.
ჯარიმა წარმოადგენს სანქციის სახეს, რომლის მიზანიც შეიძლება იყოს სპეციალური, ანუ სამართლდამრღვევი პირის მიერ ქმედების ხელმეორედ ჩადენის პრევენცია. ასევე, საერთო, სხვა პირების მიმართ პრევენციაც, თუმცა მისი ოდენობა არ უნდა იყოს იმდენად არაგონივრული, რომ ირიბად მისი მიზანი ხდებოდეს იურიდიული პირის სამომავლოდ შესაძლო ფუნქციონირების შეწყვეტაც, რადგანაც საქართველოში არსებული სამოქალაქო ბრუნვიდან გამომდინარე, 15 000 ლარის გადახდის დავალდებულება, ძალიან ბევრი იურიდიული პირისთვის, შესაძლოა წარმოადგენდეს მისი ლიკვიდაციის ტოლფას ქმედებას.
ამას გარდა, თეორიულად ჯარიმის ასეთი ოდენობა იურიდიული პირის მიმართ, შესაძლებელია, წინააღმდეგობაში მოდიოდეს საზოგადოდ ჯარიმის არსთან, რომლის გაგებაც კარგად არის გათვალისწინებულ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში. ამ კანონის 33–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 10 პროცენტს.“
ამ კანონის ასეთი განმარტება ნათელს ხდის და ქმნის წარმოდგენას საზოგადოდ ჯარიმის რაობისა და დანიშნულების შესახებ სამართლებრივ სისტემებში. კერძოდ, ჯარიმამ გასაგებია, რომ უნდა შეასრულოს სანქციის როლი, მაგრამ იგი არ უნდა გახდეს იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების საფუძველი სუსტი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ნორმა, რომელსაც ორგანიზაცია სადაოდ ხდის, არის ისეთი მოწესრიგება, რომელიც მოსარჩელე ორგანიზაციას მომავალში, შესაძლოა, დაუჯდეს საქმიანობის შეჩერების საფუძვლად, რაც შესაბამისად, წარმოადგენს არათანაბარზომიერ სანქციას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯარიმა წარმოადგენს სანქციის ისეთ სახეს, რომლის მიზანიც შეიძლება იყოს სამართლდამრღვევი პირის მიერ ქმედების ხელმეორედ ჩადენის პრევენცია და არა პირის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ მან საქმიანობა ვეღარ განაგრძოს.
მოსარჩელე ითვალისწინებს, რომ ჯარიმა პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფასთან, თუმცა მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, კანონის მიზანი აშკარად სხვაა. როგორც სასამართლომ უკვე განმარტა, „ნორმის განმარტებისას უნდა გაირკვეს, როგორც კანონმდებლის ნება, ისე თავად კანონის ნება. ცალკეულ შემთხვევაში, კანონმდებელმა შესაძლოა საკმარისი სიზუსტით, სიცხადით და ადეკვატური კონკრეტულობით ვერ გამოხატოს საკუთარი ნება. შესაბამისად, ამა თუ იმ ნორმის ტექსტი პრაქტიკულად დაშორდება კანონმდებლის რეალურ შეხედულებებსა და სურვილებს მის შინაარასთან დაკავშირებით, ანუ კანონის ნება დაშორდება კანონმდებლის ნებას. ასეთ დროს, სამართალშემფარდებელი აუცილებლად უნდა გაერკვიოს გამოსაყენებელი ნორმის ნამდვილ არსში, ჩაწვდეს კანონმდებლის კონკრეტულ მიზანს“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/3/407 „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთ ასოციაცია და საქართელოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართელოს პარლამენტის წინააღმდეგ).
აქედან გამომდინარე, აღნიშნულ შემთხვევაში, ასეთი მოწესრიგება მოდის, როგორც ჯარიმის განსაზღვრის საზოგადო პრინციპთან, ისევე ჯარიმის მიზანთან და ასევე, თანაზომიერების პრინციპთან შეუსაბამობაში.
თანასწორობის საკითხები
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“ ამ მუხლში, მართალია, იურიდიული პირების მიმართ თანასწორობაზე საუბარი პირდაპირ არ არის, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 45–ე მუხლის მიხედვით, „კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმის ნომერი №2/6/623 შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას“, „კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8).
ჩვენს შემთხვევაში, თანასწორუფლებიანობის საკითხის შემოწმებისას უნდა გადაიხედოს, თუ რამდენად არიან ფიზიკური და იურიდიული პირები არსებითად თანასწორ მდგომარეობაში და რამდენად ხდება მათი გაუმართლებელი დიფერენცირება. უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო ურთიერთობებში ფიზიკური და იურიდიული პირები ნამდვილად წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. იმის მიუხედავად, რომ სანქცირებასთან მიმართებით ფიზიკური და იურიდიული პირების თანასწორობის საკითხი სადავოა, მათ შორის ასეთი უთანასწორობა, მოსარჩელის პოზიციით, ნამდვილად წარმოადგენს მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევას.
საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ვალდებულია, რომ არსებითად თანასწორ პირებს მოეპყროს თანასწორად. „აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას, აუცილებელია, გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით.
ზოგადად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა მათი ბუნებისა და უფლებრივი სტატუსიდან გამომდინარე. თუმცა, ამ ორ პირს შორის არსებული განსხვავება ყოველთვის ვერ განაპირობებს მათ არსებითად უთანასწორო პირებად მიჩნევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/623 – შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, „მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19).
ჯარიმის დაწესების ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, კანონმდებელი ვალდებულია განსაზღვროს დადგენილი დიფერენცირების მიზნები, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს ვარაუდიდან, რომ იურიდიულ პირს შესაძლოა მეტი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდეს. მაშასადამე, მას უფრო მეტი ოდეობით შეუძლია ჯარიმის გადახდა. საზოგადოდ, მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაც მეტია პირის ფინანსური რესურსი, მით უფრო მეტი უნდა დაეკისროს ჯარიმა, საკმაოდ გონივრულად ჟღერს, მაგრამ „აშკარაა, რომ პირის ფინანსური შესაძლებლობა არ არის დაკავშირებული მის სტატუსთან (ფიზიკურ ან იურიდიულ), ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფიზიკური პირი შეიძლება გაცილებით მეტ ფინანსურ რესურსს ფლობდეს იურიდიულ პირთან შედარებით ან/და პირიქით.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/623 – შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
მიუხედავად ამისა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა არ ნიშნავს დიფერენციაციას, რადგან ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა აუცილებელი და გარდაუვალი იყოს.
როგორც ასოცირებული პროფესორი, ქეთევან ერემაძე თავის ნაშრომში აღნიშნავს, საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენციაციის დისკრიმინაციულობის შესაფასებლად და დასადგენად ჩამოაყალიბა რიგი კრიტერიუმებისა – „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
მაშასადამე, მხოლოდ თვითნებური, თვითმიზნური, გაუმართლებელი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი დიფერენციაცია არის დისკრიმინაცია.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენციაციის ინტენსივობის სიდიდის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მკაცრი ტესტის გამოყენება და ნორმა უნდა შეფასდეს გამომდინარე თანაზომიერების პრინციპიდან. ასეთ დროს, კანონმდებელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ის გარემოება, რომ მისი მხრიდან უფლებაში ჩარევა უნდა წარმოადგენდეს აბსოლუტურ აუცილებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების მიხედვით, „კონკრეტულ უფლებაში ჩარევა ხდება გარკვეული საზოგადოებრივი სიკეთის მისაღწევად. თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით უფლების სავარაუდო დარღვევის საკითხის გარკვევისას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამართლებრივი სიკეთისადმი მოსალოდნელი საფრთხის სიმძიმეს. ეს სამართლებრივი სიკეთე, ერთი მხრივ, არის კონკრეტული უფლება, რომლის შეზღუდვის აუცილებლობაც დგება და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესი, რომლის დაცვისთვისაც აუცილებელია უფლებაში ჩარევა. თუ მკაფიო, ნათელი და საკმარისად კონკრეტული არ იქნება უფლებაში ჩარევის ყველა წინა პირობა, საფუძველი თუ წესი, ეს, თავისთავად, განაპირობებს არა მხოლოდ უფლებაში გადამეტებული ჩარევის, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების არასწორად დაკმაყოფილების რისკსაც. შესაბამისად, ვერ მიიღწევა კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული და პროპორციული თანაფარდობა. უფლებაში ჩარევის მარეგულირებელი ასეთი ნორმაც ვერ დააკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/3/407 „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთ ასოციაცია და საქართელოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართელოს პარლამენტის წინააღმდეგ).
დასკვნა
ზემოთ მოყვანილი დასკვნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, არსებული დიფერენციაცია აშკარად ქმნის შეუსაბამობას პირთა თანასწორობის საკითხში, აწესებს არათანაბარზომიერ სანქციას ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით და არის დისკრიმინაციული, რადგანაც უფლების შეზღუდვა ხდება არსებითაც თანასწორ პირთა მიმართ დაუსაბუთებლად განსხვავებული მოპყრობის ფარგლებში, რის გამოც, მოსარჩელე ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ნორმა არაკონსტიტუციურია
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა