თორნიკე გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/1335 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 31 მარტი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 12 აპრილი 2023 13:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: თორნიკე გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის სიტყვების: „ ... 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით“, 290-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადებისა (2020 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და 290-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1335) მომართა საქართველოს მოქალაქე თორნიკე გვენეტაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, №1335 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2018 წლის 23 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 31 მარტს.
2. №1335 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ვადის გასვლისა და დაკისრებული საურავის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის სამართლებრივ შედეგებს და მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლი განსაზღვრავს დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადებსა და წესს. აღნიშნული მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადება (2020 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე, 118-ე−119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის ან საურავის 30 დღიან ვადაში გადაუხდელობისას, სამართალდამრღვევისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ვადით სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლების შეჩერების ნორმატიულ მოცემულობას. ამავე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი, ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოცემული დადგენილება სამართალდამრღვევისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ გაუქმდება და სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა დაუბრუნდება, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის მისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხის ოდენობა: ა) არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის ორმაგ ოდენობას; ბ) აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის ერთნახევარ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.
4. №1335 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლთან, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის შესაბამისად, დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, ცნოს და დაიცვას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებები, აგრეთვე, გარანტირებულია ხელისუფლების განხორციელებისას ხალხისა და სახელმწიფოს ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით, შეზღუდვის ვალდებულება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საქართველოში კანონიერად მყოფი პირების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად კი, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლით გარანტირებული უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით. ამავე პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად კი, დადგენილია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით. საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის საფუძვლები კი დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით.
6. №1335 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, მოსარჩელე, თორნიკე გვენეტაძე, 2017 წლის 4 დეკემბერს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას, საპატრულო პოლიციამ ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმების მიზნით გააჩერა, რა დროსაც დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გარეშე. აღნიშნულის გამო მას დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის მიზეზით, შეუჩერდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 6 თვის ვადით. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული გარემოება მისთვის უცნობი იყო, რამდენადაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების თაობაზე არც ელექტრონულად და არც წერილობითი ან სხვა რაიმე ფორმით, შესაბამისი შეტყობინება არ მიუღია. მოსარჩელემ საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვა მის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მცირე მნიშვნელობის მქონედ მიჩნევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, აგრეთვე საკუთარი პიროვნებისა და ბრალის ხარისხის გათვალისწინება, რაც არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №20/9-4482 დადგენილება საჯარიმო ქვითრის უცვლელად დატოვებისა და საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, საჩივარი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და, შედეგად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე, შეჩერდა ზემოაღნიშნული დადგენილების აღსრულება.
7. მოსარჩელის არგუმენტაციით, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის, სამართლიანობის პრინციპის საწინააღმდეგოა სადავო რეგულაციებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის დაკისრებული ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის გამო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება. მოსარჩელის პოზიციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის დაკისრებული ჯარიმის ან/და საურავის გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს იძულებითი აღსრულების მექანიზმი, შესაბამისად, გაუგებარია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ზემოაღნიშნული ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის გამო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შეჩერება. ამავდროულად, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს რეგულაციებს, რომელთა შესაბამისადაც, ვალდებულია, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენისათვის გადაიხადოს დამატებითი თანხა, რომელიც შესაძლებელია, გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე თავად კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმა ან/და საურავი.
8. მოსარჩელის პოზიციით, სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს პირის საკუთრების უფლებით დაცულ სიკეთეს და გადაადგილების საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში კი, პირი მოკლებულია შესაძლებლობას, განკარგოს საკუთარი ქონება, რამდენადაც აღნიშნული ქონება, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, ფაქტობრივად, გამოუყენებელია, კარგავს საკუთარ არსს და ეწინააღმდეგება როგორც საკუთრების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის კონსტიტუციურ უფლებებს.
9. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1335 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლთან, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლის შესაბამისად, დადგენილი იყო სახელმწიფოს ვალდებულება, ცნოს და დაიცვას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებები. ამავე დებულებით, გარანტირებული იყო ხელისუფლების განხორციელებისას, ხალხისა და სახელმწიფოს ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით, შეზღუდვის ვალდებულება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ახდენდა საკუთრებისა და მემკვიდრეობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის გარანტირებას. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა საქართველოში კანონიერად მყოფი პირების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად კი, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ, თავისთავად, გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლით და 39-ე მუხლით დადგენილ დებულებებს შეესატყვისება საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი. საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით. საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის საფუძვლები კი დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, №1335 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დავის საგნად მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის სიტყვების: „ ... 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით“, 290-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადებისა (2020 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და 290-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
6. №1335 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების (2020 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
7. №1335 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები. კერძოდ, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის №7059-რს კანონით, დასახელებული კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის სადავო ნორმა ძალადაკარგულია. ამასთან, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
8. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).
9. აღნიშნული პრაქტიკის ცვლილება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც სადავო ნორმის იდენტურად, გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
10. თუმცაღა იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური/მსგავსი შინაარსის მქონე დებულება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „№3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მათ შორის, შეაფასებს, რამდენად არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, აუცილებელია, იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
12. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია, უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის ან მისი კონკრეტული ნაწილის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით შესაბამისობის თაობაზე.
13. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე – ფიზიკური პირი, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის პირველ და არა მეორე თავში. ამდენად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან მიმართებით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1335 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის სიტყვების: „ ... 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით“, 290-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. ამავდროულად, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1335 კონსტიტუციურ სარჩელზე ზემოაღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმე უნდა შეწყდეს.
16. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმისა და შესაბამისი კონსტიტუციური დებულების შინაარსს. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი ნაწილი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და, „საქართველოს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
17. №1335 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას. აღნიშნული დებულებით განსაზღვრულია პირისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე ადრე აღდგენის შესაძლებლობა და მისი პირობები. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოცემული დადგენილება სამართალდამრღვევისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ გაუქმდება და სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა დაუბრუნდება, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის მისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხის ოდენობა: ა) არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის ორმაგ ოდენობას; ან ბ) აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის ერთნახევარ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა. მოსარჩელის არგუმენტაციით, აღნიშნული რეგულაცია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირს, რომელსაც, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეჩერების პერიოდში, სურს აღნიშნული დოკუმენტის მოქმედების აღდგენა, აიძულებს გადაიხადოს დამატებითი თანხა, რომელიც შესაძლებელია, გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე თავად კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმა ან/და საურავი. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დოკუმენტის შეჩერების პერიოდში აღნიშნული უფლების კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე ადრე აღდგენისათვის, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს დაკისრებული ჯარიმის ან/და საურავის გაზრდილი ოდენობის გადახდის ვალდებულება.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებები, გარკვეული ქმედებების განხორციელების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ან/და საურავის არგადახდის შემთხვევაში, ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის აღნიშნული დებულებები აგრეთვე განსაზღვრავს სპეციალურ ვადას, რომლის განმავლობაშიც პირს შეუჩერდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებამოსილება. მაგალითად, ამავე საქმეზე სადავოდ გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი დებულებებით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის შემდგომ, პირს, ზოგადი წესის შესაბამისად, აღუდგება ხსენებული უფლებამოსილება.
19. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილი ადგენს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის ზოგადი წესისგან გამონაკლის შემთხვევას. კერძოდ, აღნიშნული რეგულაცია განსაზღვრავს შესაბამის წინაპირობებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, პირს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესისა და ვადისაგან დამოუკიდებლად, აღუდგება აღნიშნული უფლებამოსილება. დასახელებული რეგულაცია თავისთავად არ ითვალისწინებს არც პირისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებამოსილების შეჩერების, რაიმე სახის ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესაძლებლობას და არც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებამოსილების აღდგენისათვის პირის ფინანსურ ვალდებულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, გასაჩივრებული რეგულაცია, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებამოსილების აღდგენის ზოგადი წესისაგან დამოუკიდებლად, საგამონაკლისო გზით, ადგენს პირის შესაძლებლობას, კანონმდებლის მიერ დადგენილი სპეციალური პირობების დაკმაყოფილების მეშვეობით, აღიდგინოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ამდენად, ზემოაღნიშნული რეგულაცია პირისათვის წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის საგამონაკლისო გზას და მოსარჩელის მიმართ გააჩნია აღმჭურველი ხასიათი.
20. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რათა წარმოეჩინა, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებამოსილების საგამონაკლისო წესით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე ადრე აღდგენა მისი რომელიმე კონსტიტუციური უფლების ნაწილია და გასაჩივრებული ნორმით დადგენილი პირობები აშკარად არაპროპორციულ ზეგავლენას ახდენს მისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაზე. შესაბამისად, აშკარაა, სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი და სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად ჩამოყალიბება ეფუძნება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
21. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1335 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
22. №1335 კონსტიტუციური სარჩელით, ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის სიტყვების: „ ... 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით“ და 290-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების (2020 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის მიზეზით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას. მოსარჩელის პოზიციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, თავად აღნიშნული უფლების შეჩერების პერიოდში, აზრს უკარგავს სატრანსპორტო საშუალებას, შეუძლებელს ხდის მისით სარგებლობას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლებებს.
23. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციულსამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, ადგენს რა შემთხვევაში ჩაითვლება მძღოლის ქმედება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევად, ამასთან, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სახდელების (ჯარიმების) ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, იქნეს გამოყენებული სამართალშემფარდებლის მიერ თითოეული კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. ამავდროულად, აღნიშნული მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს, სამართალდამრღვევი პირის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმისა და ამავე ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულების ვადის გასვლის გამო დარიცხული საურავის ნებაყოფლობით გადაუხდელობის სამართლებრივ შედეგებს. კერძოდ, აღნიშნული დებულება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადაში პირისათვის დაკისრებული ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვის ვადით შეჩერებით შეცვლის შესაძლებლობას. მსგავს შესაძლებლობას ითვალისწინებს ამავე კოდექსის 290-ე მუხლი 11 ნაწილის მე-2 წინადადება (2020 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), კერძოდ, ადგენს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე, 118-ე−119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, სამართალდამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის ან საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ვადით შეუჩერდება სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება. ამდენად, ნათელია, რომ განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული რეგულაციები ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესაძლებლობას, როგორც სანქციის ფორმას.
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს ფარგლების სწორად იდენტიფიცირებისა და ერთმანეთისაგან გამიჯვნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის №2/11/663 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-15-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). შესაბამისად, აუცილებელია, დადგინდეს, რამდენად არსებობს მიმართება განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარ ნორმებსა და მოსარჩელის მიერ მითითებულ კონსტიტუციურ დებულებებს შორის.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამა თუ იმ უფლების შეზღუდვის სტანდარტები გათვალისწინებულია თავად აღნიშნული უფლების მომწესრიგებელი კონსტიტუციური დებულებებით. მაგ., საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განსაზღვრავს საქართველოში კანონიერად მყოფი პირების საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის სტანდარტებს, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი შეეხება საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის საფუძვლებს, ხოლო კონკრეტული სანქციის პროპორციულობის სპეციფიკური კონსტიტუციური სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტი გამორიცხავს „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს. ამასთანავე, სისხლის, ადმინისტრაციული სამართლისა თუ სხვა სფეროს მომწესრიგებელი კანონებით გათვალისწინებული ღონისძიება სასჯელად უნდა შეფასდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი მიმართულია პირის დასჯისა და სასჯელის სხვა მიზნების (მაგ., დანაშაულის პრევენცია, დამნაშავის რესოციალიზაცია და ა. შ.) მიღწევისაკენ. ღონისძიება, რომელიც, მართალია, არის სახელმწიფოს რეაქცია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, თუმცა არ აქვს სასჯელის ბუნება და მიმართულია რაიმე სხვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ, არ შეიძლება შეფასებულ იქნეს როგორც სასჯელი. ამგვარ შემთხვევებში, რეგულაცია უნდა დაექვემდებაროს კონსტიტუციურსამართლებრივ შეფასებას, როგორც უფლებაშემზღუდველი ღონისძიება სასჯელისათვის განკუთვნილი კონსტიტუციური სტანდარტების მხედველობაში მიღების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის №1/3/1646 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სასჯელების/სანქციების პროპორციულობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და ამ მუხლით დადგენილ სპეციფიკურ სტანდარტებთან მიმართებით. ძირითადი უფლების დამდგენ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით კი სადავო რეგულაციით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა შეფასებადი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ღონისძიება, თავისი ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ განეკუთვნება სადამსჯელო ღონისძიებას და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართება არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის №1/3/1646 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
27. ამდენად, კონკრეტული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების ან/და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლებებთან არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი უფლებაშემზღუდველი ღონისძიება, თავისი ბუნების, მიზნის ან დანიშნულების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს სასჯელს/სანქციას საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის და მისი კონსტიტუციურობა არ არის შეფასებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით.
28. საპირისპიროდ, განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული რეგულაციისა და კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ნათელია, რომ მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმით დადგენილი ადმინისტრაციული სანქციის პროპორციულობის შეფასებას. როგორც აღინიშნა, მსგავსი მოთხოვნა შეფასებადი არის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. ამასთანავე, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დამატებითი არგუმენტი, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა სადავო ნორმებით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიებების კავშირს დასახელებული კონსტიტუციური დებულებებით აღიარებულ ისეთ სტანდარტებთან, რომლებიც არ უკავშირდება ადმინისტრაციული სანქციის პროპორციულობას. ამგვარად, №1335 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი რეგულაციებით გათვალისწინებული ღონისძიების კონსტიტუციურობა არ არის შეფასებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
29. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1335 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის სიტყვების: „ ... 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
30. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების (2020 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სარჩელის შემოტანის მომენტში არსებობდა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1335 კონსტიტუციური სარჩელი („თორნიკე გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის სიტყვების: „ ... 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით“ და 290-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №1335 კონსტიტუციურ სარჩელზე („თორნიკე გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების (2020 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში