საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/7/1701 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 11 მაისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 მაისი 2023 14:24 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებით დამტკიცებული „12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის არასამედიცინო ჩვენებათა ჩამონათვალის“ (დანართი №5) სიტყვების „ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ჩვენებებს, რომელიც კავშირში არ არის სამედიცინო მდგომარეობასთან, წარმოადგენს: ა) ორსულობა, სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 6 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1701) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 9 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 11 მაისს.
2. №1701 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების №5 დანართი განსაზღვრავს 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის არასამედიცინო ჩვენებათა ჩამონათვალს. მითითებული დანართის „ა“ პუნქტის თანახმად კი, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ერთ-ერთი არასამედიცინო ჩვენებაა „ორსულობა, სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება, მე-12 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.
5. №1701 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტისას, გაუპატიურების მსხვერპლი ქალები დაბრკოლებას აწყდებიან. კერძოდ, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ 12 კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, ძალადობრივი აქტის, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას არის შესაძლებელი, რომლითაც დადგენილი იქნება, რომ ჩადენილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, გაუპატიურება. ამ მხრივ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქმის განმხილველ საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება არა მხოლოდ აბორტის გაკეთებისთვის დასაშვებ, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ 22 კვირიან ვადას, არამედ ზოგჯერ ორსულობის მთლიან პერიოდსაც კი. შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის შეუძლებელი ხდება, მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული საგამონაკლისო წესის შესაბამისად დადგენილ ვადაში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა.
6. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო მოწესრიგება, მათ შორის, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, რადგან ადგენს თანაბარ მოპყრობას არსებითად არათანასწორ პირებს შორის. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შესადარებელი პირები არიან, ერთი მხრივ, ორსული ქალები, რომელთა ორსულობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შედეგია და, მეორე მხრივ, სხვა ორსული ქალები, რომლებიც არ არიან ასეთი დანაშაულის მსხვერპლები. ამ მხრივ, მოსარჩელის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის მიღება ხშირად ორსულობის ხელოვნური შეწყვეტისთვის დასაშვებ ვადას სცდება, შედეგად, გაუპატიურების მსხვერპლი ქალები ვერ სარგებლობენ მათთვის ნებადართული აბორტის უფლებით და უთანაბრდებიან სხვა ორსულ ქალებს, რომლებიც ძალადობის შედეგად არ დაორსულებულან და რომელთაც მხოლოდ 12 კვირამდე ვადაში შეუძლიათ ორსულობის შეწყვეტა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მინისტრის ბრძანება, მართალია, ფორმალურად განასხვავებს შესადარებელ პირთა მიერ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტისთვის დასაშვებ ვადებსა და პირობებს, მაგრამ არ ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ორსული ქალის განსაკუთრებულ სოციალურ საჭიროებებს და ადგენს არაგონივრულ პირობას (გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის საჭიროებას), რითაც ქმნის დაუძლეველ დაბრკოლებას და ფაქტობრივად თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირებს.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გასაჩივრებული ნორმით დადგენილი მოწესრიგება ასევე ეწინააღმდეგება პიროვნების თავისუფალი განვითარების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ პირის უფლება, თავად მიიღოს საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილებები, განსაზღვროს საკუთარ სხეულთან, ჯანმრთელობასთან, ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მოქმედებები და დაგეგმოს შვილის ყოლის დრო, დაცულია კონსტიტუციით. გასაჩივრებული ნორმა კი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის წინაპირობით, ზღუდავს სქესობრივი ძალადობის შედეგად დაორსულებული ქალის მიერ აბორტის გაკეთების შესაძლებლობას, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით ან/და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებრივ სფეროებში ჩარევა.
8. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს უკანონო აბორტების შემცირება და შედეგად, ქალთა ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა, მხარის აზრით, მითითებული მიზანი შეიძლება მიღწეული იქნეს ნაკლებად მზღუდავი და ძალადობის მსხვერპლის ინტერესებზე უფრო მეტად მორგებული საშუალებებითაც. კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გაუპატიურების შემთხვევაში, 12 კვირის შემდგომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა შესაძლებელი უნდა იყოს საქმეზე გამოძიების დაწყების ან ქალისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წინაპირობების დაკმაყოფილებით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სქესობრივი ძალადობის ჩადენის ფაქტის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის წინაპირობა, საკმარისი საშუალება იქნება ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის, ვინაიდან, ერთი მხრივ, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქალს ბარიერი არ შეექმნება და ის არ იქნება სხვა პირის/ორგანოს ქმედებებზე დამოკიდებული, ხოლო, მეორე მხრივ, არასასურველი ორსულობის 12 კვირის ვადაზე გვიან შეწყვეტის მიზნით, სამართალდამცავი ორგანოსთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების და აღნიშნული საგამონაკლისო შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკი დაზღვეული იქნება კანონმდებლობით. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო მოწესრიგების პირობებში აგრეთვე ირღვევა სამართლიანი ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, რადგან გაუპატიურების თაობაზე ცრუ ინფორმაციის მიცემის ჰიპოთეტური საფრთხე გადაწონის ძალადობის მსხვერპლი ქალის ლეგიტიმურ ინტერესებს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, მე-12 მუხლსა და მე-15 მუხლის პირველ პუნქტს.
10. მოსარჩელე მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების №5 დანართის სიტყვების „ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ჩვენებებს, რომელიც კავშირში არ არის სამედიცინო მდგომარეობასთან, წარმოადგენს: ა) ორსულობა, სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გასაჩივრებული ნორმის თანახმად, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შეწყვეტის ერთ-ერთი არასამედიცინო ჩვენებაა ორსულობა, სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად.
3. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო მოწესრიგება განსაზღვრავს არაგონივრულად რთული პირობის დადგომის აუცილებლობას, კერძოდ, საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის მიღების საჭიროებას, რითაც ქმნის დაუძლეველ დაბრკოლებას ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ და შეწყვიტონ არასასურველი ორსულობა. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ამგვარი მოწესრიგებით, ირღვევა სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, რადგან, პრაქტიკულად, დადგენილია თანაბარი მოპყრობა არსებითად არათანასწორ პირებს შორის. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ შესადარებელი პირები არიან, ერთი მხრივ, ის ორსული ქალები, რომელთა ორსულობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შედეგია და, მეორე მხრივ, სხვა ორსული ქალები, რომლებიც არ არიან ასეთი დანაშაულის მსხვერპლები. ამავდროულად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო მოწესრიგება არათანაზომიერად ზღუდავს პირის უფლებას, დამოუკიდებლად მიიღოს საკუთარ სხეულთან, ჯანმრთელობასთან, ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და დაგეგმოს შვილის ყოლის დრო.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიცირებულია უფლებამზღუდველი ნორმა. ამ მხრივ, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს კონსტიტუციური სარჩელი და მიუთითოს იმ ნორმატიულ აქტზე, რომელიც, მისი აზრით, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის დასახელებულ დასაბუთების სტანდარტთან მიმართებით, პირველ რიგში, საჭიროა, გამოირკვეს, ადგენს თუ არა №1701 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა უფლებისმზღუდველ წესს.
5. ოჯახის დაგეგმვის, კერძოდ კი, ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტის შესახებ ზოგადი ნორმატიული წესები დადგენილია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. მითითებული კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას. თავის მხრივ, აღნიშნული კანონის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში, აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება მინისტრის ბრძანებით. ამდენად, მითითებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ აკრძალულია 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შეწყვეტა, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა.
6. „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების №5 დანართი ჩამოთვლის იმ არასამედიცინო ჩვენებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, დასაშვებია 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შეწყვეტა. აღნიშნული ბრძანებით, ერთ-ერთ ასეთ გამონაკლისად მიჩნეულია ორსულობა, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ იგი გაუპატიურების შედეგია. №1701 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევას, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზოგადი უფლებამზღუდველი წესისგან, რომლის თანახმად, როგორც აღინიშნა, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შეწყვეტა აკრძალულია.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ №1701 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ გამხდარი ნორმის ფარგლებში არ ხდება პირთათვის საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობის, კერძოდ კი, არასასურველი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების უფლების შეზღუდვა. მეტიც, აშკარაა, რომ სადავო ნორმა წარმოშობს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი წესისგან განსხვავებულ, საგამონაკლისო სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც ნორმის ადრესატს, ძალადობის მსხვერპლ ქალს, კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ანიჭებს 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შეწყვეტის უფლებას. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობის ანალიზით ირკვევა, რომ სადავო ნორმას გაუპატიურების მსხვერპლ ქალთა მიმართ გააჩნია მხოლოდ უფლებააღმჭურველი შინაარსი და უშვებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზოგადი უფლებამზღუდავი წესისგან გამონაკლისს, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ დადგინდება, რომ ორსულობა გაუპატიურების შედეგია. ამდენად, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმის არასწორ აღქმას და, შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება გასაჩივრებულ დებულებას.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1701 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1701 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში