მოქალაქე ვასილ კუტალაძე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/1/168 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 4 თებერვალი 2003 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 თებერვალი 2003 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
2. იაკობ ფუტკარაძე;
3. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: მოქალაქე ვასილ კუტალაძე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წინააღმდეგ.
დავის საგანი: (1) “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 ოქტომბრის №447 ბრძანებულებისა და (2) “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციის (შტატების შემცირებით) განხორციელებისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 19 ოქტომბრის №391 ბრძანების კონსტიტუციურობა.
მოქალაქე ვასილ კუტალაძის 168-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2001 წლის 11 ოქტომბერს. დადგენილი წესის შესაბამისად, 2003 წლის 20 იანვარს იგი გადმოეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ამ საქმეზეზ გაიმართა 2003 წლის 28 იანვარს.
მოსარჩელელ ვასილ კუტალაძეს არ მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წერილობითი განცხადებით განმწესრიგებელ სხდომაზე დასწრების თაობაზე. მას გაეგზავნა შეტყობინება განმწესრიგებელი სხდომის გამართვის თარიღისა და სხდომაზე მოწვევის შესახებ. მოსარჩელელ სასამართლოში არ გამოცხადდა. სასამართლოში არ არის ცნობა გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. განმწესრიგებელი სხდომა მოსარჩელის დაუსწრებლად გაიმართა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17, მე-19, 20-ე, 24-ე, 41-ე მუხლების პირველი პუნქტები და 39-ე მუხლი, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სადავოდ გამხდარი აქტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არ არის შეტანილი ნორმატიული აქტებისს ახელმწიფო რეესტრში და არა აქვთ მინიჭებული სარეგისტრაიო კოდი. მათი გამოქვეყნება ასევე არ მოხდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსარჩელის აზრით, ეს აქტები ”ხელოვნურადაა შეკოწიწებული და როგორც ნორმატიული აქტი ეჭვქვეშ აყენებს მის კანონიერებას, ვინაიდან ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და უნდა იქნეს გაუქმებული”.
მოსარჩელის აზრით, ეს ნორმატიული აქტები “გახდა საფუძველი”, რომ მის მიმართ ჩადენილიყო “სამოხელეო დანაშაული საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის ხელმძღვანელობის მიერ”.
გარდა ამისა, მოსარჩელელ მიიჩნევს, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს “ნორმატიული აქტების შესახებ” და სხვა ნორმატიულ აქტებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
სასამართლო კოლეგიის აზრით, არ არსებობს კანონიერი საფუძველი წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღებისათვის.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, “კონსტიტუციური სარჩელი . . . დასაბუთებული უნდა იყოს”. ეს კი, სხვა გარემოებეთან ერთად, გულისხმობს სადავო ნორმების მართებულ (საგნობრივ) მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის სათანადო დებულებებთან”. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს “საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი”. მოქალაქე ვასილ კუტალაძის სასარჩელო განცხადებიდან კი გამოკვეთილად არ ჩანს, არც მოთხოვნის არსი და არც ის, თუ კონსტიტუციის რომელ მუხლებთან მიმართებით აყენებს მოსარჩელელ სადავო აქტების შემოწმებას. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს: “საკონსტიტუციო სარჩელის უფლებას გვაძლევს საქართველოს კონსტიტუციის ... 17-ე, 19-ე, 20-ე, 24-ე, 41-ე მუხლების პირველი პუნქტები და 39 მუხლში მოხსენიებული უფლებები და თავისუფლებები”. გაუგებარია, მოსარჩელე მათ უთითებს, როგორც კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველს, თუ სწორედ ამ მუხლებთან მიმართებით ითხოვს სადავო აქტების კოსნტიტუციურობის დადგენას. ასევე არ არის გამოკვეთილი კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე სადავო აქტების შემოწმებას ითხოვს მთლიანად, თუ მხოლოდ გარკვეულ ნაწილში. კონსტიტუციური სარჩელიდან არც ის ჩანს, თუ როგორ დაირღვა, ან როგორ არის შესაძლებელი უშუალოდ დაირღვეს სადავო აქტებით თავად მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებანი და თავისუფლებანი.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ “ორივე ნორმატიული აქტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არ არის შეტანილი ნორმატიული აქტებისს ახელმწიფო რეესტრში და არა აქვს მინიჭებული სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი”. მოსარჩელის მიერ კონსტიტუციური სარჩელისათვის დართულ ერთ-ერთი სადავო აქტის ასლზე კი, პირდაპირ არის მითითებული: “შეტანილია ნორმატიული აქტებისს ახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი”. აღნიშნული აქტების ნორმატიულობასა და მათ ამჟამინდელ მოქმედებას ადასტურებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მიღებული წერილი (№01/23/11-383).
ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელი წინააღმდეგობრივია, შეიცავს გაუგებარ დებულებებს, მასში არ ჩანს მოთხოვნის არსი, მოპასუხეც არასრულყოფილადაა მითითებული. მოსარჩელე ითხოვს პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმებას, თუმცა პრეზიდენტს არ ასახელებს მოპასუხედ. კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ბ”, “დ”, “ე” ქვეპუნქტების მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის თანახმად კი, “კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ: ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს”...
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტითა და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის “ა” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე ვასილ კუტალაძის კონსტიტუციური სარჩელი (1) “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 ოქტომბრის №447 ბრძანებულებისა და (2) “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციის (შტატების შემცირებით)განხორციელებისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 19 ოქტომბრის №391 ბრძანების კონსტიტუციურობის თაობაზე და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ბესარიონ ზოიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. იაკობ ფუტკარაძე;
3. ნიკოლოზ შაშკინი;