ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1432 |
ავტორ(ებ)ი | ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა, მარიამ შათირიშვილი, სოფიკო თვალაბეიშვილი, თამარი სტეფანიშვილი, მარიამი ბარსონიძე |
თარიღი | 18 ივლისი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ. „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–80 მუხლის მე–3 პუნქტი – „დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა.“ |
კონსტიტუციის 27–ე მუხლის პირველი პუნქტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება: „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“; „მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით , სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება“. |
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–801 მუხლის მე–3 პუნქტი – „მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მიხედვით.“ |
კონსტიტუციის 27–ე მუხლის პირველი პუნქტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება: „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“; „მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით , სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება“. |
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მე–4 მუხლის პირველი პუნქტი – „დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა. მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით.“ |
კონსტიტუციის 27–ე მუხლის პირველი პუნქტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება: „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“; „მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით , სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით“... „ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის ე) ქვეპუნქტის მიხედვით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს – „საქართველოს კოსნტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“.
გ) საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 39–ე მუხლის 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით, – „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიული პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათი უფლება შესაძლოა უშუალოდ დაირღვეს თუკი ისინი, ხელმეორედ მოისურვებენ სწავლას განსხვავებულ საბაკალავრო მიმართულებაზე და ვერ შეძლებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებას აღნიშნული, შემაფერხებელი საკანონმდებლო რეგულაციის გამო.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია, რადგან იგი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დასაშვებობის მოთხოვნებს.
არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის არმიღების საფუძვლები, კერძოდ:
ა) სარჩელი ფორმით შეესაბამება ამ კანონის მე–16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მოსარჩელე უფლებამომსილია წარმოადგინოს სარჩელი, შესაბამისად, სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ, კერძოდ, მოსარჩელე არის ბაკალავრიატის სტუდენტი.
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითბული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 27–ე მუხლის მიხედვით, „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“. ამავე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით, “მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.“ განათლების უფლება კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ადამიანის პიროვნული განვითარების ძირითად ფაქტორს წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში წარმოდგენილი დებულებიდან გამომდინარე, განათლება მიიჩნევა ფუნდამენტურ უფლებად და არა ინდივიდის მიერ საკუთარი ნების რეალიზების შედეგად მიღებულ უფლებად.
განათლების, როგორც გარანტირებული უფლების აღიარება გახლავთ თანამედროვე საზოგადოებისთვის უზენაესი ღირებულება, ვინაიდან განათლებული და მაღალი ცნობიერების მქონე საზოგადოება, გლობალიზაციის პირობებში, ისედაც მეტად დაწინაურებულ სახელმწიფოთა შორის, კონკურენტუნარიანად გახდომის ერთადერთი საშუალებაა. ამას გარდა, განათლების მიღების საშუალების ყველა ადამიანისთვის გადაცემა, უმნიშვნელოვანესია საზოგადოების სხვადასხვა სოციალური საფეხურის წარმომადგენელთათვის, უკეთეს მდგომარეობაში გადასვლის შანსის გაჩენის თვალსაზრისით (Social Mobility). საკონსტიტუციო სასამართლომ, სახელმწიფოს ვალდებულებებზე განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე განმარტა, რომ „1966 წლის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის თანახმად (მუხლი 13), განათლების უფლების სრულად რეალიზებისთვის სახელმწიფო უნდა ესწრაფოდეს განათლების მიღების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ყველა საჭირო ღონისძიებათა განხორციელებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 29 დეკემბრის № 2/35 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
ამ მიზნების აღსასრულებლად, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას განსაკუთრებით წარჩინებული შედეგების მქონე პირებს, მიანიჭოს უმაღლესი განათლების სტადიაზე დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უმაღლესი განათლება არის „სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით“.
ქართულ რეალობაში, კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილია უმაღლესი განათლების სამი საფეხური – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.
განათლების წახალისების მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სწავლის საფეხურებზე აწესებს სასწავლო გრანტს. იმავე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სახელმწიფო სასწავლო გრანტი არის „სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტისათვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად.“
ასევე, ამავე კანონის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი არის „საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი, სასპორტო, საზღვაო, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა, თუ ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით“.
ამას გარდა, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, ითვალისწინებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლების მიზნების განმარტებას. ამ კანონის 48 მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით, „ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.“ რაც შეეხება მაგისტრატურაში სწავლის მიზნებს, ისინი შემდეგნაირად განიმარტება:
ა) შესაბამის მიმართულებაში, დარგში/სპეციალობაში ან/და ქვედარგში/სპეციალიზაციაში ღრმა და სისტემური ცოდნის დაუფლება და სათანადო უნარების გამომუშავება, რაც პირს ამზადებს მუშაობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ან/და დოქტორანტურაში სწავლისათვის;
ბ) სპეციალობის შეცვლა (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა);
გ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება;
დ) პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სადავო ნორმების შესაბამისად, პირს შეზღუდული აქვს უფლება და შესაძლებლობა, რომ უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე სახელმწიფო გრანტი ერთზე მეტად მოიპოვოს. აღნიშნული დანაწესი მოდის წინააღმდეგობაში როგორც სარჩელში მითითებულ კონსტიტუციურ ნორმებთან, ასევე იმ კანონების მიზნებსა და ამოცანებთან, რომლებიც უმაღლესი განათლების წესებსა და სტანდარტებს ადგენენ.
აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურობის უმთავრესი არგუმენტი თავად განათლებული და კონკურენტუნარიანი საზოგადოების შექმნის აუცილებლობაა. ამისათვის, სახელმწიფომ ის დამატებითი სახსრები უნდა გაიღოს, რაზეც, სადავო ნორმების ასეთი ამკრძალავი შინაარსის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა ვალდებული. ეს ნორმები აფერხებს და ზღუდავს პირის შესაძლებლობას, საკუთარი უნარებიდან გამომდინარე, არაერთჯერადად მიიღოს უმაღლესი განათლების მიღებიდან გამომდინარე სიკეთე, საკუთარი შრომისუნარიანობისა და მონდომების შემთხვევაში. მაგალითისთვის, თუკი პირი დაინტერესებულია სამართლით და განათლება მიღებული აქვს ისტორიის მიმართულებით, სახელმწიფო არ უნდა ზღუდავდეს მის შესაძლებლობას, ისწავლოს იმავე, ბაკალავრიატის საფეხურზე, მისთვის საინტერესო მიმართულებით, რაც მის ცოდნასა და უნარებს, როგორც სამართლის, ასევე ისტორიის მიმართ გაცილებით ღრმასა და ხელშესახებს გახდიდა და კონკრეტულ დარგში გამორჩეულ ცოდნას მიანიჭებდა.
ამას გარდა, არსებობს დარგები, რომელთა შესწავლის შემთხვევაშიც სტუდენტი, შესაძლოა, სამომავლოდ გაცილებით პერსპექტიული იყოს და მას საკუთარი უნარების წარმოჩენაში სწორედ უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ორი ხარისხი დაეხმაროს. სწორედ ასეთ შემთხვევაში, სამართლის ისტორიის სამომავლო მკვლევარისათვის გაცილებით ხელსაყრელია, თუკი იგი უმაღლეს განათლებას ისტორიისა და სამართლის დარგში მიიღებს, ასევე ამერიკული სამართლის კვლევაში დაინტერესებულისთვის, მეტად ხელსაყრელი იქნება სამართლისა და ამერიკის მცოდნეობის მიმართულებით განათლების მიღება და სხვ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „სახელმწიფოს პირდაპირ და უშუალო ინტერესს წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელწიფოს შექმნა, რომელიც, რა თქმა უნდა, ადეკვატური განათლების სისტემის გარეშე წარმოუდგენელია. განათლების უფლების ეფექტური რეალიზება არა მხოლოდ პირის ინდივიდუალურ ინტერესს, არამედ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღირებულებას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე №2/3/540, „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს, „მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ განათლების უფლებით სარგებლობა მხოლოდ ამა თუ იმ პირისათვის ინფორმაციისა და ცოდნის მოგროვებას როდი ნიშნავს, მისი მიზანია, ასევე, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. ამასთანავე, განათლების უფლების სოციალური ფუნქცია, სწორედ, თითოეული პირის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას გულისხმობს“ (იქვე II-18).
აღნიშნული განმარტების საფუძვლიანი ანალიზი, მეტად მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნის უკეთ გააზრების კუთხით. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მოსარჩელე ან ზოგადად განვიხილოთ ნებისმიერი პირი, რომელიც იღებს ან მიღებული აქვს განათლება ერთ საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხურზე. ასეთ დროს, მიუხედავად სტუდენტური ცხოვრების სირთულისა, თუკი პირს აქვს მოტივაცია და მიზანი, რომ განათლება მიიღოს კიდევ ერთი დისციპილინის მიმართულებით, ერთსა და იმავე საფეხურზე, შეგვიძლია ვიფიქროთ, მას ექნება გამორჩეული კვლევითი მიზნები ან სხვა ისეთი საქმიანობის განხორციელების სურვილი, რომელიც, სამომავლოდ, არამხოლოდ პირადი ცოდნის მოგროვების მცდელობა იქნება, არამედ, უფრო თვალსაჩინო იქნება მისი განათლების სოციალური ფუნქცია და საზოგადოებისთვის გარკვეული სარგებლის შემატების შესაძლებლობა (როგორიცაა კვლევითი, კულტურული, შემოქმედებითი და სხვა სახის საქმიანობა).
რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ისეთ პირს არ შეუძლია მსგავსი სოციალური ფუნქციის შესრულება, ვინც ერთ საფეხურზე მხოლოდ ერთ ხარისხს ფლობს, თუმცა, მეორე ხარისხისთვის ბრძოლის შემთხვევაში, მსგავსი რამ უფრო მოსალოდნელია. აქედან გამომდინარე, პირის ასეთი გადაწყვეტილებები ნამდვილად აჩენს სოციალურ ფუნქციასთან დაკავშირებით მაღალ მოლოდინს, ხოლო ამის საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს ფინანსების დაზოგვა, ნამდვილად ვერ იქნება უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური არგუმენტი.
განათლების უფლება, თავის არსში მოიცავს სხვადასხვა ინსტიტუტის გავლით წვდომას განათლების მიღებაზე. იგი მოიაზრებს გარკვეული ცოდნის გარდაქმნას ინტელქტუალურ შესაძლებლობად და შემდგომში, მის სანაცვლოდ, მოგების მიღების საშუალებების გაზრდას. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ იქნა განმარტებული, „განათლება, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა სახელმწიფოსა და ხელისუფლების ფუნქციონირებისათვის“ (Brown v. Board of Education of Topeka, 347 U.S. 483 (1954). ამავე ქვეყნის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, ეგალიტალურმა რევოლუციამ დიდი ძვრები მოახდინა განათლების საკითხებზე, რაც გამოიხატა დესეგრეგაციაში, ეკლესიისა და სახელმწიფოს როლების გაყოფაში სასწავლო პროცესის დროს, თუმცა, შეერთებული შტატების კონსტიტუციით, განათლება პირდაპირი დაცვის ობიექტი არ გახლავთ, ამიტომ, იგი ფუნდამენტურ უფლებად არ ითვლება.
საქართველოს შემთხვევაში, განათლება არის კონსტიტუციით პირდაპირი დაცვის ობიექტი. იგი კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულია ძირითად უფლებად, მაშასადამე, იგი უნდა ჩაითვალოს, როგორც ფუნდამენტური უფლება. ამას გარდა, განათლების უფლება განმარტებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლით, რომლის მიხედვით, „არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება.“ აღნიშნული დამატების კონვენციაში გაჩენის შემდეგ, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ეფექტიანი განათლება, ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი გახადონ. სხვა სიტყვებით, ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, არსებული დროისათვის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაზე შეძლონ წვდომა, საკუთარი უნარებიდან გამომდინარე (Mürsel Eren v. Turkey, § 41).
საქართველოს, როგორც ევროპული საბჭოს წევრს, აქვს ვალდებულება შიდა რეგულაციები, ევროპული კონვენციის დათქმების შესაბამისად მოაწესრიგოს, თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულება, პირველ რიგში, კონსტიტუციურად გარანტირებული ფუნდამენტური უფლებების მაქსიმალურად დაცვაა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, განათლების უფლება გულისხმობს, მის მისაღებად არა მხოლოდ საჭირო პირობების შექმნას, არამედ, არსებული დროისათვის, ყოველი შესაძლებლობის გამოყენებაზე ხელშეშლის აღკვეთას ან თავის შეკავებას.
განათლების მნიშვნელობას უკვე გაუსვა ხაზი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, როდესაც განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს განათლების მიღების შესაძლებლობას ყველა ადამიანისთვის. განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების, კონსტიტუციურ რანგში აყვანა ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში. განათლება წარმოადგენს სოციალური ცხოვრების განუყოფელ პროცესს, რომლის საშუალებითაც ინდივიდები თავიანთი შესაძლებლობებით და უნარებით სწავლობენ თვითგანვითარებას და ასევე სარგებლის მოტანას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე №2/3/540, „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
„განათლება ხელს უწყობს ინდივიდს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, დამოუკიდებლად გაუძღვეს და მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, ჰქონდეს სასურველი სამუშაო ადგილი, შექმნას მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი, თუკი ამის სურვილი ექნება და ა.შ” (იქვე, II-17). „განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება, იმდენად, რამდენადაც შესაბამისი განათლების გარეშე ადამიანი რთულად თუ შეძლებს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. საზოგადოებაში საღი აზრის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელწიფოს ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას განათლებული საზოგადოება წარმოადგენს, რომელმაც იცის თავისი უფლებები და მოვალეობები“ (იქვე, II-18).
განათლების უფლების ბუნებიდან გამომდინარე, როდესაც სახელმწიფოს შექმნილი აქვს გარკვეული ხელშეწყობის პროგრამა ინტელექტუალური თუ პროფესიული უნარების განსავითარებლად, იგი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სახელმწიფოში, არსებული დროისთვის ადამიანებისთვის გადაცემული შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, ევროსასამართლოს პრაქტიკა პირდაპირ განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არსებითი შესაძლებლობების შეზღუდვა, დაუშვებელია განათლების უფლებიდან გამომდინარე. საინტერესოა, სახელმწიფო გრანტის მეორედ მიღება, შეიძლება თუ არა შეფასდეს, როგორც არსებითი შესაძლებლობა?
ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ასეთ შესაძლებლობად მიიჩნევა წვდომა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებიც წარმოდგენილნი არიან სახელმწიფოში და რომლებშიც შესაძლებელია მოხვედრა მიმდინარე დროში, ადამიანის უფლების სწორი რეალიზების შედეგად (Mürsel Eren v. Turkey, § 41; İrfan Temel and Others v. Turkey, § 39).
ქართულ რეალობაში, საკუთარი უნარების რეალიზების შედეგად, სრულიად შესაძლებელია პირი მოხვდეს უმაღლესი განათლების ნებისმიერ დაწესებულებაში, მოიპოვოს სასწავლო გრანტი საკუთარი ცოდნისა და უნარების რეალიზების შედეგად. მიუხედავად ამისა, მისი უფლება, გრანტის მეორედ მიღების თვალსაზრისით არის შეზღუდული. შესაბამისად, პირი კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე ხელმისაწვდომობას და მიმდინარე პერიოდისათვის დაწესებული საგანმანათლებლო შესაძლებლობის მიღებაზე წვდომას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, შეზღუდვა არ არის ლეგიტიმური და ხდება განათლების მიღების უფლებაში ჩარევა.
აქვე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეები არ ითხოვენ უმაღლესი განათლების მიღება გახდეს სრულიად უფასო, რაც ნამდვილად ვერ მოვიდოდა სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსებთან შესაბამისობაში. საუბარია, მხოლოდ გამორჩეულად მონდომებული და პერსპექტიული მოქალაქეებისთვის, მეტი შესაძლებლობის გადაცემაზე. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე აღნიშნა, „ამოწურვადი რესურსების დაზოგვა, ზოგადად, შეიძლება წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს. ყურადსაღებია, რომ სახელწიფოს გააჩნია საკმაოდ ფართო მიხედულების ზღვარი, მაშინ როდესაც საქმე უკავშირდება შეზღუდვად რესურსებს და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარებას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი, როგორიც სახელმწიფო ბიუჯეტია, პირველ რიგში, ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ რეალიზაციას უნდა მოხმარდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე №2/3/540, „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
სარჩელშივე უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, სახელმწიფო სასწავლო გრანტისთვის, ასიგნებების ნაწილში გამოყიფილია 120 275 000 ლარი, ხოლო სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ნაწილში, 4 500 000 ლარი. მოსარჩელე ვერ გააკეთებს განმარტებას იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება მოუწიოს სახელმწიფოს აღნიშნული ხარჯების გაზრდა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუმცა, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გაწეულ ხარჯს ექნება კონკრეტული დანიშნულება და განათლების უფლების უკეთ რეალიზებისკენ იქნება მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვითარებაში სახელმწიფოს დამატებითი ფინანსების განათლებისთვის მობილიზება დასჭირდება, იგი ვერ ჩაითვლება არამიზნობრივ ან ნაკლებად მნიშვნელოვან დანახარჯად. განათლების ხარჯების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლომ შემდეგი მოსაზრება დააფიქსირა - „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განათლების დაფინანსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც განათლების სუბიექტისთვის, ისე თავად სახელმწიფოსთვის. განათლების დაფინანსებას ვერ განვიხილავთ როგორც სახელწიფოს მიერ პირისთვის მინიჭებულ პრივილეგიას ან შემწეობას. პირველ რიგში იმიტომ, რომ განათლების უფლების სრულფასოვანი რეალიზაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის, ამავე დროს – განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მთელი ცხოვრების განმავლობაში წაართმევს ადამიანს სრულფასოვანი არსებობის საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე №2/3/540, „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-19).
აღნიშნულ განმარტებაში, ასევე გამოკვეთილია განათლებასთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციური ჩანაწერის მიზანი, მისი მნიშვნელობა და როლი ადამიანის ცხოვრების განმავლობაში. ამას გარდა, სასამართლო აღნიშნული განმარტებით მოიაზრებს, რომ იმ რესურსების დაზოგვა, რომელიც შეიძლება განათლებისათვის იყოს მიმართული, არათუ გამართლებულია, არამედ ერთგვარად შემზღუდველ როლსაც თამაშობს ადამიანის სრულფასოვანი არსებობის თვალსაზრისით.
საკონსტიტუციო სასამართლომ უფლების შეზღუდვის საკითხების შესახებ არაერთხელ იმსჯელა თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე რისი ერთ–ერთი განმარტება შემდეგნაირია – „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). აღნიშნულ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან, უფლების შეზღუდვის არგუმენტად წარმოდგენილი შეიძლება იყოს საჯარო ფინანსების დაზოგვის აუცილებლობა. ამის საპირწონედ უნდა ითქვას, რომ საქართველოში არსებული განათლების დონე, მსოფლიოს მასშტაბის სახელმწიფოებთან შედარებით, საგანგაშო ვითარებაში იმყოფება. იგი მკვეთრად ჩამორჩება დასავლურ დემოკრატიებს და ახლოსაც ვერ უტოლდება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ურუგვაი, არგენტინა, პანამა და სხვა მესამე მსოფლიოს ქვეყნები. 2018 წლის გაეროს განათლების ინდექსის მიხედვით, საქართველო, მსოფლიოს 187 ქვეყანას შორის, იკავებს 79 ადგილს და დგას ისეთი სახელმწიფოების გვერდით, როგორებიცაა ფიჯი, ტაილანდი და სხვ. ხოლო 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, 137 ქვეყნიდან, საქართველო იკავებდა 101-ე ადგილს და იდგა ისეთი სახელმწიფოების გვერდით, როგორებიცაა ეთიოპია, მექსიკა და სხვ. აღნიშნული უმძიმესი მოცემულობიდან გამომდინარე, მიუღებელია სახსრების დაზოგვის არგუმენტი სახელმწიფოს მხრიდან და განათლების მიღების შესაძლებლობის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მოტივირებულ და მიზანდასახულ ადამიანებს ეხება. სწორედ აქედან გამომდინარე, სადავო ნორმებს პრობლემა აქვთ უფლების შეზღუდვის პროპორციულობასთან, რადგან, მათი გამოყენებით ხდება მნიშვნელოვანი ინტერესის ხელყოფა, რაც არ შეესაბამება თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. მოსარჩელის პოზიციით, სახელმწიფო არათუ უნდა ზღუდავდეს პირს, რომელიც უმაღლესი განათლების მეორე ხარისხის მოპოვებას ცდილობს, არამედ უნდა ახალისებდეს კიდეც მას, რადგან, პროფესიულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, თუ რაოდენ სირთულეებთან არის დაკავშირებული სწავლის პროცესის რამდენიმეწლიანი მონაკვეთი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია უფლება შეზღუდული სტუდენტებისთვის არსებული შეზღუდვების მოხსნა და მათთვის მეტი განვითარების შესაძლებლობის გადაცემა, რაც, მხოლოდ და მხოლოდ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად იქნება შესაძლებელი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა