რევაზ ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/13/728 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ირინე იმერლიშვილი, |
თარიღი | 6 ივლისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ივლისი 2023 18:29 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: რევაზ ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილის (2018 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №728) მომართა საქართველოს მოქალაქე რევაზ ლორთქიფანიძემ. №728 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2016 წლის პირველ მარტს. №728 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 27 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №2/1/728 საოქმო ჩანაწერით, №728 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
2. №728 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილის (2018 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, კანონიერი ქურდობა წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომელიც ადგენდა, რომ ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2003 წლის 11 დეკემბრიდან სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში, საიდანაც გათავისუფლდა 2010 წლის 10 დეკემბერს. კანონიერი ქურდის სტატუსის გამო, იგი იძულებული გახდა, გათავისუფლებისთანავე დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. 2015 წლის 11 ნოემბერს მოსარჩელე, საფრანგეთიდან დეპორტირების შემდეგ, კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრა პატიმრობა.
5. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, სადავო ნორმა ბუნდოვანია, რადგან არ არის ცხადად განმარტებული, თუ კონკრეტულად რა ქმედება მოიაზრება კანონიერი ქურდობის ცნების ქვეშ. იგი გაუმართლებლად მიიჩნევს ამა თუ იმ მსოფლმხედველობის გამო პირის დასჯას. სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მიმართ წაყენებული ბრალდება ეფუძნება მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც, მის მიმართ უკვე დადგა და აღსრულდა განაჩენები. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 2023 წლის 12 ივნისის №01/136862 წერილით ეცნობა, რომ 2023 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა მოსარჩელე რევაზ ლორთქიფანიძე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია, უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
2. წინამდებარე საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ №728 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ გარდაიცვალა მოსარჩელე რევაზ ლორთქიფანიძე.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა არ არსებობს კონკრეტული სუბიექტის გარეშე, შესაბამისად, მოსარჩელის გარდაცვალებით, საფუძველი ეცლება მისი სასარჩელო მოთხოვნის განხილვას, რაც იწვევს საქმეზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეწყვეტას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/1/437 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის №2/5/584 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზაალ გველესიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის №1/1/657 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
4. სადავო სამართალურთიერთობის არსისა და სასარჩელო მოთხოვნის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსარჩელის გარდაცვალებამ შესაძლებელია, ცალკეულ შემთხვევაში არ გამოაცალოს არსი სასარჩელო მოთხოვნას და არ ჩაითვალოს საქმის შეწყვეტის საფუძვლად, როდესაც საქმის გაგრძელება ემსახურება უშუალოდ გარდაცვლილი პირის უფლებებისა და მათი დაცვის კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტების დადგენას. აქედან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ შესაძლებელია, არ შეწყვიტოს სამართალწარმოება, თუ სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქმის შეწყვეტა თავად კონსტიტუციური დავის მიზნებთან მოვა წინააღმდეგობაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის №1/1/657 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5. მოცემული დავის ფარგლებში არ იკვეთება ამგვარი გამონაკლისი შემთხვევის არსებობა. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ არსებობს კონკრეტული სუბიექტის გარეშე, მოსარჩელე რევაზ ლორთქიფანიძის გარდაცვალებით საფუძველი გამოეცალა მის სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, №728 კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №728 კონსტიტუციურ სარჩელზე („რევაზ ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში