საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - ირინე იმერლიშვილის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით განსახილველად არმიღებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do2/15/1453 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში |
თარიღი | 25 ივლისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 აგვისტო 2023 18:04 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - ირინე იმერლიშვილის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით განსახილველად არმიღებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/15/1453 განჩინებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №1453 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე), პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავოდ გამხდარი 265-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისათვის. №1453 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, მცენარე კანაფის პირადი მოხმარების მიზნით დათესვა, მოყვანა ან კულტივირება არის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული სფეროს ნაწილი. აღნიშნული ქმედება არ უქმნის საფრთხეს სხვა პირთა ჯანმრთელობას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ხოლო ისეთი ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადობა, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს, წარმოადგენს პიროვნების ავტონომიაში ჩარევის უკიდურესი ფორმის გამოხატულებას და ვერ ჩაითვლება ამ პირის თუ სხვათა ჯანმრთელობის დაცვის მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს.
3. №1453 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებულ აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ განჩინებაში მიუთითა, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, თუნდაც პირადი მოხმარების მიზნით, წარმოშობს მისი გავრცელების და, ამ გზით, სხვათა ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეებს. ესე იგი, ამგვარი ქმედებიდან თავისთავად მომდინარეობს საზოგადოებრივი საშიშროება, ხოლო მაშინ, როდესაც კანაფის რეალიზაციის საფრთხე იქმნება, არსებობს საფუძველიც სახელმწიფოს ჩარევისთვის, შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესების გზით. „მოსარჩელე მხარეს კი არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, თუ რატომ არ შესწევს სახელმწიფოს ლეგიტიმაცია, მოახდინოს იმგვარი ქმედების კრიმინალიზაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირების და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობას. სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ მარიხუანის პირადი მოხმარების მიზანი ვერ გამორიცხავს ამგვარი თავისთავადი საფრთხეების არსებობას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/15/1453 განჩინების სამოტივაციო ნაწილის 32-33 პუნქტები).
4. განსხვავებული აზრის ავტორებს მიგვაჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია სათანადოდ ასაბუთებდა გასაჩივრებული რეგულირების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებას, უფლების შეზღუდვის ფაქტსა და მის შესაძლო არაპროპორციულობას, რაც საკმარისი იყო სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად. აღნიშნულის მიუხედავად, №2/15/1453 განჩინებით, ისე, რომ სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული გასაჩივრებული რეგულირებით განსაზღვრული ქმედების დასჯადობის კონსტიტუციურობის შესახებ მხარეთა პოზიციები, ფაქტობრივად უარი ეთქვა მოსარჩელე მხარეს იდენტიფიცირებული საკითხის არსებითად შეფასებაზე.
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით, სასამართლო დაარწმუნოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობაში. აღნიშნული ვალდებულება კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მოსარჩელე მხარემ მართებულად უნდა გამოკვეთოს სარჩელში იდენტიფიცირებულ კონსტიტუციურ დებულებასთან გასაჩივრებული რეგულირების მიმართება და უფლების შეზღუდვის ფაქტი. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის განვითარებასთან ერთად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის ჩვენების ვალდებულებაში დამატებით ამოკითხული იქნა მოსარჩელე მხარის მოვალეობა, რომ ძირითადი უფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითებასთან ერთად, გარკვეული ხარისხით წარმოაჩინოს სადავო რეგულირების არაკონსტიტუციურობაც, რისთვისაც მან უნდა მოიყვანოს არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული შეზღუდვა არის არაპროპორციული საშუალება (მაგ., იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის N2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-14).
6. მოსარჩელე მხარემ საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე აღნიშნა, რომ, რამდენადაც მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე, გართობისა და დასვენების მიზნით გამოყენება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული უფლებრივი სფეროს ნაწილად, ის სადავო ნორმატიული წესი, რომელიც გამორიცხავს პირადი მოხმარებისთვის აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების დათესვას ან მოყვანას, ფაქტობრივად ადამიანს უსპობს კანონიერ შესაძლებლობას, რათა მან სათანადოდ ისარგებლოს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული ერთ-ერთი ასპექტით. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმას გააჩნია უფლებამზღუდავი შინაარსი, კერძოდ, იგი უზღუდავს პირს შესაძლებლობას, რომ თავისუფლად შეარჩიოს სასურველი განტვირთვის სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, რისთვისაც მას ესაჭიროება, პირადი მოხმარების მიზნით, ხელი მიუწვდებოდეს მცენარე კანაფზე.
7. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ, ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, მარიხუანის ბრუნვის შეზღუდვა ემსახურება სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს, თუმცა სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება არ არის მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალება. ამასთან, მოსარჩელეებმა განმწესრიგებელ სხდომაზე დააზუსტეს თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნეს, რომ მათ მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ იმ რაოდენობის მცენარე კანაფის (150,72 გრამამდე) დათესვის, მოყვანის ან კულტივირების, სისხლის სამართლის წესით, დასჯადობის გაუქმება, რომელიც საჭიროა პირადი მოხმარების მიზნებისთვის და არ წარმოადგენს იმ ოდენობას, რომლის დათესვა/მოყვანა/კულტივირება შესაძლოა, გულისხმობდეს ფლობას რეალიზაციის მიზნებისთვის ან/და ქმნიდეს სხვაგვარად გავრცელების და ამით სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რეალურ და თავისთავად საფრთხეს.
8. მოსარჩელე მხარემ დამატებით განმარტა, რომ ის ჰიპოთეზური საზოგადოებრივი საფრთხეები, რომლებიც შეიძლება იყოს თავისთავადი, თუმცა მაინც თან ახლდეს ერთი მოხმარებისთვის საჭიროზე მეტი ოდენობის მცენარე კანაფის დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას, თავის მხრივ, დაზღვეულია, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსით, რომელიც კრიმინალიზებულად აცხადებს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გავრცელებასა და გასაღებას, რათა მრავალჯერადად პირადი მოხმარების მიზნით კულტივირებული მარიხუანა, შედეგად, არ მოექცეს სოციალურ ბრუნვაში. №1453 კონსტიტუციური სარჩელის ავტორებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ იმისთვის, რათა საზოგადოებაში დაბალანსდეს პირადი მოხმარების მიზნით კულტივირებული მარიხუანის გავრცელების არათავისთავადი, თუმცა ჰიპოთეზური საფრთხეები, საქართველოს პარლამენტს შეიძლება, ჰქონდეს მიხედულების ფარგლები, რათა ისეთი ასპექტები, როგორებიცაა მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის ან კულტივირების დაშვებული რაოდენობა, ადგილმდებარეობა თუ სხვა პირობები, ტექნიკურად დაარეგულიროს სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამგვარი ტექნიკური წესების არარსებობის შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილი ბლანკეტური შეზღუდვა არის არათანაზომიერი, კერძოდ კი, ძირითადად, უფლებას ზღუდავს იმაზე ინტენსიურად, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნების რეალიზებისთვის. მოსარჩელეებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე, ამ უკანასკნელის მიზნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენდნენ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ნაკლები ინტენსივობით შეზღუდვასთან დაკავშირებით, არსებითი გადაწყვეტისთვის საჭირო დამატებით არგუმენტაციას.
9. მოსარჩელე მხარის მითითებულ არგუმენტაციაზე პასუხად, №2/15/1453 განჩინებაში დაფიქსირებული პოზიცია ძირითადად ეყრდნობა იმ მსჯელობას, რომ მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, თუნდაც პირადი მოხმარების მიზნით, წარმოშობს მისი გავრცელების და, ამ გზით, სხვათა ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეებს, რაც ქმნის საფუძველს სახელმწიფოს ჩარევისთვის, შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესების გზით, ხოლო მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს საპირისპიროს მართებულობაში დაარწმუნებდა. ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, რაზეც მოსარჩელე მხარეც აპელირებდა, ცხადად მიუთითებს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების საზოგადოებაში ბრუნვის აღკვეთა, უაღრესად ლეგიტიმურ მიზნად არის მიჩნეული, რომლის მისაღწევადაც სახელმწიფო უფლებამოსილია, მიიღოს ზომები, მათ შორის, ბრუნვის ხელშემწყობი ქმედებების აკრძალვისა და სასჯელის დაწესების სახით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69). თუმცა თითოეული აკრძალული ქმედების მიმართ დაწესებული პასუხისმგებლობა უნდა შეესატყვისებოდეს იმ საზოგადოებრივ საშიშროებას, რომელსაც განსახილველი ქმედება წარმოშობს, რისთვისაც მნიშვნელოვანია, არსებითი განხილვის ფორმატში შეფასდეს საზოგადოებაში კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობი აკრძალული ქმედება, მისთვის დამახასიათებელი საშიშროება და სადამსჯელო ღონისძიების პროპორციულობა დადგენილი პასუხისმგებლობის მიზანთან. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიზნებისთვის, როდესაც საუბარია ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფის გავრცელებიდან მომდინარე საზოგადოებრივ საშიშროებაზე, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ორი კატეგორიის - თავისთავადი და ჰიპოთეზური საფრთხეები.
10. №1453 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ გამხდარ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თავის პრაქტიკაში, წარსულში უკვე შეფასებული აქვს 150,72 გრამი მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისგან მომდინარე თავისთავადი საფრთხის რაობა, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა სწორედ მითითებულ რაოდენობას მიემართებოდა. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით, მათ შორის, დაადგინა, რომ 150,72 გრამამდე მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირება a priori არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ოდენობად, რომელიც არ არის განკუთვნილი პირადი მოხმარებისთვის და, რომელიც ავტომატურად ქმნის მისი გავრცელების და, შესაბამისად, სხვათა ჯანმრთელობის დაზიანების გარდაუვალ საფრთხეს. „[150,72 გრამამდე მცენარე კანაფის] ოდენობა არ მიუთითებს მისი გასაღების მიზანზე, რეალიზაციის რეალურ საფრთხეზე, მაღალ, კანონზომიერ რისკებზე, შედეგად სხვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის მაღალი ალბათობით შექმნაზე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31). შესაბამისად, როგორც ირკვევა, საკონსტიტუციო სასამართლოს, პრაქტიკით, უკვე შეფასებული აქვს, რომ 150,72 გრამამდე მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირება არ ქმნის მისი გავრცელების თავისთავად/გარდაუვალ საფრთხეს. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან ირკვევა, რომ უშუალოდ მცენარე კანაფიდან მიღებული 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა არ წარმოადგენს იმ ოდენობას, რომელიც a priori მიუთითებს რეალიზაციის მიზანზე, გამორიცხავს პირადი მოხმარების მიზნის არსებობას და ქმნის მისი გავრცელების თავისთავად საფრთხეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-95).
11. რაც შეეხება არათავისთავად, თუმცა ჰიპოთეზურ საზოგადოებრივ საფრთხეებს, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს ერთი მოხმარებისთვის საჭიროზე მეტი ოდენობის მცენარე კანაფის დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარის პოზიცია იყო, რომ ასეთი საფრთხეები დაზღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმებით, რომლებიც კრიმინალიზებულად აცხადებს მარიხუანის გავრცელებასა და გასაღებას. ამავე დროს, მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ პირადი მოხმარების მიზნით, ერთი მოხმარებისთვის საჭიროზე მეტი ოდენობის კულტივირებული მარიხუანის გავრცელების არათავისთავადი, თუმცა ჰიპოთეზური საფრთხეები შეიძლება, რომ საქართველოს პარლამენტმა დააზღვიოს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების სადავო ბლანკეტური მოწესრიგებისგან განსხვავებული, ნაკლებად მზღუდავი მოწესრიგებითაც. მიგვაჩნია, რომ მოსარჩელე მხარე, სათანადო სიცხადით, ეჭვქვეშ აყენებდა გასაჩივრებული ნორმის თანაზომიერების კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისობას, რაზეც დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ არსებითი განხილვის შემდგომ შეეძლო. ნაცვლად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ, პრაქტიკულად, პასუხი არ გასცა მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას, რომლის თანახმად, გასაჩივრებული წესი არათანაზომიერად ზღუდავს დაინტერესებული პირის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ უფლებას, შეარჩიოს სასურველი განტვირთვის სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, რისთვისაც მას ესაჭიროება, პირადი მოხმარების მიზნით, ხელი მიუწვდებოდეს მცენარე კანაფის იმ ოდენობაზე, რომელიც არ ქმნის მარიხუანის გავრცელების თავისთავად ან არაპროპორციულად მომეტებულ ჰიპოთეზურ საფრთხეებს.
12. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „საქმის არსებითი განხილვის ეტაპი წარმოადგენს საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანეს ეტაპს. აღნიშნულ ეტაპზე განხილული და გამოკვლეული გარემოებები შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის დადგენის თვალსაზრისით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/5/1442 გადაწყვეტილება საქმეზე „ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). საქმის არსებითი განხილვის ფორმატში, ძირითად, უფლებაში ჩარევის შესაფასებლად, უმთავრესი ინსტრუმენტი არის თანაზომიერების ტესტი. სასამართლო მითითებულ ტესტს იყენებს სადავო საკითხის შესაფასებლად და მასზე მიღებული გადაწყვეტილების ჯეროვნად დასასაბუთებლად. ძირითად უფლებაში არაპროპორციული ჩარევის კონსტიტუციურობის, გამართლების/გაუმართლებლობის შესახებ გადაწყვეტა დასაბუთებული შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში, მხარეთა და საჭიროების შემთხვევაში, სფეროს ექსპერტ-სპეციალისტთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, არსებითი განხილვის ფორმატში გამოყენებულია თანაზომიერების ტესტი. საკონსტიტუციო სასამართლო ცალკეულ სასარჩელო მოთხოვნას არსებითი განხილვის შემდგომ ან (ნაწილობრივ) აკმაყოფილებს ან არა. თუმცა, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, სასამართლო დასაბუთებულ გადაწყვეტილებამდე მიდის სწორედ მხარეთა არსებითი არგუმენტაციის გამოკვლევის და პოზიციების თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან შეჯერების შემდგომ.
13. ნაცვლად ამისა, განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე №2/15/1453 განჩინებით, ისე, რომ სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული გასაჩივრებული რეგულირებით განსაზღვრული ქმედების დასჯადობის კონსტიტუციურობის შესახებ მხარეთა პოზიციები, ფაქტობრივად უარი ეთქვა მოსარჩელე მხარეს იდენტიფიცირებული საკითხის პროპორციულობის არსებითად შეფასებაზე. აღნიშნული გარემოება კი აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს სასამართლოს გადაწყვეტის დასაბუთებულობის შესახებ. დამატებით, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, წარსულში, სხვადასხვა ოდენობის ნარკოტიკული საშუალების - მცენარე კანაფის/მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა, შენახვის, დათესვის, მოყვანის თუ კულტივირების კრიმინალიზაციის საკითხები და აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გავრცელებიდან მომდინარე საფრთხეები, მართალია, მეტწილად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით, სასჯელის პროპორციულობის ნაწილში, თუმცა სწორედ №1453 კონსტიტუციური სარჩელის მსგავსი ხარისხის დასაბუთების არგუმენტაციის პირობებში მიუღია არსებითად განსახილველად (მაგ., იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის №1/1/592 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის №1/21/701,722,725 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის №1/21/701,722,725 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
14. ამ მხრივ, განსხვავებული აზრის ავტორებს მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ №2/15/1453 განჩინებით გაამკაცრა კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნა საქმის არსებითად განსახილველად მიღების ეტაპზე, რამაც შექმნა რისკები არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული უფლებით ეფექტიანად სარგებლობის ნაწილში, არამედ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებითაც. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება შედგება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებრივი ელემენტია, რომ სასამართლომ პირის სამართლებრივ მოთხოვნაზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). როგორც ზემოთ აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული რეგულირებით უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შესახებ გადაწყვეტა დასაბუთებული შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეთა და, საჭიროების შემთხვევაში, სფეროს ექსპერტ-სპეციალისტთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, გამოყენებულია თანაზომიერების ტესტი, რაზეც, მოცემულ შემთხვევაში, №1453 კონსტიტუციური სარჩელის ავტორებს უარი ეთქვათ.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ №1453 კონსტიტუციური სარჩელის ავტორებმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო ნორმატიულ შინაარსთან მიმართებით, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ სტანდარტით დაასაბუთეს, რაც აუცილებელი იყო არსებითად განსახილველად მისაღებად. მოსარჩელეებმა სათანადო სიცხადით გამოკვეთეს გასაჩივრებული რეგულირების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართების საკითხი და უფლების შეზღუდვის ფაქტი, აგრეთვე, წარმოადგინეს არგუმენტაცია, თუ რატომ თვლიან, რომ სადავო რეგულაციით არაპროპორციულად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული უფლებრივი სფერო.
16. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №1453 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის და არსებითი განხილვის ფორმატში შეეფასებინა სადავო რეგულირების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. ამასთან, ბუნებრივია, სადავოდ გამხდარი წესის კონსტიტუციურობის არსებითად შეფასების შემდეგ, გამორიცხული არ იყო, რომ სადავო რეგულირება ჩათვლილიყო კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად, თუმცა ამისთვის აუცილებელი იყო, სწორედ არსებითი განხილვის ეტაპზე, საკითხის სიღრმისეული ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადოდ დასაბუთებული, მოტივირებული გადაწყვეტილების მიღება, რასაც №2/15/1453 განჩინებაში მოცემული დასაბუთება ვერ აკმაყოფილებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები:
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში