მაია გაიხარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/18/1662 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 25 ივლისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 აგვისტო 2023 18:25 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: მაია გაიხარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა)საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის პირველ დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1662) მომართა საქართველოს მოქალაქე მაია გაიხარაშვილმა. №1662 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 3 დეკემბერს. №1662 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 25 ივლისს.
2. №1662 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური)“. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობის საფუძველს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება წარმოადგენს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება, ხოლო მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება, ხოლო 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.
5. №1662 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ ერთობლივად შეიძინეს უძრავი ქონება, რომლის შეძენისას ისინი არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა წლების განმავლობაში თანაცხოვრობდნენ ერთად და იმყოფებოდნენ რელიგიურ ქორწინებაში. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის ფაქტი, რომ მისი და მისი მეუღლის მიერ ერთობლივად შეძენილი უძრავი ქონება არ წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას, რადგან თანასაკუთრება წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების შედეგად და ამ ინსტიტუტის მიზნებისთვის სრულიად არარელევანტურია ფაქტობრივი თანაცხოვრების ფაქტი.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობისა და, მათ შორის, თანასაკუთრების ინსტიტუტისთვის მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არა მხოლოდ თანაცხოვრების სამართლებრივი წესით რეგისტრაციას, არამედ ასევე მჭიდრო პირადი ურთიერთობების რეალურად არსებობის ფაქტს. სადავო ნორმები კი, აღნიშნულის საპირისპიროდ, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებით სარგებლობის შესაძლებლობას უზღუდავს მოსარჩელის კატეგორიის პირებს, რომლებიც იმყოფებიან/იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები მხოლოდ რეგისტრირებულ კავშირზე, როგორც კანონიერი ქორწინებისა და შესაბამისი უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძველზე მითითების გზით გამორიცხავს ქორწინების სხვა ფორმებში მყოფი პირებისთვის მთელი რიგი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას და ლახავს როგორც პირადი და ოჯახური ცხოვრების, ისე საკუთრებისა და ქორწინების კონსტიტუციურ უფლებებს. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების მიერ მხოლოდ სამოქალაქო ქორწინების აღიარება, როგორც მეუღლეთა შორის უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძველი, გამორიცხავს, მათ შორის, რელიგიურ ქორწინების აღიარებას, რაც ასევე ზღუდავს მისი რელიგიის თავისუფლებას. ამასთან, სადავო 1106-ე მუხლი დისკრიმინაციული ხასიათისაა.
8. №1662 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, საქართველოში დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და ამ ქორწინების განმავლობაში ერთობლივად შეიძინეს საკუთრება. სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ეს ადამიანები ყველანაირი დაცვის გარანტიების გარეშე რჩებიან. ისინი ხშირად საკუთრების, საცხოვრებლის გარეშე რჩებიან და ვინაიდან სადავო ნორმები არ ტოვებენ იმგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს წარმოეშვათ უფლება თანასაკუთრებაზე ფაქტობრივი თანაცხოვრების შედეგად, მათთვის არც სასამართლო გზით დავას აქვს პერსპექტივა. შესაბამისად, აუცილებელია, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის მიხედვით, „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური)“.
3. მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმებით განსაზღვრული მოწესრიგება, რომლის მიხედვით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძვლად, მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება განისაზღვრება.
4. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილებაში უკვე შეფასდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხი სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი ადგენს, რომ „მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება“.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილებაში უკვე შეფასებული ნორმა სადავო საკითხის გადაწყვეტის კონტექსტში, არსებითად იდენტური შინაარსის არის.
6. სასამართლომ 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი არ ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შეფასებას, ვინაიდან იგი არ ახდენს მოსარჩელის რაიმე ნიშნით დიფერენცირებას სხვა პირებთან მიმართებით, არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი გზით. სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმა ნებისმიერ ადამიანს/წყვილს უდგენს იდენტურ უფლებრივ რეჟიმს და არც მისი მოქმედების შედეგად იკვეთება პირთა რაიმე მყარი ნიშნით გამოყოფილი კატეგორია, ჯგუფი, რომელიც რეალურად დგება განსხვავებულ მდგომარეობაში სხვა თანასწორ პირებთან მიმართებით. ამასთანავე, სადავო ნორმის ფარგლებში სასამართლომ ვერ დაინახა პირთა ისეთი ჯგუფი, რომელსაც პირთან ან მის ამა თუ იმ კუთვნილებასთან დაკავშირებული ნიშნიდან გამომდინარე, შესაძლოა, სახელმწიფოსგან განსხვავებულად მოპყრობის მოთხოვნა წარმოეშობოდეს.
7. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1662 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
9. №1662 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 30-ე მუხლებთან მიმართებით.
10. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელისთვის პრობლემურია მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძვლად მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების განსაზღვრა. კერძოდ, სადავო ნორმა ახდენს საკუთრებისა და ქორწინების კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, რადგან გამორიცხავს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირებისთვის, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის შესაძლებლობას. სადავო ნორმის რეგულირება შემოიფარგლება ქორწინების ცნების განმარტებით და იგი ქონებრივ უფლება-მოვალეობებს არ განსაზღვრავს. თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ირღვევა მისი საკუთრების უფლება, ვინაიდან მისი ქონების მიკუთვნება უსამართლოდ ხდება მისი არარეგისტრირებული მეუღლისათვის, მან უნდა იდავოს იმ ნორმის კონსტიტუციურობაზე, რომელიც მსგავს შესაძლებლობას განაპირობებს.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ საკუთრებისა და ქორწინების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით იდენტიფიცირებული პრობლემა სცდება სადავო ნორმის რეგულირების სფეროს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1662 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
12. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გასაჩივრებული მოწესრიგების თანახმად: „მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება“. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაზე მითითებით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძვლად სხვაგვარი ქორწინების მიჩნევის შესაძლებლობას გამორიცხავს, რითაც ირღვევა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება და რწმენის თავისუფლება.
13. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დავობს, სადავო ნორმის საფუძველზე საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლების დარღვევაზე. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის მოსარჩელე ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ ამ უფლებების რა ასპექტს უზღუდავს არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების არარსებობა, რა ფორმით უშლის ხელს მას ასეთი მოწესრიგება, ისარგებლოს დასახელებული კონსტიტუციური უფლებებით.
14. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს საერთოდ არ წარმოუდგენია არგუმენტაცია პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებასთან მისი პრობლემის მიმართების შესახებ. რაც შეეხება სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართების საკითხს, მოსარჩელე მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მიერ მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაზე მითითებით მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა შეუძლებელია ჯვრისწერის - რელიგიური რიტუალის - მოწმობის საფუძველზე. თუმცა მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა კავშირს სადავო ნორმით მოწესრიგებულ სამართალურთიერთობასა და რწმენის თავისუფლებით დაცულ უფლებრივ სფეროს შორის. მას არ მიუთითებია, რწმენის თავისუფლების რომელ კონკრეტულ ასპექტს უზღუდავს ჯვრისწერის შედეგად სამოქალაქო უფლება-მოვალეობების არწარმოშობის საკითხი. მხოლოდ ზოგადი აპელირება, რომ პრობლემური მოწესრიგება შესაძლოა, არღვევდეს რიგ კონსტიტუციურ უფლებებს, მათი იდენტიფიცირებისა და მიმართების წარმოჩენის გარეშე, როგორც უკვე აღინიშნა, საკმარისი არ არის კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1662 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1662 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1662 კონსტიტუციური სარჩელი („მაია გაიხარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში