საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ გაბუნია და არჩილ ღუდუშაური და შპს „ჯგუფი ქალაქური“ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/10/154, 200 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 4 ოქტომბერი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 ოქტომბერი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ გაბუნია და არჩილ ღუდუშაური (154–ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე) და შპს „ჯგუფი ქალაქური“ (მე–200 ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე) საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლთან და 30–ე მუხლის მე–2 პუნქტის პირველ მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა წარმომადგენლები – გოჩა სვანიძე და მიხეილ სარჯველაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2002 წლის 6 სექტემბერს გადმოეცა საქართველოს მოქალაქეების – ზურაბ გაბუნიასა და არჩილ ღუდუშაურის 154–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი მისი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა დაიწყო 2002 წლის 17 სექტემბერს. საკითხის განხილვის პროცესში, 2002 წლის 20 სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა და იმავე წლის 23 სექტემბერს პირველ კოლეგიასვე გადმოეცა 154–ე ნომრით რეგისტრირებულ სარჩელთან შინაარსობრივად დაკავშირებული ახალი მე–200 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი მათი გაერთიანებისა და არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამის შემდეგ გამართულ განმწესრიგებელ სხდომაზე ორვე კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა – გ. სვანიძემ და მ. სარჯველაძემ მოითხოვეს სარჩელების გაერთიანება და ერთ საქმედ განხილვა.
მე–200 ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში მოპასუხე და დავის საგანი იგივეა, რაც 154–ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში, ხოლო მოსარჩელეა იურიდიული პირი შპს „ჯგუფი ქალაქური“, სადაც მუშაობენ 154–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელეები – ზ. გაბუნია და ა. ღუდუშაური.
კონსტიტუციური სარჩელების შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 45–ე მუხლი და 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი პუხლის მე–2 პუნქტი.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულებით ირღვევა მოსარჩელე–მოქალაქეთა და შპს „ჯგუფი ქალაქურის“ უფლებები, რომლებიც განმტკცებულია საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლისა და 30–ე მუხლის მე–2 პუნქტის პირველ წინადადებაში. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვენ კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებას და სადავო აქტის არაკონსტიტუციურად, ძალადაკარგულად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელებისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლების განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია, რომ კონსტიტუციურ სარჩელებში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია, სარჩელებში მითითებული სადავო საკითხი კი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 45–ე მუხლითა და 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–2 პუნქტით, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტებით, 21–ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22–ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების – ზურაბ გაბუნიასა და არჩილ ღუდუშაურის 154–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი და შპს „ჯგუფი ქალაქურის“ მე–200 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულების კონსტიტუციურობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლთან და 30–ე მუხლის მე–2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
2. პირველ პუნქტში აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ – „საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ გაბუნია და არჩილ ღუდუშაური და შპს „ჯგუფი ქალაქური“ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“;
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე(თავმჯდომარე)
ა. აბაშიძე
ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)