არარეგისტრირებული კავშირი „სტუდენტური სოლიდარობა“ და ირაკლი კუპრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/3/1321 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 სექტემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 ოქტომბერი 2023 18:19 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: არარეგისტრირებული კავშირი „სტუდენტური სოლიდარობა“ და ირაკლი კუპრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) ირაკლი კუპრაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
ბ) არარეგისტრირებული კავშირის „სტუდენტური სოლიდარობის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში:
ბ.ა) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
ბ.ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (2022 წლის 19 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1321) მომართეს არარეგისტრირებულმა კავშირმა „სტუდენტურმა სოლიდარობამ“ და ირაკლი კუპრაძემ. №1321 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2018 წლის 1 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 სექტემბერს.
2. №1321 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის საფუძვლებს და ჩამოთვლის მსგავსი ტიპის კონსტიტუციური სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილ სუბიექტებს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - აკადემიური საბჭოს (შემდგომში - აკადემიური საბჭო) არჩევის წესს. ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს - ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს (შემდგომში - ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო) შემადგენლობას, ხოლო მე-3 პუნქტი ადგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობის განმსაზღვრელ წესს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 19 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) მოწესრიგებული იყო სტუდენტთა თვითმმართველობის უფლება, აერჩიათ წარმომადგენლები ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში.
4. №1321 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა თანასწორობის უფლებას. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა გაერთიანების თავისუფლებას, ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება. გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.
6. №1321 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე „სტუდენტური სოლიდარობა“ არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არარეგისტრირებული კავშირი, რომლის მიზანს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) სტუდენტური თვითმმართველობის მსგავსად, წარმოადგენს სტუდენტების უფლებების დაცვა და უნივერსიტეტის მართვის პროცესში მონაწილეობა.
7. მოსარჩელის განმარტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი ნორმების საფუძველზე, უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის მიღების უფლება ენიჭება მხოლოდ სტუდენტურ თვითმმართველობას და არა „სტუდენტური სოლიდარობის“ მსგავს სხვა სტუდენტურ ორგანიზაციებს. კერძოდ, სადავო ნორმების საფუძველზე, მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრების არჩევაში და მხოლოდ მათ აქვთ უფლება, იყვნენ უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს შემადგენლობაში.
8. მოსარჩელის განცხადებით, ვინაიდან სადავო ნორმებში ხდება ექსპლიციტური მითითება სტუდენტურ თვითმმართველობაზე, იმთავითვე გამოირიცხება სხვა სტუდენტური ორგანიზაციების მონაწილეობა აკადემიური საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს არჩევნებსა და დაკომპლექტებაში და, შესაბამისად, უნივერსიტეტის მართვაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ერთობლიობაში ახდენენ, ერთი მხრივ, მოსარჩელის მსგავსი სტუდენტური ორგანიზაციებისა და, მეორე მხრივ, სტუდენტური თვითმმართველობის დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას გაერთიანების სახისა და რაობის ნიშნით.
9. მოსარჩელის პოზიციით, სტუდენტურ თვითმმართველობას ქმნის არა სახელმწიფო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ სტუდენტები თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე. ამასთან, სტუდენტური თვითმმართველობა არ არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეული ან მართვის ორგანო და იგი არ ასრულებს რაიმე საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას. მოსარჩელის განმარტებით, ის ფუნქციები, რაც დამახასიათებელია სტუდენტური თვითმმართველობისათვის, თავისუფლად შეიძლება განახორციელონ სხვა, „სტუდენტური სოლიდარობის“ მსგავსმა სტუდენტურმა გაერთიანებებმა. მეტიც, შესაძლოა, ასეთ კერძო ორგანიზაციებში ან არარეგისტრირებულ კავშირებში ბევრად მეტი სტუდენტი იყოს გაწევრიანებული, ვიდრე სტუდენტურ თვითმმართველობაში. შედეგად, მსგავსი ტიპის გაერთიანებები, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტად გამოხატავენ სტუდენტთა ინტერესებს, ვიდრე სტუდენტური თვითმმართველობა, რის გამოც აუცილებელია მათი ჩართვა უნივერსიტეტის მართვის პროცესში.
10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის, „სტუდენტური სოლიდარობა“ წარმოადგენს სტუდენტური თვითმმართველობის არსებითად თანასწორ სუბიექტს და გაუმართლებელია სადავო ნორმებით დადგენილი წესი, რომელიც მხოლოდ სტუდენტურ თვითმმართველობას ანიჭებს აკადემიური საბჭოს წევრების არჩევისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. ამასთან, დიფერენცირება ატარებს ინტენსიურ ხასიათს, ვინაიდან სტუდენტური თვითმმართველობის გარდა, სხვა სტუდენტურ გაერთიანებებს, პრაქტიკულად, სრულად აქვთ შეზღუდული უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის მიღების უფლება.
11. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ამგვარი დიფერენცირება გაუმართლებელია, ვინაიდან იგი ვერ უზრუნველყოფს ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიცაა სტუდენტების სათანადო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის მართვის პროცესში. გარდა ამისა, სტუდენტების სათანადო წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, კანონმდებელს შეეძლო, გამოეყენებინა უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება, კერძოდ, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნები ჩაეტარებინა იმგვარად, რომ მასში მონაწილეობის მიღება შეძლებოდა უშუალოდ უნივერსიტეტის სტუდენტებს ან იმ სტუდენტურ ორგანიზაციას, რომელშიც უნივერსიტეტის ყველაზე მეტი სტუდენტი იქნებოდა გაერთიანებული და არა ექსკლუზიურად სტუდენტურ თვითმმართველობას.
12. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არარეგისტრირებული კავშირი „სტუდენტური სოლიდარობა“ მიიჩნევს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი, 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები და 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი (2022 წლის 19 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) არღვევს თანასწორობის უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
13. მოსარჩელე სადავოდ ხდის აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) არ არის იურიდიული პირი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა უკრძალავს არარეგისტრირებულ კავშირს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. მოსარჩელის აზრით, აკრძალვას არ გააჩნია რაიმე ლეგიტიმური მიზანი, შესაბამისად, იგი უნდა ჩაითვალოს არაკონსტიტუციურად.
14. მოსარჩელე მხარე დამატებით განმარტავს, რომ არარეგისტრირებული კავშირი წარმოადგენს საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომლის შექმნა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). მოსარჩელე მხარის განცხადებით, კონსტიტუციით დაცული გაერთიანების თავისუფლება იქნება თეორიული და ილუზორული, თუ ამ გაერთიანებას არ ექნება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა. ხოლო, ვინაიდან სადავო ნორმა არარეგისტრირებულ კავშირს გაუმართლებლად უკრძალავს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, ამგვარი მოწესრიგებით, იგი არღვევს მისი გაერთიანების თავისუფლებას.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე, არარეგისტრირებული კავშირი „სტუდენტური სოლიდარობა“ მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს არარეგისტრირებული კავშირის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს და 42-ე მუხლის პირველ პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
16. №1321 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით, მოსარჩელეა აგრეთვე ფიზიკური პირი - ირაკლი კუპრაძე. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, იგი არის არარეგისტრირებული კავშირის, „სტუდენტური სოლიდარობის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც ევალება „სტუდენტური სოლიდარობის“ წარმოდგენა საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა, ვინაიდან სადავო ნორმა არ აძლევს არარეგისტრირებულ კავშირს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, ირაკლი კუპრაძე ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, რითაც ილახება ირაკლი კუპრაძის, როგორც ფიზიკური პირის უფლებები.
17. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ასევე საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1321 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა თანასწორობის უფლებას. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა გაერთიანების თავისუფლებას, ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, თანასწორობის უფლებას განამტკიცებს მე-11 მუხლის პირველი პუნქტი. გაერთიანების თავისუფლების ის კომპონენტი, რომელსაც მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხს სწორედ ამ დებულებებთან მიმართებით შეაფასებს.
3. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
4. №1321 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები ითხოვენ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა, არარეგისტრირებულ კავშირს „სტუდენტურ სოლიდარობას“ უზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, არარეგისტრირებული კავშირი არ არის იურიდიული პირი. პარალელურად, მსგავსი სახის შეზღუდვა არარეგისტრირებული კავშირის გაერთიანების თავისუფლებას აქცევს ილუზორულად, ამავდროულად, სადავო ნორმა ზღუდავს ირაკლი კუპრაძის, როგორც არარეგისტრირებული კავშირის „სტუდენტური სოლიდარობის“ წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის უფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გზით დაიცვას „სტუდენტური სოლიდარობის“ ინტერესები.
6. სადავო ნორმის თანახმად, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს.
7. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ იგი მიღებულია კანონმდებლობაში საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის იმპლემენტაციის მიზნებისთვის და ეხმიანება მის ტექსტს, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით, ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინის, „იურიდიული პირის“ შინაარსი უნდა განიმარტოს საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გამოყენებული იმავე ტერმინის შინაარსის გათვალისწინებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციურ ტერმინებს აქვთ ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-63; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19), რომელიც შესაძლოა, ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს კანონმდებლობაში არსებული ანალოგიური ტერმინების განმარტებებს.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადად, კონსტიტუციით დაცულ პირთა წრე შემოიფარგლება იმ პირებით, რომლებზეც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ხოლო თითოეული კონსტიტუციური უფლება თავად განსაზღვრავს ამ უფლების სუბიექტებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5,7). საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის განმსაზღვრელი და სამართალწარმოების მარეგლამენტირებელი ნორმების მიზანი ვერ იქნება სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების დამდგენი ნორმის შინაარსის, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მქონე პირთა წრის დავიწროება, პირიქით, აღნიშნული ნორმის მიზანი 31-ე მუხლით აღიარებული უფლების რეალიზაციის და კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სრულყოფილი, ადეკვატური დაცვისთვის აუცილებელი ბერკეტის შექმნაა (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს. ამ კონსტიტუციურ დებულებაში გამოყენებული ტერმინი „ყოველი ადამიანი“ განსაკუთრებით ფართო შინაარსისაა და არ ახდენს დასახელებული უფლებით მოსარგებლე სუბიექტთა წრიდან რომელიმე კატეგორიის პირთა გამორიცხვას. სწორედ ამ მოცემულობის შუქზე უნდა განიმარტოს საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინი „იურიდიული პირი“.
10. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილების ანალიზი, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკა, ადასტურებს, რომ სადავო ნორმაში გამოყენებულ ტერმინ „იურიდიულ პირში“ არ მოიაზრება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის მიზნებისათვის, მასში შეიძლება მოიაზრებოდეს, მაგალითად, უცხო ქვეყნის საწარმოები, მიუხედავად იმისა, ექცევიან თუ არა ეს გაერთიანებები საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ იურიდიულ პირთა კატეგორიაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/5/1233 განჩინება საქმეზე „სს „კაპიტალ ბანკი“, უცხო ქვეყნის საწარმო შპს „ESOL B.V.“ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის №2/18/875 განჩინება საქმეზე „უცხო ქვეყნის საწარმო „შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1/21/628 განჩინება საქმეზე „უცხო ქვეყნის საწარმო „STREAMLINE HOSPITALITY PROPERTIES LIMITED“ („სტრიმლაინ ჰოსპიტალიტი პროპერტის ლიმიტედ“) საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“).
11. საკითხის გარკვევისას, აქვს თუ არა ამა თუ იმ კავშირს/ორგანიზაციას/გაერთიანებას საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმის დადგენას, წარმოადგენს თუ არა იგი საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების სუბიექტს და ვრცელდება თუ არა მასზე საქართველოს იურისდიქცია. თუ კავშირი/ორგანიზაცია/გაერთიანება მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობებში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლების სუბიექტს, ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სრულყოფილად სარგებლობისთვის, მას უნდა შეეძლოს, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის გზით, საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. ამდენად, მსგავსი ტიპის კავშირი/ორგანიზაცია/გაერთიანება, როგორც წესი, ჩაითვლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მქონე სუბიექტად და, შესაბამისად, მოექცევა სადავო ნორმაში გამოყენებულ ტერმინ „იურიდიულ პირში“.
12. არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) არსებობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, არარეგისტრირებულ კავშირს აქვს სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. ამავე მუხლის თანახმად, არარეგისტრირებულ კავშირს შესაძლოა, ჰქონდეს საერთო ქონება, რომლის ხარჯზეც შესაძლებელია, მათ შორის, კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში არარეგისტრირებული კავშირი მოხსენიებულია, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 22 თებერვლის №3კ/599 განჩინება). მაშასადამე, არარეგისტრირებულ კავშირზე ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია და იგი იურიდიული პირების მსგავსად, შესაძლოა, წარმოადგენდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში დაცული უფლებების სუბიექტს.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მსგავს არარეგისტრირებულ კავშირს, საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად, აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ისევე როგორც სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინი „იურიდიული პირი“, თავის თავში მოიაზრებს, მათ შორის, მოსარჩელის მსგავს არარეგისტრირებულ კავშირს (გაერთიანებას), აღნიშნული კი გამორიცხავს, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელე არარეგისტრირებული კავშირისათვის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისა და, მით უფრო, გვერდითი ეფექტის სახით, მისი გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვას, რომლის რეგულირებას გასაჩივრებული ნორმა ისედაც არ ითვალისწინებს.
14. ამავდროულად, ზემოაღნიშნული განმარტება უსაფუძვლოს ხდის ირაკლი კუპრაძის, როგორც ფიზიკური პირის სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან სადავო ნორმა არარეგისტრირებულ კავშირს უზღუდავდა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, ირაკლი კუპრაძე ვერ ახორციელებდა სასამართლოში ამ კავშირის წარმომადგენლობას, რითაც ავტომატურად იზღუდებოდა ირაკლი კუპრაძის უფლებები. ვინაიდან უკვე დადგინდა, რომ არარეგისტრირებული კავშირი „სტუდენტური სოლიდარობა“ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტს, ირაკლი კუპრაძე უფლებამოსილია, დაუბრკოლებლად განახორციელოს აღნიშნული კავშირის წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში და, ამ კუთხით, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არ არსებობს.
15. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს სხვა პირს, ამ შემთხვევაში არარეგისტრირებულ კავშირს, მოქმედებს არა განყენებულად, არამედ სწორედ ამ წარმოდგენილი პირის, არარეგისტრირებული კავშირის სახელით. შესაბამისად, ნორმიდან მომდინარე შეზღუდვაზე მითითება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას უზღუდავს არარეგისტრირებულ კავშირს, ვერ იქნება არგუმენტი იმის სამტკიცებლად, რომ ეს ნორმა უშუალოდ ფიზიკური პირის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვასაც განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა ფიზიკურ პირებს არათუ გამორიცხავს, არამედ აღჭურავს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით. ხოლო, რაც შეეხება გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვას, აღნიშნული უფლების მოწესრიგება, სადავო ნორმის რეგულირების სფეროს საერთოდ არ წარმოადგენს.
16. ამდენად, ნათელია, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსს და როგორც ირაკლი კუპრაძის, ისე არარეგისტრირებული კავშირი „სტუდენტური სოლიდარობის“ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
17. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
18. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან, მათ შორის, სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს შემადგენლობაში შედიან, მათ შორის, სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობის განმსაზღვრელ წესს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის უფლებამოსილებას ექსკლუზიურად ანიჭებს სტუდენტთა თვითმმართველობას და ამ პროცესიდან ბლანკეტურად გამორიცხავს სხვა სტუდენტური ორგანიზაციების, მათ შორის, მოსარჩელე არარეგისტრირებული კავშირის ჩართულობას, რაც იწვევს გაუმართლებელ დიფერენცირებას სტუდენტთა თვითმმართველობასა და მოსარჩელე არარეგისტრირებულ კავშირ „სტუდენტურ სოლიდარობას“ შორის და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თანასწორობის უფლებას.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
20. მოსარჩელის პოზიციით, სტუდენტთა თვითმმართველობა, ისევე როგორც სხვა სტუდენტური ორგანიზაციები, იქმნება სტუდენტების თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე. ამასთან, სტუდენტური თვითმმართველობა არ არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეული ან მართვის ორგანო და იგი არ ასრულებს რაიმე საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. მოსარჩელის განმარტებით, ის ფუნქციები, რაც დამახასიათებელია სტუდენტური თვითმმართველობისათვის, თავისუფლად შეიძლება განახორციელონ სხვა, „სტუდენტური სოლიდარობის“ მსგავსმა სტუდენტურმა გაერთიანებებმა, რომელთა მიზნები სტუდენტთა თვითმმართველობის მიზნების იდენტურია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის კუთხით, სტუდენტთა თვითმმართველობა და არარეგისტრირებული კავშირი „სტუდენტური სოლიდარობა“ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს.
21. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნებისმიერი სტუდენტი უფლებამოსილია, საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში. მაშასადამე, სტუდენტური თვითმმართველობა ხორციელდება არჩევნების მეშვეობით. თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იქმნება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების სტუდენტური თვითმმართველობები, რომელთა ერთობლიობა ქმნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობას. შესაბამისად, კანონმდებლობით საკითხი იმგვარადაა მოწესრიგებული, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, როგორც სტუდენტების მიერ არჩეული ორგანო, ვალდებულია, წარმოადგინოს და დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა სტუდენტის ინტერესი, მათ შორის, უნივერსიტეტის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
22. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობა მოქმედებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებისა“ (შემდგომში - უნივერსიტეტის წესდება) და სტუდენტური თვითმმართველობის დებულების შესაბამისად და აღნიშნული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, სტუდენტთა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს. უნივერსიტეტის წესდების მე-40 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს, ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. სტუდენტური თვითმმართველობა უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში; ხელს უწყობს სტუდენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვას; უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის საფუძველზე წყვეტს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს; გეგმავს, ორგანიზებას უწევს და ახორციელებს შეხვედრებს, დებატებს, დისკუსიებს, ტრენინგებს, ინტელექტუალურ თამაშებს, საგანმანათლებლო-სამეცნიერო, კულტურულ, სპორტულ, გასართობ და კანონით ნებადართულ სხვა სახის ღონისძიებებს სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის, გამოცდილების მიღების, ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებისა და განტვირთვის მიზნით.
23. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დებულების მე-9 მუხლის თანახმად, სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი დაფინანსების წყაროა უნივერსიტეტის ბიუჯეტი. უნივერსიტეტის წესდების მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „სტუდენტური ღონისძიებებისათვის განსაზღვრული ასიგნებები აისახება უნივერსიტეტის ბიუჯეტის ეკონომიკური კლასიფიკატორით გათვალისწინებულ პარამეტრებში“.
24. ამდენად, ნათელია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, სხვა სტუდენტური ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ ორგანოს. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული ის ფაქტიც, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევის წესი, უფლება-მოვალეობები და სტუდენტების მიმართ ნაკისრი პასუხისმგებლობა, გარკვეულწილად, დარეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით. უნივერსიტეტის თვითმმართველობა წარმოადგენს და იცავს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტის ინტერესებს, სარგებლობს დამოუკიდებლობით უნივერსიტეტის ადმინისტრაციისაგან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტის მართვის პროცესში სტუდენტების ჩართულობის უზრუნველყოფაში, ფინანსდება, მათ შორის, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან და პასუხისმგებელია სხვადასხვა სტუდენტური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე. სწორედ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევითობა, მისი საყოველთაობა და მისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების დაკისრება წარმოშობს სტუდენტური თვითმმართველობის უნივერსიტეტის მართვის პროცესში ჩართულობის საჭიროებას, რასაც ემსახურება, მათ შორის, სადავო ნორმებით დადგენილი წესი.
25. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე არარეგისტრირებულ კავშირ „სტუდენტურ სოლიდარობას“, სტუდენტური თვითმმართველობისგან განსხვავებით, უნივერსიტეტის მართვასთან ან სტუდენტების ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები და უფლებამოსილებები არ გააჩნია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სტუდენტს უფლება აქვს, თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად, თუმცა კანონი არაფერს ამბობს ამგვარი ორგანიზაციების სტუდენტური თვითმმართველობის მსგავსი ფუნქციებით აღჭურვის თაობაზე. მსგავსი ორგანიზაციები, სტუდენტური თვითმმართველობისაგან განსხვავებით, შესაძლოა, შეიქმნას განუსაზღვრელი რაოდენობით და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის პირობებში არაგონივრული იქნება თითოეული მათგანის ჩართვა უნივერსიტეტის მართვის პროცესში. შესაბამისად, მოცემული საკანონმდებლო სივრცის ფარგლებში, შეუძლებელია მოსარჩელის მსგავსი სტუდენტური გაერთიანების განხილვა სტუდენტთა თვითმმართველობის არსებითად თანასწორ სუბიექტად.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის, მოსარჩელის მიერ დასახელებული შესადარებელ პირთა კატეგორიები არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
27. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
28. №1321 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (2022 წლის 19 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, სტუდენტთა თვითმმართველობა ირჩევს წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში.
29. №1321 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, სადავო ნორმამ განიცადა ცვლილება. კერძოდ, „„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის №1500-VIIIმს-Xმპ კანონით, აღნიშნული დებულება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის სადავო ნორმა ძალადაკარგულია. ამასთან, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
30. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).
31. აღნიშნული პრაქტიკის ცვლილება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც სადავო ნორმის მსგავსად გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
32. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (2022 წლის 19 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად განმარტავს, რომ გასაჩივრებული ნორმის თანახმად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში დასაშვებია მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლის ყოფნა. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა გამორიცხავს იმავე საბჭოში სხვა სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენლის ყოფნის უფლებას და, ამგვარად, ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.
33. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და მოსარჩელე არარეგისტრირებული კავშირი „სტუდენტური სოლიდარობა“ არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს და, შესაბამისად, ადგილი არ აქვს თანასწორობის უფლების შეზღუდვას (იხ. წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 19-26 პარაგრაფები).
34. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (2022 წლის 19 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სარჩლის შემოტანის მომენტში არსებობდა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
35. აღნიშნული გარემოება იმთავითვე გამორიცხავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროებას. №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმის წარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი.
36. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1321 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (2022 წლის 19 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1321 კონსტიტუციური სარჩელი („არარეგისტრირებული კავშირი „სტუდენტური სოლიდარობა“ და ირაკლი კუპრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №1321 კონსტიტუციურ სარჩელზე („არარეგისტრირებული კავშირი „სტუდენტური სოლიდარობა“ და ირაკლი კუპრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (2022 წლის 19 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში