ამირან კომახიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/4/1521 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 სექტემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 ოქტომბერი 2023 18:27 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ამირან კომახიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 76-ე მუხლის, 77-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის პირველ ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1521) მომართა ამირან კომახიძემ. №1521 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 3 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 სექტემბერს.
2. №1521 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრეს, წესსა და საფუძვლებს. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით“, ხოლო 76-ე მუხლის მიხედვით, „ამავე კანონის 70-ე მუხლი ვრცელდება 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის: ა) 46-ე–49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე; ბ) საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში; გ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი; დ) 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ამირან კომახიძე 1982 წლიდან 1997 წლის 10 თებერვლამდე ახორციელებდა სამოსამართლო უფლებამოსილებას. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, მოსარჩელემ მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, წარდგინების გაგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმარტებით, სადავო ნორმები არ ითვალისწინებდა მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი ყოფილი მოსამართლისათვის კომპენსაციის დანიშვნის საკითხს.
6. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, ერთი მხრივ, ის მოსამართლეები, რომლებსაც სამოსამართლო უფლებამოსილება შეუწყდათ 1999 წლის 15 მაისიდან ან ხსენებული პერიოდიდან გაუგრძელდათ უფლებამოსილება, ხოლო, მეორე მხრივ, ის მოსამართლეები, რომლებიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის მიღებამდე გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი. მოსარჩელის მითითებით, დისკრიმინაციას იწვევს ის ფაქტი, რომ მოსამართლეები, სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების წლების მიხედვით, განსხვავებულად სარგებლობენ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით, რითაც ირღვევა სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება.
7. მომხსენებელი მოსამართლის წერილობითი მიმართვის საპასუხოდ, მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მისი მიზანი არ არის სადავო ნორმებით გათვალისწინებული მოსამართლეთა კატეგორიისათვის დაწესებული სოციალური შეღავათების გაუქმება და დისკრიმინაციის ამ გზით აღმოფხვრა. მოსარჩელის ინტერესი მიმართულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, მოსარჩელისათვის კომპენსაციის მიღების უფლების მინიჭებისკენ.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც, მოსარჩელე მოითხოვს, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმები განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს, საფუძვლებსა და კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრეს. მოსარჩელის მითითებით, ღირსების უფლების საწინააღმდეგოა მოსამართლეთა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მათთვის განსხვავებული სოციალური პირობების შექმნაში ვლინდება.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
4. სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად) მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16,17).
5. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. … კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). ამასთანავე, მოპყრობამ განსაზღვრულ სიმძიმეს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ იგი შეფასდეს როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა. „მოპყრობის სიმძიმე უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-180).
6. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის არგუმენტაცია უკავშირდება თანასწორობის უფლების დარღვევას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულად ახდენს მოსამართლეთათვის სახელმწიფოს კომპენსაციის საკითხის რეგულირებას.
7. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება გარანტირებულია არა ღირსების, არამედ თანასწორობის უფლებით. შესაბამისად, მარტოოდენ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ პირს ეზღუდება თანასწორობის უფლება, არ გამოდგება ღირსების უფლების შეზღუდვის დასაბუთების თვითკმარ არგუმენტად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის მსჯელობა, თუ კონკრეტულად რა სახის მოპყრობას ითვალისწინებს სადავო ნორმები, რაც ჩაითვლება არაჰუმანურ ან სასტიკ მოპყრობად, ან სასჯელად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ სფეროს შორის.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1521 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 76-ე მუხლის, 77-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
9. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
10. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია კანონის წინაშე თანასწორობის საყოველთაო პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ კანონით დადგენილი მოპყრობა თანასწორი უნდა იყოს არსებითად თანასწორ პირებს შორის და უთანასწორო – არსებითად უთანასწორო პირების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს თანასწორობის უფლების დარღვევაზე იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის საფუძველზე, იგი ჩაყენებულია განსხვავებულ, უარეს უფლებრივ რეჟიმში არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართება შეიძლება ჰქონდეს ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც მოსარჩელეს უზღუდავს რაიმე უფლებას ან სხვას აღჭურავს მისგან განსხვავებული უფლებით, რის საფუძველზეც, იგი ექცევა უთანასწორო მდგომარეობაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაფასებელია, სადავო ნორმების საფუძველზე, რამდენად ხდება თანასწორობის უფლების შეზღუდვა.
11. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს. კერძოდ, სადავო ნორმა ჩამოთვლის იმ პირობებს, რომელთა არსებობისასაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს ენიშნება კომპენსაცია. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია საერთო სასამართლოს მოსამართლეთათვის კომპენსაციის მიღების დიფერენცირებული წესის რეგლამენტაცია. მართალია, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს კომპენსაციის დანიშვნის სავალდებულო წინაპირობებს, თუმცა იგი საერთოდ არ ახდენს კომპენსაციის მიღების განსხვავებული წესის რეგლამენტაციას საერთო სასამართლოს მოსამართლეთათვის იმის მიხედვით, თუ რა პერიოდში ახორციელებდნენ ისინი სამოსამართლო საქმიანობას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული დიფერენცირება არ მომდინარეობს ხსენებული სადავო ნორმიდან.
12. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1521 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
13. კონსტიტუციურ სარჩელში აგრეთვე სადავოდაა გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 76-ე მუხლისა და 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე სადავო ნორმებს დისკრიმინაციულად მიიჩნევს იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ მოსამართლეები, სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების წლების მიხედვით, განსხვავებულად სარგებლობენ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით. ამავდროულად, მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს იმდაგვარად, რომ მისთვისაც მოხდეს კომპენსაციის მიღების უფლების მინიჭება.
14. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმები განსაზღვრავს მოსამართლეთათვის კომპენსაციის მიღების საფუძვლებსა და წესს. სადავო ნორმების/მათი რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებას შესაძლებელია, შედეგად მოჰყვეს მხოლოდ კომპენსაციის მიმღებ მოსამართლეთა წრის შემცირება და არა იმგვარი შედეგი, რომლითაც მოსარჩელე მხარე კომპენსაციის მიმღებ მოსამართლეთა კატეგორიაში მოექცევა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია არა სადავო ნორმების რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებისკენ, არამედ ახალი ნორმატიული შინაარსის შექმნისკენ. მოსარჩელის ინტერესს არ წარმოადგენს არსებული რეგულაციის პირობებში კომპენსაციის მიღების უფლების მქონე მოსამართლეთათვის ხსენებული უფლების გაუქმება, იგი, ფაქტობრივად, მოითხოვს სადავო ნორმების ფარგლების გაფართოებას. აღნიშნული კი, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „შინაარსობრივად კანონმდებლობაში პოზიტიური ჩანაწერის გაკეთების იდენტურია, რაც კანონშემოქმედებითი პროცესის ნაწილია და არა ნეგატიური, კანონმდებლის კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა.შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). საკონსტიტუციო სასამართლო, მისი მანდატიდან გამომდინარე, „ასრულებს ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე – სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (ნორმები) კარგავს იურიდიულ ძალას, მეტიც, კანონმდებელმა, ხშირ შემთხვევაში, უნდა მიიღოს ახალი, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ახალი წესრიგის დადგენას (შექმნას) კი არ ემსახურება, არამედ უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას და ქმედითობას, ხელს უწყობს მის შესრულებას როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხის მიერ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). „საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური რეგულაციების, წესებისთვის იურიდიული ძალის გაუქმებისა და მათთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რესურსის გაუქმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს სცდება უფლებამოსილება, ძალადაკარგული სამართლებრივი ნორმების ნაცვლად, კანონმდებლობაში დაადგინოს განსხვავებული, თუნდაც კონსტიტუციური წესები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სცდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას. შესაბამისად, №1521 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნა, იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 76-ე მუხლისა და 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1521 კონსტიტუციური სარჩელი („ამირან კომახიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკალიშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში