გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/7/1532 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 27 ოქტომბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ნოემბერი 2023 20:36 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1532) მომართა გიორგი გოცაძემ. №1532 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 20 აგვისტოს. №1532 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 27 ოქტომბერს.
2. №1532 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებისთვის, უმაღლესი იურიდიული განათლების ქონასა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებასთან ერთად, ადგენს სამ ალტერნატიულ წინაპირობას - სტაჟირების გავლას, ნოტარიუსად მუშაობის 1 წლის სტაჟის ქონას ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი სტაჟის ქონას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება.
5. მოსარჩელეს ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ფლობს უმაღლეს იურიდიულ განათლებას და 5 წელზე მეტი ხნით აქვს ნამუშევარი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს კოორდინატორის (იურისტის) პოზიციაზე. 2018 წელს მას უარი ეთქვა ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონმდებლობით დადგენილი სამი ალტერნატიული წინაპირობიდან ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებდა, მათ შორის, ვერც საჯარო სამსახურში მუშაობის 5 წლიანი სტაჟის შესახებ მოთხოვნას.
6. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ უარის თქმისას მოსარჩელეს განემარტა, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო სამართლის იურიდიული პირები არ განეკუთვნებოდნენ საჯარო სამსახურს. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, 2017 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს გარდამავალი პერიოდი, როდესაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამავე კანონის მოქმედება. აქედან გამომდინარე, მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურში მუშაობის ხუთწლიანი სტაჟის შესახებ დაწესებულ მოთხოვნას.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას, რადგან პირთა კატეგორია, რომელთაც ხუთწლიანი სტაჟის შესახებ მოთხოვნა შეასრულეს სსიპ-ში მუშაობისას, რომელიც, თავისი არსით, ახორციელებდა საჯარო ფუნქციებს, ვალდებულნი არიან გაიარონ სტაჟირება ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. ხოლო პირები, რომელთაც შესაბამისი სტაჟი დააგროვეს სხვა საჯარო სამსახურში, თავისუფლდებიან ამ მოთხოვნისგან. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქმნება საჯარო მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად და უმრავლეს შემთხვევებში მისი დაფინანსების არსებით წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. სწორედ ამ ორგანიზაციული ბუნების, მიზნებისა და სამართლებრივი ფორმის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ ხდება სადავო ნორმის მიერ ამ ორ პირთა კატეგორიის დიფერენცირება.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესება ლოგიკურიც არის მისი საჯარო ფუნქციებიდან გამომდინარე, თუმცა აუცილებელია, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული და არ ლახავდეს სხვათა უფლებებს. მისი პოზიციით, ზოგადი ჩანაწერი, რომელიც სტაჟირების გავლის ვალდებულებისგან ათავისუფლებს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველ კანდიდატს, რომელსაც საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი სტაჟი აქვს, ლოგიკურ მოთხოვნას წარმოადგენს. თუმცა მისი იმგვარი განმარტება, რომ ამ ჩანაწერიდან გამოირიცხებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სპეციალობით მომუშავე პირები, რომელთა საქმიანობაც ფუნქციურად არ განსხვავდება საჯარო სამსახურში მომუშავე პირთა საქმიანობიდან, აზრს მოკლებულია. ამგვარი განმარტების პირობებში, ვიღებთ რეალობას, სადაც საჯარო სამსახურში სპეციალობით მომუშავე პირს, თუნდაც მას ჰქონდეს ყველაზე დაბალი რანგის წოდება და მისი საქმიანობა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მარტივი, ტექნიკური ხასიათის ფუნქციების განხორციელებით, უფლება აქვს სტაჟირების გარეშე დაიკავოს ნოტარიუსის თანამდებობა. მეორე მხრივ, ასეთი შესაძლებლობა ერთმევა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სპეციალობით მომუშავე ყველაზე მაღალი რანგის თანამშრომლებსაც კი, რაც წინააღმდეგობაში მოდის თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1532 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1532 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში