თათია ნიკოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/32/1791 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 დეკემბერი 2023 13:32 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: თათია ნიკოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 18 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1791) მომართა თათია ნიკოლაშვილმა. №1791 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2023 წლის 21 აგვისტოს. №1791 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 14 დეკემბერს.
2. №1791 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად.“ კონსტიტუციური სარჩელის ავტორისათვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზემოხსენებული საპოლიციო ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა აბსტრაქტული, არაკონკრეტიზებული საფრთხის არსებობის დროს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“.
5. №1791 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს 2022 წლის 13 მაისს, ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსთხოვეს კონკრეტული ტერიტორიის, კერძოდ, პარკის ცენტრალური შესასვლელის დატოვება, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციელთა არაერთგზის მოთხოვნას, რის გამოც დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით. თავის მხრივ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის №4-146-22 დადგენილებით თათია ნიკოლაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) ჩადენის გამო. კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა, ზემოხსენებული დადგენილება გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მოითხოვა მისი გაუქმება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის №4/ა-764-22 დადგენილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის №4-146-22 დადგენილება.
6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა იძლევა შესაძლებლობას, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიება განხორციელდეს, მათ შორის, ისეთი საფრთხის არსებობის პირობებში, რომელიც არის ზოგადი, არასპეციფიკური და აბსტრაქტული ხასიათის. თავის მხრივ, საპოლიციო პრაქტიკაში, გასაჩივრებული რეგულაციის ამ ნორმატიული შინაარსით გამოყენება ქმნის ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში დაუსაბუთებელი ჩარევის მომეტებულ რისკებს, ამავდროულად ახალისებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან თვითნებური მიდგომების გამოყენებას.
7. მოსარჩელის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ პრევენციული ღონისძიებები უკავშირდება სამომავლო და არა მიმდინარე საფრთხეს, არსებობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ადამიანის უფლებების დარღვევის რეალური რისკი. ამავდროულად, არსებობს იმის ალბათობაც, რომ ადამიანის უფლებები დაირღვეს ისეთ საფრთხეზე მითითებით, რომელიც არ არის კონკრეტიზებული. შესაბამისად, ასეთ პირობებში, სადავო ნორმის საფუძველზე, ადამიანის უფლებებში ჩარევა ხდება უსაფუძვლო და უმიზნო.
8. კონსტიტუციური სარჩელში განვითარებული მოსაზრებით, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისთვის შექმნილი ზოგადი და თეორიული საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლება განიხილებოდეს ისეთ ღირებულ მიზნად, რომელსაც შესწევს პოტენციალი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეზღუდოს მიმოსვლის თავისუფლება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მაშინაც კი თუ კონსტიტუციის ზემოხსენებული დანაწესით გათვალისწინებული სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზანი იმგვარად განიმარტება, რომ იგი, მათ შორის, გულისხმობს თეორიული, ზოგადი და არასპეციფიკური საფრთხეების აღკვეთას, სადავო ნორმით დადგენილი წესი მაინც არ აკმაყოფილებს ვიწრო გაგებით პროპორციულობის კონსტიტუციურ მოთხოვნას.
9. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის შექმნილი აბსტრაქტული რისკის განეიტრალების ლეგიტიმური მიზანი, რომელიც სანდო მტკიცებულებებით არ დასტურდება, ვერ გადაწონის მიმოსვლის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რაც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობის - სიტყვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზაციის ფუნდამენტური წინაპირობაა.
10. დამატებით, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას პოლიციის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თვითნებობისაგან დაცვის სამართლებრივი საშუალებების არარსებობის გათვალისწინებით, არ არის დაკმაყოფილებული საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა - „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად.“ კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, სადავო ნორმა არის იმდენად ფართო, რომ პოლიციელის მოთხოვნის საფუძველზე, ითვალისწინებს ნორმის ადრესატისთვის კონკრეტული ტერიტორიის დატოვების ვალდებულებას მაშინაც, როდესაც პირი მყისიერ და კონკრეტულ საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა თუ უსაფრთხოებას.
11. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტურ პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1791 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. გასაჩივრებული ნორმა არეგულირებს საპოლიციო ღონისძიების - განსაზღვრული დროით ადგილის დატოვების მოთხოვნისა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის განხორციელების წესსა და წინაპირობებს. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზემოხსენებული საპოლიციო ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას უშვებს აბსტრაქტული, არაკონკრეტიზებული საფრთხის არსებობის დროს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიება შესაძლებელია განხორციელდეს აბსტრაქტული საფრთხის აღკვეთის მიზნით.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თავის მხრივ, იმისათვის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებულ ნორმაში ამოიკითხოს მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი, იგი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).
5. როგორც აღინიშნა, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, პოლიციელი უფლებამოსილია პირს განსაზღვრული დროით მოსთხოვოს გარკვეული ადგილის დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად. სადავო ნორმა არ აკონკრეტებს, თუ რა ტიპის საფრთხის არსებობის შემთხვევაში არის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი უფლებამოსილი განახორციელოს სადავო რეგულაციით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიება, თუმცა, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის მიზნებისთვის, ადგენს საფრთხის ცნების საკანონმდებლო რეგლამენტირებას. კერძოდ, დასახელებული ნორმის თანახმად, „საფრთხე“ განიმარტება, როგორც „ვითარება, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგება პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს“. მოცემულ საკანონმდებლო განმარტებაში, მართალია, „კონკრეტული საფრთხე“ სახელდებით მითითებული არ არის, მაგრამ მისი შინაარსობრივი აღწერილობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ კანონმდებელს მხედველობაში ჰქონდა სწორედ რეალურად არსებული „ვითარება“ და უშუალო საფრთხე, რომელიც „მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში“ „დიდი ალბათობით“ დააზიანებს დასაცავ სიკეთეს.
6. ვინაიდან თავად ნორმის ტექსტუალური ანალიზი და ამავდროულად „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული დებულებები პირდაპირ არ იძლევა მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გასაჩივრებულ რეგულაციაში პირდაპირ ამოკითხვის შესაძლებლობას, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, სარჩელში წარმოდგენილი იყოს საქართველოს საერთო სასამართლოების შესაბამისი პრაქტიკა, რომელიც დაადასტურებს ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენებას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმას არსებითად განსახილველად მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსით სადავო ნორმის გამოყენება დადასტურდება სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტებით.
7. საგულისხმოა, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორს №1791 კონსტიტუციურ სარჩელზე, მტკიცებულებების სახით, თანდართული აქვს საქართველოს საერთო სასამართლოების დადგენილებები. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული სასამართლოს აქტებით საბუთდება სადავო ნორმის მის მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენების პრაქტიკა, თუმცა სასამართლო ვერ დარწმუნდა ამაში.
8. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (საერთო სასამართლოს აქტები) ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ სასამართლოები სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი საპოლიციო ღონისძიების (განსაზღვრული დროით ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა) განხორციელებას სამართლებრივად დასაშვებად მიიჩნევენ აბსტრაქტული, არაკონკრეტიზებული საფრთხის არსებობის პირობებში. მოსარჩელის მიერ კონსტიტუციური სარჩელზე თანდართულ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის №4-146-22, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის №4/ა-764-22 დადგენილებებში არ არის expressis verbis მითითებული, ისევე როგორც, ამავე სასამართლოს აქტების შინაარსობრივი ანალიზიდან არ ჩანს, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს ენიჭება საკანონმდებლო უფლებამოსილება, აბსტრაქტულ საფრთხეზე დაყრდნობით განახორციელოს კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საპოლიციო ღონისძიება.
9. უფრო მეტიც, როგორც აღმოჩნდა, საერთო სასამართლოების პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომა საპირისპიროა. მხედველობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის მიხედვითაც „ ... პოლიციას პრევენციული საქმიანობის, კერძოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის არიდების მიზნით ენიჭება შესაბამისი უფლებამოსილებები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება პოლიციის კონკრეტული ქმედებები. კონკრეტულ საფრთხეში მოიაზრება მდგომარეობა, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს შესაბამისი ალბათობა იმისა, რომ ახლო დროში ზიანი მიადგება საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. კონკრეტული საფრთხის არსებობა არის პოლიციის ქმედების მართლზომიერების წინაპირობა. ამასთან, კონკრეტული საფრთხე პოლიციის ქმედების (ქმედების განხორციელების უფლებამოსილების) საწყის და სასრულ პუნქტს საზღვრავს და, იმავდროულად, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას დაუსაბუთებელი ჩარევისგან. აბსტრაქტული საფრთხისაგან განსხვავებით, კონკრეტული საფრთხე ყოველთვის უკავშირდება ინდივიდუალური შემთხვევის გარემოებებს და პოლიციის მიერ გადაწყვეტილებაც ცალკეულ სიტუაციასთან კავშირში მიიღება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-1243(2კ-19)). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მიდგომების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის გამოყენება გამორიცხულია აბსტრაქტული, არაკონკრეტიზებული საფრთხის აღკვეთის მიზნით.
10. ამგვარად, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული შინაარსით განმარტების/გამოყენების შესაძლებლობაზე არ მიუთითებს არც თავად სადავო ნორმის ტექსტი, არც №1791 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული საქართველოს საერთო სასამართლოების აქტები და არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. შესაბამისად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ გასაჩივრებულ ნორმას გააჩნია მის მიერ ნაგულვები ნორმატიული შინაარსი. ამის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ მიაჩნია საჭიროდ კონსტიტუციის დასახელებულ ნორმებთან სადავო ნორმის მიმართება იკვლიოს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1791 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1791 კონსტიტუციური სარჩელი („თათია ნიკოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე