„საქართველოს მოქალაქე გრიგოლ კარგინი საქართველოს პრეზიდენტისა და ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ“.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | №1/2/204 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 30 აპრილი 2004 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 აპრილი 2004 00:00 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პირველი კოლეგიის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა 1/2/204
საქართველოს სახელით
ქ. თბილისი, 2004 წლის 30 აპრილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ბესარიონ ზოიძის (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე), ვახტანგ გვარამიას, იაკობ ფუტკარაძისა და ნიკოლოზ შაშკინის შემადგენლობით (სხდომის მდივანი დარეჯან ჩალიგავა), -
ღია სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსარჩელე გრიგოლ კარგინი და მისი წარმომადგენელი ბესარიონ ბოხაშვილი, მოპასუხეთა წარმომადგენლები – საქართველოს პრეზიდენტისა – მაკა სხირტლაძე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსი- ჯიგურ ცირამუა, გიორგი ლაბაძე და გურამ ღოთვაძე, მოწმე – საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ნანი წიქარიშივილი, სპეციალისტი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათერის დოცენტი ეკა ზარნაძე, თარჯიმანი ინგებორგე ბარრო.
განიხილა საქმე - ¨საქართველოს მოქალაქე გრიგოლ კარგინი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ¨.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით (1) ¨ზოგიერთი სახის სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ¨ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 ივნისის N413 ბრძანებულება და ამ ბრძანებულებითვე დამტკიცებული ¨ზოგიერთი სახის საშინაო ვალის დაფარვის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის დებულება¨ იმ ნაწილებში, რომლებიც შეეხება კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს და (2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 11 ოქტომბრის N 226 ბრძანებით დამტკიცებული ¨საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის¨ მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები.
მოქალაქე გრიგოლ კარგინმა კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოიტანა 2002 წლის 18 ოქტომბერს (რეგისტრაციის N 204). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი 2002 წლის 23 ოქტომბერს გადმოეცა არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. 2002 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა ღია განმწესრიგებელი სხდომა და სასამართლო კოლეგიამ 8 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო (საოქმო ჩანაწერი1/10/204).
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ¨ვ¨ ქვეპუნქტი, ¨საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ¨ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ¨ე¨ ქვეპუნქტი, ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ¨ა¨ ქვეპუნქტი და ¨საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ¨ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მეუღლე ანა კარგინა იყო საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ ¨ორბის¨ წევრი და 1991 წლიდან ახორციელებდა შენატანებს დადგენილი წესითა და პერიოდულობით. ამჟამად ა. კარგინა აღარ არის ცოცხალი და მოსარჩელე გრიგოლ კარგინი წარმოადგენს მის კანონიერ მემკვიდრეს აღნიშნულ კოოპერატივში გახორციელებულ შენატანებზე. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანა გამოიწვია იმან, რომ არც სახლის მშენებლობა დამთავრებულა და არც გადახდილი შენატანები დაბრუნებია მოსარჩელეს. საკითხის მოსაწესრიგებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1999 წლის 11 ოქტომბერს გამოსცა N 226 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა ¨საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დამუთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი¨. მოსარჩელის აზრით, ვალის დაფარვის აღნიშნული ¨წესის¨ მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, ვინაიდან ისინი ითვალისწინებენ ვალის დაბრუნების უსამართლო სისტემას. კერძოდ, ამ წესების მიხედვით, ბინების სანაცვლოდ ერთჯერადი განაცემის გაცემას ახორციელებს საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია. სახელმწიფოს არ ქონდა უფლება აღნიშნული დავალიანების დაფარვის საქმეში ჩაერთო კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიმართაც მას კონტროლის არანაირი სამართლებრივი საშუალება არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ასოციაციას არ უნდა ჰქონდეს ბინათმშენებლობისათვის საკომპენსაციო თანხის გაცემის რიგითობის განსაზღვრის უფლება. ფინანსთა სამინისტროს რომ განესაზღვრა რიგითობა, უფრო სამართლიანი იქნებოდა. სახელმწიფომ ასოციაციისაგან დამოუკიდებლად უნდა უზრუნველყოს ბინათმშენებელთა უფლებების დაკმაყოფილება.
სასარჩელო განცხადების თანახმად, მოსარჩელე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა ¨ზოგიერთი სახის სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ¨ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 ივნისის N 413 ბრძანებულებასა და ამავე ბრძანებულებით დამტკიცებულ ¨ზოგიერთი სახის საშინაო ვალის დაფარვის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის დებულებას¨ იმ ნაწილებში, რომლებიც შეეხება კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს. საქმის არსებითი განხილვის პროცესში მოსარჩელის წარმომადგენელმა, გამოიყენა რა ¨ საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ¨ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება, დასახელებულ სადავო აქტებთან მიმართებით შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა და მოითხოვა მხოლოდ ერთი აქტის საქართველოს პრეზიდენტის N 413 ბრძანებულების მარტოოდენ მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის შემოწმება. მოსარჩელე მხარის აზრით, აღნიშნული პუნქტი არის თვითნებობის გამოვლინება. იგი ფინანსთა სამინისტროს უფლებას აძლევს თავისი შეხედულებისამებრ გამოცეს ნორმატიული აქტები. ეს პუნქტი არაკონსტიტუციურია, ვინაიდან სწორედ იგი დაედო საფუძვლად ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებულ ვალის დაფარვის წესს, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21- მუხლს.
მოპასუხე მხარის – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაკა სხრიტლაძემ არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. მისი აზრით, საქართველოს პრეზიდენტის N 413 ბრძანებულების მე-3 პუნქტი სრულად შეესაბმაება საქართველოს კონსტიტუციის 21-მუხლს. სახელმწიფომ აღიარა სათანადო ვალი და შექმნა რეალური მექანიზმი იმისა, რომ მოხდეს მის დაბრუნება, პრეზიდენტმა ვალის დაფარვის მექანიზმის შემუშავების უფლება მისცა ფინანსთა სამინისტროს. სადავო პუნქტის შემცველი ბრძანებულება საკუთრების უფლებას კი არ ხელყოფს, არამედ მის უზრუნველსაყოფად არის გამოცემული. თუკი სადავო ნორმატიული აქტები გაუქმდება, მაშინ აღარ იარსებებს სახელმწიფოსაგან საკუთრების აღიარების ვალდებულება და შეიქმნება სრული ვაკუუმი.
მოპასუხე მხარის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელებს მიაჩნიათ, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სახელმწიფომ გამოიჩინა კეთილი ნება და აღიარა ვალდებულება ბინათმშენებელთა მიმართ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს N 226 ბრძანებით დამტკიცებული ვალის დაფარვის წესი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს. საკუთრება არც შეზღუდულა და არც გაუქმებულა. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციას მიენდო სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალის გაცემა რიგითობის მიხედვით. გარდა ერთჯერადი საკომპენსაციო თანხების გაცემისა, არსებობს უფლების დაკმაყოფილების სხვა მექანიზმებიც. საკომპენსაციო თანხების ნაცვლად რამდენიმე ადამიანმა მიიღო მიწის ნაკვეთები, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცათ სხვა უძრავი ქონება. ამ ბრძანებულების საფუძველზე რიგითობა მოწესრიგებულია. მოპასუხე მხარის აზრით, თუკი დავა იყო ასოციაციასა და მოსარჩელეს შორის, ეს საკითხი საერთო სასამართლოებს უნდა განეხილათ. ფინანსთა სამინისტრო გამოყოფს თანხას, გადარიცხავს ასოციაციის ანგარიშზე და შემდგომ ასოციაცია ადგენს რიგითობას.
მოწმე ნანი წიქარიშვილმა სასამართლოს განუმარტა, რომ საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი პრობლემა 1980 წლიდან მომდინარეობს. დღეისათვის შექმნილია სამართლებრივი ბაზა, რომელიც ითვალისწინებს კოოპერატიული ბინათმშენებელთა მიმართ არსებული სახელმწიფო ვალის დაფარვას. ამ პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ განხორციელების მიზნით 1998 წლის 14 ივნისს დაფუძნდა საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია. საშინაო ვალის დასაფარავად ანგარიშსწორება ხორციელდება უშუალოდ ყოველი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებთან ინდივიდუალურად ასოციაციის მეშვეობით. კოოპერატივებმის წევრებისათვის ერთჯერადი განაცემის გაცემის რიგითობას ადგენს და ასოციაციას წარუდგენს ყოფილი კოოპერატივების გამგეობები. მოწმის განმარტებით, ყოფილი კოოპერატივების წევრებს ფულადი კომპენსაციის სამაგიეროდ შეუძლიათ მიიღონ მიწის ნაკვეთები და სხვა უძრავი ქონება. 1999-2003 წლებში 18 ოჯახს გადაეცა სახელმწიფო ქონება 828 ათასი ლარის ოდენობით, 45 ოჯახზე გაცემულ იქნა ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა 1584000 ლარის ოდენობით. მოწმე თვლის, რომ დაუშვებელია სადავო აქტების გაუქმება, ვინაიდან 9 ათასი მეპაიე, რომელიც რიგშია, თანხას ვერასოდეს ვერ მიიღებს და მათი მდგომარეობა გაურესდება. მოწმემ სასამართლოს წარმოუდგინა ცალკეულ მოქალაქეთა ხელის მოწერებით დადასტურებული დოკუმენტები, რომლებშიც ნათქვამია, რომ სადავო აქტების გაუქმებით შეილახება მათ უფლებები.
სპეციალისტი ეკა ზარნაძე თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს. საქართველოს პრეზიდენტის N 413 ბრძანებულებით სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აღიარა კოოპერატიული ბინათმშენებელთა საკუთრების უფლება და განსაზღვრა მისი უზრუნველყოფის მექანიზმის საფუძვლები. საქართველოს ფინანსთა მინისტრს სწორად განესაზღვრა პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულების სადავო-მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება. ¨ნორმატიული აქტების შესახებ¨ კანონის მე-17 მუხლის თანახმად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი გამოიცემა საკანონმდებლო აქტის ან პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე. კანონქვემდებარე აქტის გამოცემის უფლება აქვს მინისტრსაც, სხვა საკითხია, თუ როგორია კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებით გამოცემული კანონქვეიდებარე აქტის შინაარსი. თავად აღნიშნული აქტის გამოცემის უფლებამოსილება არ შეიძლება ჩაითვალოს არაკონსტიტუციურად.
სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 11 ოქტომბრის N 226 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები არ არღვევენ კონსტიტტუციის 21- მუხლს. მართალია , რიგითობის განსაზღვრის დადგენილი წესი არ არის სრულყოფილი, მაგრამ მის მიღებამდე ბინათმშენებელთა დაკმაყოფილების სხვაგვარი მექანიზმი არ არსებობდა. აღნიშნული წესის შემოღებით სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი იქითკენ, რომ შეექმნა პირობები ვალის დასაფარავად, საკუთრების უზრუნველსაყოფად. მართალია, ბინათმშენებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია კერძო სამართლის იურიდიული პირის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი სამოქალაქო წესრიგის ფარგლებს გარეთ იმყოფება და ერთჯერადი კომპენსაციის გაცემისას სახელმწიფოს კონტროლს არ ექვემდებარება. იგი, ისევე როგორც სამართლის ყველა სხვა სუბიექტი, უნდა ასრულებდეს ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით სახელმწიფოს არ გაუუქმებია, არ შეუზღუდავს და არ ჩამოურთმევია კოოპერატიული ბინათმშენებლებისათვის საკუთრების უფლება. სადავო აქტებში არაა გამოკვეთილი სახელმწიფოს უარყოფითი ინტერესი. პირიქით, სახელმწიფომ აღიარა არსებული საშინაო ვალი და შექმნა განსაზღვრული მექანიზმები მის დასაფარავად. თუმცა, არ ჩანს, რომ იგი ჯეროვანდ სრულდება. სპეციალისტის აზრით, ნორმატიული აქტის არშესრულება მისი არარსებობის ტოლფასია და როდესაც აქტი არ სრულდება, ამით ირღვევა ადამიანის უფლებები, მიუხედავად იმისა, რომ თავად აქტის კონსტიტუციურობის საკითხი შეიძლება არც იყოს სადავო.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლგიამ საქმის არსებითად განხილვის შემდეგ, - კონსტიტუციური სარჩელის მონაცემების, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლების, მოწმის ჩვენების, სპეციალისტის დასკვნისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი:
I. გრიგოლ კარგინის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის შედენგად გამოირკვა, რომ 1992 წლიდან კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში შეიქმნა სერიოზული პრობლემები, რასაც შემდგომ შედეგად მისი სრული გაჩერება მოჰყვა. ათასობით ბინათმშენებელი აღმოჩნდა სამართლებრივი დაცვის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, გაუქმდა და მათ უფლებამონაცლეებად მიჩნეული იქნა ბინის მესაკურეთა ამხანაგობები. შეცვლილმა გარემოებებმა აუცილებელი გახადა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, რათა ეტაპობრივად მომხდარიყო ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა ქონებრივი უფლებების დაცვა.
¨სახელმწიფო ვალის შესახებ¨ 1998 წლის 27 მარტის საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ¨ზ¨ ქვეპუნქტით სახელმწიფოს სავალო ვალდებულებად აღიარებულ იქნა ¨კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება¨. ამავე კანონით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა აღნიშნული სავალო ვალდებულების დაფარვის წესის შემუშავება. ამის შემდეგ, ამ პრობლემის კონკრეტულად უზრუნველყოფის მიზნით, ძალაში შედის სხვადასხვა სახის ნორმატიული აქტები. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტი 1999 წლის 30 ივნისს ღებულობს N 413 ბრძანებულებას ¨ზოგიერთი სახის სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ¨ და ამავე ბრძანებულებით ამტკიცებს ¨ზოგიერთი სახის საშინაო ვალის დაფარვის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის დებულებას¨. ამას მოსდევს საქართველოს პრეზიდეტის 1999 წლის 12 ოქტომბრის N592 ბრძანებულებით დამტკიცებული ¨საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამა¨ (შემდგომში - ¨დავალიანების დაფარვის პროგრამა¨). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 11 ოქტომბრის N 226 ბრძანებულებით დამტკიცდა ¨საქართველოში კოოპერაციული ბინთმშენებლობის დაუმთარებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი¨ (შემდგომში - ¨ვალის დაფარვის წესი¨). მიღებულია ასევე სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც აღნიშნული სავალო ვალდებულების შესრულების მოწესრიგებას ეხება.
II. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ¨ზოგიერთი სახის სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ¨ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 ივნისის N 413 ბრძანებულების მე-3 პუნქტს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ავალდებულებს კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად გამოსცეს ნორმატიული აქტები. მოსარჩელის მტკიცებით, ფინანსთა მინისტრს არ უნდა მისცემოდა ამგვარი უფლებამოსილება, ვინაიდან მან ამის საფუძველზე 1999 წლის 11 ოქტომბრის N 226 ბრძანებით დაამტკიცა ¨ვალის დაფარვის წესი¨, რომელიც შეიცავს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმებს.
სასამართლო კოლეგია ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება არ შეიძლება სადავოდ იქნეს მიჩნეული. ¨ნორმატიული აქტების შესახებ¨ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ¨საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხედმძღვანელის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომლის იურიდიული ძალაც განისაზღვრება ამ კანონით.¨ მე-2 პუნქტის პირველ წინადადებაში კი ნათქვამია: ¨ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შეითხვევებსა და ფარგლებში¨.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის N226 ბრძანებულებით დამტკიცებული ¨ვალის დაფარვის წესის¨ სადავო ნორმების მოსარჩელის მიერ არაკონსტიტუციურად მიჩნევა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავად ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილებაა არაკონსტიტუციური. საქართველოს პრეზიდენტის N413 ბრძანებულების მე-3 პუნქტის მიზანმიმართულებაა კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების მოწესრიგება. იგი საკუთრების კონსტიტუციური უფლების ხელყოფას კი არ იწვევს, არამედ მისი უზრუნველყოფისაკენაა მიმართული. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს მოსარჩელის მტკიცება, რომ სადავო – მე-3 პუნქტი ფინანსთა სამინისტროს თვითნებობის გამოვლინების საფუძველს უქმნის. ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული ნებისმიერი ნორმატიული აქტი კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს.
აღნიშნულ გარემოებათა გამო, არ დასტურდება სადავო ნორმების წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან.
III. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ჩართულია საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების (სსსკ) წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია (შემდგომში - ¨ასოციაცია¨). კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 11 ოტომბრის N226 ბრძანებით დამტკიცებული ¨საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის¨ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ¨იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლით გაუქმებულია საქართველოში ყველა საბინაო სამშენებლო კოოპერატივი როგორც იურიდიული პირი, სახელმწიფო საშინაო ვალის დასაფარავად ანგარიშსწორება განხორციელდება უშუალოდ ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებთან ინდივიდუალურად სსსკ-ს წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის მეშვეობით.¨
მოსარჩელეს პრინციპულად მიუღებელად მიაჩნია კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის იმ უფლებამოსილებათა მინიჭება, რომელიც მას გააჩნია ვალის დაფარვის ¨წესის¨ მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტით. იგი თვლის, რომ აღნიშნული პუნქტები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. სადავო მე-4 პუნქტით დადგენილია: ¨დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის სახლების ბინათმშენებლობისათვის ბინების სანაცვლოდ ერთჯერადი განაცემების გაცემას დადგენილი რიგითობის მიხედვით განახორციელებს სსსკ წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია მის მომსახურე ბანკში ამ მიზნით გახსნილი სპეციალური ანგარიშიდან¨. მე-5 პუნქტის თანახმად კი, ¨დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის სახლების ბინათმშენებლებისათვის საკომპენსაციო ერთჯერადი განაცემის თანხის გაცემის რიგითობას განსაზღვრავს სსსკ წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია, რომელიც შეადგენს დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის სახლების ჩამონათვალს და წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს შესათანხმებლად.¨
1. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელის იმ მოსაზრებას, რომ ¨ასოციაცია¨ სადავო პუნქტებით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ ექვემდებარება სახელმწიფოებრივ კონტროლს, ვინაიდან იგი კერძო სამართლის იურიდიული პირია. სამართლის ნებისმიერი სუბიექტის მოქმედება სამართლებრივი წესრიგის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა განხორციელდეს. ¨ასოციაცია¨ სპეციფიკური უფლებამოსილებით აღჭურვილი კერძო სამართლის სუბიექტია. იგი სპეციტალურად საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დასაცავად შეიქმნა. ამ ორგანიზაციის წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი მიზანია ¨ასოციაციაში შემავალი საბინაო საამშენებლო კოოპერატივების წევრთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებამოსილებებისა და ინტერესების დაცვა, მათი დახმარება¨. როგორც თვით მოსარჩელის განმარტებიდან გამოჩნდა, მასაც გამოუთქვამს სურვილი გამხდარიყო ¨ასოციაციის¨ წევრი.
რიგითობის დადგენისას ¨ასოციაცია¨ ვალდებულია იხელმძღვანელოს ¨ვალის დაფარვის წესის¨ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლითაც დადგენილია: ¨ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისათვის ბინების საკომპენსაციოდ ერთჯერადი განაცემის გაცემის რიგითობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 9 ოქტომბრის N983 დადგენილების მოთხოვნათა შესრულება; ბ) დამკვეთთან ხელშეკრულების გაფორმების თარიღი¨. სასამართლო სხდომაზე მოწვეული მოწმის განმარტებით, ¨ასოციაცია¨ ადგენს კოოპერატიულ სახლებს შორის რიგითობას, ხოლო თვით კოოპერატივის წევრთა შორის რიგითობას ყოფილი კოოპერატივის გამგეობები განსაზღვრავენ. საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ, ¨ასოციაციის¨ ერთ-ერთი სხდომის ოქმიდან ჩანს, რომ იგი ამტკიცებს დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის ბინათმშენებლებისათვის საკომპენსაციო თანხისა და სახელმწიფო ქონების განაცემის რიგითობასა და განაწილების პრინციპებს. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემორებაც, რომ ¨ვალის დაფარვის წესის¨ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ძალით ¨სსსკ წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია აღრიცხავს გაცემული საკომპენსაციო ერთჯერადი განაცემების ოდენობას და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უზრუნველყოფს ინფორმაციის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროში¨.
2. სადავო ნორმების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისათვის ერთჯერადი განაცემის ოდენორბის განსაზღვრის წესი. ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 11 ოქტომბრის N226 ბრძანებით დამტკიცებული ¨ვალის დაფარვის წესის¨ პირველი მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ¨დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის საცხოვრებელი სახლების ბინათმშენებლებს .... მიეცემათ საკომპენსაციო ერთჯერადი განაცემი პროექტით გათვალისწინებული კუთვნილი საერთო ფართის შესაბაისად, საცხოვრებელი სახლის ასაშენებელ რაიონში 1 კვ.მ. საერთო ფართის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით¨. საბაზრო ღირებულებას კი, ამავე აქტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით განსაზღვრავს სტატისტიკის სახელმწიფთო დეპარტამენტი საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, ¨ასოციაციისა¨ და სახლის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, რის შესახებაც ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ, ანა კარგინას სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებიდან (N3გ/ად-39-კ) ჩანს, რომ ფანასკერტელის ქუჩაზე (იყალთოს გორა) , სადაც უნდა აშენებულიყო ა. კარგინას კოოპერატიული ბინა, 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება განისაზღვრება 230 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. ამდენად, არც საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრის მექანიზმი არ რჩება სახელმწიფოებრივი კონტროლის გარეშე.
3. სადავო ნორმების შეფასებისას ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის მექანიზმი ფულად საკომპენსაციო თანხების გაცემასთან ერთად სხვაგვარი დაკმაყოფილების ღონისძიებებსაც ითვალისწინებს. ¨სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ¨ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს: ¨საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის ... შედეგად წარმოშობილი ვალდებულების ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით¨, შესაბამის ¨პირთა თანხმობისას, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ 2001 წლიდან 2005 წლის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები მათთვის გარკვეული საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების (წილის, აქციების, შენობა-ნაგებობების და სხვ.) პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის შესახებ, რომლის დროსაც ბინის სანაცვლოდ მისაღები საკომპენსაციო თანხა ჩაითვლება გადაცემული სახელმწიფო ქონების ღირებულებად¨. საქართველოს ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 27 დეკემბრის N1-3`915 ბრძანებით დამტკცდა დებულება ¨საქართველოში დაუმთავრებელი კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებზე ... საკომპენსაციო თანხების მიღების ნაცვლად სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადცემის წესის შესახებ¨. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის N 592 ბრძანებულებით დამტკიცებული ¨საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დამუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამა¨ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 11 ოქტომბრის N 226 ბრძანებულებით დამტკიცებული ¨ვალის დაფარვის წესის¨ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი აღნიშნული მიმართულებით ითვალისწინებენ უფლების დაკმაყოფილების სხვადასხვა გზებს, როგრიცაა, კერძოდ, საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ ქონების პრივატიზაციის უპირატესი უფლება, მიწის ნაკვეთების გამოყოფა და ა.შ.
საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფს უსარგებლია კანონმდებლობით გათვალისწინებული ალტერნატიული საშუალებებით. კერძოდ, საკომპენსაციო თანხების მიღების ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით მათ გადაცემიათ არასაცხოვრებელი ფართი. მოწმის ჩვენებით, 1999-2003 წლებში 18 ოჯახს გადაეცა 828 ათასი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება, მათ შორის მიწის ნაკვეთები. მოსარჩელე გრიგოლ კარგინსაც გამოუთქვამს სურვილი საკომპენსაციო თანხის ნაცვლად მიწის ნაკვეთის მიღებისა, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.
4. საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ ბინათმშენებელთა გარკვეული ნაწილი სადავო ნორმების არაკონოსტიტუციურად ცნობის წინააღმდეგია. ისინი მიიჩნევენ, რომ ამით შეილახება მათი ინტერესები. მოწმემ სასამართლოში წარმოადგინა ათეულობით მოქალაქის ხელის მოწერით დადასტურებული დოკუმენტები, საიდანაც ჩანს, რომ ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ საკონსტიტუციო სასამართლოში გრიგოლ კარგინის კონსტიტუციური სარჩელის განხილვის გამო. ამსთან, ისინი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მთელი რიგი თანამდებობის პირების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევებს.
სასამართლო პროცესზე ვერც მოსარჩელემ და ვერც მისმა წარმომადგენლმა ვერ დაასაბუთეს ის, რომ სადავო ნორმების გაუქმება სასარგებლო იქნება ყოფილ ბინათმშენებელთათვის. მათი არგუმენტი მხოლოდ ის იყო, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებული იქნება სხვაგვარად მოაწესრიგოს შესაბამისი საკითხი.
აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ სადავო ნორმების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების იმ წევრთა პოზიციაც, რომელთაც აქვთ მოსარჩელისაგან განსხვავებული აზრი.
IV. ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, არ დასტურდება სადავო აქტებით (ნორმებით) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დარღვევა. ამასთან, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სერიუზულად ილახება ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა ქონებრივი უფლებები. ¨დავალიანების დაფარვის პროგრამის¨ მიხედვით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა 1999-2005 წლებითაა განსაზღვრული. სასამართლო პროცესიდან გამოჩნდა, რომ დღემდე ამ ვალის დასაფარავად, არც ერთჯერადი ფულადი კორმპენსაციისა და არაც სხვა ალტერნატიული დაკმაყოფილების გზით რაიმე ნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა. დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის სახლების ბინათმშეგნებელთა რაოდენობა რამდენიმე ათასს შეადგენს, მოწმის ჩვენებით კი დღემდე მხოლოდ 45 ოჯახზე გაცემულა ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა 1584000 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ვალის დაფარვის ნორმატიულად დადგენილი პროგრამა რომ განხორციელებულიყო, მოსარჩელის უფლებები დაცული იქნებოდა და მას სადავოც აღარაფერი ექნებოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სპეციალისტის მიერ სასამართლო პროცესზე გამოთქმული აზრი – როდესაც ნორმატიული აქტი არ სრულდება, ამით ირღვევა ადამიანის უფლებები, მიუხედავად იმისა, რომ თვით აქტის კონსტიტუციურობა შეიძლება არც იყოს სადავო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმძვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ¨ვ¨ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, ¨საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ¨ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ¨ე¨ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ¨ა¨ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით,¨საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ¨ კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლო
ადგენს:
I. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქის გრიგოლ კარგინის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ (1) ¨ზოგიერთი სახის სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ¨ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 ივნისის N413 ბრძანებულების მე-3 პუნქტისა (2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 11 ოქტომბრის N 226 ბრძანებით დამტკიცებული ¨საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის¨ მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით;
II. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
III. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
IV. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს ;
V. გადაწყვეტილება ¨საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში¨ გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი