აითაჯ ხალილოვა, რამიდა სარიევა, ბანიამინ კასიმოვი და სხვები (სულ 7 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1811 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვასილ როინიშვილი, |
ავტორ(ებ)ი | აითაჯ ხალილოვა, რამიდა სარიევა, ბანიამინ კასიმოვი, სადი სადიგოვი, რაბილ ისმაილოვი, ქამრან მამედოვი, აიჰან გასანოვი |
თარიღი | 13 თებერვალი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
"სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი: „პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს: ა) მშობელთა შეერთებული გვარი; ბ) პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (მეოთხე თაობის ნათესავების (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის) ჩათვლით) გვარი; გ) საკუთარი გვარისა და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი; დ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი; ე) მშვილებლის გვარი;ვ) ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი; ზ) მამის გვარი, ამ კანონის III თავით დადგენილი წესით მამობის დადგენისას; თ) ისტორიული გვარი, ამ კანონის 65-ე მუხლით დადგენილი წესით; ი) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი: „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.’’ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 31 პრიმა მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, მოსარჩელეს წარმოადგენს აითაჯ ხალილოვა, რომელმაც 2020 წლის 18 აგვისტოს განცხადებით(N001220098547)(დანართი 1) მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს. მოსარჩელის მოთხოვნის თანახმად, მას სურდა გვარის შეცვლა გვარით „ხალილლი“, შესაბამისად, იგი ითხოვდა გვარი „ხალილოვა“ შეცვლილიყო გვარით „ხალილლი“, ვინაიდან გვარის დაბოლოება „ოვა“ წარმოადგენს საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული პრაქტიკის, რუსული სუფიქსით გადაკეთების, გადმონაშთს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან აღნიშნულის თაობაზე განმცხადებელს უარი ეთქვა და არ მოხდა მისი გვარის შეცვლა. აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა აითაჯ ხალილოვას უარი უთხრა, ვინაიდან არ დადასტურდა აითაჯ ხალილოვას აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის მიერ გვარის „ხალილლი“ ფლობა და შესაბამისად, აითაჯ ხალილოვამ ვერ შეძლო მისთვის სასურველ, ავთენტურ გვარზე გადასვლა, რადგან ამგვარ შესაძლებლობას დღესდღეობით არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება სარჩელში მითითებულ სხვა მოსარჩელეებს. მართალია, მათ არ მიუმართავთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის, თუმცა ცალსახაა, რომ მათ შემთხვევაშიც გასაჩივრბეული ნორმა არ ითვალისწინებს არაავთენტური გვარის შეცვლის შესაძლებლობას. ამდენად, ისინიც არიან სათანადო მოსარჩელეები წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის მიზნებისთვის.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული არცერთი საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-15 მუხლით 1-ლი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) არ არსებობს გასაჩივრებულ სადავო ნორმატიულ აქტზე იერარქიულად მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.სადავო ნორმის ანალიზი და სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე სადავოდ ხდის ‘’სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 64.2 მუხლის კონსტიტუციურობას.‘’სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 64.2 მუხლი ამომწურავი ჩამონათვლის სახით აყალიბებს იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის დროსაც პირს შეუძლია გვარის შეცვლა. აღნიშნულ ნორმაში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით გვარის შეცვლა შესაძლებელია მაშინ, როდესაც არსებობს პირის ოჯახური კავშირი მის მიერ არჩეულ გვართან. გარდა ამისა, აღნიშნული მუხლის მიხედვით შესაძლებელია ისტორიული გვარის აღდგენა და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირისთვის მინიჭებულ გვარზე გადასვლა. შესაბამისად, ამგვარი ამომწურავი ჩამონათვლის არსებობიდან გამომდინარე, კანონმდებელი გამორიცხავს პირის მიერ გვარის შეცვლის სხვა ნებისმიერი დასაბუთებული და რელევანტური საფუძვლის არსებობას და გვარის შეცვლის შესაძლებლობას აფუძნებს მხოლოდ ვიწროდ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე, რომლებიც კონკრეტულ ფაქტორბივ გარემოებებს ეყრდნობა.
მოსარჩელის პოზიციით ‘’სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის ის ნორმატიულ შინაარსი, რომლის მიხედვითაც პირს ეზღუდება გვარის შეცვლის შესაძლებლობა, როცა არსებობს მყარი პიროვნული კავშირი პირსა და მის მიერ შერჩეულ გვარს შორის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე_15 მუხლის 1_ელ პუნქტს.
სამართლებრივი სიცხადისათვის აუცილებელია, რომ განისაზღვროს, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება ტერმინში - ‘’მყარი პიროვნული კავშირი’’. აღნიშნულ ტერმინში უნდა მოვიაზროთ ისეთი შემთხვევა, როდესაც პირის მიერ გვარის შეცვლის მიზნით კონკრეტული გვარის შერჩევა ეყრდნობა არა შემთხვევითობის პრინციპს ან უბრალო სურვილს, არამედ პირთან დაკავშირებულ კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენას, რომელიც ერთი მხრივ, აჩენს მის ნებას, ატაროს კონკრეტული გვარი და მეორე მხრივ, მესამე პირთათვის სრულიად გასაგებს ხდის, თუ რატომ შეიძლება სურდეს პირს ამ კონკრეტული გვარის ტარება. აღნიშნული მყარი პიროვნული კავშირის არსებობის შემთხვევაში პირის სურვილს ატაროს კონკრეტული გვარი განაპირობებს ამ გვარის კავშირი მის იდენტობასთან. შესაძლებელია განისაზღვროს ამგვარ შემთხვევათა კონკრეტული წრე, რომელთა განხილვაც თვალსაჩინოს გახდის, თუ რა იგულისხმება სიტყვაშეთანხმებაში ‘’მყარი პიროვნული კავშირი’’.
უპირველეს ყოვლისა, შესაძლებელია პირის მყარ პიროვნულ კავშირს გვართან მიმართებაში იწვევდეს მისი ისტორიული წარსული. კერძოდ, საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით იცვლებოდა კონკრეტულ გვართა ფორმულირებები, რის გამოც შესაძლებელია, რომ გვარი, რომელსაც პირი ატარებს, არ იყოს იდენტური იმ გვარისა, რომელსაც ატარებდნენ მისი წინაპრები. აღნიშნული სხვაობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს კონკრეტული ეპოქალური ცვლილებებით, რომლებიც თავის მხრივ გავლენას ახდენდა გრამატიკულ და ლინგვისტურ ფორმებზე. შესაბამისად, შესაძლებელია პირს ჰქონდეს სურვილი, დაიბრუნოს საკუთარი გვარის ავთენტური ფორმულირება იმ გრამატიკული დანამატების, პრეფიქსებისა და სუფიქსების გარეშე, რომლებიც მისმა გვარმა საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე შეიძინა. ასეთ ცვლილებად შეგვიძლია მივიჩნიოთ მე_19 საუკუნის 40_იან წლებში და შემდგომ უკვე საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც გვარებს დაერთო რუსული გვარების მაწარმოებელი ისეთი სუფიქსები, როგორებიცაა ოვ/ევ და სხვა სუფიქსები. აღნიშნული სუფიქსების დამატების შედეგად საქართველოს მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა დაკარგა ავთენტური გვარი და დღესდღეობითაც ოფიციალურ დოკუმენტებში მრავალი მოქალაქის გვარი აღრიცხულია სწორედ აღნიშნული ოვ/ევ ან სხვა რუსული გვარების მაწარმოებელი სუფიქსებით, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული მოქალაქეები ატარებენ არა იმ გვარს, რომელიც მათთვის წარმოადგენს ავთენტურ გვარს და რომელიც კავშირში იქნებოდა ამ პირების ტრადიციასთან, ეთნიკურ წარმომავლობასთან, რელიგიასთან და ოჯახურ ურთიერთობებთან, არამედ იმ გვარს, რომელიც ფორმირდა ჯერ რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ კი საბჭოთა სისტემის არსებობის დროს დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის შედეგად.
შესაბამისად, ნებისმიერ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ოვ/ევ ან რომელიმე სხვა სუფიქსის ჩამოშორების გზით დაიბრუნოს ავთენტური გვარი, რაც გამოიხატება არაავთენტური სუფიქსის ჩამოშორებაში ან გვარისათვის ისტორიულად დამახასიათებელი სუფიქსის დაბრუნებაში. მოცემულ შემთხვევაში მყარი პიროვნული კავშირის სტანდარტის დაკმაყოფილება სრულიად აშკარაა, რადგან ბუნებრივია, რომ პირი საკუთარ თავს აიდენტიფიცირებდეს მის ავთენტურ და არა კონკრეტული სისტემის პირობებში მოდიფიცირებულ გვართან, რადგან სწორედ მხოლოდ ავთენტური გვარი შეიძლება ასრულებდეს იმ ფუნქციას, რომელიც გააჩნია პიროვნების გვარს, რაც გულისხმობს მისი კავშირის გამოკვეთას მის ისტორიულ, ეთნიკურ, რელიგიურ თუ ოჯახურ წარსულთან. ამასთანავე, სრულიად ცხადია, რომ საზოგადოებას არ შეექმნება არანაირი დაბრკოლება კონკრეტულ მოქალაქეებსა და მათ ავთენტურ გვარს შორის კავშირის დანახვაზე, რადგან ავთენტური გვარის დაბრუნება სწორედ ამგვარი კავშირის გამყარებას და ნათლად გამოკვეთას ემსახურება და შეუძლებელია საზოგადოების დაბნეულობა გამოიწვიოს. ყურადსაღებია ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში გვარის ფუძე უცვლელი რჩება, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ აშკარაა პიროვნებიასა და გვარს შორის არსებული მყარი პიროვნული კავშირი, რადგან პირი ინარჩუნებს იმ გვარის ფუძეს, რომელსაც ისედაც ატარებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. შესაბამისად, რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის არსებობისას შეძენილი რუსული სუფიქსების ჩამოშორება და ამ გზით ავთენტური გვარის დაბრუნება სრულიად აშკარაა, რომ უკავშირდება პიროვნებასა და გვარს შორის მყარი პიროვნული კავშირის არსებობას და არა რაიმე ტიპის შემთხვევითობას ან პირის უსაფუძვლო სურვილს რომელიმე კონკრეტული გვარის ტარებისა. მოსარჩელის მოთხოვნაც, რომელიც გაცხადდა სააგენტოსადმი მის მიერ წარდგენილ განცხადებაში, გამომდინარეობდა სწორედ მასსა და მისთვის სასურველ გვარს შორის არსებული მყარი პიროვნული კავშირიდან, რადგან მოსარჩელეს სურდა ეტარებინა ის გვარი, რომელიც მის პიროვნულ იდენტობასთან ყველაზე ახლოს იქნებოდა და არა რამე შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული გვარი. დღესდღეობით ამგვარ შესაძლებლობას კანონი არ იძლევა, რადგან სუფიქსების ჩამოშორებით ავთენტური გვარის დაბრუნების უფლებას არ ითვალისწინებს გვარის შეცვლის შემთხვევების ის ამომწურავი ჩამონათვალი, რომელსაც შეიცავს ‘’სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 64.2 მუხლი. მოქალაქის მყარი პიროვნული კავშირი ავთენტურ გვართან მარტივად შეიძლება გამოიკვეთოს პირის ეთნიკური წარმომავლობიდან, რელიგიიდან და მისი აღმავალი შტოს რომელიმე ნათესავის მიერ ავთენტური გვარის ტარების ფაქტი შეიძლება იყოს შეფასების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი კრიტერიუმი, თუმცა არსებული კანონმდებლობის პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ორგანოსათვის ამგვარი მსჯელობის განვითარება შეუძლებელია, რადგან კანონმდებლობა არ შეიცავს ჩანაწერს მყარი პიროვნული კავშირის არსებობის შემთხვევაში გვარის შეცვლის შესაძლებლობის შესახებ. გასაბჭოების შემდგომ იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ტაჯიკეთიც, რის მოსაგვარებლადაც ტაჯიკეთის სახელმწიფომ შესაბამისი საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, 2020 წელს მიღებული ცვლილებების საფუძველზე, ტაჯიკეთის კანონმდებლობას დაემატა შემდეგი ჩანაწერები: ბავშვის დაბადების რეგისტრაციის დროს, მისი გვარი არ უნდა ჩაიწეროს -ოვ, -ოვა, -ევ, -ევა დაბოლოებებით, მიუხედავად იმისა, რომ მამის ან დედის გვარები ატარებენ აღნიშნულ სუფიქსებს.[1] რაც შეეხება უშუალოდ მყარ პიროვნულ კავშირს, აღნიშნულის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ესტონეთის კანონმდებლობაც, რომელიც გვარის რეგისტრაციის შესაძლებლობას იძლევა იმ შემთხვევაშიც, თუკი პირს რაიმე კავშირი აქვს გვართან ტრადიციიდან, ეროვნებიდან, ოჯახური ურთიერთობიდან ან რელიგიიდან გამომდინარე.[2] მოცემული ჩანაწერი კი, იძლევა შესაძლებლობას პირმა მიიღოს (ან დაიბრუნოს) ის გვარი, რომელიც დამახასიათებელი არის მისი ტრადიციიდან ან ეროვნებიდან გამომდინარე.
ავთენტური გვარის დაბრუნების შემთხვევაში კონრკეტულ პირს და მის ავთენტურ გვარს შორის მყარი პიროვნული კავშირის არსებობა არ მოითხოვს დამატებით მტკიცებას, რადგან ბუნებრივია, რომ პირი საკუთარ თავს აიდენტიფიცირებდეს იმ გვართან, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს მის ისტორიულ ვინაობას. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს პარლამენტს მიღებული აქვს ‘’სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს ‘’სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონში იმგვარი რედაქციული ცვლილების განხორციელება, რომელიც შესაბამისი ინტერესის მქონე პირებს საშუალებას მისცემს დაიბრუნონ ავთენტური გვარი სწორედ სუფიქსების ჩამოშორების საშუალებით. საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის განსახილველად მიღება წარმოადგენს გამოხატულებას იმისა, რომ სახელმწიფო აანალიზებს აღნიშნული პრობლემის რელევანტურობას და შესაბამისად არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების გარკვეულ ხარვეზებს, რომლებიც აღმოფხვრას საჭიროებს, რათა დაცული იყოს შესაბამისი პირების კონსტიტუციური უფლება. თუმცა, პარლამენტის მიერ აღნიშნული პრობლემის დე იურე აღიარების მიუხედავად, ამ ეტაპამდე არ მომხდარა ინიციირებული კანონპროექტთან დაკავშირებით რეალური საკანონმდებლო პროცესების წარმართვა. დღესდღეობით საქართველოში არსებობს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც ადამიანების საკმაოდ დიდ რაოდენობას გააჩნია მყარი პიროვნული კავშირი მათთვის ავთენტურ გვარებთან მიმართებით, თუმცა ისინი მოკლებულნი არიან ამგვარი კავშირის პრაქტიკულ დონეზე რეალიზების შესაძლელობას, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მათი ინტერესების დაცვისათვის საჭირო მექანიზმებს, შესაბამისად, მიდგომა საკითხის მიმართ ხდება ფორმალისტური, რისი დაძლევის გზასაც სწორედ მყარი პიროვნული კავშირის სტანდარტის კანონმდებლობაში ინტეგრირება წარმოადგენს.
საიულუსტრაციოდ და მყარი პიროვნული კავშირის სტანდარტის შინაარსის გამოსაკვეთად შესაძლებელია სხვა შემთხვევების განხილვაც. მაგალითად, სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 64.2 მუხლის არსებული რედაქციიდან გამომდინარე პირს არ აქვს შესაძლებლობა ატაროს იმ პირის გვარი, რომელთანაც იმყოფება რელიგიურ ქორწინებაში. ქართულ საზოგადოებაში რელიგიური ქორწინება გულისხმობს გამოხატვას იმისა, რომ პირს გააჩნია განსაკუთრებული სენტიმენტები და ემოციური ბმა იმ ადამიანთან, რომელთანაც ამგვარ ქორწინებაში იმყოფება. გამომდინარე აქედან , პირს შესაძლებელია ჰქონდეს იმ ადამიანის გვარზე გადასვლის სურვილი, რომელთანაც იგი იმყოფება რელიგიურ ქორწინებაში. გარდა ამისა, პირს შესაძლებელია სურდეს იმ გვარზე გადასვლა, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებს ე.წ. ფსევდონიმის ფორმით. ამგვარი შემთხვევები ხშირია ლიტერატურულ და სახელოვნებო სფეროში მოღვაწე პირების შემთხვევაში. ამგვარი მოცემულობის არსებობისას პირი თავის მოღვაწეობას უკავშირებს კონკრეტულ გვარს, რომელიც მას არჩეული აქვს როგორც ფსევდონიმი. ასეთ შემთხვევაში საზოგადოება პირს იცნობს სწორედ ამ გვარით და თავად პირსაც არ აქვს აღნიშნული გვარის მიმართ რაიმე ტიპის გაუცხოვება.
შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე_15 მუხლის 1_ელ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი “სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც პირს ეზღუდება გვარის შეცვლის შესაძლებლობა, როდესაც არსებობს მყარი პიროვნული კავშირი პირსა და მის მიერ არჩეულ გვარს შორის.
2.საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტით დაცული უფლებრივი სფერო და უფლებაში ჩარევა
საქართველოს კონსტიტუციის მე_15 მუხლის 1_ელი პუნქტის მიხედვით ‘’ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.’’ ‘’პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლება თავისუფლების კონცეფციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს არის პიროვნების უფლება, მისი შეხედულებით ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან. პირადი ცხოვრების უფლება არის თითოეული ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების საფუძველი.’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განჩინება N1/2/458 საქმეზე ‘’ საქართველოს მოქალაქეები დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ,’’ II-4.) შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით პირადი ცხოვრების უფლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს პირის უფლება, საზოგადოებასთან ურთიერთობისას განსაზღვროს, თუ როგორ იქნება იგი იდენტიფიცირებული მესამე პირების თვალში. პირადი ცხოვრების უფლება მოიაზრებს არა მხოლოდ პირის უფლებას, ჰქონდეს სხვა პირებისა და სახელმწიფოს ჩარევისგან დაცული პერსონალური სივრცე, არამედ აგრეთვე მის შესაძლებლობას, სოციუმთან ურთიერთობისას თავად განსაზღვროს მის პიროვნებასთან დაკავშირებული მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.
ამასთანავე, აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა პირადი ცხოვრებისა და პიროვნული განვითარების უფლებების გამიჯვნასთან დაკავშირებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის N2/8/1496 განჩინებაში საქმეზე ‘’თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ’’ საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს - ‘’საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გაჩნდა ზოგადი ჩანაწერი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობის შესახებ. ამდენად, კონსტიტუციის მოქმედ არქიტექტურაში, პირადი ცხოვრების უფლება, მათ შორის, ის უფლებრივი კომპონენტები, რომლებიც 2018 წლის 16 დეკემბრამდე კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების რეგულირების სფეროში ექცეოდა, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით.’’ შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის დღესდღეობით არსებული რედაქციის მიხედვით, პირის შესაძლებლობა, საზოგადოების წინაში წარსდგდეს მისთვის სასურველი გვარით, უნდა მივიჩნიოთ, რომ ექცევა პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში. 2016 წლის 4 აგვისტოს N04/08/2016 გადაწყვეტილბაში ‘’საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს წინააღმდეგ’’ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირის მიერ გვარის შეცვლის შესაძლებლობა მოაქცია პიროვნული განვითარების უფლები დაცულ სფეროში, თუმცა ზემოაღნიშნული რედაქციული ცვლილებიდან გამომდინარე, დღესდღეობით პიროვნების აღნიშნული შესაძლებლობა წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლებთ დაცულ სფეროს, რადგან აღნიშნული უკავშირდება პირის სურვილს, საზოგადოებასთან ურთიერთობისას იგი იდენტიფიცირებულ იქნეს კონკრეტული ფორმით.
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, პირის შესაძლებლობა გარე სამყაროსთან მისი სურვილის შესაბამისად ურთიერთობის დამყარებისა შედის პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში, გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით კი მოსარჩელეს ერთმევა აღნიშნული შესაძლებლობას, რის გამოც სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა.
6. ლეგიტიმური მიზანი
მოპასუხემ ნორმის ლეგიტიმურ მიზნად რამდენიმე საკითხი შეიძლება დაასახელოს. სავარაუდო ლეგიტიმური მიზნების დასახელებაში გამოსადეგია ნორმის დღევანდელი რედაქციით ჩამოყალიბებისას საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცემული განმარტებითი ბარათი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა გვარის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში “საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადამიანისთვის გვარს არაერთი ფუნქცია შეიძლება გააჩნდეს. გვარი პირს აძლევს თვითიდენტიფიკაციის შესაძლებლობას, იყოს ასოცირებული საკუთარ ოჯახთან და წარმომავლობასთან, მიღებული იყოს როგორც კონკრეტული გვარის წარმომადგენელი, ხაზი გაუსვას საკუთარ დაბადების ადგილს, ეთნიკურ თუ ეროვნულ წარმოშობას და ა.შ. ასევე პირს შესაძლოა სურვილი ჰქონდეს მიიღოს ახალი გვარი რელიგიური ან სხვა მოტივების საფუძველზე. მეორე მხრივ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც აქვთ შესაძლებლობა პირის გვარის საშუალებით გარკვეული ინფორმაცია მიიღონ ამ პირზე. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიჩნია, რომ სამართლებრივი დაცვის ღირსი ინტერესია ის, რომ სხვა პირები გვარის საშუალებით პირზე გარკვეული წარმოდგენის შექმნას ახდენდნენ.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წელს განხორციელებული ცვლილებებით გართულდა გვარის შეცვლის პროცედურა. კერძოდ, იმისათვის, რომ მომხდარიყო პირის მიერ სხვადასხვა საფუძვლით გვარის მრავალჯერ შეცვლის პრევენცია, მუხლი იმგვარი რედაქციით ჩამოყალიბდა, რომ მუხლში გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით გვარის შეცვლა შესაძლებელი გამხდარიყო მხოლოდ ერთხელ, თუ ამ კანონით სხვა რამ არ იქნებოდა დადგენილი. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მომატებული იყო ერთი პირის მიერ გვარის რამდენიმეჯერ შეცვლის სტატისტიკა, „საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ იცვლიან გვარს. შეცვლილი მონაცემებით შესაბამის უცხო ქვეყანაში მათი დაბრუნებისას, უცხო ქვეყნის საზღვარზე სათანადო სისტემების უქონლობის გამო, ვეღარ ხერხდება ამ პირთა იდენტიფიცირება და ისინი კვლავ ხვდებიან იმ სივრცეში, რომლიდანაც ან გამოძევებულ იქნენ ან სხვაგვარად არ ექვემდებარებიან დაშვებას“. აქედან გამომდინარე, გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრების მთავარ მიზნად დასახელდა ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის შენარჩუნება და გვარის შეცვლის უფლების ბოროტად გამოყენების პრევენცია, ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საქართველოში გრძელვადიანი მოქმედებისათვის მყარი საკანონმდებლო გარანტიის შექმნა.
ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით, შეგვიძლია მოვიშველიოთ ა.შ.შ-ს პრაქტიკაც. აღსანიშნავია, რომ გვარის შეცვლის პროცედურა განსხვავებულია შტატების მიხედვით, თუმცა შტატების აბსოლუტურ უმრავლესობაში სახელისა და გვარის შეცვლა ხდება სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, სასამართლოსთვის მსგავსი კომპეტენციის მინიჭება საკითხის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მაგალითისთვის, ნიუ-იორკის სასამართლოების მიერ შედგენილ ოფიციალურ გზამკვლევში მოცემულია ის შესაძლო მიზეზები, რომელთა გამოც სახელის შეცვლის განცხადება სასამართლომ შესაძლებელია არ დააკმაყოფილის - ‘’პირს განცხადების დაკმაყოფილებაზე შესაძლებელია უარი ეთქვას, თუკი სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელის შეცვლა ხდება თაღლითობის განხორციელების მიზნით, მართლმსაჯულებისა ან საგამოძიებო ორგანოებისგან თავის არიდებისათვის ან ალიმენტისა და ვალების გადახდისგან თავის არიდებისათვის. განცხადების დაუკმაყოფილებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს პიროვნების მიერ ისეთი სახელის შერჩევა, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, დამაბნეველი, პოპულარული პიროვნების სახელისა და გვარის იდენტური.’’ ხოლო კოლორადოს შტატში, გნმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს ‘’გამოცხადებულმა თუ არა ოდესმე ბანკროტად, ყოფილა თუ არა მსჯავრებული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, არის თუ არა შემჩნეული სექსუალურ შევიწროებაში, შეუცვლია თუ არა ოდესმე განმცხადებელს სახელი/გვარი, არსებობს თუ არა გდაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს ეკისრება თანხის გადახდა, რომ სახელის შეცვლა არ ემსახურება რაიმე თვალთმქაცურ ან არალეგალურ მიზანს და არ გამოიწვევს სხვათა საკუთრების უფლების დარღვევას.” შესაბამისად ა.შ.შ-ს აქვს მიდგომა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ გვარის შეცვლას შეიძლება მოყვეს გარკვეული საფრთხეები, როგორც სახელმწიფოსთვის ასევე კონკრეტული კერძო ურთიერთობის ფარგლებში, ამ საფრთხეთა ინტერესი თავისთავად არსებობს. თუმცა რისკის დაზღვევა არ ხდება წინასწარ მკაცრი რეგულაციების დადგენით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება სავარაუდო გამოწვევების შეფასება, რაც არ იწვევს არათანაზომიერ ჩარევას ინდივიდის უფლებებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმეში “საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” გვარი არ მიიჩნია პირის იდენტიფიცირების საშუალებად, ვინაიდან პირის იდენტიფიცირება სახელმწიფოს ყოველთვის შეუძლია, მისთვის მინიჭებული უნიკალური პირადი ნომრის ან/და პასპორტის ნომრის გამოყენებით. შესაბამისად, ქართული სასამართლო პრაქტიკით გვარის შეცვლის პროცედურის გართულების ლეგიტიმურ მიზნად ნაკლებად მიიჩნევა უსაფრთხოების ინტერესები. ასეთი საფრთხეები უკვე დაზღვეულია თავას სამოქალაქო აქტების შესახებ კანონითად. კერძოდ, კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით: „პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია, თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია, თუ: ა) სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ 16 წელს მიღწეული პირის განცხადება სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის დაინტერესებულ პირს უშუალოდ არ წარუდგენია, გარდა ამ კანონის 671 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;ბ) განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა;გ) დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე“.
ასე, რომ საჭირო ხდება ვიმსჯელოთ ისეთ ლეგიტიმურ მიზანზე, რომელიც ზემოხსენებულ საქმეშიც გამოიკვეთა, ეს არის სხვა პირთა დაბნეულობის თავიდან არიდება. ფიზიკური პირებისთვის გვარი არის პირის იდენტიფიცირების ერთ-ერთი მთავარი საშუალება. მაგალითისთვის, როდესაც ერთ ფიზიკურ პირს სურს მეორე ფიზიკურ პირთან დაკავშირებით ინფორმაციის გაგება, თუნდაც ინფორმაციის მიღება კონკრეტულ უძრავ ქონებაზე მისი მესაკუთრეობის შესახებ, უფრო სავარაუდოა, რომ მას ეცოდინება ამ პირის გვარი, ვიდრე პირადი ნომერი. დღეს-დღეობით არსებული საძიებო ბაზები კი იძლევიან მხოლოდ მესაკუთრის სახელით და გვარით ამგვარი ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობას. შესაძლოა სახელმწიფო პირის იდენტიფიცირებას უფრო მეტად პირადი ნომრის გამოყენებით ახდენდეს, მაგრამ ფიზიკურ პირთა შორის ურთიერთობებში, როგორც ზემოაღნიშნული მაგალითიდან ჩანს სხვა მონაცემებით, კერძოდ გვარითა და სახელით იდენტიფიცირება უფრო დამკვიდრებული პრაქტიკაა. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ რომელიმე დოკუმენტში პირის პირადი ნომრის გადატანისას ტექნიკური შეცდომა იყოს დაშვებული, ამ შემთხვევაში კი არსებობს ინტერესი, რომ პირის კავშირი ამ დოკუმენტთან სხვა მონაცემების, კერძოდ გვარისა და სახელის საშუალებით დადგინდეს. ამას გარდა, როდესაც პირი იცვლის გვარს და იღებს ახალ გვარს, რომელიც მაგალითად სულ სხვა ეროვნებას და ეთნიკურ წარმომავლობას უკავშირდება, შესაძლოა ამან დაბნეულობა შემოიტანოს საზოგადოებაში, ვინაიდან საზოგადოების სხვა წევრები ვერ მოახდენენ ამ პირის მის ოჯახთან დაკავშირბას. ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან პირის იდენტიფიცირების ინტერესი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე არ მიიჩნია ლეგიტიმურად, შემდგომში, ნორმის გამოსადეგობასა და აუცილებლობას შევაფასებთ, მხოლოდ საზოგადოების დაბნეულობის თავიდან არიდების ლეგიტიმური მიზნის ჭრილში.
4. გამოსადეგობა
თანაზომიერების პრინციპი ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმია. თანაზომიერების პრინციპი ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმია და შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს წარმოადგენს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. (დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/512, 26 ივნისი, 2012). საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით თანაზომიერების ტესტის ფარგლებში ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას ნორმამ უნდა დააკმაყოფილოს გამოსადეგობის კრიტერიუმი. ‘’საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). შესაბამისად, ლეგიტიმური მიზნის განსაზღვრის შემდეგ უნდა დადგინდეს, სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი წარმოადგენს თუ არა აღნიშნული მიზნის მისაღწევად შესაბამის საშუალებას, ანუ შესაძლებელია თუ არა ნორმის არსებული ფორმულირება იწვევდეს იმ შედეგს, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიხედვით არის განსაზღვრული.
როგორც აღინიშნა, გვარის შეცვლის შესაძლებლობის შეზღუდვის ერთადერთ ლეგიტიმურ და წონად მიზანს შესაძლებელია წარმოადგენდეს საზოგადოების დაბნეულობის თავიდან არიდება, რადგან როგორც წესი, საზოგადოებაში არსებული შეხედულებებისა და ჩვეულების მიხედვით პირს გააჩნია კავშირი საკუთარ გვართან და გვარი გრაკვეულწილად არის პიროვნების იდენტობის გამომხატველი. შესაბამისად, საზოგადოებაში შესაძლებელია დაბნეულობა გამოიწვიოს კონკრეტულ პირსა და მის გვარს შორის რაიმე ტიპის კავშირის არარსებობამ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ნორმის გამოსადეგობა უნდა შეფასდეს აღნიშნულ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, კერძოდ, უნდა დადგინდეს, პირისათვის გვარის შეცვლის შესაძლებლობის შეზღუდვა, როდესაც მას გააჩნია მყარი პიროვნული კავშირი მის მიერ არჩეულ გვართან, შესაძლებელია თუ არა გამოსადეგი იყოს საზოგადოებრივი დაბნეულობის თავიდან არიდებისათვის. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დგება გამომდინარე იქიდან, რომ მყარი პიროვნული კავშირი პირის მიერ არჩეულ გვართან a priori არ გულისხმობს მის ოჯახურ კავშირს ამ უკანასკნელთან. სადავო ნორმატიულ შინაარსში ექცევა სწორედ ის შემთხვევები, როდესაც პირს მის მიერ შერჩეულ გვართან გააჩნია არა ოჯახური, არამედ სხვა ტიპის კავშირი და გარდა ამისა, შემთხვევა ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფი პირებისა, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე არ მიიჩნევიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად, რადგან არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა მათ შორის ემოციური კავშირის არსებობა ეჭვგარეშეა,რაც განაპირობებს კიდეც გვარის შეცვლის ინტერესს მათ შემთხვევაში. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა ამგვარ გვარზე პირის გადასვლამ გამოიწვიოს საზოგადოების დაბნეულობა.
მოცემულ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ სადავო ნორმით განსაზღვრულ მზღუდავ საშუალებასა და დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს შორის არ არის მიზეზობრივი კავშირი. ტერმინი მყარი პიროვნული კავშირი მიემართება სწორედ იმ გარემოების არსებობას, რომ პირს მისი პიროვნული გამოცდილებიდან, მოღვაწეობიდან ან წარსული მოვლენებიდან გამომდინარე მის მიერ შერჩეულ გვართან აკავშირებს კონკრეტული რელევანტური გარემოება. შესაბამისად, აღნიშნული ნორმატიული შინაარსით პირს ეზღუდება არა უფლება იმისა, რომ აირჩიოს რაიმე შემთხვევითი გვარი, რომელიც არანაირ კავშირში არ იქნება მის იდენტობასთან, არამედ ისეთი გვარი რომელთანაც მას აკავშირებს გარკვეული მნიშვნელოვანი ხდომილება. აღსანიშნავია, რომ პირის მიერ ამგვარ გვარზე გადასვლამ შეუძლებელია გამოიწვიოს საზოგადოების დაბნეულობა, რადგან პირსა და მის მიერ შერჩეულ გვარს შორის არსებული მყარი კავშირის გამო ყოველი პირისათვის სრულიად გასაგები იქნება, თუ რატომ შეარჩია პირმა აღნიშნული გვარი. მესამე პირთა დაბნეულობას შესაძლებელია იწვევდეს მხოლოდ ამგვარი კავშირის არარსებობა, რაც მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ნორმატიული შინაარსის პირობებში სახეზე ვერ იქნება. აღნიშნული ნათლად ვლინდება თავად მოსრჩელის მაგალითზეც, კერძოდ, შეუძლებელია პირისათვის ავთენტური გვარის დაბრუნების აკრძალვა გამოსადეგი იყოს საზოგადოებრივი დაბნეულობის თავიდან ასარიდებლად, რადგან პირის მიერ ამ გვარის ტარებამ ზოგადად შეუძლებელია ამგვარი დაბნეულობა წარმოქმნას, რამეთუ როგორც აღინიშნა ავთენტური გვარის დაბრუნების მიზანს სწორედ პირის იდენტობასთან და ისტორიულ თუ ტრადიციულ წარსულთან დაკავშირებული გვარის აღდგენა წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, პირისათვის იმ შესაძლებლობის შეზღუდვა, რომ მან აირჩიოს ის გვარი, რომელთანაც მას აქვს მყარი პიროვნული კავშირი, ვერ იქნება გამოსადეგი მზღუდავი საშუალება საზოგადოების დაბნეულობის თავიდან აცილებისას, რადგან ამგვარ გვარზე პირის გადასვლამ შეუძლებელია მასსა და გვარს შორის არსებული კავშირიდან გამომდინარე გამოიწვიოს მესამე პირთა დაბნეულობა.
გარდა ამისა, დასახელებული ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე დაბნეულობა ასევე უნდა განიმარტოს სამართლებრივ ჭრილში. კერძოდ, გასათვალისწინებელია იმ პირთა ინტერესები, რომლებიც იმყოფებიან სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში იმ პირთან, რომელსაც სურს გვარის შეცვლა. ამ მხრივ, ბუნებრივია, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია იმ პირთა ინტერესები, რომლებთან მიმართებაშიც პირს აქვს აღებული გარკვეული სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულებები. ასეთი პირებისათვის, ანუ კრედიტორებისთვის, ცხადი და განჭვრეტადი უნდა იყოს, თუ ვისთან იმყოფებიან სამართლებრივ ურთიერთობაში და ამ სიცხადეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სტაბილურობაც, რათა გარემოებების კონკრეტულმა ცვლილებამ კრედიტორების მიერ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ გაართულოს. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმატიული შინაარსის შემთხვევაში ასეთი რისკები შეუძლებელია არსებობდეს, რადგან პირი ირჩევს არა რაიმე შემთხვევით გვარს, არამედ გვარს, რომელთან მიმართებაშიც მას მყარი პიროვნული კავშირი გააჩნია და შესაბამისად, ალოგიკურია ფიქრი იმისა, რომ ამ გვარზე გადასვლით პირი შესაძლებელია ცდილობდეს სამოქალაქო ვალდებულებებისგან თავის არიდებას. გარდა ამისა, დღესდღეობით არსებული კანონმდებლობა ისედაც აძლევს პირს გვარის შეცვლის საშუალებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად ამ აქტის განხორციელებაში სახელმწიფო საფრთხეებს ვერ ხედავს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ‘’სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 64.2 მუხლში ჩამოთვლილია გვარის შეცვლის ისეთი საფუძვლები, რომლებზე დაყრდნობითაც გვარის შეცვლის დროსაც შეუძლებელია სამართლებრივ სიცხადეს მიადგეს ზიანი, რადგან პირი გადადის ისეთ გვარზე, რომელსაც მის პიროვნებასთან კავშირი გააჩნია და შეუძლებელია იგი ამას რაიმე პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისათვის ცდილობდეს. შინაარსობრივი თვალსაზრისით იდენტურია სიტუაცია გვართან მყარი პიროვნული კავშირის ქონის შემთხვევაშიც, რადგან ასეთ შემთხვევაში პირს აქვს ისეთივე და შესაძლებელია უფრო მჭიდრო ბმაც მის მიერ არჩეულ გვართან, როგორც ეს ‘’სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 64.2 მუხლის საფუძვლების შემთხვევაშია. მართალია, განსხვავებულია გვარის შეცვლის მოტივი და მიზანი, თუმცა სიცხადის თვალასზრისით მოცემულობა არ იცვლება, რადგან სადავო ნორმატიული შინაარსის შემთხვევაშიც პირი ირჩევს არა შემთხვევით გვარს, არამედ გვარს, რომელთანაც გააჩნია მყარი პიროვნული კავშირი. შესაბამისად, შეუძლებელია კრედიტორებისადმი ვალდებულების შესრულებას თავი აარიდო იმ გვარზე გადასვლით, რომელთანაც გაქვს ამგვარი კავშირი, რადგან ასეთ შემთხვევაში პირი საზოგადოების თვალში ამ გვართან მარტივად ასოცირებადია. ამასთან, კრეტიდორების მიერ პირის მიმართ საკუთარი სამართლებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილებას აუცილებლად სჭირდება არა მხოლოდ პირის სახელი და გვარი, არამედ მისი ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციაც, როგორიც არის პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი. სწორედ პირადი ნომრით ხდება პირის იდენტიფიცირება, მაგალითად კრედიტორის მიერ მოვალის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანისას. ასევე, საჯარო რეესტრის ბაზებში ინფორმაციის მოძიებისას მხოლოდ პირის სახელის და გვარის ცოდნა არ არის საკმარისი, ვინაიდან შესაძლოა რეესტრში ერთი და იგივე სახელის და გვარის მქონე რამდენიმე პირის მონაცემები არსებობდეს, ამდენად საჭიროა პირადი ნომრის ცოდნა/მითითებაც.
ამრიგად, დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი არ შეიძლება ჩაითვალოს ამ მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებად, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება შესაბამისობა, მიზეზობრივი კავშირი ნორმასა და მიზანს შორის, რამეთუ პირის მიერ იმ გვარზე გადასვლამ, რომელთან მიმართებაშიც მას გააჩნია მყარი პიროვნული კავშირი, შეუძლებელია გამოიწვიოს საზოგადოების დაბნეულობა, კრედიტორებისთვის ზიანის მიყენება ან სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის რისკების შექმნა, რადგან პირსა და მის გვარს შორის ნარჩუნდება სამართლებრივი სიცხადის ის ხარისხი, რომელიც ამგავრი რისკების არსებობას აპრიორი გამორიცხავს.
ამგვარად, სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ნორმატიული შინაარსი ვერ აკმაყოფილებს გამოსადეგობის კრიტერიუმს.
5. აუცილებლობა
იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებს გამოსადეგობის კრიტერიუმს, რელევანტურია ვიმსჯელოთ თანაზომიერების ტესტის მეორე არსებით შემადგენელ ნაწილზე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურობის შეფასებისთვის აუცილებელია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აუცილებელ და პირის უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. კერძოდ, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). სწორედ თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ არ არსებობდეს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად სხვა უფრო ნაკლებადმზღუდველი საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ სადავო რეგულირება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი დაბნეულობის თავიდან არიდება, კერძოდ, საზოგადოებაში არსებული სოციალური ურთიერთობების ფორმირებისას პირის იდენტიფიცირების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს გვარი. გვარის შეცვლით საზოგადოებაში კონკრეტულ პირსა და მის გვარს შორის არსებული მყარი პიროვნული კავშირი ქრება, რაც იწვევს მისი იდენტიფიცირების გართულებას სოციუმში და საზოგადოების დაბნეულობას. შესაბამისად, სადავო ნორმის აუცილებლობა უნდა შეფასდეს ზემოაღნიშნულ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, კერძოდ, დასადგენია ინდივიდსა და მის გვარს შორის მყარი პიროვნული კავშირის არსებობის პირობებში წარმოადგენს თუ არა სადავო ნორმა აუცილებელ საშუალებას საზოგადოებრივი დაბნეულობის თავიდან არიდების მიზნით. ამასთან, უნდა შევაფასოთ, სადავო ნორმის საშუალებით იზღუდება თუ არა ბლანკეტურად ინდივიდის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. თავის მხრივ, ნორმა ბლანკეტურია იმ შემთხვევაში, თუ მისი საშუალებით გამოირიცხება ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობა (საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). უფლების ბლანკეტურ შეზღუდვას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ლეგიტიმური მიზნის მისაღწევი საშუალება სრულიად უსპობს პირს შესაძლებლობას, სარგებლობდეს იმ გვარით, რომელსაც საკუთარ იდენტობას უკავშირებს მაშინ, როდესაც ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის არსებობს სხვა იმგვარი ალტერნატივები, რომელთა საშუალებითაც პირს სრულიად არ ერთმევა შესაძლებლობა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობისა. ეს ის ალტერნატიული გზებია, რომელთა წყალობით სადავო ნორმის მოწესრიგება დასახელებული მიზნის მიღწევის აუცილებელ და ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებად შესაძლოა ვერ იქნეს მიჩნეული.
სადავო ნორმაში ამომწურავი ჩამონათვალის სახით არის მოცემული ის საფუძვლები, რომელთა არსებობის პირობებშიც შეუძლია პირს გვარის შეცვლა. აღნიშნული ნორმა გვარის შეცვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში და ბლანკეტურად ართმევს ყველა პირს გვარის შეცვლის საშუალებას, მაშინაც კი, როცა ამ უკანასკნელს დასაბუთებული ინტერესი გააჩნია.
გამომდინარე იქიდან, რომ გარიგების დადების პროცესი დამოკიდებულია მხარეთა ნების ავტონომიაზე, ხოლო, თავის მხრივ, პირის ნებას განსაზღვრავს როგორც ის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელსაც აღნიშული გარიგება შეეხება, ასევე სუბიექტი, ვის მიმართაც სურს კრედიტორს გარკვეული უფლება-მოვალეობებით აღჭურვა, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ამ პირის ვინაობას, მის გადახდისუნარიანობას, რომლის შემოწმების გზასაც მისი სწორი იდენტიფიცირება წარმოდგენს. გარკვეულ შემთხვევებში გარიგებების დადების საფუძველს, კაუზას შესაძლოა წარმოადგენდეს ერთ-ერთი მხარის ვინაობა, რის შესახებ არაინფორმირებულობისას შესაძლოა მეორე მხარეს ინტერესი გაუქრეს ამგვარ გარიგებაში შესვლის. ისეთ შემთხვევაში კი, როდესაც რთულდება პირის იდენტიფიცირება, ან დაუდგენელია მისი რეალური ვინაობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას განსაკუთრებით დიდი საფრთხე ექმნება. თუმცა ალტერნატიულ გზად, რომლითაც დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევაა შესაძლებელი შეიძლება დავასახელოთ ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ურთიერთობებში პირის მაიდენტიფიცირებელი ერთადერთი საშუალება გვარი არ არის, გვარის შეცვლით არ ისპობა პირის იდენტობის დადგენის შესაძლებლობა, ვინაიდან მას გააჩნია პირადი ნომერი და სწორედ ამ გზით ხდება მისი იდენტიფიცირებაც სახელმწიფოს მხრიდან. გარდა ამისა, არ არის აუცილებელი საკანონმდებლო დონეზე პირს სრულად გავუქროთ შესაძლებლობა, საკუთარი იდენტობა დაუკავშიროს სასურველ გვარს იმ მიზნით, რომ არ მოხდეს საზოგადოებაში დაბნეულობის გამოწვევა, მაშინ, როდესაც ინდივიდი, რომელიც უშუალოდ შედის სამოქალაქო ურთიერთობებში და ჩაბმულია მუდმივი სოციალიზაციის პროცესში, თავადვე მოახდენს საკუთარი თავის გაცნობას სურვილისამებრ საზოგადოების დანარჩენ წევრებთან და ცვლილების შესახებ ინფორმირებას. ეს ყოველივე ბუნებრივად დარეგულირებას დაქვემდებარებული პროცესია და არ საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე იმგვარ მოწესრიგებას, რაც მომეტებულად ზღუდავს პირის კონსტიტუციურ უფლებას. სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა აუცილებელი შესაძლოა არ იყოს იმ მიზეზითაც, რომ პირის მიერ გვარის შეცვლის პირობებში, მასვე გააჩნია ვალდებულება, რომ გვარის შეცვლის მომენტისთვის ინფორმირება მოახდინოს აღნიშნულის თაობაზე იმ პირის, ვისთანაც იმყოფება კონკრეტულ სამოქალაქო ურთიერთობებში.
საზოგადოებრივ ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, თუ რა გვარით აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს, არამედ, იმავდროულად, მნიშვნელოვანია, თუ რა გვარითა თუ სახელით ახდენს პირის იდენტიფიცირებას საზოგადოება. იმ საზოგადოების დაბნეულობა, რომელმაც ვერავითარი კავშირი ვერ დაინახა პიროვნების ოჯახსა და მის მიერ შერჩეულ გვარს შორის, შესაძლოა უფრო მეტად იყოს სახეზე მაშინ, როდესაც პირის იდენტიფიკაცია ხდება არა იმ გვარის მეშვეობით, რომელთანაც მას მყარი პიროვნული კავშირი გააჩნია, არამედ მისი ნამდვილი გვარით. აღნიშნული კარგად ჩანს ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში. კერძოდ, საზოგადოებრივ დაბნეულობას მეტად იწვევს ის ფაქტი, რომ რელიგიურ ქორწინებაში მყოფი პირი, რომელსაც პიროვნული და იმანენტური კავშირი გააჩნია მეუღლის გვართან და საზოგადოებაშიც იდენტიფიცირდება მეუღლის გვარის მეშვეობით, სამოქალაქო ურთიერთობებში იძულებულია მონაწილეობდეს მისი ნამდვილით გვარით. გარდა ამისა, საზოგადოებაში დაბნეულობის მეტად გამოწვევის მიზეზი არა პირის მიერ სასურველი გვარის მიუღებლობის გამო მის გვარსა და მის პიროვნებას შორის კავშირის არ არსებობით გამოწვეული გაურკვევლობაა, არამედ პირიქით, პირის იდენტიფიცირება შესაძლოა მეტად გართულდეს მაშინ, როდესაც პირს ერთმევა შესაძლებლობა საზოგადოებრივ თუ სამოქალაქო ურთიერთობებში მონაწილეობდეს იმ ფსევდონიმით, რომელთანაც იგი არის დაკავშირებული დიდი დროის მანძილზე და რომლითაც იგი ცნობილია მის გარშემო ადამიანთა წრეებში. აქედან გამომდინარე, სოციუმის დაბნეულობას იწვევს ის ფაქტი, რომ მათთვის პირის გაცნობა ხდება მისი ნამდვილი, მაგრამ არა ცნობილი და დამკვიდრებული გვარის მეშვეობით, ვინაიდან იმ გვარისთვის იურიდიული ძალის მინიჭება, რომელსაც პირი უკავშირებს საკუთარ თავსა და იდენტობას და ასევე აცნობს საზოგადოებას, შეუძლებელია. ამასთანავე, შეუძლებელია საზოგადოებრივი დაბნეულობა გამოიწვიოს პირის მიერ გვარიდან არაავთენტური სუფიქსების ჩამოშორებამ და ამგვარად მისთვის ავთენტურ გვარზე გადასვლამ, რადგან სწორედ ამგვარ გვართან აქვს პირს ისტორიული და ტრადიციული კავშირი მისი ეთნიკური წარმომავლობიდან, ჩვეულებებიდან თუ რელიგიიდან გამომდინარე და შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში რაიმე ტიპის დაბნეულობაზე საუბარი შეუძლებელია. შესაბამისად, შეუძლებელია აუცილებლობას წარმოადგენდეს პირისათვის ავთენტური გვარის დაბრუნების აკრძალვა, რადგან ამ გვარის დაბრუნების შემთხვევაში არ იკარგება პირის იდენტიფიცირების საშუალება და აღნიშნულთან მიმართებით ადგილი არ აქვს არც რაიმე ტიპის გართულებებს, რადგან არაავთენტური სუფიქსის გვარისგან ჩამოშორება არ შეიცავს არანაირი სამართლებრივ ბუნდოვანებას.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი დაბნეულობის თავიდან ასარიდებლად საკანონმდებლო დონეზე უკვე არსებობს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, გვარის შეცვლის უფლებამოსილება პირს გააჩნია მხოლოდ ერთხელ. აღნიშნული გათვალისწინებულია “სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რომლის მიხედვითაც “სრულწლოვან პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“ ამ ჩანაწერის შესაბამისად, გვარის მხოლოდ ერთხელ შეცვლა წარმოადგენს იმგვარ საკანონმდებლო ბერკეტს, რომლითაც უზრუნველყოფილია პირის მხრიდან გვარის თვითნებურად რამდენჯერმე შეცვლით საზოგადოებრივი დაბნეულობის პრევენცია. შესაბამისად, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის საკანონმდებლო დონეზე უკვე არსებობს საკმარისი მექანიზმი, რომელიც ეფქტურ საშუალებას წარმოადგენს პირის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის გარეშე.
6. პროპორციულობა
თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებს აუცილებლობის კრიტერიუმს, ამ შემთხვევისთვის ქვემოთ დასაბუთებული იქნება მოსარჩელის პოზიცია შეზღუდვის პროპორციულობის შესახებ.
მიგვაჩნია, რომ ასაჩივრებული ნორმა, სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობას ცხადყოფს, მაგრამ მისდამი უფრო მსუბუქი მიდგომა, სადაც გვარის აღდგენა აღმავალი შტოს თაობების განსაზღვრულ ოდენობაზე არ იქნებოდა დამოკიდებული შესაძლებელს გახდიდა იმ ავთენტური გვარის დაბრუნებას, რომელიც თუნდაც საუკუნეების არსებობდა, ამავდროულად კანონმდებელი დაიცავდა პროპორციულობის კრიტერიუმს. წინამდებარე საქმეში ერთანეთს შეპირისპირებულ ინტერესებს შორის უნდა გადაწონოს პირის უფლებამ შეიცვალოს არაავთენტური გვარი, ვინაიდან შეზღუდვით დაცული ინტერესები კანონმდებლობით ისედაც დაზღვეულია. გარდა ამისა, ნორმის არაკონსტიტუციურობა გამოიხატება აკრძალვის ბლანკეტურობაშიც, მაშინ, როდესაც ამგვარი აკრძალვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას. ამგვარად შეგვიძლია მივიჩნიოთ რომ პროპორციულობის ტესტის თანახმად სადავო ნორმა იმაზე მეტად ზღუდავს ადამიანის უფლებას, ვიდრე ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის საჭირო, შესაბამისად ვერ აკმაყოფილებს ვერც შეზღუდვის პროპორციულობის მოთხოვნას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა არ წარმოადგენს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდავ და პროპორციულ საშუალებას, შესაბამისად, ამგვარი მოწესრიგება პირის უფლებაში ჩარევის არათანაზომიერ საშუალებას წარმოადგენს, რაც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად მიჩნევის საფუძველია.
[1] იხ. https://shorturl.at/hlEX2 , მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი
[2] იხ. https://www.riigiteataja.ee/akt/13261875 , მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა