აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1814 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, |
ავტორ(ებ)ი | აკაკი ჩიქობავა, გიორგი ხასაია |
თარიღი | 23 აპრილი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ( ,, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე“), ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, უალტერნატივო სასჯელს (თავისუფლების აღკვეთა ვადით 3-დან 6 წლამდე). | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ,,დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტის (ჯგუფურ-ის) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სხვისი ნივთის წინასწარ შეთანხმების გარეშე ჯგუფურად დაზიანებისთვის/განადგურებისთვის ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტი ,, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი და ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება საქართველოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია ბრალდებულად არიან ცნობილნი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ბრალდების შესახებ დადგენილებიდან ირკვევა, რომ მათ ბრალი ედებათ 2024 წლის 23 იანვარს დღის საათებში ჯგუფურად, განზრახ, ჩაქუჩის მრავალჯერადი დარტყმებით თბილისში, კეკელიძის ქ. N2-ის მიმდებარედ განთავსებული იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს, აღსრულების პოლიციის ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანება, რის შედეგადაც დაზარალებულს 3380 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა. ამჟამად დანიშნულია სასამართლო არსებითი განხილვის სხდომა (საპროცესო შეთანხმების გარეშე), შესაბამისად სადავო ნორმა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეებს, ამასთან არ არსებობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე, შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
დემოკრატიული ღირებულებებიდან და წესრიგიდან გამომდინარე, დაუშვებელია არსებობდეს რაიმე ლეგიტიმური მიზანი, რომელიც არაადამიანურ ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას გაამართლებს. სხვა შემთხვევაში, დემოკრატიული ღირებულების მთავარ მიზანზე - თავისუფალი ადამიანის არსებობაზე საუბარი, შეუძლებელი ხდება. „თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახელმწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე ,, საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“, II-17).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, აღნიშნა, რომ ,,კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ...... შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, ....... რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. ...... ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს.“ (საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება , II - 19 ).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსსკ) 187-ე მუხლი ადგენს სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვადასხვა ზომას და მოიცავს სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულებს. მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება, მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო მეოთხე ნაწილი ადგენს პასუხისმგებლობას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. უდავოა, რომ სახელმწიფოს აქვს უფლებამოსილება, მის მიერ შემუშავებული სისხლის სამართლის პოლიტიკის ფარგლებში განსხვავებული ქმედებისთვის, შესაბამისი სასჯელი განსაზღვროს. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ვერ იქნება უსაზღვრო. როგორი სერიოზულიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მოტივაცია და რაოდენ მნიშვნელოვანი სიკეთეების დასაცავად არ უნდა იღებდეს კონკრეტულ რეგულაციას, ის არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, იმოქმედოს მკაცრად კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში და უპირობოდ შეიბოჭოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II- 33).
,,სასჯელი, როგორც ერთგვარად სოციალური კონტროლის მექანიზმი, სახელმწიფო იძულების ყველაზე მკაცრი ღონისძიებაა, ამიტომ კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაწესებისას კანონმდებელი შეზღუდულია იმის დემონსტრირების ვალდებულებით, რომ სასჯელის მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის ეფექტური და პროპორციული;“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II- 37).
,,კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის მიზანი ბალანსის შენარჩუნება და უფლების ბოროტად გამოყენების რისკების თავიდან აცილებაა. შედეგად, შესაძლებელი ხდება, უზენაესი და წარუვალი კონსტიტუციური ღირებულების – ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა” (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე. N3/4/641, 29 სექტემბერი, 2016).
,, აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დანიშნულებას არ წარმოადგენს ხელისუფლების მხოლოდ ფორმალური დაყოფა სხვადასხვა შტოებად, არამედ მისი მიზანია, აღნიშნულ შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების რეალური და ქმედითი კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც გამოხატულია კიდეც კონსტიტუციის შესაბამის თავებში მოცემული რეგულირებებით, რომლებიც განსაზღვრავს ხელისუფლების თითოეული შტოს კომპეტენციას და მის ურთიერთმიმართებას სხვა შტოებთან.“ (საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება საქმეზე დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016, II-7).
,,სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულების ზღვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის დროს. სამართლებრივი სახელმწიფო ემსახურება რა თავისუფალი და დაცული ადამიანის უზრუნველყოფას, ამ მიზნის მისაღწევად ის აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი და საკმარისი, ეფექტური ბერკეტებით. ამ თვალსაზრისით, მძლავრ და მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სახელმწიფოს ხელში წარმოადგენს დანაშაულთან ბრძოლა და ამ გზით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სხვა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნების დაცვა და, შედეგად, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის თავიდან აცილება, პრევენცია. თუმცა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ამ ინსტრუმენტის მიზნობრივად გამოყენებისთვის, რადგან ის (ინსტრუმენტი) თავად არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ხელთ იმ სიკეთეების დარღვევის წყაროდ, რომელთა დასაცავადაც მისი გამოყენების კონსტიტუციური ვალდებულება აქვს ხელისუფლებას“ (საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-32).
„კონსტიტუციის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. შესაბამისად, მართლმსაჯულების განხორციელება მოსამართლის კომპეტენციას განეკუთვნება. თუმცა, სასჯელის შეფარდების დროს, კანონმდებელი, გარკვეულ ზღვარს უწესებს მოსამართლეს, რა ფარგლებშიც მან უნდა იმოქმედოს. კანონმდებელმა სასამართლო უნდა აღჭურვოს შესაძლებლობით, გადაწყვეტილება მიიღოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ქმედების სიმძიმის, დამნაშავის პიროვნების, ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით;“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II- 37).
შესაბამისად, ,,ხელისუფლების დანაწილების პრინციპი განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი სასჯელის შეფარდების პროცესში. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს, რომ კანონმდებელი აკონტროლებს სასჯელის შემფარდებელ ორგანოს და სასამართლოს უფლება აქვს სასჯელი დაადგინოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. ხელისუფლების დანაწილების დოქტრინის მიხედვით მოსამართლის შესაძლებლობა გამოიყენოს დისკრეციული უფლებამოსილება არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ასპექტი. სწორედ დისკრეციული უფლებამოსილება აძლევს საშუალებას მოსამართლეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში დაადგინოს სასჯელის შესაბამისი ზომა.“ (სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- ელენე ჩხეიძე, ნინო დარახველიძე, თინათინ კიკვიძე, სანდრო რამიშვილი, ეთერი ღონღაძე, გიორგი ლომიძე, გიორგი თავართქილაძე, თამარ კულულაშვილი, ნუცა ბახტაძე; 13 სექტემბერი 2016; V).
სადავო ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას სასჯელის განსაზღვრის პროცესში გაითვალისწინოს აღნიშნული ქმედებისთვის ჩადენის ყველა გარემოება, კონტექსტი და ქმედების ჩამდენის პიროვნება. აღნიშნული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის ზომად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება სამიდან ექვს წლამდე, მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას ყველა შემთხვევაზე ინდივიდუალურად განსაზღვროს სამართლიანი და პროპორციული სასჯელი. კერძოდ, ნივთის დაზიანება ან/და განადგურება შეიძლება წარმოადგენდეს საშუალებას და თანმდევ, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ხოლო ამ ქმედების განხორციელების რეალური, მთავარი მოტივაცია და მიზანი კი მდგომარეობდეს რაიმე სახის სოციალური ან პოლიტიკური პროტესტის გამოხატვაში. პროტესტის გამოსახატად, პირთა ჯგუფმა შეიძლება დააზიანოს რომელიმე ქვეყნის ან ორგანიზაციის სიმბოლიკა ან ნივთი, რომელზეც ეს სიმბოლიკა არის დატანილი. სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ფარგლებში აქვს დისკრეცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მოაქციოს ეს ქმედება, თუმცა სასჯელის განმსაზღვრელი ნორმა არ უნდა იყოს იმდენად ბლანკეტური, რომ მოსამართლეს წაართვას შესაძლებლობა, სასჯელის შეფარდების დროს გაითვალისწინოს ნივთის დაზიანების/განადგურების გარემოებები, ასევე ამ ნივთის რაობა. შესაძლებელია, პროტესტის მიზნად ქცეული სიმბოლიკა გამოსახული იყოს ისეთ ნივთზე, რომლის მატერიალური ღირებულება აღემატება 150 ლარს (შენობა-ნაგებობა, ავტომანქანა, კომპიუტერული ტექნიკა) და შესაბამისად არსებობს სისხლის სამართლის სანქციის გამოყენების საფუძველი. სწორედ ასეთ შემთხვევას წარმოადგენდა მოსარჩელეების მხრიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომანქანის მინების დაზიანება. იძულებითი გამოსახლების წინააღმდეგ გამართული პროტესტის დროს, მოქალაქეების ჯგუფმა, მიიჩნია რა, რომ იძულებითი გამოსახლების პროცესი ეწინააღმდეგებოდა მორალის ნორმებს (სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ კანონის 31-ე მუხლის თანახმადაც, იძულებითი აღსრულების ღონისძიება შესაძლებელია გადავადდეს თუ ის ეწინაარმდეგება მორალის ზოგად პრინციპებს და ნორმებს), გამართა საპროტესტო აქცია იძულებითი გამოსახლების პროცესის წინააღმდეგ. თუმცა საპოლიციო ძალის გამოყენებით და მიუხედავად იმისა, რომ სახლის მაცხოვრებლებს შორის იმყოფებოდნენ ხანდაზმული ადამიანები, იძულებითი გამოსახლების პროცესი აღსრულდა. სწორედ ამ იძულებითი ღონისძიების მიმდინარეობის პროცესში და მის მიმართ პროტესტის გამოსახატად, მოსარჩელეების მიერ ჩამტვრეულ იქნა აღსრულების პოლიციის კუთვნილი ავტომანქანის მინები. აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომანქანა (რომელზეც დატანილი იყო ბიუროს ემბლემა და შესაბამისი მანიშნებელი წარწერა, თუ ვის საკუთრებას წარმოადგენდა ეს ავტომანქანა) დაზიანდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პროტესტი მონაწილეებმა ეს ნივთი აღიქვეს, როგორც უსამართლო და ამორალური იძულებითი გამოსახლების პროცესის სიმბოლო.
როდესაც ნივთის დაზიანება/განადგურება ხდება საზოგადოებრივი პროტესტის დროს, პროტესტის გამოხატვის პროცესში, ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანების/განადგურებისთვის პასუხისმგებლობის ზომად მხოლოდ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთის დადგენა წარმოადგენს სასტიკ და არაპროპორციულ სასჯელს, რადგან გამორიცხავს სასამართლოს მიერ ქმედების ჩადენის სოციალური გარემოებების, ნივთის დაზიანების/განადგურების შედეგად დამდგარი მატერიალური ზიანის მასშტაბის, ქმედების ჩამდენი პირებისგან მომდინარე სოციალური საშიშროების შესაბამისი და პროპორციული სასჯელის შეფარდების შესაძლებლობას. მოსამართლეს მხოლოდ თეორიულად რჩება შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღების დროს იმსჯელოს დანაშაულის ხასიათზე, ხარისხზე, მასშტაბზე და პიროვნების მახასიათებლებზე, თუმცა მისი დისკრეცია აზრს კარგავს, რადგან შებოჭილია უალტერნატივო და სასტიკი სასჯელით.
მართალია, სადავო ნორმის შემთხვევაში, პროკურორს შეუძლია, იშუამდგომლოს საპროცესო შეთანხმებით და მინიმუმზე ნაკლები სასჯელი იქნას გამოყენებული, თუმცა, ეს ვერ უზრუნველყოფს მოსამართლის შეზღუდული დისკრეციის ფარგლების აღდგენას.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დანაშაულისათვის სასჯელის სახეობის/ოდენობის განსაზღვრის პროცესში თითოეული სასჯელის მიზნის როლის დადგენისას სახელმწიფომ ძალიან ფრთხილი მიდგომა უნდა გამოიყენოს. კერძოდ, თუ სასჯელი დანაშაულთან მიმართებით არაპროპორციულია და არ აკმაყოფილებს სამართლიანობის მოთხოვნებს, თუ არ არის შესაბამისი ახალი დანაშაულის ასაცილებლად და მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის, მაშინ მისი აღსრულებით გამოწვეული ტანჯვა თავისთავად იქნება დამატებითი, გაუმართლებელი დასჯა და შედეგად, ადამიანის ღირსების ხელყოფა.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II- 56). პროტესტის გამოხატვის პროცესში პირთა ჯგუფის მიერ ნივთის დაზიანება/განადგურებისგან მომდინარე სოციალური საშიშროება მრავალ შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს იმდენად მაღალი, რომ სასჯელის ფორმად გამოყენებული იყოს მხოლოდ პატიმრობა 3-დან 6 წლამდე.
კანონმდებლობა სრულად ვერ მოიცავს შესაძლო შემთხვევათა მთელ სპექტრს, თუმცა „ადამიანებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ საზოგადოების და სამართლის განვითარების, პროგრესული, ჰუმანური აზროვნების პოზიტიური შედეგებით. პირმა პასუხი უნდა აგოს რეალურად საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩადენისთვის, ამასთან, იმ წესითა და ფარგლებში, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნების მისაღწევად” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება N1/6/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღდმეგ“, II-62-64). ხოლო 187-ე მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქცია, რომელიც ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ყველა შემთხვევისთვის სასჯელს ადგენს ბლანკეტურად, 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით, ვერ აკმაყოფილებს ობიექტურად აუცილებლობის კრიტერიუმს და კონკრეტული სამართალდარღვევისთვის საკმარისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნების მიღწევადობას. გაუგებარი რჩება კანონმდებლის მიზანი, რატომ მიიჩნია საჭიროდ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების ან განადგურებისთვის სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა გამოეყენებინა 3-დან 6 წლამდე. ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანების/განადგურების შემთხვევებზეც ალტერნატიული პასუხიმსგებლობის ზომად არასაპატიმრო სასჯელის არსებობა სასამართლოს რეალურ, პრაქტიკულ შესაძლებლობას მისცემდა სასჯელის შეფარდების პროცესში ემსჯელა ნივთის დაზიანების/განადგურების გარემოებებზე, ქმედების ჩამდენი პირების მოტივზე, მათ პიროვნულ მახასიათებლებზე და შეეფარდებინა პროპორციული სასჯელი. იმ შემთხვევებზე, როდესაც სხვისი ნივთის დაზიანება/განადგურება ხდება საზოგადოებრივი პროტესტის მიმდინარეობისას, ამ პროტესტის გარემოებებზე, დაზიანებული/განადგურებული ნივთის რაობის, მიყენებული ზიანის მასშტაბის და პროტესტში მონაწილე პირებიდან მომდინარე სოციალური საშიშროების შეფასებით, სამართლიანი და პროპორციული სასჯელის დასადგენად, სასამართლოს უნდა ჰქონდეს ალტერნატიული, არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების შესაძლებობა. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა მიღებულ იქნა 2023 წელს და ბუნდოვანია, რა კონკრეტულმა საჭიროებამ გამოიწვია ეს საკანონმდებლო ცვლილება მოცემულ მომენტში. საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი, ცვლილების მიზეზებსა და იმ ახლადწარმოქმნილ სოციალურ საშიშროებაზე, რისთვისაც აუცილებელი გახდა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება და სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანება-განადგურებისთვის 3-დან 6 წლამდე საპატიმრო სასჯელის უალტერნატივოდ გამოყენება.
სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების ან განადგურების ყველა შემთხვევისთვის სასჯელად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთის შეფარდება შეიცავს ბრალდებულის ინსტრუმენტალიზაციის რისკს. აღნიშნული სასჯელი, ქმედების განხორციელების სოციალური გარემოებების გაუთვალისწინებლად, შეეფარდება ადამიანებს, რომლებმაც საზოგადოებრივი პროტესტის დროს დააზიანეს სხვისი ნივთი და რომელთა ბიოგრაფიის, პიროვნული მახასიათებლების გაუთვალისწინებლად, ბლანკეტურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომად მხოლოდ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაპროპორციული და სასტიკი სასჯელის ფორმაა. სადავო სასჯელი არის თვითმიზნური, ვინაიდან საზოგადოებრივი პროტესტის დროს სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანება/განადგურებისთვის განსასჯელი კონკრეტული პირებისგან მომდინარე სოციალური საშიშროების, მათი რესოციალიზაციის შესაძლებლობების და ქმედების ჩადენის დროს არსებული ვითარების გათვალისწინება არ ხდება სასჯელის შეფარდების პროცესში. საზოგადოებრივი პროტესტის დროს ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანების/განადგურების ყველა შემთხვევაზე პასუხისმგებლობის ზომად მხოლოდ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით ვერ მიიღწევა სასჯელის მიზნები (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და სასჯელი გვევლინება პირის დასჯის, მისი ობიექტივიზაციის ინსტრუმენტად.
მოცემული სასჯელის არაპროპორციულობის თვალსაჩინოდ აღსაქმელად, შეგვიძლია შედარებისთვის გამოვიყენოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გამოყენებული სასჯელები და 187-ე მუხლის მსგავს ქმედებების მიმართ, სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებული პასუხისმგებლობის ზომები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არა ერთი დანაშაულის შემთხვევაში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, სასჯელის ალტერნატიულ ფორმებს. აქ მაგალითების სახით მოვიყვანთ სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებს, რომელთაგან მომდინარე სოციალური საშიშროება მსგავსია, ან აღემატება 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქმედებას, მაგრამ ამის მიუხედავად სახელმწიფომ მათთვის პასუხისმგებლობის ზომად დაადგინა როგორც თავისუფლების აღკვეთა, ასევე სხვა ალტერნატიული სასჯელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სასჯელის არაპროპორციულობის შესაფასებლად საინტერესოა ასევე თუ როგორი სასჯელია დაწესებული მსგავსი დანაშაულისთვის ევროკავშირის სახელმწიფოთა ნორმებით. „იმისათვის, რომ სასჯელი ხელყოფდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებას, (საქართველოს კონსტიტუციის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ანალოგი საქართველოს კონსტიტუციის წინა რედაქციაში - საკონსტიტუციო სარჩელის ავტორთა კომენტარი) იგი განსაკუთრებული სიმკაცრის და არაპროპორციულობის ხარისხს უნდა აღწევდეს და კონკრეტული ქმედებისათვის ასეთი სასჯელის დაწესება იმდენად უხეშად არაპროპორციული უნდა იყოს, რომ ეწინააღმდეგებოდეს ცივილიზებულ სახელმწიფოთა სამართლებრივ შეხედულებებს. მსგავსი ქმედებისათვის ანალოგიური სიმკაცრის სასჯელი არ უნდა იყოს დაწესებული სხვა დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებში, ცივილიზებული მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობის თვალსაზრისით, ამა თუ იმ ქმედებისათვის ასეთი სასჯელის დაწესება დაუშვებლად უნდა იყოს მიჩნეული.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავას განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე).
ქვემოთ მოყვანილია სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების გამო შეფარდებულ სასჯელებთან დაკავშირებული ნორმები, ევროკავშირის წევრ სხვადასხვა ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსებში. გერმანიის (სისხლის სამართლის კოდექსის 303, 304, 305, 305a მუხლები), ესტონეთის (სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლი), ლიეტუვის (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი) სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სხვისი ნივთის დაზიანებისთვის გათვალისწინებულია, როგორც თავისუფლების აღკვეთა, ასევე ალტერნატიული პასუხისმგებლობის ზომები, უმეტეს შემთხვევაში, ჯარიმის სახით. მოცემული ქვეყნების კანონმდებლობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას რამდენიმე პასუხისმგებლობის ზომიდან შეუფარდოს ის სასჯელი, რომელიც ყველაზე შესაფერისია დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ბუნების და მნიშვნელობის, დანაშაულის ჩადენის გარემოებების და ქმედების ჩამდენის პიროვნული მახასიათებლის. ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმა, მოსამართლეს არ აძლევს შესაძლებლობას, ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებით, შეაფარდოს პროპორციული სასჯელი.
შესაბამისად, „კანონმა უნდა აღჭურვოს სასამართლო როგორც საკმარისი, ეფექტური პროცესუალური გარანტიებით, ისე - მატერიალური ნორმებით, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას შესაძლებელს გახდის მხოლოდ მაშინ და იმ დროით, როდესაც და რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-29). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ( ,, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე“), ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, უალტერნატივო სასჯელს (მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე), საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამოა, რადგან შესაძლებელს ხდის თავისუფლების აღკვეთას მაშინაც კი, როცა ეს ობიექტურად აუცილებელი არ არის და წარმოადგენს არაპროპორციულ სასჯელს.
1. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტის (ჯგუფურად-ის) იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც სხვისი ნივთის წინასწარ შეთანხმების გარეშე ჯგუფურად დაზიანებისთვის/განადგურებისთვის, უფრო მძიმე პასუხისმგებლობის ზომას ითვალისწინებს, შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ელ პუნქტთან მიმართებით.
„კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებების თანაბრად აღიარებასა და დაცვას, რომლებიც იმყოფებიან ერთსა და იმავე პირობებში და განსაზღვრული საკითხისადმი აქვთ ერთნაირი დამოკიდებულება. ეს პრინციპი მოიცავს საკანონმდებლო საქმიანობის მთელ სპექტრს, რათა თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფ ადამიანებს მიენიჭოთ თანაბარი პრივილეგიები და დაეკისროთ თანაბარი პასუხისმგებლობა. განსხვავებული საკანონმდებლო მოწესრიგება, ცხადია, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი. ამასთან, ერთნაირ პირობებში მყოფი სუბიექტებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს დიფერენცირების თანაბარი დონე.“ (საქართველოს მოქალაქეები უტა ლიპარტია, გიორგი ხმელიძე, ელისო ჯანაშია და გოჩა ღადუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/2/213,243, 16 თებერვალი, 2005).
სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, პასუხისმგებლობის ზომად ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელებს. ხოლო სადავო ნორმა პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრავს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, უალტერნატივოდ. კერძოდ, ერთი პირის მიერ სხვისი ნივთის დაზიანება/განადგურებისთვის კანონმდებელი იყენებს ალტერნატიულ: საპატიმრო და არასაპატიმრო სასჯელებს. წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება/განადგურებისთვის მხოლოდ საპატიმრო სასჯელია განსაზღვრული. ცალსახაა, კანონმდებლის მხრიდან განსხვავებული მოპყრობის არსებობა სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით განსასჯელ პირებს შორის. განსხვავებული მოპყრობა თავის მხრივ, უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და ამავდროულად, დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა. კანონიერი მიზნის მისაღწევად განსხვავებული მოპყრობის საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი.
განსხვავება დისკრიმინაციულად არ ჩაითვლება, თუკი მას გააჩნია კანონიერი მიზანი და გამოყენებული საშუალებები კანონიერი მიზნის პროპორციულია. დისკრიმინაციის თავიდან ასარიდებლად სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებაა, თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა. მოცემულ შემთხვევაში, თანასწორ მდგომარეობასა და პირობებში მყოფი პირები არიან: ადამიანი, რომელიც ინდივიდუალურად აზიანებს/ანადგურებს სხვის ნივთს და ადამიანები, რომლებიც წინასწარ შეუთანხმებლად და სხვასთან ერთად მოქმედების გაცნობიერების გარეშე, აზიანებენ/ანადგურებენ სხვის ნივთს.
ბუნებრივია, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის დაზიანება/განადგურება მომეტებული სოციალური საშიშროების შემცველი ქმედებებია და სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება დააწესოს უფრო მკაცრი პასუხისმგებლობის ზომა. სწორედ ამიტომ მოსარჩელეები საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ელ პუნქტთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც გულისხმობს, სხვისი ნივთის დაზიანება/განადგურებას წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ.
კანონმდებელი სადავო ნორმის მეშვეობით უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ერთი და იგივე მოტივით, შედეგობრივად იგივე მატერიალური ზიანისთვის, ერთი და იგივე ქმედების ჩამდენ პირებს, მაშინაც კი, როდესაც მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ რომ ერთობლივად სჩადიან კონკრეტულ ქმედებას. აღსანიშნავია, რომ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანება/განადგურება, ისეთი ხასიათის დანაშაულია, რომელიც შეიძლება წინასწარ შეთანხმების გარეშე ჯგუფურად ჩადენილი იქნას, ჯგუფურობის ფაქტის გაუცნობიერებლად. კერძოდ, მასობრივი თავყრილობის, მასობრივი შეკრების პროცესში, რეალურია, რომ რამდენიმე პირმა ერთმანეთთან შეუთანხმებლად და იმ ფაქტის ცოდნის გარეშე, რომ ჯგუფურად მოქმედებენ, დააზიანონ/გაანადგურონ სხვისი ნივთი. მასობრივი შეკრების პროცესში, შეუძლებელია თითოეული ადამიანის მოქმედების კონტროლი და აღქმა. როდესაც რამდენიმე პირი წინასწარი შეთანხმების გარეშე, მაგრამ თანადროულად დააზიანებენ/გაანადგურებენ სხვის ნივთს, სადავო ნორმის თანახმად, მათი ქმედებისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა (თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე) უფრო მძიმეა, ვიდრე ინდივიდუალურად იმავე ქმედების ჩამდენი პირისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა (ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან ხუთ წლამდე). რეალურად, ადამიანი, რომელიც სხვის ნივთს აზიანებს/ანადგურებს სხვა პირებთან შეთანხმების გარეშე და იმ ფაქტის გაუცნობიერებლად, რომ მოქმედებს ჯგუფურად, ზუსტად იმავე პირობებში იმყოფება, როგორც ადამიანი, რომელიც ინდივიდუალურად ჩაიდენს იმავე ქმედებას. თუმცა მის ქმედებას განსხვავებულ. უფრო მძიმე სასჯელს უდგენს სადავო ნორმა.
გაუგებარია რატომ ეპყრობა სახელმწიფო განსხვავებულად ამ ორ თანაბარ პირობებში მყოფ ადამიანებს. არ არსებობს არც ერთი ლოგიკური საფუძველი, ამ შემთხვევებისთვის განსხვავებული სისხლის სამართლის პასუხიმსგებლობის ზომის გამოყენებისა. ამ შემთხვევებისთვის სასჯელის ზომებს შორის განსხვავება ვერ იქნება დასაბუთებული მატერიალური ზიანის მასშტაბით. ზიანი, რომელიც ნივთის დაზიანების/განადგურების შედეგად დადგა, არ არის დამოკიდებული ამ ქმედების ჩამდენი პირების რაოდენობაზე. ერთმა პირმა შესაძლოა გაცილებით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე წინასწარი შეთანხმების გარეშე მოქმედმა ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც ასევე აზიანებენ/ანადგურებენ სხვის ნივთს. ასევე გაუგებარია რა განსხვავებული სოციალური საშიშროება შეიძლება მომდინარეობდეს სხვისი ნივთის ინდივიდუალურად დაზიანების/განადგურების შემთხვევასა და იმ შემთხვევას შორის, როდესაც რამდენიმე ადამიანი წინასწარ შეუთანხმებლად, ჯგუფურად მოქმედების გაუცნობიერებლად, აზიანებენ/ანადგურებენ სხვის ნივთს.
აღსანიშნავია, რომ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანება/განადგურებისთვის სისხლის სამსართლის პასუხისმგებლობის განსხვავებულ, უფრო მძიმე ზომის გამოყენებას არ ითვალისწინებს ევროპის არა ერთი ქვეყნის კანონმდებლობა: გერმანიის (სისხლის სამართლის კოდექსის 303, 304, 305, 305a მუხლები), ესტონეთის (სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლი), ლიეტუვის (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი).
წინასწარ შეთანხმების გარეშე ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის დაზიანება/განადგურება, არც ამ ქმედებისგან მომდინარე სოციალური საშიშროებით, არც ამ ქმედების ჩადენის პირობებით, მოტივებით, განზრახვით და დამდგარი მატერიალური ზიანის თვალსაზრისით, არსებითად არ განსხვავდება ერთი პირის მიერ სხვისი ნივთის დაზიანება/განადგურების შემთხვევისგან. შესაბამისად, ამ შემთხვევების მიმართ განსხვავებული მოპყრობა, მათთვის განსხვავებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, წარმოადგენს უთანასწორო მოპყრობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა