თინა ბოჭორიშვილი და იური დვალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/13/1738 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 19 აპრილი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 2 მაისი 2024 19:39 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ხვიჩა კიკილაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: თინა ბოჭორიშვილი და იური დვალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1738) მომართეს თინა ბოჭორიშვილმა და იური დვალიშვილმა. №1738 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 17 ოქტომბერს. №1738 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 19 აპრილს.
2. №1738 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი დაუსაბუთებელ ქონებად მიიჩნევს, მათ შორის, იმ ქონებას, რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობ პირს, მისი ოჯახის წევრს, მის ახლო ნათესავს ან მასთან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან რომელიც/რომლებიც მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია, განცხადებით მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობა, ხოლო ამავე კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევს, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დაუსაბუთებლად მიიჩნევს იმ ქონებას, რომელიც ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობ პირს, მისი ოჯახის წევრს, მის ახლო ნათესავს ან მასთან დაკავშირებულ პირს, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი პირის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 261-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის დრომდე ერთი და მეტი წლით ადრე ეკუთვნოდა საკუთრების უფლებით. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია, მართლმსაჯულების აღსრულება და დანაშაულის ჩადენის შედეგად მოპოვებული დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამ მიზნის მიღწევა სავსებით შესაძლებელია, თუკი დაუსაბუთებლად იქნება მიჩნეული დანაშაულის ჩადენის პერიოდში ან მის შემდეგ შეძენილი ქონება. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმა უშვებს შესაძლებლობას, რომ დაუსაბუთებლად იქნეს მიჩნეული, მათ შორის, ის ქონებაც, რომელიც შეძენილია დანაშაულის ჩადენამდე. შედეგად, პირს ეკისრება დანაშაულის ჩადენის დრომდე ერთი და მეტი წლით ადრე შეძენილი ქონების კანონიერი სახსრებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება. მოსარჩელეთა მტკიცებით, ამგვარი რეგულაცია წარმოადგენს საკუთრების უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ უნდა იქნეს ცნობილი.
6. კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი. მოსარჩელე მხარის პოზიციით, დასახელებული ნორმა ამომწურავად ჩამოთვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლებს, თუმცა ამ საფუძვლებში არ მოიაზრება, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, განცხადების წარდგენის შესაძლებლობა, თუკი გაუქმდა ან/და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ის კანონი, რომელსაც ემყარებოდა გადაწყვეტილება. მოსარჩელეთა მტკიცებით, საკანონმდებლო მოწესრიგება განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც დავაში დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო, რადგანაც სწორედ ეს უკანასკნელი ადგენს საპროცესო წესრიგს და აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს შეცვალოს იგი სხვა პირთა ინტერესების საწინააღმდეგოდ. მოსარჩელეთა პოზიციით, თუკი ნორმების გაუქმების ან/და არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მათ არ ექნებათ უფლება, სასამართლოს მიმართონ ამ ნორმებზე დაფუძნებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნით, მაშინ მათ წაერთმევათ საკუთარი უფლებების სასამართლოს მეშვეობით სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ზემოხსენებულ ნორმატიულ შინაარსს, მათთვის ასევე პრობლემური ხდება ამავე კანონის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც აწესებს, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ ისეთი კატეგორიის საქმეებზე, რომელთა გადაწყვეტილება სახელმწიფოს სასარგებლოდაა მიღებული და ნორმა, რომელსაც ემყარებოდა კანონი, გაუქმდა ან/და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ზემოაღნიშნული ვადის დაწესების ლეგიტიმური მიზანია სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვა. მოსარჩელეთა პოზიციით, ამგვარი მიზანი შესაძლოა არსებობდეს კერძო სამართლის სუბიექტებთან მიმართებით, თუმცა სახელმწიფოს, რომელიც თავად არის სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტი, არ უნდა სარგებლობდეს ამგვარი პრივილეგიით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ განხილულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის შეზღუდვა 5 წლის ვადით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
10. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრმა, მანანა კობახიძემ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას მიმართა შუამდგომლობით №1738 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამდენად, მოსარჩელე მხარე ასევე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც უშუალოდ მიემართება მის მიერ იდენტიფიცირებული კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1738 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმა განმარტავს „დაუსაბუთებელი ქონების“ ცნებას. კერძოდ, „დაუსაბუთებელი ქონება“ არის ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები რეკეტულ დაჯგუფებას, რეკეტირს, თანამდებობის პირს, „ქურდული სამყაროს“ წევრს, ადამიანით მოვაჭრეს, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს, მისი ოჯახის წევრს, მის ახლო ნათესავს ან მასთან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან რომელიც/რომლებიც მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.
3. მოსარჩელე მხარის პოზიციით, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დაუსაბუთებელ ქონებად მიიჩნევს ქონებას, რომელიც ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობ პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან მასთან დაკავშირებულ პირს დანაშაულის ჩადენამდე ერთი ან ერთზე მეტი წლით ადრე ჰქონდა შეძენილი. მათი პოზიციით, სადავო ნორმით, მოსარჩელეებს ევალებათ დანაშაულის ჩადენამდე ერთი წლით ადრე არსებული ქონების კანონიერი სახსრებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა, რაც მათ არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს და, შესაბამისად, ზღუდავს საკუთრების უფლებას.
4. როგორც აღინიშნა, განსახილველი სადავო ნორმა განმარტავს დაუსაბუთებელი ქონების ცნებას. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო დეფინიცია გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება. კერძოდ, მისი მიზანი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავის სხვადასხვა ნორმაში გამოყენებული ცნების - „დაუსაბუთებელი ქონების“ შინაარსის განსაზღვრაა. სადავო ნორმა არ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს ქონების დაუსაბუთებლად მიჩნევა, როგორ ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის ან რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ქონების დაუსაბუთებლად მიჩნევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა არ ქმნის საკუთრების უფლებაში ჩარევის დამოუკიდებელ, თვითმყოფად საფუძველს. ამდენად, დასახელებული ტერმინის დეფინიცია შესაბამისი იურიდიული შედეგების განსაზღვრის გარეშე, თავისთავად, ვერ განაპირობებს მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელეთა მიერ მისი შინაარსის არასწორ აღქმას, რის გამოც №1738 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1738 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1738 კონსტიტუციური სარჩელი („თინა ბოჭორიშვილი და იური დვალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1738 კონსტიტუციური სარჩელი („თინა ბოჭორიშვილი და იური დვალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ხვიჩა კიკილაშვილი
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში