მარიამ ბერიძე სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/14/1757 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 19 აპრილი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 2 მაისი 2024 19:50 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: მარიამ ბერიძე სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1757) მომართა მარიამ ბერიძემ. №1757 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 22 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 19 აპრილს.
2. №1757 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საგამოცდო კითხვების კრებული წარმოადგენს ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკუთრებას და მისი რაიმე ფორმით დაკოპირება აკრძალულია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, აპლიკანტის საგამოცდო ნაშრომი არ გასწორდება და დაეწერება შეფასება 0“. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მითითებული გადაწყვეტილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის გასაჩივრების წესს, რომლის თანახმადაც, „აპლიკანტს, რომელიც ვერ დააგროვებს გამსვლელ ქულათა საკმარის რაოდენობას, უფლება აქვს გაასაჩივროს გამოცდის შედეგი, გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დადგენილია ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.
5. №1757 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის პირი, რომელმაც უმაღლესი იურიდიული განათლების დასრულების შემდეგ ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მიიღო წარმატებით ჩასაბარებლად საჭირო მინიმალურ ქულაზე მეტი რაოდენობა, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი არ იყო კმაყოფილი დაფიქსირებული შედეგით, რადგან მიიჩნევდა, რომ ტესტებში დაშვებულმა შინაარსობრივმა და ტექნიკურმა ხარვეზებმა/შეცდომებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა გამოცდის საბოლოო შედეგზე. შესაბამისად, მან განცხადებით მიმართა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ და მოითხოვა გამოცდაზე მის მიერ პასუხგაცემული ტესტების ნახვა, რათა შემდგომში, მას შესძლებოდა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ არ დააკმაყოფილა, განცხადებაზე პასუხში კი მიუთითა სწორედ „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების სადავოდ გამხდარ ნორმებზე.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მას უარი ეთქვა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტებისა და მის მიერ გაცემული პასუხების მიწოდებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული განეკუთვნება სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკუთრებას“ და მისი რაიმე ფორმით კოპირება აკრძალულია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ამომწურავად განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ძირითადი უფლების შეზღუდვის ზოგად საფუძვლებს, შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო იმგვარი გადაწყვეტილება, რომლითაც თვითონ შექმნიდა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტებისა და აპლიკანტების მიერ ტესტებზე გაცემული პასუხების გასაიდუმლოების სხვა საფუძველს. №1757 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შეეძლო, შედარებით ნაკლებად მზღუდავი ალტერნატიული საშუალების თუნდაც იმ სახით შემოთავაზება, რომ შემდგომ, საკვალიფიკაციო გამოცდებზე უზრუნველეყო განსხვავებული ფორმულირებისა და შინაარსის მქონე ტესტების შექმნა, რაც არ არის დაკავშირებული რთულად შესასრულებელ ან შესასრულებლად შეუძლებელ ქმედებებთან.
7. მოსარჩელე მხარე აგრეთვე სადავოდ ხდის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების იმ ნორმას, რომელიც ადგენს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის გასაჩივრების წესს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მითითებული ნორმა გასაჩივრების უფლებას ანიჭებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც ვერ დააგროვეს გამსვლელ ქულათა საკმარისი რაოდენობა, ხოლო მათ, ვინც გადალახეს აღნიშნული ზღვარი, გამოცდა ჩაბარებულად ეთვლებათ და არ აქვთ გამოცდის შედეგების გასაჩივრების უფლება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასულ ყველა აპლიკანტს გააჩნია ერთი მიზანი, მიიღოს უმაღლესი შეფასება. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო რეგულირებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თანასწორობის უფლებაში ჩარევა არის ინტენსიური და, ამდენად, გასაჩივრებული ნორმა უნდა შეფასდეს მკაცრი შეფასების ტესტით, რადგან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მაღალი შეფასების არსებობა ხელს უწყობს პირის ცოდნის, შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანობის წარმოჩენას. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ვერ შეარჩია ისეთი საშუალება, რომელიც იქნებოდა უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი ღონისძიება და, იმავდროულად, უზრუნველყოფდა ინტერესთა დაბალანსებას.
8. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ გამოცდაჩაბარებულ პირებს უნარჩუნდებათ ინტერესი, ისარგებლონ გასაჩივრების უფლებით. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელე განმარტავს, რომ პროფესიული ადაპტაციის პროგრამა წარმოადგენს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო კომპონენტს და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას. მითითებული პროგრამა შედგება ორი ნაწილისგან, 3 თვიანი თეორიული კურსი და 9 თვიანი სტაჟირება. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სტაჟირების პრაქტიკული კომპონენტის გავლისათვის, კონკრეტული სტაჟიორის შერჩევისას, სტაჟიორთა ხელმძღვანელი ყურადღებას აქცევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებულ ქულას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული ქულა გავლენას ახდენს ადვოკატობის მსურველი პირის ინტერესზე, სტაჟირება გაიაროს სასურველ მენტორთან. ამ მხრივ, მოსარჩელე განმარტავს, რომ გამოცდის გასაჩივრების შესაძლებლობა ქმნის უფლების დაცვის ეფექტურ მექანიზმს და უზრუნველყოფს სისტემის მიერ დაშვებული შესაძლო შეცდომების თავიდან არიდებას. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, გასაჩივრების უფლების არარსებობა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის შესახებ უფლებას, რამდენადაც მას აქვს სამართლებრივად დაცვის ღირსი ინტერესი, რომელსაც იგი სადავო მოწესრიგების პირობებში სათანადოდ ვერ ახორციელებს.
9. №1757 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებას, შეზღუდოს გამოცდაჩაბარებული აპლიკანტების გასაჩივრების უფლება, შესაძლოა, გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი ეკონომიურობის, ადმინისტრაციული, ადამიანური და მატერიალური ხარჯების დაზოგვის სახით. მოსარჩელე აგრეთვე აღნიშნავს, რომ სადავო რეგულირებით, მიღწევადია დასახელებული ლეგიტიმური მიზნები. თუმცა მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული რეგულირებით, არათანაზომიერად იზღუდება აპლიკანტთა ინტერესები, მიიღონ მაღალი შეფასება და, ამ გზით, გაუწიონ კონკურენცია სხვა პოტენციურ ადვოკატებს.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს, რომელიც იცავს პოტენციური ადვოკატის თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში ისე, როგორც ის მიიჩნევს საჭიროდ. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ღონისძიებით, მას, როგორც ადვოკატობის მსურველ პირს, ეზღუდება შემდგომი პროფესიული განვითარებისა და რეალიზაციის თავისუფლება.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1757 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, „საგამოცდო კითხვების კრებული, წარმოადგენს ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკუთრებას და მისი რაიმე ფორმით დაკოპირება აკრძალულია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, აპლიკანტის საგამოცდო ნაშრომი არ გასწორდება და დაეწერება შეფასება 0“.
3. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე, მას უარი ეთქვა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტებისა და მის მიერ გაცემული პასუხების მიწოდებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მიეკუთვნება სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ საკუთრებას და მისი რაიმე ფორმით კოპირება აკრძალულია. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით ირღვევა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დადგენილი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57). საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, არამედ - იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც მოცემული უფლებრივი კომპონენტის კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს ადგენს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, მას უარი ეთქვა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტებისა და მის მიერ გაცემული პასუხების მიწოდებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პირის უფლებას, „ხელი მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებზე დატანილ ნებისმიერ ინფორმაციაზე“, იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5). სწორედ აღნიშნული უფლების ყურადღების ცენტრშია „სუბიექტი, რომელიც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით ოფიციალური წყაროებიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
6. ამდენად, აშკარაა, რომ იმ სადავო ნორმის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის უფლების შეზღუდვას, შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, სადავო ნორმას არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულ უფლებასთან.
7. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1757 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მითითებული ნორმა ადგენს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის გასაჩივრების წესს. კერძოდ, აპლიკანტს, რომელიც ვერ დააგროვებს გამსვლელ ქულათა საკმარის რაოდენობას, უფლება აქვს, გაასაჩივროს გამოცდის შედეგი. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, შესადარებელი ჯგუფები არიან, ერთი მხრივ, პირები, რომლებმაც ვერ დააგროვეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელ ქულათა საკმარისი რაოდენობა და, მეორე მხრივ, ისინი, ვინც გადალახა დადგენილი მინიმალური ზღვარი. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასულ ყველა აპლიკანტს გააჩნია ერთი მიზანი, მიიღოს უმაღლესი შეფასება და, ამდენად, ისინი არიან არსებითად თანასწორი სუბიექტები. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იმ პირთათვის, რომლებმაც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დააგროვეს გამსვლელ ქულათა საკმარისი რაოდენობა, გასაჩივრების უფლების შეზღუდვა არღვევს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობას.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის, არსებითად თანასწორთ, შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს, პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთან, პირთა არსებითად თანასწორობის/უთანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, უპირველესად, უნდა დადგინდეს, წარმოადგენენ თუ არა შესადარებელი პირები თანასწორ სუბიექტებს, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგის გასაჩივრების საკითხთან მიმართებით. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წარმოადგენს ადვოკატის სტატუსით პროფესიული საქმიანობის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან ერთად, მოეთხოვება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. ამასთანავე, ხსენებული გამოცდის ჩაბარების გარეშე, პირი ვერ შეძლებს გაიაროს პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რაც ასევე წარმოადგენს ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო კომპონენტს. შესაბამისად, პირს, რომელმაც ვერ დააგროვა საკმარისი ქულები ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად, მომეტებულად გააჩნია იმის ინტერესი და საჭიროება, რომ გაასაჩივროს გამოცდის შედეგები.
12. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პირს, რომელმაც გადალახა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ჩააბარა გამოცდა, თუმცა არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, აქვს ზემოხსენებული პირის ანალოგიური ინტერესი გამოცდის შედეგების გასაჩივრების თვალსაზრისით. „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული „სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულების“ თანახმად, ადაპტაციის პროგრამის მონაწილეა პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. თავად ადაპტაციის პროგრამა კი შედგება 3 თვიანი თეორიული კურსისა და 9 თვიანი სტაჟირებისაგან. ხსენებული დებულების ანალიზი მიუთითებს, რომ ადაპტაციის პროგრამის გავლა შეუძლია ყველა იმ პირს, რომელმაც ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა და მათ მიერ მიღებულ ქულას რაიმე არსებითი გავლენა არ აქვს პროგრამაზე რეგისტრაციის ან მონაწილეობის კუთხით. საკითხი, რომელთან მიმართებითაც საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული ქულა შესაძლოა, იყოს რელევანტური, შეეხება ადაპტაციის პროგრამის საფასურს, კერძოდ, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმსარულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული „სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულების“ მე-14 მუხლის 14.4 (ა) ქვეპუნქტის თანახმად, ადაპტაციის პროგრამის საფასურის - 750 ლარის გადახდისგან თავისუფლდება ის პირი, რომელიც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიიღებს 97-100 ქულას. ადაპტაციის პროგრამის საფასურისგან გათავისუფლება, მართალია, მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენდეს, თუმცა იგი ვერ გაუთანაბრდება იმ პირის საჭიროებას, რომელმაც გამოცდაზე ვერ დააგროვა ჩაბარებისათვის აუცილებელ ქულათა მინიმალური რაოდენობა და, აღნიშნულის გამო, ვერ ახერხებს ადვოკატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი სხვა ქმედებების განხორციელებას, მაგალითად, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლას.
13. №1757 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომელიც ნათელს გახდიდა, თუ რატომ უნდა იყვნენ მიჩნეულები შესადარებელი პირები თანასწორ სუბიექტებად. მოსარჩელე შემოიფარგლება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელ ყველა პირს თანაბრად სურს უმაღლესი ქულის მიღება. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრების თვალსაზრისით, მითითებული მსჯელობა ვერ გამოდგება იმ პირთა თანასწორად განხილვის თვითკმარ არგუმენტად, რომლებმაც დააგროვეს და ვერ დააგროვეს საკმარის ქულათა რაოდენობა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1757 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა მას არ აძლევს შესაძლებლობას, გაასაჩივროს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი, თუკი მან მიიღო ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელ ქულათა საკმარისი რაოდენობა, თუმცა მიღებული შედეგი მისთვის არადამაკმაყოფილებელია. მოსარჩელის განმარტებით, გამოცდაზე მიღებულ შედეგს შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს მის კონკურენტუნარიანობაზე და არასაკმარისად წარმოაჩინოს მისი შესაძლებლობები. შესაბამისად, სადავო ნორმით, მას ეზღუდება გამოცდის შედეგის შეცვლის უფლება და იმის შესაძლებლობა, რომ აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში ისე, როგორც ის მიიჩნევს საჭიროდ.
16. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის არსს, მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-54). „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს ფარგლების სწორად იდენტიფიცირებისა და ერთმანეთისაგან გამიჯვნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის №2/11/663 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-15-19). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „გარკვეული უფლების რეალიზება შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შეზღუდვასთან. თითოეულ მსგავს შემთხვევაში კონსტიტუციის ამა თუ იმ დებულების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რომელი უფლების დაცული სფეროსკენ არის მიმართული სადავო ნორმით დადგენილი წესი. მაგალითად, როდესაც საქმე ეხება სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით ბაჟის დაწესებას, აშკარაა, რომ ხსენებული რეგულაცია სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვისკენ მიმართული ღონისძიებაა და არ მიემართება საკუთრების უფლებას, თუნდაც დავა საკუთრებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/5/1249 განჩინება საქმეზე „ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეები - შეჰაბ აჰმედ ჰამუდი ჰამუდი და აჰმედ შეჰაბ აჰმედ აჰმედ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს სადავო ნორმის შინაარსი და მიზანმიმართულება.
18. „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „აპლიკანტს, რომელიც ვერ დააგროვებს გამსვლელ ქულათა საკმარის რაოდენობას, უფლება აქვს გაასაჩივროს გამოცდის შედეგი, გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ“. სადავო ნორმა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგის გასაჩივრების უფლებას ანიჭებს მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომლებიც ვერ დააგროვებენ გამსვლელ ქულათა საკმარის რაოდენობას. შესაბამისად, ის პირები, რომლებიც გამოცდაზე დააგროვებენ გამსვლელ ქულას, თუმცა სურთ გამოცდის შედეგის გასაჩივრება ამა თუ იმ მიზეზის გამო, მოკლებული არიან ამგვარ შესაძლებლობას. ამდენად, მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფ პირებს ერთმევათ შესაძლებლობა, წარადგინონ საჩივარი გამოცდის შედეგთან მიმართებით, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით და მოითხოვონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების შეცვლა.
19. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/15/1403 განჩინება საქმეზე „სულხან გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნული გარანტია არ მოიცავს პირის უფლებას, მოითხოვოს მატერიალური უფლების შექმნა ან ფარგლების გაფართოება. იგი მხოლოდ არსებული უფლებებისა და ინტერესების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დროულად და სამართლიანად განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/15/1403 განჩინება საქმეზე „სულხან გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ითხოვს იმის კონსტიტუციურობის შეფასებას, უნდა გააჩნდეს თუ არა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრების უფლება იმ აპლიკანტს, რომელმაც დააგროვა გამსვლელ ქულათა საკმარისი რაოდენობა. მოსარჩელეს ფაქტობრივად სურს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მას მისცეს გამოცდის შედეგის შეცვლის შესაძლებლობა, მისი პოზიციისა და დასაბუთების მოსმენის შემდეგ, მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ამდენად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არსებითად მიემართება ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის სამართლიანად განხილვის საკითხს, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფეროს. ის ფაქტი, რომ პირის მიერ გამოცდაზე მიღებული ესა თუ ის შედეგი გავლენას მოახდენს მის თავისუფალ განვითარებაზე და ხელს შეუშლის მას, სათანადოდ წარმოჩინდეს საზოგადოების თვალში, შესაძლოა, იყოს ნორმის მოქმედების გვერდითი ეფექტი, რომელიც, თავისთავად, არ გამოდგება სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ უფლებებს შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად. სადავო ნორმა, ადმინისტრაციული ორგანოსათვის საჩივრით მიმართვის წესის მიღმა არ არეგულირებს მოსარჩელისათვის პრობლემურ სხვა საკითხებს.
21. ადმინისტრაციული ორგანოები გადაწყვეტილებას იღებენ ადამიანის ძირითად უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, იქნება ეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ამა თუ იმ საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, ქმედების განხორციელების ნებართვა და სხვა. რა თქმა უნდა, ის წესი, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მის წინაშე დასმულ საკითხზე, გავლენას ახდენს იმ მატერიალური უფლებით სარგებლობაზეც, რომლის რეალიზაციისთვის/დასაცავადაც ხდება ამ ორგანოსათვის მიმართვა, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების თუ საქმის განხილვის მარეგლამენტირებელი ნორმების მიზანმიმართულებას არ წარმოადგენს მატერიალური უფლების ფარგლების დადგენა ან მისი შეზღუდვა. მაგალითად, ნორმა, რომელიც აბრკოლებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიმართვის უფლებას, აშკარაა, რომ მიმართულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის (სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოება) და არა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის (საკუთრების უფლება) შეზღუდვისაკენ, თუნდაც საქმე შეეხებოდეს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხს. კონსტიტუციური ნორმების სხვაგვარად წაკითხვის შემთხვევაში, აზრი დაეკარგებოდა სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური გარანტიის არსებობას და გაქრებოდა ზღვარი კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიასა და მატერიალური კონსტიტუციური უფლების დამდგენ ნორმებს შორის.
22. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1757 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1757 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად №1757 კონსტიტუციური სარჩელი („მარიამ ბერიძე სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ბ) „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1757 კონსტიტუციური სარჩელი („მარიამ ბერიძე სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით;
ბ) „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-12 მუხლთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში