საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/12/1678, 1679 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 19 აპრილი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 2 მაისი 2024 19:24 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) №1678 კონსტიტუციურ სარჩელზე: „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-12 მუხლთან და მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
ბ) №1679 კონსტიტუციურ სარჩელზე: ბ.ა) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ.ბ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „თ1“, „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებითა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით; ბ.გ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ.დ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ.ე) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ.ვ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით; ბ.ზ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები - ეკა მამრიკიშვილი და მიხეილ შარაშიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე; საჯარო დაწესებულების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და ექსპერტიზის მიმართულებით, დავით ზურაბაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №1678 და №1679) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1678 და №1679 კონსტიტუციური სარჩელები, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 10 თებერვალს. კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 31 მარტს.
2. №1678 და №1679 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ექიმის უფლებას, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით, შეზღუდოს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პაციენტის რიგი უფლებები, რის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას, ხოლო მე-12 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის თავისუფლებას, ხოლო ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტი თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდებას დასაშვებად აცხადებს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ გარანტიას, მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებას, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას, 24-ე მუხლით გარანტირებულია საარჩევნო უფლება, ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებას.
5. №1678კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, ექიმს გააჩნია შესაძლებლობა, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით, პაციენტს შეუზღუდოს, ერთი მხრივ, მკურნალობაზე უარის თქმის უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, უფლება, ისარგებლოს შესაბამისი მკურნალობით აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, პირობების მინიმალური შეზღუდვით და იმ მეთოდებით, რომლებიც დაამტკიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, შეძლებისდაგვარად თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.
6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ნებაყოფლობითი მკურნალობისას პაციენტის გაწერას მისი მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, სადავო ნორმით გათვალისწინებული მკურნალობაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვის შემდგომ, პაციენტი ფორმალურად, ნებაყოფლობით აგრძელებს მკურნალობას, რადგან მისი სტატუსის გადასინჯვა არ ხდება, თუმცა, ფაქტობრივად, იგი იმყოფება არანებაყოფლობითი მკურნალობის ქვეშ, რაც გულისხმობს დისკომფორტისა და სულიერი ტანჯვის შეგრძნებას, რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ მოპყრობას.
7. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მოწესრიგებას, რომელიც განსაზღვრავდა, თუ კონკრეტულად რა შემთხვევაში/რა პროცედურებით მიიღება მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ექიმის გადაწყვეტილება. ამ კონტექსტში, მოსარჩელისათვის გაუგებარია სადავო ნორმაში მოხსენიებული „უკიდურესი აუცილებლობისა“ და „უსაფრთხოების მიზნის“ შინაარსი. მოსარჩელის აღნიშვნით, როდესაც პაციენტის მდგომარეობა იმგვარად იცვლება, რომ საჭიროა არანებაყოფლობითი მკურნალობის დაწყება, მისი სტატუსის გადასინჯვა უნდა მოხდეს ზემოხსენებული კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანაწესის შესაბამისად. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა პაციენტს ართმევს უფლებას, გამოხატოს ნება მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ინტენსიურ ჩარევას კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში.
8. მოსარჩელე მკურნალობაზე უარის თქმის შესაძლებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს, რომ ხსენებული შეზღუდვა, თავისთავად, მოიცავს სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაგრძელებას, შესაბამისად, პაციენტი არ არის უფლებამოსილი, დატოვოს დაწესებულება, რითაც იზღუდება კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებული თავისუფლების უფლება. მოსარჩელისათვის პრობლემურია ის გარემოებაც, რომ თავისუფლების უფლების შეზღუდვის მიმართ კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტისაგან განსხვავებით, სადავო ნორმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ საჭიროებს სასამართლოს დასტურს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა არ შეესაბამება თავისუფლების უფლების შეზღუდვის მიმართ კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
9. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში უთითებს იმასაც, რომ სადავო ნორმის ფარგლებში ექიმს შესაძლებლობა აქვს, უგულებელყოს ის სამედიცინო ჩვენება, რომელზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა და მისი ნების საწინააღმდეგოდ, გამოყენებულ იქნეს კონკრეტული მედიკამენტი თუ ინექცია. ამავდროულად, იგი ექიმს ანიჭებს შესაძლებლობას, პაციენტს შეუზღუდოს მინიმალური შეზღუდვის პირობით სარგებლობა და პაციენტის მიმართ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გამოიყენოს მაქსიმალური ტიპის მედიკამენტოზური შეზღუდვა - მაგალითად, სწრაფი ტრანკვილიზება. სწრაფ ტრანკვილიზებასთან მიმართებით, საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ კანონმდებლობით არ რეგულირდება შეზღუდვის ხსენებული ფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული გარანტიები. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმაში დაკონკრეტებული უნდა იყოს შემთხვევები, რომელთა ფარგლებშიც ექიმს შეეძლება, პაციენტის მიმართ გამოიყენოს სწრაფი ტრანკვილიზება.
10. №1679კონსტიტუციური სარჩელის ავტორი პრობლემურად მიიჩნევს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ექიმს ანიჭებს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პაციენტის რიგი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილებას. კერძოდ, მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ შეზღუდვათა კონსტიტუციურობას, როგორებიცაა პაციენტის უფლება: ისარგებლოს შესაბამისი მკურნალობით, აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, პირობების მინიმალური შეზღუდვით და იმ მეთოდებით, რომლებიც დაამტკიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, შეძლებისდაგვარად თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს; მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია თავისი დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ; გაეცნოს მის შესახებ არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციას; უარი თქვას მკურნალობის ჩატარებაზე; მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში; მონაწილეობა მიიღოს კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში; ისარგებლოს სანატორიული და საკურორტო მომსახურებით; მიიღოს განათლება, გაიაროს პროფესიული მომზადება და გადამზადება; ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით; მიიღოს და გაგზავნოს წერილი, გზავნილი შემოწმების გარეშე; სტაციონარის შინაგანაწესის თანახმად, ისარგებლოს ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით; მიიღოს მნახველი ამისათვის განსაზღვრულ დროს და ადგილზე მესამე პირის დასწრების გარეშე; ხანმოკლე ვადით დატოვოს სტაციონარი, სტაციონარიდან გაწერის გარეშე, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით; შეიძინოს და იქონიოს პირველადი მოხმარების საგნები; შეასრულოს რელიგიური რიტუალი, თუ იგი არ ლახავს სხვათა უფლებებს; მიიღოს აუდიო-ვიზუალური ინფორმაცია; მონაწილეობა მიიღოს სტაციონარში გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.
11. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო რეგულირება არ ითვალისწინებს უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს, პროცედურასა და მათ საფუძველზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წესს, რაც ზრდის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს. დამატებით, მოსარჩელე აპელირებს იმაზეც, რომ დაუსაბუთებლობის პრობლემა გავლენას ახდენს მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებაზეც.
12. მოსარჩელე მხარის განმარტებით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით რეგულირებულია უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხი. ხსენებული მოცემულობიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის ბუნდოვანია, რას შეიძლება გულისხმობდეს სადავო ნორმით განსაზღვრული „უკიდურესი აუცილებლობა“ და „უსაფრთხოების მიზანი“, რომელიც არ ექცევა ზემოაღნიშნული მუხლის რეგულირების სფეროში და საჭიროებს დამატებით უფლების შეზღუდვას.
13. სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან წინააღმდეგობის მტკიცებისას მოსარჩელე მხარე დამატებით აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული კონსტიტუციური დებულება სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს. ნეგატიური ვალდებულებების კონტექსტში, მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმის შეუზღუდავი შინაარსის პირობებში, არსებობს რისკი, პაციენტი იქცეს თვითნებობისა და მანიპულაციის ობიექტად. საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს იმასაც, რომ სადავო ნორმა ტოვებს შესაძლებლობას, გარკვეული პირობების არსებობისას, სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს უმკურნალონ შეუსაბამო მეთოდებით, ამასთან, მას მკურნალობა არ გაეწიოს აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, პირობების მინიმალური შეზღუდვით და მის მიმართ გამოიყენონ სამინისტროს მიერ დაუმტკიცებელი მეთოდები. ამ პირობებში, პაციენტი არ არის დაცული არაჰუმანური მეთოდების გამოყენებისაგან, ხოლო, პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეუსაბამო მკურნალობისა და მეთოდების გამოყენების შედეგად, მან შეიძლება განიცადოს იმგვარი სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რაც გაუთანაბრდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
14. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან მომდინარე პოზიტიურ ვალდებულებებთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ
სადავო ნორმის საფუძველზე, ექიმს შეუძლია, სრულად შეუზღუდოს პაციენტს ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის უფლება, რის გამოც, პაციენტს სრულად ესპობა დამცველთან, კანონიერ წარმომადგენელთან, სახალხო დამცველთან თუ სხვა ნდობით აღჭურვილ პირთან ტელეფონით/საკომუნიკაციო საშუალებებით დაკავშირების შესაძლებლობა არასათანადო მოპყრობის შემთხვევებში. აღნიშნულის გამო, სადავო ნორმა ვერ პასუხობს იმ პოზიტიურ ვალდებულებებს, რასაც კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტური ხასიათი განაპირობებს.
15. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან წინააღმდეგობაზე მსჯელობისას განმარტავს, რომ დაუშვებელია, სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს, რომელიც საარჩევნო უფლების რეალიზებასთან მიმართებით მხარდაჭერის მიმღებად არ არის ცნობილი, შეეზღუდოს საარჩევნო უფლება. თავის მხრივ, სადავო ნორმის საფუძველზე, ექიმისათვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭება კი, ეწინააღმდეგება საარჩევნო უფლების მარეგლამენტირებელ კონსტიტუციურ დანაწესს.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-16 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლთან და 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
17. №1678 და №1679კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
18. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული განჩინებით, მოითხოვა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ითვალისწინებს ექიმის უფლებას, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით, პაციენტს შეუზღუდოს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას, რამდენადაც ხსენებულ საქმეზე, თავისუფლების უფლებასთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც ქმედუუნაროდ აღიარებული პირის თავისუფლების უფლებაში ჩარევას ადგენდა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
19. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე მიუთითა, რომ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი, დასაბუთების თაობაზე პირდაპირი აღნიშვნის არარსებობის მიუხედავად, მიუთითებს უფლების შეზღუდვის შესაძლებლობაზე შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, რის შეფასების ვალდებულებაც ექიმს გააჩნია. მოპასუხე მხარე თვლის, რომ სადავო ნორმა, ექიმის მიერ უფლების შეზღუდვისას, პაციენტის ისტორიაში შესაბამისი უფლების შეზღუდვის საფუძვლად ითვალიწინებს არსებული გარემოებების თაობაზე მითითების ვალდებულებას. ამასთან, მოპასუხე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზეც, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს პაციენტის მიერ უფლების შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და მიყენებული ზიანის კომპენსაციის შესაძლებლობას.
20. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, არ იკვეთება სადავო ნორმების შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-12 მუხლთან. პირველ მათგანთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა არ წარმოადგენს კონსტიტუციით აკრძალულ მოპყრობას, რამდენადაც სადავო ნორმის წინაპირობებისა და უფლების შეზღუდვის გასაჩივრების შესაძლებლობის არსებობიდან გამომდინარე, მოპყრობა ვერ აღწევს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისათვის დამახასიათებელ ინტენსივობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით კი, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, მოსარჩელის მიერ ხსენებულ მუხლთან მიმართებით გასაჩივრებული უფლებრივი კომპონენტები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით.
21. მკურნალობაზე უარის თქმის უფლებასთან მიმართებით მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი თავად ითვალისწინებს უფლების შეზღუდვის შესაძლებლობის დათქმას მხოლოდ არანებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევებში. მოპასუხე მხარის პოზიციით, ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტს კანონმდებლობა აღჭურავს მისი სურვილის საფუძველზე, სტაციონარის დაუყოვნებლივ დატოვების შესაძლებლობით. შესაბამისად, მოპასუხე მხარე თვლის, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შეზღუდვას.
22. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ სხვა ძირითად უფლებებთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მათი შეზღუდვა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმაში მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსის ამოკითხვის შემთხვევაში, წარმოადგენს ძირითადი უფლების შეზღუდვის გვერდით ეფექტს. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ცალკეული უფლებების შეზღუდვის თაობაზე ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის სტანდარტს.
23. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან მიმართებით, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ხსენებული უფლების შეზღუდვა შესაძლოა, გულისხმობდეს იმგვარ შემთხვევას, რომლის ფარგლებშიც ადგილი აქვს გაწერილი მკურნალობის პროცესიდან, არაორდინალური შემთხვევის გამო, გადახვევასა და დამატებითი ზომების მიღების საჭიროებას.
24. ამავდროულად, მოპასუხე მხარის პოზიციით, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა არსებითი განხილვის გარეშე, განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის არგუმენტაციით, გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტთან და სადავო ნორმის წინაპირობებთან დაკავშირებული სპეციფიკის გამო, ხსენებული შემთხვევა განსხვავდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი მოცემულობისგან.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
26. საჯარო დაწესებულების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, დავით ზურაბაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი უარს აცხადებს მკურნალობაზე, თუმცა საჭიროა მისი სტაციონარში დაყოვნება, თავდაპირველად, ექიმი მართავს პაციენტთან კონსულტაციას მისი სტაციონარში დარჩენაში დარწმუნების მიზნით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ვერ ხერხდება, ხდება სასამართლოსადმი მიმართვა არანებაყოფლობითი მკურნალობის დაწყების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოსაგან ნებართვის მიღებამდე პაციენტი აზიანებს საკუთარ თავს და წარმოადგენს საშიშროებას, საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის აღნიშვნით, ექიმი იყენებს ერთჯერად, სწრაფ ტრანკვილიზებას. ამავდროულად, საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განმარტებით, სტაციონარში პაციენტის დაყოვნების პერიოდი არის საშუალოდ 2 თვე, ხოლო 6 თვე წარმოადგენს იმ ვადის მაქსიმუმს, რომელსაც სასამართლო განუსაზღვრავს პაციენტს.
27. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის არგუმენტაციით, პაციენტის უფლებების შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილება ფიქსირდება სამედიცინო ბარათში, რომელშიც აისახება ის გარემოებები, რის გამოც მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილება. ამასთან, წარმომადგენლის განმარტებით, დოკუმენტაციაში ფიქსირდება უფლების შეზღუდვის დაწყების პერიოდი, თუმცა არ მიეთითება უფლების შეზღუდვის კონკრეტული ვადა. იმავდროულად, ისტორიაში აღინიშნება უფლების შეზღუდვის მოხსნის ან/და კონკრეტული უფლებით სარგებლობის თაობაზე.
28. წარმომადგენლის პოზიციით, უკიდურესი აუცილებლობა და უსაფრთხოების მიზანი ქმნის იმგვარ მდგომარეობას, რომლის ფარგლებშიც არსებობს პაციენტის მიერ საკუთარი თავის დაზიანების საფრთხე. ამასთან, აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება, მაქსიმუმ, 1 საათამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1678 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ექიმის უფლებას, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით, პაციენტს შეუზღუდოს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი „განამტკიცებს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის, მისი პირადი თავისუფლების უფლებას, ის ფუნდამენტური უფლებების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და, კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო დაცვას ექვემდებარება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/503, 513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ადამიანის თავისუფლება“ არ მოიცავს თავისუფლების ყველა ასპექტს, როგორც ეს ამ ტერმინის სიტყვასიტყვით წაკითხვის შემდეგ შეიძლება წარმოჩნდეს. იგი გულისხმობს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, მის უფლებას, თავისუფლად გადაადგილდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). თავის მხრივ, „საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელ და ნეიტრალურ ორგანოს, აღჭურავს უფლების შეზღუდვის აუცილებლობის შემოწმების უფლებამოსილებით, რაც მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის თავად უფლების დაცვის თვალსაზრისით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის №3/3/1341 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-6).
4. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თავისუფლების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართება არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმით იზღუდება პირის ფიზიკური თავისუფლება.
5. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილია პაციენტის უფლება - უარი თქვას მკურნალობის ჩატარებაზე. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, მკურნალობაზე უარის თქმის შესაძლებლობის შეზღუდვა, თავისთავად, მოიცავს სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაგრძელებას, შესაბამისად, პაციენტი არ არის უფლებამოსილი, დატოვოს დაწესებულება, რითაც იზღუდება კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებული თავისუფლების უფლება.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. თავის მხრივ, იმისათვის, რომ გასაჩივრებულ ნორმაში ამოკითხულ იქნეს მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი, იგი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).
7. აღსანიშნავია, რომ პაციენტის მიერ მკურნალობაზე უარის თქმის უფლების იმ ასპექტის, რომელიც გულისხმობს პირის სტაციონარში მოთავსების ნებაყოფლობითობას, შეზღუდვის საფუძვლებს ადგენს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 და 221 მუხლები. არანებაყოფლობით, პირის სტაციონარში მხოლოდ ზემოხსენებულ შემთხვევებში, მოთავსების დასაშვებობაზე ექსპლიციტურად მიუთითებს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის არაერთი დებულება. მაგალითად, ხსენებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, ისევე როგორც მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, ადგენს სტაციონარული დახმარების ნებაყოფლობითობის პრინციპს და პირის იძულებით სტაციონარში განთავსების შესაძლებლობას უკავშირებს მხოლოდ კანონის მე-18 და 221 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებს. თავად „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 და 221 მუხლები კი დეტალურად განსაზღვრავს არანებაყოფლობით/იძულებით პირის სტაციონარში განთავსების საფუძვლებსა და პროცედურას. მართალია, სადავოდ გამხდარი დებულება ადგენს მკურნალობაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა საკანონმდებლო მოწესრიგების ანალიზის შედეგად, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დასახელებული მუხლის მიზნებისათვის, მკურნალობაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვა აგრეთვე მოიცავს პირის სტაციონარში იძულებით მოთავსებას. როგორც აღინიშნა, მკურნალობაზე უარის თქმის შეზღუდვის ეს კომპონენტი, დეტალურად არის მოწესრიგებული სხვა საკანონმდებლო ნორმებით. მაშასადამე, სადავო ნორმა არ აწესრიგებს პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის ამგვარად განმარტების შესაძლებლობა არ გაიზიარა საჯარო დაწესებულების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. იმავდროულად, არც მოსარჩელე მხარეს წარმოუდგენია სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება, რომელიც დაადასტურებდა სადავო ნორმის მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსით განმარტების/გამოყენების პრაქტიკას. ამდენად, აშკარაა, რომ ამ ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
8. იმავდროულად, მოსარჩელე მხარისათვის საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით პრობლემურია „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განმტკიცებული უფლების შეზღუდვა. ხსენებული ქვეპუნქტი ითვალისწინებს პაციენტის უფლებას, ისარგებლოს შესაბამისი მკურნალობით, აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, პირობების მინიმალური შეზღუდვით და იმ მეთოდებით, რომლებიც დაამტკიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, შეძლებისდაგვარად, თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. აღსანიშნავია, რომ, არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარეს საერთოდ არ წარმოუდგენია არგუმენტაცია სადავო ნორმასა და იდენტიფიცირებულ კონსტიტუციურ დებულებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1678 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ექიმის უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. №1679 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „თ“, „თ1“, „ლ“, „მ“, „ნ“ ქვეპუნქტებითა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
11. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის შეუზღუდავი შინაარსის პირობებში, შესაძლებელია, პაციენტი იქცეს მანიპულაციის ობიექტად, ექიმის შეხედულებისამებრ შეფასდეს ჰიპოთეტურ საფრთხედ და მისივე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, შეეზღუდოს შესაბამისი უფლებები განუსაზღვრელი ვადით. აღნიშნული მდგომარეობა, მოსარჩელე მხარის პოზიციით, პაციენტს აღუძრავს შიშს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის „... არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა, სახელმწიფოს მხრიდან, ადამიანის რესპექტირებაზე... ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-30). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი უფლებრივი შეზღუდვა, თუ მისგან მომდინარე დისკომფორტი, რომელიც შეიძლება ადამიანს შეექმნას, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით აკრძალულ მოპყრობას არ წარმოადგენს. „მოპყრობამ განსაზღვრულ სიმძიმეს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ იგი შეფასდეს როგორც არაჰუმანური მოპყრობა. მოპყრობის სიმძიმე უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-180).
13. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციით დაცული ამა თუ იმ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება ავტომატურად არ იწვევს სამართალსუბიექტობაზე უფლების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). მიმართების წარმოსაჩენად აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ უფლების მზღუდავი რეგულირების შინაარსთან, მიზანსა და შეზღუდვის ინტენსივობასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი არგუმენტაცია მოიყვანოს, რაც დაასაბუთებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დაცულ უფლებასთან შემხებლობას. ამასთან, ხსენებული არგუმენტაციის ფარგლებში, საკმარისი სიმყარით, დამაჯერებლობით უნდა წარმოჩინდეს ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფუძვლიან ეჭვებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/3/1295 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საბა ქუთელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
14. როგორც აღინიშნა, ხსენებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით ჩამოყალიბებული არგუმენტაციის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე აპელირებს სხვადასხვა უფლების შეზღუდვიდან მომდინარე პირის თვითნებობის ობიექტად ქცევის საფრთხეზე. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე, შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით, დამოუკიდებლად ითხოვს ცალკეული უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შემოწმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მიერ პატივისა და ღირსების შელახვის თაობაზე წარმოდგენილი არგუმენტები შემოიფარგლება სხვა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის წარმოჩენით. ხსენებულის მიღმა მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია დამოუკიდებელი არგუმენტაცია, თუ რა განაპირობებს პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და მისი სამართლის ობიექტად განხილვას. ამგვარად, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროს შორის.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, №1679 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „თ“, „თ1“, „ლ“, „მ“, „ნ“ ქვეპუნქტებითა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
16. №1679 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე აგრეთვე სადავოდ ხდის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. ხსენებული ქვეპუნქტი ითვალისწინებს პაციენტის უფლებას - სტაციონარის შინაგანაწესის თანახმად, ისარგებლოს ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს სახალხო დამცველის, როგორც წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ცხელი ხაზის ბერკეტის მნიშვნელობას და განმარტავს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან მომდინარე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს, რამდენადაც სატელეფონო კომუნიკაციის მიღმა, არ არსებობს არასათანადო მოპყრობის პრევენციის სხვა მექანიზმები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად და ეფექტიანად.
17. საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ მოცემულობას, რომ პაციენტი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თავსდება მკურნალობის მიზნით, ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვა განპირობებულია არა დისციპლინური ან/და სხვა რაიმე სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებით, არამედ პაციენტის მდგომარეობით, რომელთან მიმართებითაც სადავო ნორმა შეზღუდვის გამოყენების უფლებამოსილებას ითვალისწინებს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების მიზნის არსებობის ფონზე. იმავდროულად, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს პაციენტის უფლების დაცვის იმგვარ მექანიზმებს, როგორებიცაა დამცველის მომსახურებით სარგებლობა, ასევე საჩივრისა და განცხადების შეტანა სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. იმავდროულად, კანონი ითვალისწინებს ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასებას მონიტორინგის ფორმით. ამასთან, თავად სახალხო დამცველს/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულების მიზნით, გააჩნიათ შესაძლებლობა დაუბრკოლებლად შევიდნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და გაეცნონ პაციენტთა უფლებრივ მდგომარეობას.
18. შესაბამისად, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პირის სტატუსის, მისი განთავსების მიზნის, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეზღუდვის გამოყენებისა და არასათანადო მოპყრობაზე რეაგირების სხვა ალტერნატიული მექანიზმების არსებობის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარეს ევალება, სათანადო სიცხადით დაასაბუთოს, რომ სხვა მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს არასათანადო მოპყრობის პრევენციას და ამ კონტექსტში სახალხო დამცველთან სატელეფონო კომუნიკაციას უალტერნატივო ხასიათი გააჩნია. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რომ არსებული მექანიზმები, არასათანადო მოპყრობისგან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობის მიზნით მოთავსებული პირების დაცვას ვერ უზრუნველყოფს და, ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველთან სატელეფონო კომუნიკაცია უფლების დაცვის უალტერნატივო საშუალებაა.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1679 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, ასევე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
20. №1679 კონსტიტუციურ სარჩელში, მათ შორის, სადავოდაა გამხდარი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტითა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. ხსენებული ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია პაციენტის უფლებები - ისარგებლოს სანატორიული და საკურორტო მომსახურებით და მონაწილეობა მიიღოს სტაციონარში გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.
21. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57).
22. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელი კომპონენტებისათვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე დავობს სტაციონარში მოთავსებული პაციენტებისათვის სანატორიული და საკურორტო მომსახურების, ისევე როგორც სტაციონარში გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სტაციონარში მოთავსებული პაციენტებისათვის, სახელმწიფოს მხრიდან, სანატორიული და საკურორტო მომსახურების შეთავაზება, ისევე როგორც სპორტული და კულტურული ღონისძიებების მოწყობა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებიდან მომდინარე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ წარმოადგენს მათი უზრუნველყოფა კონკრეტულად პიროვნების თავისუფალი განვითარებისთვის აუცილებელ უფლებრივ კომპონენტებს/ამ უფლების მოთხოვნას.
23. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1679 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეუზღუდოს პაციენტს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტითა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, ასევე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
24. №1679 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით.
25. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის თანახმად, პაციენტს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, გარდა იმ კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისა, რომელთა მიმართაც მხარდაჭერის მიმღებ პაციენტს სასამართლომ მხარდაჭერა დაუწესა. აღსანიშნავია, რომ პირის მიერ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობა მოიცავს მრავალ სხვადასხვა ასპექტს და, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ექცევა სხვადასხვა კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირის შესაძლებლობა, სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში, თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, შეიძინოს და განკარგოს ქონებრივი უფლებები, დაცულია საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული საკუთრების უფლებით. ამავდროულად, ცალკეულ სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სტანდარტები შესაძლოა, ასევე მოცემული იყოს საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებში, რომლებიც განამტკიცებენ, მაგალითად, შრომის თავისუფლებას, ქორწინების თავისუფლებას და ა.შ. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15,16). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, თუ რომელია ის კერძოსამართლებრივი ურთიერთობები, რომელში მონაწილეობის, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, შეზღუდვაც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას არღვევს.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1679 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
27. №1679 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით.
28. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათვალისწინებულია პაციენტის უფლება, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ პაციენტის რომელი კონკრეტული უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა გააჩნია ექიმს სადავო ნორმის საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია სადავო ნორმიდან მომდინარე პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1679 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1678 და №1679 კონსტიტუციური სარჩელები, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1678 და №1679 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) №1678 კონსტიტუციური სარჩელი: „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-12 მუხლთან მიმართებით;
ბ) №1679 კონსტიტუციური სარჩელი: ბ.ა) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ.ბ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით; ბ.გ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ.დ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ.ე) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ.ვ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით; ბ.ზ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული №1678 და №1679 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) №1678 კონსტიტუციური სარჩელი: „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) №1679 კონსტიტუციური სარჩელი: ბ.ა) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „თ“, „თ1“, „ლ“, „მ“, „ნ“ ქვეპუნქტებითა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ.ბ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“, „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებითა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში