მოქალაქეები ლევან ქიძინიძე, ქეთევან დადიანი, თემურ ქიძინიძე, ჯამბულ ქიძინიძე, თამაზ ბოლქვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/2/169 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 11 თებერვალი 2003 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 თებერვალი 2003 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე, თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი, – მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი;
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: მოქალაქეები ლევან ქიძინიძე, ქეთევან დადიანი, თემურ ქიძინიძე, ჯამბულ ქიძინიძე, თამაზ ბოლქვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანული კანონის “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის არჩევნების შესახებ” II-ე თავის მე-15 მუხლის I ნაწილი და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 4-ე ნაწილი. 2. 2001 წლის 13 ივლისს გაზეთ “აჭარაში” გამოქვეყნებული კონსტიტუციური კანონი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებებით შესახებ”.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები – ალექსანდრე რაზმაძე, ბაგრატ მამასახლისი და პაატა იმედაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ღია სასამართლოს სხდომაზე
გამოარკვია
2001 წლის 12 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 169-ე ნომრის რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით მიმართა მოქალაქეებმა ლევან ქიძინიძემ, ქეთევან დადიანმა, თემურ ქიძინიძემ, ჯამბულ ქიძინიძემ, თამაზ ბოლქვაძემ და მოითხოვეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანული კანონის “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის არჩევნების შესახებ” II-ე თავის მე-15 მუხლის I ნაწილის და 2001 წლის 2 აგვისტოს მიღებული საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 4-ე ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის “ვ” პუნქტი, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” მე-19 მუხლის “ე” “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” პირველი მუხლის მე-2 პუნქტი6 საქართველოს კონსტიტუციის 28-ე, 29-ე და 44-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით.
სარჩელში მითითებულია, 2001 წლის 13 ივლისს გამოქვეყნებულმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურმა კანონმა “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” შელახა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული მათი უფლებები, რაც იმაში გამოიხატა, რომ მათთვის და საინიციატივო ჯგუფისათვის ცნობილი არ იყო, თუ რა პროცედურებით უნდა მომზადებულიყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე კანდიდატის წარდგენა, რამაც საბოლოოდ საქართველოს კონსტიტუციის მუხლების დარღვევა გამოიწვია, ხოლო აჭარის უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს საარჩევნო კანონის და საქართველოს კონსტიტუციის სრული იგნორირების გამო შეიზღუდა მოსარჩელელთა უფლებები.
სარჩელში აღნიშნულია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო კანონის მე-15 მუხლის I ნაწილში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 54-ე მუხლის I, II და III ნაწილში მითითებულია, რომ აჭარის მეთაურის თანამდებობაზე შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ პიროვნება, რომელიც ბოლო 15 წელი ცხოვრობს საქართველოში და ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია და ცხოვრობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს განურჩევლად მათი რეგისტრაციისა, უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
სარჩელში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის გამოქვეყნების დროს ადგილი ჰქონდა გაყალბების ფაქტს, რაც გააშუქა რადიო “თავისუფლებამ” და გამოქვეყნდა ა.წ. 15-22 ოქომბრის გაზეთ “ახალ ვერსიაში” №14-ში. 2001 წლის 6-7 ოქტომბერს გაზეთ “აჭარა”-ს რედაქციის მიერ არალეგალურად გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ “აჭარა”–ს ახალი ყალბი, გაზეთი ძველი გაზეთის იდენტური ნომრით, რომელშიც დაბეჭდილია კანონი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების და დამატებების შესახებ”, მაგრამ კონსტიტუცია რეალურად გამოქვეყნებული არ ყოფილა.
მოსარჩელეები სარჩელში მიუთითებენ, რომ დარღვეული უფლებების აღდგენისათვის მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც საერთოდ უარი განაცხადა სარჩელის განხილვაზე იმ მოტივით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლო არ იყო დაკომპლექტებული.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ზემოთ მოყვანილმა ფაქტებმა გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რამაც მოსარჩელეს არჩევნებში კენჭისყრის უფლება მოუსპო. ამდენად, მოსარჩელე თვლის, რომ 2001 წლის 4 ნოემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის არჩევნები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოსარჩელეებისს აბოლოო მოთხოვნაა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანული კანონის “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის არჩევნების შესახებ” II-ე თავის მე-15 მუხლის I ნაწილის და 2001 წლის 2 აგვისტოს მიღებული საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 4-ე ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა.
განმწესრიგებელ სხდომაზე გამოცხადდნენ ადვოკატები ალექსანდრე რაზმაძე, ბაგრატ მამასახლისი და პაატა იმედაძე, რომლებმაც წარმოადგინეს ჯამბულ ქიძინიძის მიერ გაცემული რწმუნება, რომელსაც, თავის მხრივ, ჰქონდა რწმუნება მოსარჩელე ლევან ქიძინიძისგან.
ლევან და ჯამბულ ქიძინიძეების წარმომადგენელმა სხდომაზე გამოიყენეს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული უფლება და ნაწილობრივ შეცვალეს თავდაპირველი მოთხოვნა და მოითხოვეს მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” მთლიანად ბათილად ცნობა, კანონის გამოქვეყნებისათვის დადგენილი წესის დარღვევის მოტივით, რაც, მათი აზრით, გამოიწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანული კანონის “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის არჩევნების შესახებ” თავისთავად გაუქმებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია საქმეში არსებული მასალების, სასამართლოს მიერ მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებების და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლის მოსმენის შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კონსტიტუციური სარჩელი თავდაპირველი რედაქციით წინააღმდეგობრივ დებულებებს შეიცავს, გასაგებად არ არის ჩამოყალიბებული მოთხოვნა,. არ ჩანს კონკრეტულად რომელი ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ მოსარჩელეები. კერძოდ, დავის საგნად მითითებულია “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის არჩევნების შესახებ” ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილი და “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველ ნაწილს და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილს შეეხება.
მოსარჩელეების ლევან და ჯამბულ ქიძინიძეების წარმომადგენლებმა ალექსანდრე რაზმაძემ, ბაგრატ მამასახლისმა და პაატა იმედაძემ განმწესრიგებელ სხდომაზე ნაწილობრივ შეცვალეს თავდაპირველი მოთხოვნა იმ მიმართებით, რომ მოითხოვეს მხოლოდ კანონის გამოქვეყნებისათვის დადგენილი წესების დარღვევის გამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” მთლიანად არაკონსტიტუციურად ცნობა;
2. საქართველოს საკანონმდებლო აქტების მიღების, გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხების საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება განსაზღვრულია “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ “ა” ქვეპუნქტით. ამავე ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტიდან გამომდინარე სარჩელის შეტანის უფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს და კანონი არ ითვალისწინებს ფიზიკური პირის ასეთსავე უფლებას. მაშასადამე, კონსტიტუციური სარჩელი არ შეიძლება უფლებამოსილი პირის მიერ შეტანილად იქნეს მიჩნეული.
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ;
3. რაც შეეხება დანარჩენ სამ მოსარჩელეს – ქეთევან დადიანს, თემურ ქიძინიძეს და თამაზ ბოლქვაძეს, მათ არ მიუმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წერილობითი განცხადებით განმწესრიგებელ სხდომაზე დასწრების თხოვნით, არც გამოცხადდნენ სხდომაზე და არ დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნის ზემოაღნიშნული ხარვეზები. სარჩელის ურთიერთწინააღმდეგობრივ მითითებებში გაურკვეველია საბოლოოდ რომელი ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურობის დადგენას მოითხოვენ მოსარჩელეები, რითაც დარღვეულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “დ” და “ე” ქვეპუნქტების მოთხოვნები, ხოლო ამავე კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნები პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
4. მოსარჩელეები, მართალია, მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს (28-ე, 29-ე და 44-ე მუხლები), რომლებსაც მათი აზრით, არ შეესაბამება სადავო აქტები, მაგრამ კონსტიტუციური სარჩელი არ ასაბუთებს როგორ დაირღვა ან როგორ არის შესაძლებელი უშუალოდ დაირღვეს სადავო აქტებით მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებანი და თავისუფლებანი:
ა) საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით აღიარებულია საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება 18 წლის ასაკიდან მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. მოსარჩელეები ვერ ასაბუთებენ, რაში გამოიხატა თვითონ არჩევნებში მონაწილეობის უფლების დარღვევა;
ბ) საქართველოს მოქალაქის უფლება დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა (კონსტიტუციის 29-ე მუხლი), ნიშნავს საწყისი შესაძლებლობების თანასწორობას, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და დასაბუთებული შეზღუდვების არ არსებობას – რასის, სქესის, რელიგიის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების და სხვ. მიუხედავად. მაგრამ აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური, კონსტიტუციის მუხლი იქვე, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას გარკვეულ პირობას უკავშირებს: “თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”, რაც იმას ადასტურებს, რომ უფლება დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა არ ნიშნავს, რომ დაიშვება ასეთი თანამდებობის დაკავება, თუ რომელიმე კანონი რაიმე საფუძვლით ზღუდავს ან კრძალავს მის დაკავებას კანონში მითითებულ კონკრეტულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილი თვოთნ უშვებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების კანონით შეზღუდვას და მოსარჩელეთა მითითება აღნიშნული მუხლით აღიარებული უფლების შელახვის შესახებ დადასტურებულად არ მიიჩნევა;
გ) რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლით განსაზღვრულ ზოგად ნორმას საქართველოში მცხოვრები ყოველი პირის ვალდებულების თაობაზე ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს, იგი აღიარებს მოქალაქის ვალდებულებებს და მოსარჩელეები ვერ მიუთითებენ რაში გამოიხატა მათი უფლებების დარღვევა ამ მუხლთან მიმართებაში.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 33-ე მუხლით პირველი პუნქტით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “დ” და “ე” ქვეპუნქტებით, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოქალაქეების ლევან ქიძინიძის, ქეთევან დადიანის, თემურ ქიჰინიძის, ჯამბულ ქიძინიძის, თამაზ ბოლქვაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინააღმდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანული კანონის “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის არჩევნების შესახებ” და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 28-ე, 29-ე და 44-ე მუხლებთან მიმართებით;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბენიძე, (თავმჯდომარე);
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე)
4. ზაურ ჯინჯოლავა (წევრი).