მზია ტურაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/17/1301 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2018 16:32 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მზია ტურაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა)საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის სიტყვების „14 წლის ასაკიდან“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1301) მომართა საქართველოს მოქალაქე მზია ტურაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას განსახილველად გადმოეცა 2018 წლის 21 მარტს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 ივლისს.
2. №1301 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლოში ქმედუუნარო მოქალაქის, აგრეთვე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები, მეურვეები და მზრუნველები, რომლებიც სასამართლოს წარუდგენენ უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს.
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ისეთ გარიგებებს, რომლის დამოუკიდებლად დადების უფლებაც მას კანონით არ აქვს, დებს მზრუნველის თანხმობით. „„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის (შემდეგში „ინსტრუქცია“) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი გამორიცხავს თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვნის უშუალოდ მონაწილეობას ისეთი გარიგებების დადებისას, რომლებიც მოწმდება სანოტარო წესით (კერძო ან საჯარო აქტის ფორმით). ამგვარ გარიგებებში 16 წლამდე არასრულწლოვანი მონაწილეობს კანონისმიერი წარმომადგენლის მეშვეობით.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს პირთა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაცვის უფლება გარანტირებულია.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მზია ტურაშვილი 2011 წლიდან ჩართულია სახელმწიფო მზრუნველობის ერთ-ერთ პროგრამაში და მას მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი. სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს” დუშეთის რაიონულმა განყოფილებამ (შემდეგში „სააგენტო“) 2017 წლის დეკემბერში, მოსარჩელის აზრის გაუთვალისწინებლად მიიღო გადაწყვეტილება მზია ტურაშვილის სამომავლო ცხოვრებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე არ ეთანხმება სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუმცა სადავო ნორმებიდან გამომდინარე, მას, როგორც არასრულწლოვანს არ შეუძლია, სასამართლოში გაასაჩივროს სააგენტოს გადაწყვეტილება, მისი წარმომადგენლობა სასამართლოში მიანდოს მისი ნდობით აღჭურვილ ადვოკატს და დაიცვას საკუთარი უფლებები.
7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის თანახმად, არასრულწლოვანს საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვა შეუძლია მხოლოდ 14 წლის ასაკიდან, რაც არღვევს პირთა თანასწორობის უფლებას. მოსარჩელის პოზიციით, 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები, რომლებსაც სურთ, სასამართლოს მიმართონ კანონისმიერი წარმომადგენლის წინააღმდეგ და ამის საპროცესო შესაძლებლობა არ გააჩნიათ, იმყოფებიან არათანაბარ პირობებში 14-დან 17 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებთან მიმართებით, რადგანაც ამ უკანასკნელთ აქვთ სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის უფლება.
8. მოსარჩელის მტკიცებით, 7-დან 18 წლამდე ყველა არასრულწლოვანი ითვლება შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად და სარგებლობენ იდენტური სტატუსითა და უფლებებით. ამასთანავე, 14 წლამდე არასრულწლოვან პირს გააჩნია საკუთარი უფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის ისეთივე ინტერესი და საჭიროება, როგორიც 14-დან 18 წლამდე პირს. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, თანასწორ პირთა მიმართ დიფერენცირებული მოპყრობა ხორციელდება მათი ასაკის გამო. ამასთან, არ არსებობს რაიმე ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირისათვის სასამართლოსათვის მიმართვის აბსოლუტურ აკრძალვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის სადავო სიტყვები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
9. №1301 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეგულირება უნდა ემსახურებოდეს სწრაფი, ეფექტიანი, ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებას და უნდა უზრუნველყოფდეს სხვადასხვა პირების, მათ შორის, არასრულწლოვნებისა და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების უფლებების ადეკვატურ დაცვას. მოსარჩელის არგუმენტაციით, სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება მოიცავს 14 წლამდე ბავშვის შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მიმართლოს სასამართლოს მისი კანონისმიერი წარმომადგენლის წინააღმდეგ, როდესაც ეს უკანასკნელი ლახავს არასრულწლოვნის კანონიერ ინტერესებს, არ მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და არღვევს ან დაარღვია მისი უფლებები. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი არასრულწლოვანს ანიჭებს უფლებას, კანონისმიერი წარმომადგენლის წინააღმდეგ, მისგან დამოუკიდებლად, მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთარი კანონიერი ინტერესები.
10. მოსარჩელის განმარტებით, მისი კანონისმიერი წარმომადგენელი - სააგენტო, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ მოქმედებს მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და აღნიშნული საფუძვლით, მას სურს მიმართოს სასამართლოს კანონისმიერი წარმომადგენლის წინააღმდეგ. თუმცა, რადგანაც მოსარჩელეს ჯერ არ მიუღწევია 14 წლისათვის და, ამასთან, სადავო ნორმა არასრულწლოვანს მხოლოდ ხსენებული ასაკიდან ანიჭებს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მიმართლოს სასამართლოს, იგი მოკლებულია საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას. სადავო ნორმა ყველა შემთხვევაში გამორიცხავს 14 წლამდე არასრულწლოვნის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რის გამოც მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის სიტყვები „14 წლის ასაკიდან“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
11. №1301 კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებული პოზიციის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის სადავო დებულებები ქმედუუნარო მოქალაქისა და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის უფლებების სასამართლოს გზით დაცვის უფლებას, ისევე როგორც ადვოკატის აყვანის შესაძლებლობას, ანიჭებს მხოლოდ პირის კანონისმიერ წარმომადგენლებს. იქიდან გამომდინარე, რომ მზია ტურაშვილის კანონისმიერი წარმომადგენელი არის სააგენტო და სადავო ნორმების საფუძველზე სწორედ ამ ორგანოს აქვს უფლება, მოსარჩელის სახელით და მისი ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს და საქმის წარმოება მიანდოს ადვოკატს, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, დამოუკიდებლად, მისთვის სასურველი ადვოკატის დახმარებით იდავოს კანონისმიერი წარმომადგენლის მიერ მისი უფლებების დარღვევის ფაქტზე. ხსენებულის გათვალისწინებით, სადავო ნორმით ირღვევა მოსარჩელის სამართლიანი სასამართლო განხილვისა და დაცვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
12. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლით დადგენილი წესი 14 წლამდე ასაკის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს ართმევს სრულყოფილი სამართლებრივი დაცვის, საქმის სამართლიანად განხილვისა და დარღვეული უფლების აღდგენის როგორც ნორმატიულ, ისე პროცესუალურ შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, საქმის ადვოკატისათვის მინდობის უფლებას ანიჭებს მზრუნველს, მათ შორის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან/და მის მიერ დანიშნულ პირს, მაშინ როდესაც არასრულწლოვანი პირი სასამართლოს მიმართავს მზრუნველის მიერ მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების დარღვევის გამო.
13. მოსარჩელის არგუმენტაციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი არასრულწლოვან პირს ართმევს საშუალებას, საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მიანდოს მისთვის სასურველ ადვოკატს და გასცეს რწმუნებულება/მინდობილობა. ხსენებული ნორმების თანახმად, შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე არასრულწლოვანს ცალკეული გარიგებების, მათ შორის კი რწმუნებულების/მინდობილობის გაცემისას სჭირდება კანონისმიერი წარმომადგენლის თანხმობა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმ 14 წლამდე არასრულწლოვნის უფლებების დაცვის სამართლებრივ გარანტიებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ ინტერესებს არღვევს სააგენტო. მათ არ შეუძლიათ სააგენტოსგან, როგორც მათი კანონისმიერი წარმომადგენლისგან, დამოუკიდებლად აირჩიონ ადვოკატი და იდავონ სასამართლოში.
14. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლება გულისხმობს, მათ შორის, არასრულწლოვნის შესაძლებლობას, მისთვის სასურველი, სანდო ადვოკატის მეშვეობით დაიცვას საკუთარი ინტერესები როგორც სასამართლოში, ისე ნებისმიერ მესამე პირთან, მათ შორის სააგენტოსთან ურთიერთობისას. №1301 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირის უფლებებისა და ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლებით და გულისხმობს ზოგადად სამართლებრივ დაცვას. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები გამორიცხავს 14 წლამდე არასრულწლოვნის დაცვის უფლებას იმ შემთხვევაში, როდესაც მათ უფლებებს არღვევს თავად კანონისმიერი წარმომადგენელი - სააგენტო. ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე არასრულწლოვან მოქალაქეს მზრუნველის (მათ შორის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან/და მის მიერ დანიშნული პირის) წინააღმდეგ საკუთარი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების დაცვის მიზნით ართმევს რწმუნებულების/მინდობილობის დადების შესაძლებლობას.
15. №1301 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის სიტყვების „14 წლის ასაკიდან“ მოქმედება. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში იგი სრულად არის მოკლებული შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს მისი კანონისმიერი წარმომადგენლის - სააგენტოს წინააღმდეგ და მოითხოვოს იმ ქმედებებისაგან თავის შეკავება, რომლებიც იწვევს მისი უფლებების დარღვევას. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ მას, როგორც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე არასრულწლოვანს, არ შეუძლია, დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ წარმოებაში, რის გამოც სასამართლოსათვის მიმართვა წარმოადგენს მისი უფლებების დაცვის ერთადერთ მექანიზმს.
16. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, მისი, როგორც არასრულწლოვნის ინტერესები დაიცვან არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისათვის“ იურისტებმა, რამდენადაც სადავო ნორმების საფუძველზე, მას არ აქვს შესაძლებლობა, თავად გასცეს რწმუნებულება აღნიშნულ პირებზე, ხოლო მისმა კანონისმიერმა წარმომადგენელმა - სააგენტომ, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულ წარმომადგენლებზე არ გასცა მოსარჩელის სახელით მოქმედების რწმუნებულება.
17. მოსარჩელე ასევე ითხოვს პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის მიზნით, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დახურვას, ხოლო, მეორე მხრივ, მისი პირადი მონაცემების დაფარვას იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მისი იდენტიფიკაცია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის სიტყვების „14 წლის ასაკიდან“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის პირველი წინადადება ადგენს არასრულწლოვნის უფლებას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 14 წლის ასაკიდან, დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ხსენებული ნორმის სიტყვებს „14 წლის ასაკიდან“. იგი მიიჩნევს, რომ სადავო სიტყვები გამორიცხავს 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვას. მოსარჩელე მხარის პოზიციით ამ აკრძალვით, ერთი მხრივ, ირღვევა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, მეორე მხრივ კი 14 წელს მიუღწეველი პირის უფლება, კანონისმიერი წარმომადგენლის მიერ დარღვეული უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს კონსტიტუციური სარჩელი და მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთ ხსენებული მოთხოვნის ნაწილში კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, უპირველს ყოვლისა, საჭიროა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის სიტყვების „14 წლის ასაკიდან“ ადგენდეს უფლების შემზღუდველ წესს.
4. სამოქალაქო პროცესში პირის საპროცესო ქმედუნარიანობას ზოგადი წესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლში. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკის მიღწევისას. აღნიშნული ასაკიდან პირი ითვლება საპროცესო ქმედუნარიანად და შეუძლია დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს, განახორციელოს სხვადასხვა საპროცესო მოქმედება, მიანდოს საკუთარი საქმის წარმოება ადვოკატს და სხვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება ენიჭება მათ მშობლებს, მშვილებლებსა და მზრუნველებს. შესაბამისად, საპროცესო ქმედუნარიანობის განმსაზღვრელი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის უფლება, დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს, წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან, ხოლო ამ ასაკის მიღწევამდე მის უფლებებს იცავენ კანონისმიერი წარმომადგენლები. ამდენად, ზოგადი წესის მიხედვით, 18 წლამდე პირებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად“. ხსენებული ნორმით დადგენილია გამონაკლისი ზოგადი წესიდან, ნორმა აღმჭურველი ხასიათისაა და მიზნად ისახავს 14 წელს მიღწეულ პირთათვის გარკევულ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლების მინიჭებას (როგორც აღინიშნა, ზოგადი წესის მიხედვით, მათ ეს უფლება არ გააჩნიათ). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის პირველი წინადადებით არ ხდება რომელიმე პირთა წრისათვის სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობის შეზღუდვა.
6. სამართლებრივი რეგულირების კონსტიტუციურობის შემოწმებისას შესაფასებელი მოცემულობაა კანონის ნორმატიული შინაარსი და არა ამა თუ იმ წინადადების სხვადასხვა გრამატიკული ერთეულებისაგან შემდგარი ერთობლიობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის ტექსტში (ისევე როგორც, ზოგადად, სხვა ნორმების ტექსტებშიც) მოცემულია სიტყვები, რომელთა კომბინაციითაც გრამატიკულად შესაძლებელია სხვადასხვა შინაარსის მქონე წინადადებების ჩამოყალიბება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ თითოეული ეს სიტყვა დამოუკიდებლად ადგენს რაიმე ქცევის წესს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლი უფლებააღმჭურველ წესს ადგენს და, შესაბამისად, შეუძლებელია მის რომელიმე სიტყვაში შემზღუდველი შინაარსის იდენტიფიცირება. სადავო სიტყვები „14 წლის ასაკიდან“ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შემზღუდველად ვერ იქნება მიჩნეული მხოლოდ იმ არგუმენტაციით, რომ მოსარჩელისათვის სადავო ნორმის ტექსტი ამ სიტყვების გარეშე უფრო მისაღები იქნებოდა, უფრო მეტ პირს აღჭურავდა ამგვარი უფლებით სარგებლობის შესაძლებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის პირველი წინადადება კანონმდებლის მიერ სადავო სიტყვების გარეშე, რომ ყოფილიყო ფორმულირებული და მიღებული იგი უფლებით პირთა უფრო ფართო წრეს აღჭურვავდა და მასში მოსარჩელეც მოექცეოდა. სწორედ ამიტომ მიიჩნევს მოსარჩელე მხარე სიტყვების „14 წლის ასაკიდან“ მექანიკურად ამოღებას კონსტიტუციურ კონტროლის ფარგლებში მისი პრობლემის გადაჭრის გზად. თუმცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლო, წარმოადგენს რა საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს, ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შემოწმებას ახორციელებს ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობის გზით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომელიც მიმართულია არა არსებული ნორმატიული მოცემულობის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ, არამედ სადავო ნორმიდან შესაბამისი სიტყვების ამოღების გზით ახალი შინაარსის ნორმის მიღებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №3/4/768,769 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური უფლებამოსილება მოიაზრებს არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ტექსტში სიტყვების სასურველი თანმიმდევრობით გადაჯგუფებას და ამ გზით ახალი, განსხვავებული შინაარსის ნორმატიული აქტების მიღებას, არამედ კანონმდებლის მიერ მიღებული არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტების (მათი ნორმატიული შინაარსის) გაუქმებას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ამოიკითხავს შემზღუდველ წესს აღმჭურვილი სადავო ნორმის სიტყვებში, მხოლოდ იმის გამო, რომ კანონმდებელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლი ამ სიტყვების გარეშე რომ მიეღო, მისი აღმჭურველი შინაარსი უფრო ფართო იქნებოდა. ამგვარად, სადავო ნორმა, ისევე როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის პირველი წინადადება, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს არ ზღუდავს. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
8. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის სიტყვების „14 წლის ასაკიდან“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. „კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულია კანონის წინაშე თანასწორობის საყოველთაო პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ კანონით დადგენილი მოპყრობა თანასწორი უნდა იყოს არსებითად თანასწორ პირებს შორის და უთანასწორო - არსებითად უთანასწორო პირების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევაზე იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის საფუძველზე იგი ჩაყენებულია განსხვავებულ, უარეს რეჟიმში არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართება შეიძლება ჰქონდეს ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც მოსარჩელეს უზღუდავს რაიმეს ან სხვას აღჭურავს მისგან განსხვავებული უფლებით, რის საფუძველზეც, იგი ექცევა უთანასწორო რეჟიმში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის N2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). აღნიშნულიდან გამომდინარე, ნორმა რომელიც ამა თუ იმ პირს აღჭურავს სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობით, შეიძლება იყოს დიფერენცირების დამდგენი და, შესაბამისად, ზღუდავდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებას. ამდენად, სადავო ნორმის აღჭურვილი ხასიათი არ გამოდგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მისი მიმართების არარსებობის წარმოსაჩენად. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღმჭურველი ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმებისას, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რამდენად გააჩნია სადავო ნორმას დამოუკიდებელი შინაარსი, რამდენად განაპირობებს იგი მოსარჩელის სხვა პირებთან მიმართებით დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის პირველი წინადადება ადგენს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში 14 წელს მიღწეული პირების მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას. მოსარჩელემ შესაძლოა ეს წესი სადავო გახადოს მთლიანად ან ნაწილობრივ, თუმცა ამისათვის აუცილებელია, სადავო სიტყვები შერჩეულ იქნეს ისე, რომ იდენტიფიცირებადი იყოს ამ წესის რომელი ნაწილის, რომელი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს მოსარჩელე. სიტყვები „14 წლის ასაკიდან“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლში მოცემული გრამატიკული ერთეულია, რომელიც ქცევის წესს ქმნის მხოლოდ სხვა სიტყვებთან კავშირში. კერძოდ, აღნიშნული გრამატიკული ერთეული სხვა სიტყვებთან კავშირში განსაზღვრავს არასრულწლოვანთა იმ წრეს, რომლებზეც ვრცელდება ხსენებული უფლებააღმჭურველი ნორმა. სიტყვები „14 წლის ასაკიდან“ დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს რაიმე ქცევის წესს და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ავტონომიური შინაარსის მქონე ნორმად. სადავო სიტყვები არ ახდენს პირთა წრის ან/და ურთიერთობების ნაწილის იდენტიფიცირებას, რომლის არაკონსტიტუციურობაზეც შეიძლება დამოუკიდებლად იმსჯელოს სასამართლომ. ამ სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობა არ გამოიწვევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრული წესის რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებას. ამდენად, არსებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში შეუძლებელია კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე წესის იდენტიფიცირება, რომლის კონსტიტუციურობასაც შეაფასებდა საკონსტიტუციო სასამართლო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო სიტყვები გამორიცხავს მის შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს და სწორედ ამ არასწორ დაშვებას ეფუძნება მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1301 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის სიტყვების „14 წლის ასაკიდან“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
11. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედუუნარო მოქალაქისა და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის უფლებებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები, მეურვეები და მზრუნველები, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს კანონისმიერი წარმომადგენლის უფლებას, საქმის წარმოება მიანდოს ადვოკატს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ თუ 14 წლამდე არასრულწლოვნის უფლებებს არღვევს თავად კანონისმიერი წარმომადგენელი, არასრულწლოვანს დამოუკიდებლად უნდა ჰქონდეს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და მისი ინტერესების სასამართლოს გზით დაცვა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ პირზე, რომელიც თავად არღვევს მოსარჩელის უფლებებს.
12. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის სრული საპროცესო ქმედუნარიანობა (ანუ სასამართლოში საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებისა და საქმის წარმომადგენლის მეშვეობით წარმოების შესაძლებლობა) წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან. შესაბამისად, დასახელებული ნორმის თანახმად, აღნიშნული ასაკის მიღწევამდე პირს კანონმდებლობით არ აქვს სასამართლოსთვის მიმართვის და ამ გზით საკუთარი უფლებების დამოუკიდებლად დაცვის, ისევე როგორც საქმის წარმომადგენლის მეშვეობით წარმოების უფლება. შესაბამისად, ის გარემოება, რომ არასრულწლოვანს არ შეუძლია დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს და მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით აწარმოოს საქმე სასამართლოში, მათ შორის, საკუთარი კანონისმიერი წარმომადგენლის მიერ მისი უფლებების დარღვევის გამო, გამომდინარეობს არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლიდან, არამედ ამავე კოდექსის იმ დებულებებიდან, რომლებითაც წესრიგდება საპროცესო ქმედუნარიანობის საკითხები.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლი არეგულირებს არასრულწლოვანი პირის სასამართლოში წარმომადგენლობის საკითხებს. იგი არასრულწლოვნის სახელით მოქმედების უფლებას ანიჭებს მის კანონისმიერ წარმომადგენლებს, თუმცა საერთოდ არ აწესრიგებს თავად არასრულწლოვნის მიერ სასამარლოსათვის მიმართვის საკითხებს. კანონიერი წარმომადგენლისათვის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების მინიჭება, თავისთავად, არ გამორიცხავს, რომ ასეთივე უფლება თავად არასრულწლოვანსაც გააჩნდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა არ ზღუდავს არასრულწლოვნის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლისათვის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების მინიჭება, შესაძლოა, თავისთავად იწვევდეს გარკვეული უფლებების შეზღუდვას, თუმცა მოსარჩელე არ დავობს ამ თვალსაზრისით სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე. მოსარჩელის არგუმენტაცია მიემართება მისთვის სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის უფლების შეზღუდვას და არა კანონისმიერი წარმომადგენლებისთვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭებას.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. სადავო ნორმა არ ზღუდავს მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას. შესაბამისად, №1301 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
15. №1301 კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ისეთ გარიგებას, რომლის დამოუკიდებლად დადების უფლებაც მას კანონით არ აქვს, დებს მზრუნველის თანხმობით. ინსტრუქციის 25-ე მუხლი კი არეგულირებს სანოტარო მოქმედებაში არასრულწლოვნის მონაწილეობის ფორმალურ პროცედურას. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი გარიგებაში, რომელიც მოწმდება სანოტარო წესით (კერძო, ან საჯარო აქტის ფორმით), მონაწილეობს მხოლოდ კანონისმიერი წარმომადგენლის მეშვეობით.
16. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, დაცვის უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, მისთვის სასურველი, სანდო ადვოკატის მეშვეობით აწარმოოს საქმე სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ ნებისმიერ სხვა პირთან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე არასრულწლოვანს, მზრუნველის (მათ შორის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან/და მის მიერ დანიშნული პირის) წინააღმდეგ, საკუთარი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების დაცვის მიზნით, ართმევს რწმუნებულების/მინდობილობის გაცემის შესაძლებლობას.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვნებს არ აქვთ სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის შესაძლებლობა და მათ ინტერესებს სასამართლოში იცავენ კანონიერი წარმომადგენლები. ანალოგიურად არის მოწესრიგებული ადმინისტრაციულ წარმოებაში არასრულწლოვნების მონაწილეობის საკითხიც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირის ქმედუნარიანობის მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12-მე-16 მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დასახელებული მუხლები კი პირის სრული ქმედუნარიანობის წარმოშობას უკავშირებს 18 წლის მიღწევას ან 18 წლის მიღწევამდე ქორწინებას. მოსარჩელის პოზიციით, არასრულწლოვან პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მზრუნველისაგან დამოუკიდებლად გასცეს მინდობილობა, აირჩიოს მისი ინტერესების დამცველი სასამართლოში და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
18. როგორც უკვე აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელე და მის მდგომარეობაში მყოფი პირები დამოუკიდებლად არ სარგებლობენ სასამართლოსათვის (ადმინისტრაციული ორგანოსათვის) მიმართვის, ასევე წარმომადგენლის დანიშვნის შესაძლებლობით და მათ ამ უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონიერი წარმომადგენლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის ყოლის საპროცესო უფლება სრულწლოვანების მიღწევისთანავე წარმოიშვება. სადავო ნორმები მინდობილობის გაცემის წესს არეგულირებს, რომელიც ინსტრუმენტულ ხასიათს ატარებს, ხსენებული წესით სარგებლობა ესაჭიროებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც საპროცესო წარმომადგენლის ყოლის უფლება გააჩნიათ. ბუნებრივია, თუ არ იარსებებს საპროცესო წარმომადგენლის ყოლის უფლება, არც ამ წარმომადგენლის დასანიშნად მინდობილობის გაცემის პროცედურების საჭიროება იქნება სახეზე.
19. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში მოცემულ იმ ნორმებს, რომლებიდანაც გამომდინარეობს სასამართლოსთვის მიმართვისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვს პირის მიერ წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისათვის საჭირო პროცედურების კონსტიტუციურობის შეფასებას იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობით, ამ პირს სასამართლოსათვის მიმართვის, მათ შორის, საპროცესო წარმომადგენლის ყოლის უფლება საერთოდ არ გააჩნია. წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის პროცესზე ბარიერის დაწესებამ, მხოლოდ იმ პირთა უფლებები შეიძლება შეზღუდოს, რომლებსაც წარმომადგენლის ყოლის უფლება და, შესაბამისად, მინდობილობის გაცემის სამართლებრივი ინტერესი გააჩნიათ. მოსარჩელე კი, როგორც აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ასეთი პირი არ არის. შესაბამისად, სადავო ნორმა მის სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ შეზღუდავს.
20. აღნიშნულის გათვალისწინებით, №1301 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1301 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
22. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აყენებს შუამდგომლობას, რომ საქმეს მიენიჭოს ისეთი დასახელება და მისი პირადი მონაცემები დაიშიფროს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მისი იდენტიფიკაცია.
23. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, საოქმო ჩანაწერისა და დასკვნის სრული ტექსტი, აგრეთვე ამ აქტებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი, მისი არსებობის შემთხვევაში, ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრული ტექსტის გამოქვეყნების სავალდებულობა გულისხმობს, რომ მასში მოცემული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, საქმის დასახელება და მონაცემები მხარეების შესახებ, სრულად უნდა გამოქვეყნდეს და გახდეს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისს და სასამართლოს უფლებამოსილებას, თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით დახუროს ან დაშიფროს სასამართლოს აქტი ან მისი რომელიმე ნაწილი.
24. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შუამდგომლობის დასასაბუთებლად მიუთითებს, რომ საქმე ეხება მისი ცხოვრების შესახებ „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას“. ის გარემოება, რომ საქმე შეეხება ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღებას, თავისთავად არ მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის ან მისი ნაწილის დახურვის ან დაშიფვრის პატივსადები ინტერესი არსებობს. მოცემულ შემთხვევაში არც შუამდგომლობა და არც კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი რაიმე სხვა გარემოება არ მიუთითებს, რომ არსებობს ის უკიდურესი, საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც შესაძლოა, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად, დაიხუროს ან დაიშიფროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი ან მისი ნაწილი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1301 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე მზია ტურაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი